ივერიონი / ქართული პოლიტიკა მოკვდა... ხალხი აგონიაშია!!!

ქართული პოლიტიკა მოკვდა... ხალხი აგონიაშია!!!

დიახ, ქართული პოლიტიკა მოკვდა და მისი „უკანასკნელ გზაზე“ გაცილება მოგვიწევს. სამწუხაროა, რომ ამაში ჩვენი მოკრძალებული წვლილიცაა.

 

საქმე ისაა, რომ დროზე ვერ (არ) შევაჩერეთ ის მეტასტაზები, რაც „ნორჩ სხეულს“ (ქართულ პოლიტიკას) გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოედო და ბოლომდე გახრწნა - გამოხრა!

 

თუმცა, ხანდახან იმაზეც კი ვფიქრობ: გვინდა კი დამოუკიდებლობადეკლარირებულ საქართველოში საკუთარი პოლიტიკა და იწოდებიან კი ისინი პოლიტიკოსებად, ვინც წლების მანძილზე პოლიტიკურ ზედაპირზე ტივტივით მხოლოდ გარედან თავსმოხვეული დავალებების შესრულება ისწავლა და სასწორზე დადო ქვეყნის ინტერესები?!

 

თუ არ ჩავთვლით „დემოკრატიის შუქურად“ წოდებულ ედუარდ შევარდნაძეს, დამოუკიდებელ საქართველოს ნამდვილი პოლიტიკოსი არც ჰყოლია (სხვა საკითხია, მისი როლი საქართველოს ისტორიაში და შევარდნაძისადმი საზოგადოების დამოკიდებულება). რაც შეეხება საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, რომელსაც უკავშირდება ეროვნული მოძრაობის აღზევება მერაბ კოსტავასთან ერთად და საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარირება (დეკლარირებიდან ნამდვილ დამოუკიდებლობამდე დიდი ნაბიჯია!), მას, როგორც ხელისუფლების სათავეში მყოფ პოლიტიკოსს, საშუალებაც არ ჰქონდა საკუთარი პოლიტიკური ალღოს დემონსტრირება მოეხდინა - მისმა „დინების საწინააღმდეგოდ“ სვლამ, როგორც ამას ჯორჯ ბუში (დიდი) აცხადებდა, შეიწირა როგორც მისი პრეზიდენტობა, ასევე უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენა საქართველოც. სხვა თემაა გამსახურდია, როგორც ეროვნული მოღვაწე და დისიდენტი, რომლის დადებით როლსაც მისი პირწავარდნილი ოპონენტებიც კი აღიარებენ...

 

ახლა კი დავუბრუნდეთ ქართული პოლიტიკის „გარდაცვალებას“, რომლის „პანაშვიდიც“ ჯერ არ დამთავრებულა - განსაკუთრებით ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა დაადასტურა, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, ამოვარდნილია პოლიტიკური სივრციდან და იგი კომპასდაკარგულ გემს ემსგავსება, რომელიც არავინ იცის  როდის შეეჯახება აისბერგს და ჩაიძირება თუ გადარჩება!!!

 

მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ძალად გაპოლიტიკოსებულმა პოლიტიკანებმა ხალხს შეაძულეს სიტყვა „პოლიტიკოსი“, სახელმწიფოს მართვა პოლიტიკის გარეშე შეუძლებელია.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლების სათავეში უცხო თესლიდან ლობირებული (ადრეც და ახლაც), ვერშემდგარი პოლიტიკოსები არიან, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა კი არ იმართება (როგორც ეს საჭიროა მისი სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად), არამედ, ინერციით აგრძელებს არსებობას და ღმერთმა იცის, როდის გადაუკეტავენ სასიცოცხლო არტერიას!..

 

ამბობენ, პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებააო. გააჩნია, რა შემთხვევაში მიდიხარ კომპრომისზე და აზარალებს თუ არა ეს კომპრომისი საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. ჩვენს შემთხვევაში, ხელისუფლების სათავეში წამოსკუპებულ ვერშემდგარ პოლიტიკოსთა უსიტყვო კაპიტულაცია კომპრომისი კი არ არის, საკუთარი კომფორტის შენარჩუნების სანაცვლოდ სახელმწიფოს (ერის) ინტერესების ფეხქვეშ გათელვა და ღალატია!

 

მიუხედავად იმისა, რომ გლობალიზაციის ზეობის ეპოქაში ვცხოვრობთ, მოქნილი და თანმიმდევრული პოლიტიკით შესაძლებელია ეროვნული სახის, იგივე საკუთარი იდენტობის შენარჩუნება. ჩვენს სინამდვილეში კი პირიქით ხდება - ხელისუფლებაში სიყალბითა და თვალთმაქცობით მოსული ჩინოვები „ზემოდან“ დავალებებს არა პინათლად, არამედ, ზედმიწევნით ასრულებენ და ამით იხანგრძლივებენ საკუთარ პოზიციებს ხელისუფლებაში. დავალების „ზედმიწევნით შესრულებაში“ იგულისხმება სწორედ ეროვნული ინტერესების მაქსიმალური უგულებელყოფა, რომელიც საფრთხეს უქმნის ქართულ იდენტობას. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ქართული მიწების შეუზღუდავად გაყიდვა უცხოელებზე და საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი მოღალატური გადაწყვეტილება.

 

ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: სიყალბითა და თვალთმაქცობით მოსული ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ დაპირებებს არ ასრულებს და ხალხს პირში ჩალაგამოვლებულს ტოვებს, ისევ ჯიუტად აგრძელებს ხალხის მოტყუებას, ისევ უტიფრად აწერს ხელს ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს, მაგრამ, მაინც რჩება ხელისუფლებაში!!!

 

თუმცა, აქ უკვე არა მოღალატე ხელისუფლების დანაშაულზე უნდა გავამახვილოთ იმდენად ყურადღება, რამდენადაც ჩვენი, საზოგადოების უმოქმედობაზე, რომელიც იობის სიმშვიდით (ხანდახან ორთქლის გამოშვება და კომპიუტერის კლავიშებზე კაკუნი შედეგს არ იძლევა) ითმენს ამ ყველაფერს და არაფერს აკეთებს, რომ სიტუაცია, ანუ ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები აღკვეთოს!

 

დიახ, ხალხი არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შიდა პოლიტიკური თამაშის წესები თვითონ დაადგინოს, ყოველ შემთხვევაში, კორექტივები მაინც შეიტანოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში!

 

ჩემი თაობა ერთპარტიულ კომუნისტურ სისტემაში გაიზარდა - სისტემაში, რომელსაც ჰყავდა თავისი ბელადები და იდეოლოგიურ წნეხში აქცევდა საზოგადოებას. იგი ვერ ჰგუობდა განსხვავებულად მოაზროვნეებს და ყოველნაირად ცდილობდა ჩაეწიხლა ისინი.

 

 განსხვავებულად აზროვნება განსაკუთრებით აკრძალული იყო კომპარტიის წევრებისთვის - მათ იდეოლოგიისადმი უსიტყვო მორჩილება და დარბაზებში მხურვალე აპლოდისმენტების უზრუნველყოფა ევალებოდათ. რაც შეეხება განსხვავებულად მოაზროვნეებს, ან საერთოდ აქრობდნენ, ან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ...

 

კომუნისტური სისტემის რღვევამ და ახალი, დემოკრატიულად მონათლული სისტემის დამკვიდრებამ საზოგადოებას ხელ-ფეხი გაუხსნა და აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება მისცა. ოღონდ თავისუფლებასთან ერთად პასუხისმგებლობა არ დააკისრა მის მიერ გამოთქმული აზრის სამართლიანობაზე - ყალბად გაგებულმა, ასევე ყალბმა დემოკრატიამ, ყველას ყველაფრის უფლება მისცა, რაც შეიძლება მარტივად გამოვხატოთ ფორმულით: „მე დაგაბრალებ, შენ თავი იმართლე“!

 

სიყალბემ და უპასუხიმგებლობამ განსაკუთრებით ფეხი მოიკიდა ქართულ პოლიტიკაში. იმდენად მოდური და სარფიანი გახდა პოლიტიკოსობა, რომ ბევრი ხელმოცარული ერთმანეთს ასწრებდა პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას და პარტიაში გაწევრიანებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რეგისტრიორებული პარტიების უმეტესობა უფუნქციო და უმოქმედოა, მათი რიცხვი საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით ასტრონომიულ ციფრს აღწევს!

 

ამის მიღმა არა მარტო მოდურობა იგულისხმება - ქვეყანაში სოკოებივით მომრავლებული პარტიების არსებობა ყველაზე უტყუარი იარაღია საქართველოს მარტივ მამრავლებად დასაშლელად, ანუ დაპირისპირებულ ჯგუფებად გასახლეჩად. მიზანი მიღწეულია!

 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ და მისმა საქვეყნოდ ცნობილმა ლოზუნგმა - „შუა უნდა გაიკრიფოს“, ადრე არსებული, გასაკოტრებლად გამზადებული პარტიების გაკოტრებას და ორი ფორმალურად დაპირისპირებული მონსტრის ფორმირებას შეუწყო ხელი - დღეს საქართველო „ნაცებისა“ და „ქოცების“ მომხრე-მოწინააღმდეგეებადაა დაყოფილი. სხვა ე.წ. „სემიჩკა“ პარტიები მხოლოდ დემოკრატიული ფასადის ფუნქციას ასრულებენ...

 

თუ პოლიტიკას, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს მართვის მთავარ საშუალებას, ხოლო, პოლიტიკურ პარტიას, როგორც მართვის მთავარ ინსტრუმენტს განვიხილავთ, საქართველოში არსებული არც ერთი პარტია (თვით „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ჩათვლით) არ არიან პროფესიული სუბიექტები, რადგან, არც ერთს არ გააჩნია საკუთარი (პარტიული) იდეოლოგია და არც სახელმწიფოს განვითარების გრძელვადიანი პროგრამა და სტრატეგია. ყველა მათგანის საქმიანობა აგებულია ცრუ დაპირებებზე და ლოზუნგებზე, რომელსაც ხარბად ისრუტავს თანამედროვე ქართული საზოგადოება!

 

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პოლიტიკა არა მარტო კომპრომისების ხელოვნება, არამედ პოლიტიკურ სუბიექტთა შეჯიბრიცაა, დავასკვნით, რომ საქართველოში პროფესიული პარტიები არ არსებობს - არსებული პარტიები მხოლოდ აგრესიული ლოზუნგებითა და გამოხტომებით ეჯიბრებიან ერთმანეთს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან...

 

ახლა რაც შეეხება ქართული პოლიტიკის გარდაცვალებას. არც ადრე ვყოფილვარ დადებითი წარმოდგენის ქართველ ე.წ. პოლიტიკოსებზე და ზოგადად, ქართულ პოლიტიკაზე, მაგრამ ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში მომხდარმა სამარცხვინო ინციდენტმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ქართული პოლიტიკა მოკვდა!

 

პარლამენტში განვითარებული მოვლენებისადმი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის არაადექვატურმა დამოკიდებულებამ არა მარტო გამაოცა, არამედ დამთრგუნა კიდეც - ხალხს გულზე მალამოდ მოეფონა ის ქუჩური გარჩევები, რომელიც დაღს ასვამს ქართულ პარლამენტარიზმს. მე ყველაზე მეტად ქალბატონ ირმა ინაშვილის „დღის გმირად“ წარმოჩენამ დამთრგუნა - ჯერ ერთი პარლამენტი მუშტი-კრივის არენა არ არის, მეორეც, იქ, სადაც „სტოსი“ ქალს მიჰყავს და მამაკაცები პასიურ მდგომაროებაში არიან (ან უკნიდან მოპარვით იფარგლებიან), მამაკაცი არა მარტო დასუსტებულია, არამედ... უფრო შორს არ წავალ!

 

მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენგან, საზოგადოებისგან განსაკუთრებულ ვერდიქტს იმსახურებს, მუდმივად მათზე აპელირება და პარლამენტის ცირკად გადაქცევა, არა მარტო მომაბეზრებელი, არამედ, საშიში ტენდენციის მატარებელიც. „ნაციონალების“ 9-წლიანი მმართველობის სამართლებრივად შესაფასებლად ყველა ბერკეტი ჰქონდა და აქვს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ დღემდე არ იყენებს. გასაგებია, რატომ!

 

აქედან გამომდინარე, მუდმივი აგრესია და ქვეყანაში აგრესიული ფონის დამკვიდრება იმდენად სახიფათოა, მოსალოდნელ შედეგებზე გაფიქრებაც კი მიჭირს!

 

მე პატივს ვცემ ქალბატონ ირმა ინაშვილს. ბევრი რამ მსმენია მის თავგანწირულ საქციელზე აფხაზეთის ომში, როგორც ამბობენ, მის გამბედაობას უკავშირდება „ციხის კადრების“ მზის სინათლეზე გამოტანაც. ასევე, პატივს ვცემ როგორც კოლეგა-ჟურნალისტს, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია, როცა პოლიტიკოსი, რომელიც უკვე პრეტენზიას აცხადებს მთავარ ოპოზიციუონერობაზე, აგრესიული მეთოდებით ცდილობს ვერდიქტი გამოუტანოს დანაშაულებრივ რეჟიმს და ჩვენც ამ უხეირო სპექტაკლის თანამონაწილე გაგვხადოს.

 

უფრო მართებული იქნებოდა, 300 000 ხელმოწერით ხელდამშვენებულ „პატრიოტთა ალიანსს“ „თავისუფლების მოედანზე“ 90000-კაციანი (არ ვიცი, ვინ დაითვალა) მიტინგი არა ზურაბიშვილის მხარდასაჭერად, არამედ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც დამნაშავე რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით გაემართა და ხალხის სახელით ულტიმატუმი წამოეყენებინა ხელისუფლებისთვის...

 

რაც არ უნდა იყოს, ქუჩა ქუჩაა მაინც, პარლამენტი კი პარლამენტი!

 

მე პირადად არ ვარ აგრესიული პოლიტიკის მომხრე, აგრესია ჩნდება იქ, სადაც ცარიელი ადგილია, ანუ პოლიტიკურ პარტიას გარდა ლოზუნგებისა და ხელისუფლებაში მოსვლის სურვილისა, არანაირი სტრატეგია არ გააჩნია. არ ვიცი, მღალატობს თუ არა მეხსიერება, მაგრამ არ მახსოვს „პატრიოტთა ალიანსს“ შეუპოვარი ბრძოლა გამოეცხადებინოს რომელიმე ანტიქართული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ და ბოლომდე დაეცვას საკუთარი პოზიცია. იგივეს ვიტყოდი, საყდრისის პრობლემასთან დაკავშირებითაც. მათ თავიდან ბევრი იბრძოლეს „არემჯი გოლდის“ წინააღმდეგ, მაგრამ, ბოლო მომენტში (ბორცვის აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე) საყდრისის დაცვა ნინო მიქიაშვილს და მცირე ჯგუფს შეატოვეს...

 

შედეგები კი ყველასთვის ცნობილია.

 

ამით იმის თქმა მინდა, რომ პროფესიული პოლიტიკური პარტია საქართველოში არც არსებობდა და არც დღეს არსებობს - ისინი მხოლოდ ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძოდნენ და დღესაც იბრძვიან, თუმცა, მათ ბრძოლას აგრესიული ლოზუნგებითა და ყალბი დაპირებებით არაფერი აქვს საერთო ნამდვილ პოლიტიკასთან.

 

პირადად ჩემთვის, ქართული პოლიტიკა (თუ იგი საერთოდ არსებობდა) პარლამენტში ბოლო ინციდენტისას საბოლოოდ მიიცვალა და მისი გაცოცხლება შეუძლებელია!

 

ახალი უნდა დაიბადოს! 

 

ოღონდ, ფეხზე დადგომაში ჩვენვე უნდადავეხმაროთ და როგორც კი წამოიჩიტება ვაკონტროლოთ, რომ ხელიდან არ გაგვისხლტეს და სიხარბეს საქართველოც არ გადააყოლოს.

 

ზაურ ნაჭყებია,

პუბლიცისტი

14-12-2018, 15:17
უკან დაბრუნება