ივერიონი / მამუკა გიორგაძე: ხანძრის გამჩენს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობა არ უნდა მიაღებინო!

მამუკა გიორგაძე: ხანძრის გამჩენს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობა არ უნდა მიაღებინო!

(გათითოკაცებული ინდივიდების სიმრავლიდან ერთიანი კრებულისკენ)

 

დამოუკიდებელი, თავისუფალი, თვითკმარი და თვითმართვადი სამოქალაქო სივრცე ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მდგრადი განვითარების, კონკრეტული პიროვნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტი და საფუძველია. სწორედ ამ სივრცის სულისკვეთება  განსაზღვრავს სახელმწიფოს რაობას. ერისა და სახელმწიფოს აწმყო და მისი მომავალი, საგარეო ფაქტორებთან ერთად, მის შინაგან სტრუქტურაზეა დამოკიდებული. 

 

ეს გარემოება კარგადაა ცნობილი საქართველოს ეკლესიისთვის, ვინაიდან იგი მუდამ იყო არა მარტო რელიგიურ-აღმსარებლობითი მიმართულების ინსტიტუტი, არამედ, ქართული სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მაორგანიზებელი და სულიერ-ზნეობრივი მასტიმულირებელი ძალა. 

 

პირველი ქრისტიანები მაშინდელი სამოქალაქო საზოგადოებისა (თანამედროვე ტერმინოლოგიით) და შემდგომ ევროპული ქრისტიანული ცივილიზაციის მესაფუძვლენი გახდნენ. საქართველოშიც ხელისუფლებისგან არშექმნილი და დამოუკიდებელი სამოქალაქო სივრცე   წმ. ნინოს კრებულმა ჩამოაყალიბა. უფლის განგებულებით, მათი მოღვაწეობა  ქრისტიანული ღირებულებებებზე დაფუძნებული ახალი ქართული სახელმწიფოს შექმნის წინაპირობა გახდა. საქართველოს გაერთიანებას წინ უძღოდა წმიდა მამათა თავდადებული ღვაწლი, მათ შორის, ერის სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებისთვის. თბილისში ჯალალედინის დროს 100 000  ადამიანის თავდადება  ქართული  საზოგადოების  სამოქალაქო პოზიციის  უპრეცედენტო გამოვლინების  მწვერვალია.

 

საქართველოს დედა ეკლესიის წიაღში ჩასახულმა, ჯერ დისიდენტურმა, ხოლო, შემდეგ ეროვნულმა მოძრაობამ,  ეკლესიის სულიერი წინამძღოლობით კომუნისტურ-ათეისტური საზოგადოებრივი ცხოვრება შეცვალა, სამოქალაქო სივრცე ჯანსაღი ეროვნული ფასეულობებით შეაკავშირა და სხვა ფაქტორებთან ერთად დამოუკიდებელი  სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლედ აქცია.

 

დამოუკიდებელ საქართველოში არცერთ ეტაპზე არ შედგა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მჭიდრო თანამშრომლობა. თანამშრომლობა, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ქვეყნისა და ცალკეული ადამიანების წინაშე წარმოშობილი ახალი გამოწვევების პასუხის გამცემი სამოქალაქო საზოგადოების  ფორმირებაზე. სამწუხაროდ, ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში ეკლესია მარტო დარჩა.  

 

ხელისუფლებების  მხრიდან „მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის“ დეფიციტმა და მრევლის წევრების სამოქალაქო პასიურობამ სამოქალაქო სივრცეში წარმოქმნა „ვაკუუმი“, რამაც  გარკვეულ ჯგუფებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმმართველი როლის  აღების საშუალება მისცა - მათ დაიკავეს ადგილი, რომელიც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების მატარებელმა ძალებმა დათმეს (ბოროტი იმდენად შემოდის, რამდენის საშუალებასაც მისცემ). ამ პროცესის სახელმწიფოსთვის დამანგრეველი  შედეგები უკვე თვალნათლივ ჩანს. 

 

საჯარო საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობის მთავარ არტერიაზე - რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციათა მონაწილეების კონტიგენტისა და მათი სულისკვეთების ტრანსფორმაციაზე, აქ გამოტანილ ლოზუნგებსა თუ მოთხოვნებზე ზედაპირული თვალის გადავლებაც საკმარისია ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ბოლო წლების მოვლენების ტენდენციების შესაფასებლად და დასკვნების გასაკეთებლად. 

 

სახელმწიფოს ყველა სეგმენტში განფენილი არსებული სამოქალაქო სივრცის (ხელისუფლება, ოპოზიცია, სასამართლო, არასამთავრობო, მედია და ა.შ.) წარმომადგენლები აქტიურად ცდილობენ „სახელმწიფოს ინსტიტუციური სეკულარიზაციის“ მოდელის   „მსოფლმხედველობრივ სეკულარიზმად“  გარდასახვას.  მათ მშვენივრად იციან, რომ  სეკულარული სახელმწიფო არ ნიშნავს სეკულარულ საზოგადოებას, არ ნიშნავს საზოგადოებისა და ეკლესიის გამიჯვნას. ეკლესიის საზოგადოების მოთხოვნილებების  დაცვის საქმიდან ჩამოცილების მათეული მცდელობები განპირობებულია საკუთარი მიზნების რეალიზაციის გზაზე მთავარი ხელისშემშლელი ძალის განეიტრალების ინტერესით, შიშით ეკლესიამ პრაქტიკაში არ დაამკვიდროს ის ღირებულებები, რომელთაც ამბიონიდან ქადაგებს.

 

შექმნილი ვითარება, ერთის მხრივ, ხელს უშლის ეკლესიას მოახდინოს საეკლესიო ცხოვრების ინსტიტუციონალიზაცია,  რაც აუცილებელია თანამედროვე კონკურენტული ეპოქის გამოწვევებთან წარმატებით გამკლავებისთვის, ხოლო, მეორეს მხრივ, ხელს უწყობს ხალხის ეკლესიიდან  მოწყვეტას. ეს კი, საბოლოო ჯამში, მიმართულია ეკლესიის თავის თავში ჩაკეტილ, რეალური ცხოვრებისგან გამდგარ  რელიგიურ დაწესებულებად გადაქცევისკენ, რომლის პოზიციასაც არ ექნება მნიშვნელობა საზოგადოებისთვის.  ამასთანავე, არის მცდელობა ეკლესია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში იქცეს მხარედ  და დაკარგოს თავისი მთავარი - ჭეშმარიტების ქადაგების, ერის, ადამიანების შემკრებისა და განურჩევლად ყველას თანამდგომის - ფუნქცია! 

 

უდავოა, რომ ხელისუფლება ჯეროვნად არ/ვერ ასრულებს თავის მოვალეობას - ნებსით თუ უნებლიედ, ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზაციასა და დაპირისპირებას, სამოქალაქო ცხოვრებაში ავანტურიზმისა და ანტისახელმწიფოებრივი პროცესების განვითარებას. ამიტომ, ჯანსაღი, უკიდურესობებისგან დაცული, კონკურენტული სამოქალაქო სივრცის ფორმირებაში ეკლესიამ უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა.  

 

დღესაც, ისე, როგორც ყველა გარდამტეხ პერიოდში, ეკლესიამ თავისი  ძალისხმევა  გათითოკაცებული ინდივიდების ერთიან  კრებულად  ჩამოყალიბებისკენ  უნდა მიმართოს - ისეთი კრებულის შექმნას უნდა შეუწყოს ხელი, რომელიც პასუხს გასცემს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ამას კი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაზე უკეთ ვერავინ შეძლებს!!!

 

დღის მოთხოვნა და აუცილებლობა ხდება სამოქალაქო სივრცეში გამოჩნდეს თვითკმარი და თვითმართვადი ძალა, რომელიც აქტიურად ჩაერთვება სახელმწიფოს, ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობის დინამიურ პროცესებში, შეძლებს დაპირისპირების თანამშრომლობისა და კონკურენციის  რელსებზე გადაყვანასა და მდგრადი სამოქალაქო მშვიდობის დამყარებას. ამასთანავე, იქნება ეკლესიის პარტნიორი და გარკვეულ შემთხვევებში ჯანსაღი ოპონენტიც...

ძლიერი სამოქალაქო პარტნიორის არსებობა მოხსნის მტრულად განწყობილი ძალების მხრიდან საქართველოსა და მის ეკლესიაზე შეტევების, სასულიერო თუ საერო პირთა  დაშანტაჟების საფრთხეებს და, შესაბამისად,  ეკლესია უფრო გახსნილი და ქმედითუნარიანი გახდება.    

 

სამოქალაქო ცხოვრების გამოცდილებიდან  გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:

 

1. ზემოაღნიშნული ძალა არ უნდა აღიქმებოდეს (და არც უნდა იყოს) ეკლესიის სტრუქტურულ შემადგენელ ნაწილად (ანუ მის გაგრძელებად), არ უნდა იყოს ეკლესიის ხელისშემყურე სუბიექტი, მამის მუდმივი სარჩენი და საზრუნავი შვილი. ის უნდა იყოს ეკლესიის  სულიერი შვილი - მრევლის წევრი  და მოქალაქე  - მისი  პარტნიორი  საქმეში. სხვა შემთხვევაში ის ვერ იქნება  დამოუკიდებელი ცალკე  სუბიექტი სამოქალაქო სივრცეში, ხოლო ეკლესია კი წარმოჩინდება როგორც  მხარე  და არა გამაერთიანებელი, რომლის მიმართაც მოწინააღმდეგეს მოხსნილი ექნება მორალური შემაკავებელი.

 

2. ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს  ღირებულებათა  სისტემა, რომლის გაზიარება იქნება გაერთიანებაში მონაწილეობის სავალდებულო პირობა. მინიმუმუმამდე უნდა დავიყვანოთ ერთიანი ეროვნული ამოცანის  ინტერპრეტირების შესაძლებლობა, რაც დეზორგანიზებასა და უაზრო კინკლაობას ააცილებს პროცესს (ყველა განდგომა და ერესი წმინდა წერილის არასწორი ინტერპრეტაციიდან იწყება). 

 

იმ ორგანიზაციებთან და პიროვნებებთან, რომელნიც ჩამოყლიბებულ პოზიცია-მინიმუმს მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებენ, შესაძლებელია ერთჯერადი თანამშრომლობა და კონკრეტული ერთჯერადი პროექტების განხორციელება.

 

3.  მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ქცევის ეთიკური ნორმები - ერთიანი ქმედებების ჩარჩო-წესები („ერთითა პირითა და ერთითა გულითა“).  მკაფიოდ უნდა გაივლოს წითელი ხაზები,  რისთვისაც უნდა მოხდეს ჯანსაღი სპექტრის გამიჯვნა სატელიტური ფსევდოეროვნული ძალებისგან. ასეთ ძალებს არ უნდა მიეცეს საშუალება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური მანიპულაციებისთვის. ხანძრის გამჩენს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობა არ უნდა მიაღებინო - საშიშია!

 

4. ამ ძალამ  უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და შესძლოს ერსა და საზოგადოებას  წარუდგინოს მოქმედების კონკრეტული პროგრამა:  ჩამოაყალიბოს და დაასაბუთოს საერთო ეროვნული მიზნები და ამოცანები, აუცილებელი და საკმარისი კონკრეტული ნაბიჯები მიმართული საქართველოს გადასარჩენად, დღევანდელი კრიზისიდან მის გამოსაყვანად და მომავლის უზრუნველსაყოფად, ამასთან, განსაზღვროს ამ ნაბიჯების რიგითობა  დროში. უნდა  განისაზღვროს ქვეყნის წინაშე არსებული  საფრთხეები და ის  პარამეტრებიც, რომლითაც შესაძლებელია ამ საფრთხეების   ნეიტრალიზება. 

 

5.  ორგანიზაციის სტრუქტურა,  ბრძოლის ტაქტიკის, მეთოდებისა და მექანიზმების  განსაზღვრა და მისი განხორციელება მხოლოდ შიდა ორგანიზაციული შეთანხმების თემაა.  

 

 

 

P.S. ქაოსიდან წესრიგისკენ  მიმავალ თავისუფალ მოქალაქეთა კრებულს უნდა ახსოვდეს - “თუ სათავე მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა” (ილია ჭავჭავაძე). 

 

ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბუნებაში გრაფიტიც და ალმასიც ნახშირბადის ატომებისგან იქმნება. იმისდა მიხედვით, თუ რა მანძილზეა ნახშირბადის ატომების განლაგება ერთმანეთისგან, სხვადასხვა სტრუქტურა ყალიბდება. ე.ი. ნაწილაკთა ურთიერთობის  ხასიათს ნაწილაკებს შორის მანძილი და ურთიერთმიმართება განსაზღვრავს. გრაფიტი ფშვნადია,  ალმასი - მინერალებს შორის სიმაგრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელის მქონე.  ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ჯანსაღ და მდგრად სისტემას შევქმნით!

 

20-02-2019, 17:17
უკან დაბრუნება