ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: ხელისუფლების გამოფხიზლების და რადიკალური მოქმედებების დროა!

ზაურ ნაჭყებია: ხელისუფლების გამოფხიზლების და რადიკალური მოქმედებების დროა!

დიდი ანალიტიკოსობა არ სჭირდება იმის განჭვრეტას, თუ რას ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მამამთავრის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აგრესიული გამოხტომები და იმის მუქარა, რომ არ ცნობენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს და მათი მოთხოვნაა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა!

 

„ნაციონალები“ „ნაციონალებად“ - მათი მისია იყო, არის და მომავალშიც იქნება ანტიქართული ქმედებები, ასევე მუდმივად დესტრუქციული განცხადებების გაკეთება, მაგრამ, რას აკეთებს „ქართული ოცნება“, იგივე დღევანდელი ხელისუფლება, რომელმაც 6 წლის უხეირო მმართველობის შემდეგაც, იმის შიშით, რომ „ნაცმოძრაობის“ კრიმინალური რეჟიმი არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მასზე ობიექტურად გაბრაზებულმა ამომრჩეველმა მისსავე მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი გააპრეზიდენტა და ამით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა გაახანგრძლივა?!

 

რას აკეთებს და შესანიშნავად ახერხებს მუდმივი შიშისა და სტრესის რეჟიმში ჰყავდეს საკუთარი მოსახლეობა, თვითონ კი სრულ ნირვანაში გრძნობდეს თავს - საზარბაზნე ხორცად ქცეული საზოგადოება ხომ მუდმივ მზადყოფნაშია როგორმე გაუძლოს ხელოვნურად თავს მოხვეულ კატაკლიზმებს ან იძულებითი აუცილებლობის შემთხვევაში გადაარჩინოს არსებული ხელისუფლება „ნაციონალური“ რევანშისგან?!

 

ხელისუფლებას წესრიგის დამყარება და მოსახლეობის სიმშვიდე რომ აინტერესებდეს, მას ყველა ბერკეტი აქვს იმისათვის (მათ შორის, საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა) კუთვნილი სახელი დაარქვას ყველაფერს და აღკვეთოს „ნაციონალების“ პარპაში ქვეყანაში!

 

პარადოქსია: 6 წლის შემდეგ ხელისუფლებიდან კინწისკვრით გამობუნძულებული დანაშაულებრივი რეჟიმი ქვეყანას არეულობით, ხოლო ხელისუფლებას დამხობით ემუქრებოდეს.

 

ვინ არის დამნაშავე?

 

რა თქმა უნდა, მოქმედი ხელისუფლება, რომელმაც აქამდე მიიყვანა საქმე.

 

თუმცა, იმ ხალხმა, ვინც ეს „გმირობა“ ჩაიდინა და სალომე ზურაბიშვილი გააპრეზიდენტა კეთილ ინებოს და კატეგორიულად მოსთხოვოს ხელისუფლებას - დაამყაროს კონსტიტუციური წესრიგი ქვეყანაში, დროულად აღკვეთოს „ნაცრეჟიმის“ დესტრუქციული ჩანაფიქრი (არადაემოკრატიული იქნება, ხომ? თუ ასეა, ბოდიშით და გავკარი ისეთ დემოკრატიას, რომელიც ქვეყანას (ხალხს) მუდმივ ქაოსში და დეპრესიაში ამყოფებს), დაიწყოს, „ნაცმოძრაობის“, როგორც დანაშაულებრივ პოლიტიკური რეჟიმის სამართლებრივი შეფასება. ხოლო, საქართველოს ორგანული კანონის: „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ შესაბამისად, აკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური წარმონაქმნი...

 

ცალკე საუბრის თემაა უცხოეთის მოქალაქის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მუქარა და პირდაპირი მოწოდება არეულობისკენ და დაუმორჩილებლობისკენ - კაცი, რომელიც გასამართლებულია საქართველოს კანონმდებლობით, ხელისუფლების დამხობით იმუქრება, ხელისუფლებას კი ყურთბალიშზე სძინავს (საინტერესოა, რატომ არ იგზავნება ოფიციალური საპროტესტო ნოტა იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეცაა ის დღეს, ან სად არის ინტერპოლი?).

 

როგორც ჩემს გუშინდელ სტატიაში: „ვინ გააპრეზიდენტა სალომე ზურაბიშვილი“ http://iverioni.com.ge/16597-zaur-natcyebia-vin-gaaprezidenta-salome-zurabishvili.html, ვწერდი - მე არ მჯერა ახალი რევოლუციის, მითუმეტეს, სააკაშვილის და მისი ნარჩენების მიერ მოწყობილი რევოლუციის, მაგრამ ის, რაც ახლა საქართველოში ხდება და ხვალ-ზეგაც შეიძლება გაგრძელდეს, თმენის ყოველგვარ ზღვარს სცილდება!

 

რატომ არა აქვს ხელისუფლებას რეაქცია ამ ყველაფერზე და რატომ არის მუდმივად თავის მართლებისა და შორიდან მაცქერლის რეჟიმში?!

 

ალბათ იმიტომ, რომ ეს საერთო პოლიტიკური თამაშის ნაწილია - იმ თამაშის, რომელიც გააფთრებით ებრძვის ქართულ იდენტობას და ამ არეულობაში ანტიქართულ საქმეს მარიონეტ ხელისუფლებას აკეთებინებს!

 

სასაცილოა, „ნაცსექტის“ განცხადება, რომ არ ცნობენ მეორე ტურის შედეგებს - ჯერ ერთი, არჩევნები ავად თუ კარგად შედგა, მეორეც, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უთხრა მათ - არა!!!

 

დღეს არც რევოილუციური განწყობის და არც ვადამდელი არჩევნების დროა. მითუმეტეს, რევოლუციას ხალხი აწყობს!

 

ღმერთმა ნუ ქნას, ხალხი იმ დონემდე მიიყვანონ რევულუციური აღტკინების სურვილი გაუჩნდეს - მაშინ, აბობოქრებული მასა ორივეს ერთად წალეკავს - „ნაცმოძრაობას“, როგორც დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალას, ხოლო, „ოცნებას“, როგორც უნიათოს!!!

 

ხელისუფლების გამოფხიზლების და რადიკალური მოქმედებების დროა!

 

 

30-11-2018, 13:53
უკან დაბრუნება