ივერიონი / ავთანდილ კახნიაშვილი: ვიცი, ვინ გახდება პრეზიდენტი და მომავალ პარლამენტში უმრავლესობითაც ვინ მოვა!

ავთანდილ კახნიაშვილი: ვიცი, ვინ გახდება პრეზიდენტი და მომავალ პარლამენტში უმრავლესობითაც ვინ მოვა!

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ამჯერად უკვე მთელ ქვეყანაში, ფაქტობრივად, იგივე ვითარებაა შექმნილი, როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩვენებისას N1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, როდესაც მეორე ტურში „სააკაშვილის რეჟიმის“ წინააღმდეგ მობილიზებულმა ამომრჩევლებმა „დამოუკიდებელი“ კანდიდატი (სალომე ზურაბიშვილი)საქართველოს პარლამენტში საკუთარ წარმომადგენლად ისე გაამწესეს (67,55 %–მა დაუჭირა მხარი), მისი ერთგვერდიანი საარჩევნო ბუკლეტიც კი არავის წაუკითხავს....

 

კარგად დაფინანსებული წინაასარჩევნო სარეკლამო კამპანიის ძირითადი გზავნილიდან („არა ძალადობას!“) გამომდინარე, 28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კი არ ჩატარდება, არამედ მოქალაქეები, ფაქტობრივად, რეფერენდუმში მიიღებენ მონაწილეობას და პასუხს გასცემენ კითხვაზე: გსურთ თუ არა რომ თქვენზე იძალადონ?! შედეგად,საარჩევნო უბნებს ის მოქალაქეებიც მიაკითხავენ, რომლებმაც პირველ ტურში სახლში დარჩენა ამჯობინეს და „48“–ს („არას“) შემოხაზავენ. შედეგად, ვინაიდან სააკაშვილის „ერთიანი გუნდის“ მომხრე ამომრჩეველთა („ხუთოსნების“) რიცხვი დიდად არ შეიცვლება, საქართველოს მე–5 პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს ვიხილავთ (სავარაუდოდ, ხმების არანაკლებ 60 %–ს მოაგროვებს), რომელიც, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, ფაქტობრივად, მისი კონკურენტის მხარდამჭერი პოლიტიკური გაერთიანებების სასარგებლოდ იმუშავებს...

 

 ფაქტია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, მოსალოდნელი შედეგით, ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობის“მხარდამჭერთა სასარგებლოდ დასრულდა, ვინაიდან არჩევნებში მონაწილეთა უმრავლესობამ (50 %-ზე მეტმა) ვაშაძე-ბაქრაძე-უსუფაშვილს მისცა ხმა, რაც პირველ რიგში, სწორედ „ქართული ოცნების“ მესვეურთა დამსახურებაა!

 

მმართველ პოლიტიკურ ძალას საკუთარი კანდიდატი რომ წარედგინა (მაგ., მაია ცქიტიშვილი, ზურაბ აბაშიძე, ნოდარ ჯავახიშვილი, დავით სერგეენკო, ლადო ჭანტურია...), ან რომელიმე სხვა დამოუკიდებელი კანდიდატი შეერჩია (მაგ., ლია მუხაშავრია, ნათია წკეპლაძე, ჯონი ხეცურიანი, მინდია უგრეხელიძე, მიხეილ ჯიბუტი, ვლადიმერ პაპავა,..)დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში სადეპუტატო მანდატების, არანაკლებ 70% ექნებოდათ გარანტირებული.

 

სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერამ და კანაფის კულტივაციის თემის წამოწევამ, ფაქტობრივად, იგივე ფუნქცია შეასრულა, როგორიც ალკოჰოლური სასმელის მოხმარებისა და ე. წ. უშრომელი შემოსავლების აკრძალვამ საბჭოთა კავშირის დაშლაში. მაშინაც ხალხი მმართველი კომუნისტურის პარტიის წინააღმდეგ განეწყო და შედეგიც სწორედ ისეთი„დაიდო“, როგორიც „პერესტროიკის“ ინიციატორებს ჰქონდათ დაგეგმილი.

 

ამდენად, გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგად, თუ საარჩევნო გარემო რადიკალურად არ შეიცვალა და იგივე პროცედურები დარჩა, საკანონმდებლო ორგანოში სადეპუტატო მანდატების უმრავლესობას ევროინტეგრაციისა და ლიბერალური იდეოლოგიის პლატფორმაზე„გაერთიანებული ოპოზიცია“ დაეუფლება, ხოლო ყოფილი „მოქალაქეების“, „ნაცებისა“ და „მეოცნებეების“ მეორე ნაწილს საპარლამენტო უმცირესობაში ვიხილავთ. მათი მორიგი „კოჰაბიტაციის“ შედეგად კი მიზანმიმართულად გაგრძელდება ქვეყნის შემდგომი „ფედერალიზაცია“ (ფაქტობრივად, მხარე-რეგიონების დონეზე განსახელმწიფოებრიობა, თბილისი კი, სავარაუდოდ, ფედერაციის დამოუკიდებელი სუბიექტი გახდება...). ფაქტია ისიც, რომ ევროპის საბჭოს მიერ ადრე გამოცემულ ერთ–ერთ კრებულში საქართველოს რუკა აფხაზეთის, აჭარისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე იყო გამოსახული, ხოლო ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვემო ქართლში დასახლებულმა აზებაიჯანელებმა „ბორჩალოს საზოგადოებრივი პარლამენტი“ შექმნეს... 

 

არც ის არის საიდუმლო, რომ ჯავახეთში მცხოვრები სომხების ნაწილიც დიდი ხანია საკუთარ სახელმწიფოზე ოცნებობს... აღარაფერს ვიტყვი რუსეთის მხრიდან განხორციელებულ „მცოცავ ოკუპაციაზე“, რომელიც, შესაძლოა, მათთვისაც „მოძმე“ სომხეთის საზღვრებამდე გაგრძელდეს!

 

ამდენად, შექმნილ ვითარებაში, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად გავერთიანდეთ და ევროპული ტიპის სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვისაც ერთად ვიზრუნოთ, გაპოლიტიკოსებული თანამედროვე „ყვარყვარეების“ (ოსტაპ ბენდერების თუ სქვილერების) ინტერესებში, ამჯერად უკვე ზურაბიშვილ-ვაშაძის „პირველობისთვის“ ვუპირისპირდებით ერთმანეთს... 

 

ვინაიდან „ნაციონალურ მოძრაობასა” და „ქართულ ოცნებაში”, ისევე, როგორც ადრე „მოქალაქეთა კავშირში”, მხოლოდ პლუტოკრატიულ რესპუბლიკაში თუ მოხერხდებოდა პოლიტიკური ამბიციების მქონე მოქალაქეების გაერთიანება და პარლამენტში უმრავლესობით მოსვლა, ლოგიკურია, რომ სადღეისოდ პოპულარული („რეიტინგული“) პარტიებიც გაქრებიან პოლიტიკური არენიდან. 

 

მიმაჩნია, რომ „მოქალაქეთა კავშირის“ დასახელებით პოლიტიკური გაერთიანება საერთოდ არ უნდა დარეგისტრირებულიყო, ვინაიდან სახელწოდებას აშკარად შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. სახელმწიფო, ფაქტობრივად, მისი ყველა მოქალაქის კავშირია, ხოლო თითოეული პოლიტიკური გაერთიანება (პარტია) მოქალაქეთა იმ ერთი ნაწილის (ჯგუფის) კავშირია, რომელთაც სახელმწიფოს მოწყობისა და განვითარების საკუთარი ხედვა (კონცეფცია, იდეოლოგია) გააჩნიათ, რაც მათი პოლიტიკური გაერთიანების დასახელებაშიც აისახება (მაგ., კომუნისტური, სოციალისტური, რესპუბლიკური, დემოკრატიული, ეროვნული, მშრომელთა,ლუდის მოყვარულთა...). ამდენად, რბილად რომ ვთქვათ არაკორექტულია, როდესაც მოქალაქეთა ერთი ჯგუფი (თუნდაც, თანამდებობრივი ან ქონებრივი ცენზით გამორჩეული), ფაქტობრივად, სრულიად საქართველოს „მოქალაქეთა კავშირის“ სახელით აკეთებს განცხადებებს.

 

საგულისხმოა ისიც, რომ სტალინს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში აქვს გამოქვეყნებული ნაშრომი: „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი”, რომელშიც ერთი თავი „ნაციონალური მოძრაობაა”... ამდენად, სრულიად შესაძლებელია, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რევოლუციონერის ნაშრომი სააკაშვილს ორიგინალში თავად გადაეკითხა... იმაშიც დარწმუნებული ვარ, ყოფილ პრეზიდენტს (არადა, რუსთავი-2-ით იმდენად ხშირად ჩანს, ზოგიერთს, შეიძლება, დღესაც პრეზიდენტი ჰგონია...) არც სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემთხვევაში დაწყდება გული, ვინაიდან თავად უკვე საერთაშორისო ასპარეზზეა გასული და გინესების წიგნშიც აუცილებლად შეიტანენ პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში ნათქვამი ტყუილებისა და ცრუ დაპირებების რაოდენობით. ცალკე მსჯელობის თემაა წარმომავლობა კათოლიკე ჯვაროსნების ლაშქრობების დროიდან ცნობილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული დროშის, რომელიც თვითნებურად (ფაქტობრივად, ძალადობრივად...) იქცა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ! 

 

 რაც შეეხება ქართველ „მეოცნებეებს“, ცხადია, ოცნებას ვერავის დაუშლი, მაგრამ რეალობაში, ოცნებები, ხშირ შემთხვევაში, აუსრულებელი რჩება, ხოლო საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის კონსტიტუციური „ურყევი ნება“ სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებაა, რასაც ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად მივაღწევთ. 

 

მართალია, ამერიკელებს ბევრ რამეში ვბაძავთ (ამერიკული ფეხბურთიც კი ავითვისეთ და გუნდს „51-ე შტატი“ დავარქვით“...), მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც სხვის მიწაზე ახლადშექმნილი სახელწიფოს მოქალაქეს „ამერიკელი“ ეწოდა (როგორც წესი, ერები საკუთარ მიწაზე ქმნიან სახელმწიფოებს). ამდენად, „ამერიკული ოცნება“ აშშ–ში მცხოვრები ინგლისელის, ირლანდიელის, ესპანელის, ფრანგის, ჩინელის თუ მექსიკელის საერთო ინტერესებთნ ასოცირდება. ასევე, სომხეთშიც შეიძლება დომინანტი პოლიტიკური გაერთიანება „სომხური ოცნების“ სახელს ატარებდეს, ვინაიდან მოსახლეობის თითქმის 99 % ერთი ერის წარმომადგენელია და, ბუნებრივია, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი „დიადი არმენიის“ აღორძინებაზეც ოცნებობს!!!

 

რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან „ქართულ ოცნებას“, რომელზეც სახელმწიფო ჰიმნშიც კი გვაქვს მინიშნება („ორ ზღვას შუა გაბრწყინება...“), ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი დასახელების პოლიტიკურ გაერთიანებაში, საქართველოში მცხოვრები,თუნდაც ჩვენი „ზემლიაკი“ ძმები აზერბაიჯანელები ან სომხები სრულიად უანგაროდ გაწევრიანდნენ.

 

მეზობელ თურქეთშიც,შეიძლება,ლიდერმა პარტიამ „თურქული ოცნება“ დაირქვას და ოსმალეთის იმპერიის აღდგენა დაისახოს მიზნად, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ მასში თურქეთში მცხოვრები ქურთებიც გაწევრიანდნენ, ვინაიდან დიდი ხანია საკუთარი სახელმწიფოს შექმნაზე ოცნებობენ.ბუნებრივია, თურქეთის მოქალაქე თურქები და ქურთები ერთ პარტიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში გაერთიანდებიან, თუ მიზნები და ინტერესები იდენტური ექნებათ (მაგ., მონარქიის აღდგენა, რევოლუციის მოწყობა, მუშათა ინტერესების დაცვა, ევროინტეგრაცია ან სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრება), რაც პოლიტიკური გაერთიანების დასახელებაშიც მკაფიოდ იქნება ასახული.

 

ამდენად, მმართველ პოლიტიკურ ძალას „საქართველოს მოქალაქეების ოცნება“ რომ ერქვას უფრო გასაგები იქნებოდა, მაგრამ თუ ქვეყანაში სადღეისოდ არსებულ ვითარებაში, საქართველოში მცხოვრები ყველა ერის წარმომადგენელი„ქართულ ოცნებაში“ საკუთარი ოცნებების რეალიზაციის პერსპექტივას ხედავს, არ მგონია ეს ქართული სახელმწიფოს ინტერესებში შედიოდეს.

 

ის ფაქტიც, რომ მიუხედავად მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან ერთ-ერთი კანდიდატის ღია მხარდაჭერისა, მოქალაქეების ნახევარმაც კი არ მიიღო მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევაში, ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მხრდაჭერა არ აქვს, რაც სრულად ლოგიკურია!.. 

 

როგორც ჩანს, პრეზიდენტობის კანდიდატების სიმრავლეც ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო პროცესისთვის დემოკრატიულობის იერის მიცემისა და პირველ ტურში ამომრჩევლების მაქსიმალურად მობილიზების სურვილმა განაპირობა. თუმცა, შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, შეიძლება, ყველაზე მეტად სწორედ სალომე ზურაბიშვილი შეესაბამება დღევანდელი ქართული სახელმწიფოს („ქართლის დედის”) განზოგადებულ სახეს, მის მხარდამჭერებს ვურჩევდი „დამოუკიდებელი“ დეპუტატის გაპრეზიდენტების შემდეგ მაინც გაეცნონ მის მიერ განვლილი საპარლამენტო არჩევნების წინ მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში დარიგებულ სააგიტაციო ფურცელს.ისიც ნიშანდობლივია, რომ სრულიად საქართველოს მოქალაქეებს, ისევე როგორც 2016–ში მთაწმინდელებს, არჩევანის გაკეთება სააკაშვილისდროინდელი ორი მინისტრიდან უწევთ... 

 

ამასთან, ორივე კანდიდატს მეორედ მოუწია მეორე ნახევრების ძებნა და საქართველოში ჩამოსვლამდე ორივემ მოასწრო სხვა ორი ქვეყნის ინტერესების დაცვა... იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერს ამ ორივე ქვეყანაში აქვს ინტერესი,არსებითად აღარ მიმაჩნია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასული ორი კანდიდატიდან რომელი გახდება მოქალაქეების მორიგი „რჩეული“. 

 

სამწუხაროდ, ევროპული სტანდარტების შესაბამის სამართლიან არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია. მიუხედავად იმისა, ვინ დაიკავებს საპრეზიდენტო სავარძელს, ამ მორიგ საარჩევნო „რეალითი შოუშიც” რეალური გამარჯვება, ყველა შემთხვევაში, ყველა სახის „დემოკრატიული აჯანყებებისა და ფერადი რევოლუციების” მხარდამჭერ „უცხოელ მეგობრებს” დარჩებათ, სრულიად საქართველო კი ისევ ვერაფრით იხეირებს. ვშიშობ, ხელოვნურად (ძირითადად, „გამარჯვებული ხალხის“ ტელევიზიის დახმარებით) შექმნილი მორიგი პოლიტიკური დაპირისპირების კერები სამოქალაქო კონფრონტაციაში (კიდევ უარესი, ახალ შიდასახელმწიფოებრივ შეირაღებულ კონფლიქტში) არ გადაიზარდოს და „ვიღაც მესამის” (ბატონ მორის ფოცხიშვილს ერთ-ერთ ლექსში ყავს ნახსენები) ინტერესებში მართლაც ისეთივე მეთოდებით არ დამყარდეს „მშვიდობა“, როგორც ეს ბალკანეთში მოხდა. არადა, თუ სამართლიანი არჩევნების და კონკურსების ჩატარება ვერ ვისწავლეთ ევროკავშირში ვინ ჩივის, ევრაზიულშიც აღარავინ გაგვიკარებს... ……

 

საგულისხმოა ისიც, რომ 1921 წლის კონსტიტუციაში მხოლოდ პარლამენტისა და მის მიერ არჩეული მთავრობის თავმჯდომარის პოსტები იყო განსაზღვრული. ამდენად, უმჯობესი იქნებოდა, საქართველოში „პირველი პირი” (შესაბამისად, არც „პირველი ლედი” ან „პირველი ჯელტმენი”...) საერთოდ არ გვყოლოდა. ასე რომ, პირველ რიგში, თვითონ საქართველოს მოქალაქეებმა (ქართველებმაც, აფხაზებმაც, ოსებმაც, აზერბაიჯანელებმა, სომხებმა, რუსებმა, ებრაელებმა, თურქებმა, ქურთებმა და სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა) მეტი აქტიურობით უნდა დავიცვათ ჩვენი საერთო სახელმწიფოც და ადამიანის უფლებებიც, ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ ხელისუფლების ორგანოების სტრუქტურისა თუ სახელმწიფო სიმბოლიკის თაობაზე, ხოლო ხმის მიცემამდე მკაფიოდ უნდა გავიაზროთ (თუნდაც კონსტიტუციაში ამოვიკითხოთ), თუ რა ფუნქციები აკისრია პრეზიდენტს ან პარლამენტის წევრს და, პირველ რიგში, პიროვნული თვისებებით გამორჩეულ პროფესიონალებს დავუჭიროთ მხარი და არა დემაგოგ „ტელეპოლიტიკოსებს” (თანამედროვე „ყვარყვარეებს”...).

 

და ბოლოს: ვინაიდან ვიცი, ვინ გახდება პრეზიდენტი და მომავალ პარლამენტში უმრავლესობით ვინ მოვა, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ ვაპირებ, მაგრამ თუ რომელიმე კანდიდატი ჩემს კითხვებზე დასაბუთებულ (გონივრულ) პასუხებს გამცემს, ხმასაც მივცემ და შემოხაზული ბიულეტენის ფოტოსაც საქვეყნოდ გამოვფენ... 

 

 

 

 

26-11-2018, 11:11
უკან დაბრუნება