ივერიონი / ძარღვიანი სტრიქონების დიდოსტატი!

ძარღვიანი სტრიქონების დიდოსტატი!

 

ორიოდე სიტყვა ვასილ ბესელიას ლექსების რჩეულზე,

„ვიდრე იყავ და ვიდრე არა ხარ“!

 

 

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მწერალთა სახლში სრული ანშლაგით ჩაიარა თანამედროვეობის გამორჩეული ქართველი პოეტის, ვასილ ბესელიას რჩეულის, „ვიდრე იყავ და ვიდრე არა ხარ!“ პრეზენტაციამ.

 

საღამო თავისუფალი იყო ამ ბოლო ხანებში ტრადიციულად დამკვიდრებული, ე.წ. შოუს ელემენტებისგან, სადაც მომაბეზრებელი დითირამბები ისმის ავტორის მისამართით, თუმცა, არაფერს ამბობენ მის შემოქმედებაზე.

 

ვასილ ბესელიას პოეზიის რჩეულის პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ახალი წიგნის წარდგენა მკითხველთა და სპეციალისტთა სამსჯავროზე, რამდენად მიმზიდველი და საქმიანი უნდა იყოს გამომსვლელთა შეფასებები ავტორის შემოქმედებისადმი.

 

შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ამ მხრივ დარბაზი დაზღვეული აღმოჩნდა პირმოთნეობისა და სიყალბისგან - სიტყვით გამომსვლელებში მხოლოდ ვასილ ბესელიას პოეზიისადმი გულწრფელ სიყვარულს და მისი ძარღვიანი სტრიქონებისადმი აღტაცებას ამოიკითხავდი.

 

ყველა მათგანი ერთხმად ადასტურებდა, რომ ავტორმა თანამედროვე ქართულ პოეზიაში გამოჩენილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დამსახურებულად მიიღო გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია.

 

ვასილ ბესელიას ორიგინალურ პოეზიაზე საკმაოდ დამაჯერებლად ისაუბრა თავის რეცენზიაში პროფესიონალმა ლიტერატორმა გია მურღულიამ. დარწმუნებული ვარ, მის შემოქმედებაზე კიდევ ბევრი დაიწერება. თუმცა, ეს არ მიშლის ხელს ორიოდე სიტყვით გადმოვცე ჩემი გულწრფელი ემოციები ავტორის რჩეულთან დაკავშირებით.

 

ვასილ ბესელია თანამედროვე ქართველ შემოქმედთა თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის ლექსებში სრულყოფილადაა წარმოჩენილი უმდიდრესი ქართული პოეზიის თავისებურებანი - ის კულტურულ-მხატვრული და რელიგიურ-ფილოსოფიური ფაქტორები, რაც ქართული ლექსის თვითმყოფადობას და უნიკალურობას განაპირობებს.

 

მისი პოეზია ცხოველმყოფელი ძალითა და განუმეორებელი ესთეტიკური სინატიფით გამოირჩევა. გვატყვევებს მისი ლექსების ემოციური სიღრმე და გრძნობების გადმოცემის უნიკალური ნიჭი. ამასთან, დამაფიქრებელია პოეტის  მსოფლმხედველობა, სტილი ორიგინალურია, სიტყვის ფლობის უნარი კი - უზადო!

 

უდავოა, ნებისმიერი ადამიანის სულში მოიპოვება სილამაზის აღქმის თავისებური უნარი - ფეთქავს შემოქმედების საწყისი, იბადებიან განცდები და ემოციები, მაგრამ, მხოლოდ ერთეულებს ძალუძთ საუკუნეების მდინარებას გამოსტაცონ მარადიული ჭეშმარიტება და მსმენელებს იგი ჯადოსნური სიტყვების სახით მიართვან!

 

პოეტი თავის სულში გაჩენილ მღელვარე გრძნობებს ლამაზ სტრიქონებად აგვირისტებს და ადამიანებს მშვენიერი ლექსების სახით სთავაზობს - მკითხველს ატყვევებს მისი ემოციების სიღრმე, გამოხატვის სისადავე და ოსტატობა.

 

როგორც წესი, ჭეშმარიტი შემოქმედი მართალი სიტყვის მბრძანებელი და მესაკუთრეა. სიტყვა კი უფალმა სიცოცხლის დასაბამად აქცია და უღრმეს საიდუმლოს აზიარა.

 

სწორედ ამ მართალი სიტყვების საშუალებით მოგვითხრობს ავტორი ადამიანთა ცხოვრებაზე, მათ ჭიდილზე მარადისობასთან, იმედგაცრუებაზე თუ გამარჯვებაზე.

 

ნიშანდობლივია, რომ ავტორისთვის დამახასიათებელია უტყუარი პოეტური ალღო - მისი ლექსები ყოველთვის ზუსტად ამბობენ სათქმელს. 

 

პოეტის აზრით, ადამიანის უმაღლესი მიზანი თანამოძმეთა კეთილდღეობისთვის ბრძოლაა, ამ ბრძოლაში გამარჯვებული რომ გამოხვიდე, ჯერ საკუთარ თავთან ომი უნდა მოიგო - არადა, ყველაზე ხშირად ადამიანები სწორედ ამ ომში მარცხდებიან. თუმცა, ვინც გამარჯვებული გამოდის, ის სულის უკვდავებას ეზიარება!

 

ავტორი მიიჩნევს, რომ ადამიანის ცხოვრების მიზანი მისი ყველაზე სანუკვარი ოცნებისკენ სწრაფვაა. აქვს კი ამ ოცნებას არსებობის საფუძველი?!

 

იქნებ, ეს სიზმარია - მირაჟია, რომელიც იმიტომ გამოვიგონეთ, რომ ჩვენი არსებობა გაგვემართლებინა. იქნებ, ეს ყველაფერი მხოლოდ თამაშია, ასჯერ წაგებული თამაში, რომელსაც ასმეერთხელაც აგებ?!

 

ბედისწერა ხომ კლდესავით შეუვალია, ცხოვრება კი წვიმასავით უსასრულო და სევდიანი. ან კი, როგორ უნდა ვენდოთ ქაღალდის გერბერებსა და ფიტულებს, ეფემერულ საჩუქრებს, რომელთაც ხანდახან წყალობასავით გადმოგვიგდებს, რათა იღბლის არსებობა ვიწამოთ?!

 

თუმცა, ეს მხოლოდ წუთიერი მერყეობაა, ამ წარმოსახვებს მოსდევს გამარჯვების რწმენით სავსე სიტყვებიც...

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ საკუთარ ლექსებში იგი მოგვითხრობს სიყვარულზე, ბედნიერებაზე, გამარჯვებაზე, მადლიერებაზე, ზოგადად, დიად განცდებზე, რომლებიც ადამიანების სულში იბადებიან და მარადიულად არსებობენ!

 

მისი აზრით, თუ ადამიანი მოინდომებს, მას შეუძლია იაროს სრულყოფილებისკენ, ამისთვის კი საჭიროა ჭეშმარიტების შემეცნება. ხოლო, ჭეშმარიტება რომ აღმოვაჩინოთ, უნდა დავუპირისპირდეთ უსასრულობას! ყველა მოვლენის მიღმა დაფარულია ღრმა საიდუმლო, რომელსაც მხოლოდ გონების თვალით შეგვიძლია შევწვდეთ...

 

„ბრძენი ვიყავ, გიჟს ვედექი შეგირდად,

გიჟი ვიყავ და ბრძენკაცის ხალათით...“

 

პოეტის შემოქმედებაში ნათლად ჩანს მისი მიმართება კლასიკოსებისადმი, იგი უმდიდრესი ქართული პოეზიის ფესვებით საზრდოობს!

 

„ახსენებ ღმერთს და პოეტს და მეფეს, 

გამოვდებ ხელკავს ტერენტი გრანელს!“

 

შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ვასილ ბესელიას პოეზია სიყვარულის შუქითაა გამთბარი. მისეული კონცეფციით, სიყვარული მაღალი სულის ადამიანის დაუოკებელი სწრაფვაა ლამაზი ურთიერთობისკენ.

 

მისი პოეზია გვხიბლავს თავისი სისადავითა და ხალხურ მოტივებთან სიახლოვით.

 

როგორც ვთქვით, ავტორის ენა სადა და გამჭირვალეა. უჩვეულო ოსტატობითაა მიგნებული ხალხური პოეზიის სული...

 

მისთვის დამახასიათებელი ნატიფი მხატვრული ფორმების გამოყენებით, პოეტი მკითხველს საშუალებას აძლევს განჭვრიტოს რეალობა - იპოვოს საერთო ძველსა და თანამედროვე ხელოვნებას შორის და განსაზღვროს მომავლის განვითარების პერსპექტივა.

 

პოეტის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს პატრიოტული თემა იკავებს - ქართველ ხალხს ოდიდგანვე ახასიათებს განსაკუთრებული ლტოლვა და სიყვარული მშობელი მიწის მიმართ: ამ სიყვარულს ისინი ერთგულებით, თავგანწირვით, სიკეთითა და მიტევებით გამოხატავდნენ.

 

მიტევებისა და ერთგვარი თვითკრიტიკის ანარეკლია ვასილ ბესელიას ლექსი „ტკივილი-აფხაზეთი“ - ღირსეული მამულიშვილი საშინლად განიცდის საქართველოს მტკივნეულ აწმყოს: გაუგონარ ტრაგედიას, რომელიც ჩვენს სამშობლოს მეოცე საუკუნის ბოლოს ძმათაშორის ომის სახით დაატყდა თავს.

 

„მოშლილა მორდუს ჯარგვალის კარი,

სად სიყრმე დარჩა ტკივილის გარდა,

აყმუვლებული ჯარგვალში ქარი

ააქანავებს ჭვარტლიან ფარდას“!

 

აქ ჭვარტლიანი ჯარგვლის უფანჯრო კედელზე შერჩენილი ჭვარტლიანი ფარდა თითქოს იმ სირცხვილის სიმბოლოა, რომლის ჩამოსარეცხად ალბათ საუკუნეებიც არ იქნება საკმარისი!

 

პოეტმა არ იცის, რომელი იტიროს - აფხაზი თუ ქართველი, ეს ლოცვად და ჯვრადქცეული ბიჭები ორივენი მისი ერის მომავალნი არიან - მისი სისხლი და ხორცი, ვიღაც გადამთიელის მიერ დაგეშილი და საკუთარ ძმისმკვლელად ქცეულნი...

 

ჩამორეცხავს კი რამე ამ გაუგონარ სირცხვილს, რომელიც სიკვდილით გადავიხადეთ, როგორც უფლის მიერ ბოძებული სასჯელი?!

 

აქ არ არსებობს მართალი და მტყუანი - არსებობს მხოლოდ ჭკუის სასწავლებელი მწარე გამოცდილება, მაგრამ გვეყოფა კი ეს ტრაგედია ჭკუის სასწავლებლად?!

 

ალბათ, გვეყოფა...

 

ახლა თუა არა, ერთხელ თუ არა, ოდესმე მაინც!

 

უდიდეს ინტერესს იწვევს პოეტის შეხედულება სიკვდილ - სიცოცხლის დამოკიდებულებაზე.

 

პოეტის აზრით, სიკვდილი დასასრული კი არაა, იგი უკვდავების დასაწყისია - ბოლოსდაბოლოს ცნობილია, რომ სული უკვდავი და მარადიულია.

 

კიდევ მრავალი რამის თქმა შეიძლებოდა თანამედროვეობის უდავოდ გამორჩეულ პოეტზე, თუმცა, მის ჭეშმარიტ პოეზიაზე ყველაზე მეტს თავად მისი ლექსები საუბრობენ!

 

მიხარია, რომ დღესაც არიან ასეთი ნიჭიერი და მართალი კალმის ოსტატები!

 

თამარ სვანიძე, ლიტერატორი

 

20-02-2019, 15:02
უკან დაბრუნება