ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: რატომ დუმს ქართული მწერლობა?!

ზაურ ნაჭყებია: რატომ დუმს ქართული მწერლობა?!

თბილისში, მაჩაბლის ქ. N13-ში, დღესაც დგას საუკუნეგამოვლილი შენობა, რომელსაც საკმაოდ ლამაზი აბრა ამშვენებს წარწერით: „საქართველოს მწერალთა სახლი“. თუ სამადლოდ გადაგდებულ „ლუკმას“ - პრეზენტაციების ჩასატარებლად ნათხოვარ საკონფერენციო დარბაზს არ მივიღებთ მხედველობაში, შენობის სახელწოდება პირობითია - იქ ქართველ მწერლებს არაფერი ეკუთვნით! მეტიც, დღეს მწერალთა სახლად წოდებულ შენობას სულ სხვა დატვირთვა აქვს (ძვირადღირებული ბარი და სასტუმრო), ხოლო, შენობაში შესვლისას ნებისმიერი კალმოსანი თავს  დაუპატიჟებელ სტუმრად გრძნობს.

 

მაშ, რა საჭიროა აბრა, რომელიც ქუჩაში მოსიარულეს ილუზიას უქმნის, რომ ეს მწერალთა სახლია? იქნებ, ეს მხოლოდ ავანტიურისტული ჩანაფიქრის შესაფუთად სჭირდებათ?!

 

„მწერალთა სახლი“ ქართველ მწერლებს უნდა დაუბრუნდეს!

 

 

„საერთო გაზეთში“ დაიბეჭდა ჩემთვის ღრმადპატივსაცემი, პოეტ ბაღათერ არაბულის ინტერვიუ, სათაურით: „სამართლიანობის აღდგენა ქართულ მწერლობასაც უნდა შეეხოს“.

 

მკითხველს თავიდანვე ვაუწყებ, რომ სამართლიანობის აღდგენაში სწორედ ქართველი მეცენატების ხოშტარია-სარაჯიშვილის მიერ მწერალთა გილდიისთვის ნაჩუქარი, მაჩაბლის ქ. N13-ში მდებარე მწერალთა სახლის მწერლებისთვის დაბრუნება იგულისხმება, რომელიც მათ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით წაართვა სააკაშვილის რეჟიმმა და არც „ქართულმა ოცნებამ“ შეიწუხა თავი მისი დაბრუნებისთვის.

 

ბ-ნი ბაღათერი მწერალთა სახლის წართმევის მიზეზად (წინაპირობად) თვლის იმას, რომ ქართველი მწერლები პირდაპირ აკრიტიკებდნენ სააკაშვილის რეჟიმს, რაც მაშინ ზედმეტ სითამამედ ითვლებოდა და რეჟიმმაც არ აპატია: „გამოგვყარეს იმის გამო, რომ ჩვენ პირდაპირ ვაკრიტიკებდით მის (სააკაშვილის _ ზ.ნ.) ყოველ არასერიოზულ გამოსვლას, მის ავანტიურისტულ ომს!“

 

მართალია, მე მაინცდამაინც არ მახსენდება ქართველი მწერლების მხრიდან  „პირდაპირი კრიტიკა“ სააკაშვილის რეჟიმის მისამართით, მაგრამ, ეს არ არის მთავარი - მთავარია, რომ ქართველმა მწერლებმა ფაქტიურად უბრძოლველად დათმეს მაშინ საკუთარი სახლი.

 

როცა უბრძოლველად ვამბობ, ვგულისხმობ იმას, რომ მათ ვერ ააგორეს საპროტესტო ტალღა, ხმა ვერ მიაწვდინეს საერთაშორისო საზოგადოებას, ვერ აიყოლიეს ქართველი ხალხი და ვერ დაიცვეს ქართველი მწერლის ღირსება, რომელიც ნებისმიერ შემობაზე უფრო ძვირფასია ქართველი მკითხველისთვის!

 

მე ძალიან კარგად მახსოვს სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე. ისიც კარგად მახსოვს, როგორ გამოყარეს ჟურნალისტთა კორპუსი „პრესის სახლიდან“ (გამომცემლობა „სამშობლო“), მაგრამ ვერაფრით ვერ ვიქნები ლოიალური (კოლეგიალური) იმ მწერლების მიმართ, რომლებმაც მწერალთა სახლის წართმევისთანავე შეწყვიტეს რეჟიმის კრიტიკა და ბედს შეურიგდნენ!!!

 

დიახ, არ მახსენდება მათი მხრიდან რეჟიმის ობიექტური, მიზანმიმართული კრიტიკა - სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ რეჟიმის სისასტიკით შეშინებული მწერლები საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტნენ და ყოველგვარ პროტესტზე უარი განაცხადეს.

 

არადა, ქართული მწერლობა ყოველთვის იდგა თავისი მოწოდების სიმაღლეზე. იმ ავადსახსენებელი კომუნისტური ზეობის პერიოდშიც კი ახერხებდა დამდგარიყო საკუთარი ერის სადარაჯოზე (ვინც პირდაპირ ამხელდა კომუნისტურ რეჟიმს, მას ან იშორებდნენ, ან ციმბირში უკრავდნენ თავს „გამოსწორების“ მიზნით). სწორედ ამ სულისკვეთებით შეიქმნა მე-20 საუკუნის უნიკალური ქართული ლიტერატურა, სადაც ზოგადსაკაცობრიო იდეალებთან ერთად, ეროვნული სუნთქვაც ძალუმად იგრძნობა!

 

არაფერს ვამბობ კომუნისტური ეპოქის ქართული ლიტერატურის სიღრმეზე და სხვა პროფესიულ ღირსებებზე, რაც აშკარად აკლია თანამედროვე ქართულ მწერლობას, განსაკუთრებით ქართულ პუბლიცისტიკას. როგორც მხატვრულ ნაწარმოებებში ასევე პუბლიცისტურ სტატიებში ნაკლებად, ან საერთოდ არ იგრძნობა ეპოქის მაჯისცემა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ისინი შენგებულად უვლიან გვერდს რეალური იმ სიმახინჯეების მხილებას, რომელიც დრომ შემოგვთავაზა, ან პროფესიული ოსტატობა არ ყოფნით ეს საპატიო მისია შეასრულონ და ქართველ მკითხველს შეულამაზებელი სურათი დაუხატონ. უფრო შორს არ წავალ. ეს რა საკვირველია არ ვრცელდება ცალკეულ გამონაკლისებზე.

 

 

ახლა ისევ ბატონ ბაღათერ არაბულის ინტერვიუს დავუბრუნდეთ. შეიძლება აგეტიროს, ან სრული უილაჯობის გრძნობა გაგიჩნდეს კაცს ამ სტრიქონების წაკითხვისას: „დღეს, როცა ჩამოდიან ჩვენი კოლეგები (მწერალთა დელეგაციები), ქუჩაში ვხვდებით მათ, ან ვქირაობთ დარბაზებს ჩვენი მწირი შემოსავლებიდან... ჩვენ ერთი პატარა კუნჭულიც არ გვაქვს, რომ შევიკრიბოთ“.

 

რაც არ უნდა საბაზრო ეკონომიკის პრინციპით გაამართლონ, ფეხქვეშ მიწა უნდა ეწვოდეს იმ ხელისუფლებას, რომელმაც ასეთ დღეში ჩააყენა და იმასაც, ვინც არაფერი იღონა, რომ ასეთი სამარცხვინო მდგომარეობიდან გამოეყვანა უნიკალური ტრადიციების მქონე ქართული მწერლობა...

 

მითუმეტეს, საუბარია არა სამადლოდ გადაგდებულ წყალობაზე, არამედ, უკანონოდ წართმეული საკუთარი შენობის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნებაზე!

 

არა მგონია, პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი აგდებული დამოკიდებულება საკუთარი მწერალთა გილდიის მიმართ რომელიმე სხვა რესპუბლიკაში არსებობდეს. შორს რომ არ წავიდეთ, როგორც ბ-ნი ბაღათერი ამბობს, „აზერბაიჯანში მწერლებისთვის არსებობს 1000 დოლარიანი სტიპენდია, ნაწილი 500 დოლარს იღებს, დამწყები - 300-ს. არსებული შენობა დაუმტკიცდათ. მწერალთა კავშირის 3 ჟურნალს აფინანსებს მთავრობა“.

 

და სად ხდება ეს? მეზობელ აზერბაიჯანში, სადაც ფაქტიურად ერთპიროვნული დიქტატურის პირობებში უხდებათ ცხოვრება. ნურავინ შემეკამათება, რომ აზერბაიჯანი ჩვენზე უფრო მდიდარი ქვეყანაა და მას ამის გაკეთება არ უჭირს - აქ იმდენად ფინანსურ ინექციებზე არ არის საუბარი, რამდენადაც მწერლობისადმი (ლიტერატურისადმი) სახელმწიფოს (კონკრეტულად, ხელისუფლების) ცინიკურ დამოკიდებულებაზე.

 

შეიძლება ვინმე შემეკამათოს, რომ „ნაციონალური“ რეჟიმის პირობებში ნებისმიერი კრიტიკა, უსამართლობის წინააღმდეგ „გამოხტომა“ სისხლში იხშობოდა. არც უმაგისობა იყო, მაგრამ მწერალს,  რიგითი მოქალაქისგან განსხვავებით, ბარიკადებზე დგომის არ უნდა შეეშინდეს!

 

„ნაციონალების“ სისხლიანი რეჟიმი სისხლიან რეჟიმად, მაგრამ, ხომ მოვიდა თავისუფლებისა და „გასაოცარი ქართული დემოკრატიის“ ლოზუნგით ახალი ხელისუფლება? რატომ არ დადგა ფეხზე ქართული მწერლობა და რატომ არ მოითხოვა საკუთარი შენობის დაბრუნება?! რატომ არ ჩამოკრა განგაშის ზარი და არ აუწყა საზოგადოებას, რომ „ახალიც“ ყოველივე ქართულს, ტრადიციულ სულიერ ღირებულებებს ისევე ექცევა, როგორც მისი წინამორბედი?!

 

აბა იმის წარამარა ძახილი, რომ სააკაშვილის რეჟიმმა მწერლებს შენობა წაართვა და ესენიც არ გვიბრუნებენ, პრობლემას ნამდვილად ვერ გადაწყვეტს!

 

ჩემთვის პირადად მძიმედ წასაკითხი იყო ბატონი ბაღათერის სიტყვები, რომ: „ქართული მწერლობა და ქართველი მწერლები ბედის ანაბარად არიან მიტოვებული. არადა, ქართული მწერლობის, ქართული კულტურის, სულიერების განვითარების გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება“.

 

დასტურ, ბატონო ბაღათერ!

 

გულწრფელად გული მეტკინა ამ სტრიქონების წაკითვისას. მეც ვიცი, რომ ქართული მწერლობა და ქართველი მწერლები უპატრონოდ არიან მიგდებული, ისიც კარგად მესმის, რომ მწერლობისა და ზოგადად კულტურის განვითარების გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება, მაგრამ... დღევანდელ რეალობაში ჩვენ იმის იმედი ნუ გვექნება, რომ ვინმე (ამ შემთხვევაში არსებული ხელისუფლება) გვიპატრონებს. არც უნდა ვეძებოთ პატრონი იქ, სადაც ის არ არის. ჩვენს თავს (მეც ვარ მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი) ჩვენვე უნდა ვუპატრონოთ: ვაიძულოთ ხელისუფლება მოგვექცეს ისე, როგორც უნდა მოგვექცეს - უპირველესად, დააბრუნოს ძალით წართმეული შენობა, სადაც ქართველი კორიფეების სული ტრიალებს! შემდეგ კი აზერბაიჯანელი კოლეგებისგან მიიღოს კონსულტაცია და ქართველი მწერლები წაახალისოს, რომ მათ ელემენტარულად არსებობა და შემოქმედებითი საქმიანობა შეძლონ.

 

ის, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრო საკუთარი შეხედულებით აფინანსებს (რაც ზღვაში წვეთია) თანამედროვე მწერალთა (ისიც სასაცილო ტირაჟით) კრებულებს და ე.წ. უაზრო ლიტერატურულ კონკურს-პროექტებს, არ ნიშნავს იმას, რომ ქართული მწერლობის განვითარებაზე ვინმე ზრუნავს და ფიქრობს. ეს მხოლოდ „ფასადის“ შესალამაზებლად კეთდება.

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ხშირად მდარე და საეჭვო სულიერი ღირებულებების ავტორები არიან კულტურის სამინისტროს ყურადღებით განებივრებულნი, ვიდრე, მწერლობასთან ახლოს მდგომი ადამიანები. ამჯერად სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ - ისედაც ყველამ ყველაფერი იცის!

 

ის, რომ მწერალთა სახლი ქართველ მწერალთა გილდიას უნდა დაუბრუნდეს, საკამათო არ არის. თუმცა, არც ის არის საკამათო, რომ ამას დღევანდელი ხელისუფლება თანმიმდევრული ბრძოლის გარეშე საკუთარი სურვილით არ მოგვართმევს!

 

ახლა კი მივადექით ერთ მტკივნეულ საკითხს, რომელშიც ხელისუფლების ბრალი ყველაზე ნაკლებია. მოვუსმინოთ ბატონ ბაღათერს:

 

„დღეს მწერალთა კავშირის წევრს უბრალოდ წიგნაკი აქვს, თორემ ჩვენ ვერაფერში ვეხმარებით“.

 

მე ნაკლებად მაინტერესებს, ვინ რამდენად დამსახურებულად მიიღო ეს „წიგნაკი“ და ასევე რამდენად დამსახურებულად ჩაეწერა ქართველ მწერალთა გაერთიანებაში, მაგრამ, ლოგიკურად ისმება კითხვა: რატომ არ ერთიანდებიან ეს „წიგნაკიანები“, რომ დაიბრუნონ უკანონოდ წართმეული შენობა? რამდენადაც ვიცი, დღეს მათი რაოდენობა ათასს აჭარბებს. წარმოვიდგინოთ, თითოეულ მათგანს ჰყავს 10 მკითხველი (გულშემატკივარი) მაინც, რაც მთლიანობაში მინიმუმ ათი ათასზე მეტია. ადგეს ერთ მშვენიერ დღეს ეს 10000 კაცი, მიადგეს საქართველოს მთავრობას და მოითხოვოს კუნთვნილი შენობის დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო რეზონანსის აგორებით და პერმანენტული აქციებით დაემუქროს.

 

როგორ ფიქრობთ, მწერალთა მიერ სამართლიანად აგორებულ ტალღას რეზონანსი (შედეგი) არ მოჰყვება?

 

რა თქმა უნდა, მოჰყვება, მაგრამ ამას ხომ ტვინის და ხელის განძრევა სჭირდება, რომელიც თანამედროვე ქართველი მწერლებისთვის, როგორც ჩანს, უცხო ხილია!

 

 

ბატონი ბაღათერი წუხს, რომ შარშან ლიბერალური აზროვნების მწერლები წაიყვანეს ფრანკფურტში წიგნის ბაზრობაზე. პირადად ჩემთვის ეს არ არის გასაკვირი. სიმპტომატური მხოლოდ ის არის, რომ მთავრობა (ამ შემთხვევაში კულტურის სამინისტრო) ანგარიშს არ უწევს საქართველოს მწერალთა კავშირს და წიგნის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე წასაყვანთა ჯგუფს საკუთარი გემოვნებით აკომპლექტებს.

 

სიტყვა „ანგარიშს არ უწევს“ შემთხვევით არ მითქვამს - ანგარიში რომ გაგიწიონ, შენში ძალა უნდა დაინახონ. დღევანდელი მწერალთა შემოქმედებითი კავშირი კი ნამდვილად არ არის ის ძალა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ოდესმე ანგარიშს გაუწევს. თუმცა, ამაზე ქვემოთ.

 

 

მწერალთა ერთობას ახალი სული უნდა ჩავბეროთ!

 

თანამედროვე მწერლობაზე და ზოგადად, ლიტერატურულ პროცესზე, ადრეც მიფიქრია. სტატიაში „სად იმალება ქართული მწერლობა“ („ივერიონი“ 30.06.2015 წ., შეტანილია პუბლიცისტურ კრებულში: „სამართებლის პირზე“) ვწერდი:

 

„საკუთარი თავი დამნაშავე მგონია, როცა ვხედავ, როგორ ჩაურგვია თავი ქართულ სიტყვას ქვიშაში და ამაზე აქამდე ხმას არ ვიღებდი... თავისუფალი სიტყვა დღეს ყველაფერს ეგუება - დამცირებასაც, შოლტის მოქნევასაც, უზნეობის პროპაგანდასაც...

 

ქართული სიტყვა ქართული იდენტობის, ქართული ტრადიციების სადარაჯოზე უნდა იდგეს და მეწინავე დროშას აფრიალდებდეს.

 

მისი ხმა სრულიად საქართველოს უნდა აზანზარებდეს და ყველა უკეთურობაზე ხელის მომწერ ხელისუფლებას შიშის ზარს უნდა სცემდეს.

 

სად გაქრა ჭეშმარიტი ქართული სიტყვა?!“.

 

ზემოთ ვთქვი, ყველაფერს ხელისუფლებას ნუ დავაბრალებთ-მეთქი. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ქართული მწერლობა არც მეწინავე დროშას აფრიალებს და არც ყველა უკეთურობაზე ხელის მომწერ ხელისუფლებას სცემს შიშის ზარს, მისი „საყვირის“ ხმა კი საპრეზენტაციო დარბაზებს არ სცილდება, რომელიც ძირითადად შოუს ელემენტებითაა გაჯერებული და არაფერი აქვს  თითქმის საერთო წმინდა ლიტერატურული პროცესების განხილვა-გააზრებასთან.

 

ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართულ სიტყვაკაზმულ მწერლობას (იგულისხმება როგორც პროზა, ასევე პოეზია) სული გამოაცალეს და შიშველი (უაზრო) ამბიციების ამარა დატოვეს! თუ იშვიათ გამონაკლისებს არ მივიღებთ მხედველობაში, თანამედროვე ქართული მწერლობა „მაკულატურად“ იქცა.

 

დიახ, თუ ადრე წიგნის გამოცემა და გემოვნებიან მკითხველთან შეხვედრა სერიოზულ სიძნელეს აწყდებოდა (თუმცა, ხარისხი თითქმის გარანტირებული იყო), დღეს ვისაც არ ეზარება, ყველას კალამი (მაპატიეთ, კომპიუტერის კლავიში) უჭირავს ხელში და აცხობს და აცხობს წიგნებს ბრჭყვიალა ყდებითა და მაინტრიგებელი სათაურებით. შიგნით კი...

 

თუ ობიექტურად შევაფასებთ, ლიტერატურული კრიტიკის დაკარგვასთან ერთად დაიკარგა გემოვნებიანი (კრიტიკულად განწყობილი) მკითხველიც, რომელიც მწერლის სისუსტისა თუ ოსტატობის ბარომეტრი იყო...

 

სამწუხაროდ, დღეს ქართულ ლიტერატურას არ ჰყავს ჭეშმარიტი შემფასებელი - ქართული ბაზარი გაჯერებულია უგემოვნო, უიდეო ლიტერატურით. რაც დრო გადის, ეს პროცესი უფრო და უფრო მძიმდება და მანამ გაგრძელდება, ვიდრე დღეს არსებული მწერალთა შემოქმედებითი კავშირის სრული ტრანსფორმაცია (ახალი სულის ჩაბერვა) არ მოხდება და მის ბაზაზე არ ჩამოყალიბდება ქართველ მწერალთა ახალი, წმინდა პროფესიული გაერთიანება, რომელიც უკანონოდ წართმეული შენობის დაბრუნებაზეც იზრუნებს, საკუთარი წევრების პროფესიულ ინტერესებსაც დაიცავს და პასუხისმგებელი იქნება ქართული ლიტერატურის განვითარებაზე.

 

სამწუხარო ფაქტია, რომ ქართველ მწერალთა ერთობა (საუკუნეგამოტარებული ტრადიციული მწერალთა კავშირი) ისე დაშალეს და დაასუსტეს, რომ მტერს უხარია და მოყვარეს გულს უკლავს!

 

მქონდა პატივი, დავსწრებოდი საქართველოს მწერალთა ბოლო ყრილობას. ეს იყო არაკოლეგიალობის, ერთმანეთისადმი უპატივცემულობის, ხელოვნურად დაპირისპირებული ორი ჯგუფის („მწერალთა კავშირი“ და „მწერალთა აკადემია“) უშეღავათო შეხლა-შემოხლა „აკრძალული ილეთების“ თანხლებით, რომელმაც სრულ უძრაობაში გადაიყვანა ისედაც გახლეჩილი ქართველ მწერალთა გაერთიანება.

 

თუ ობიექტურად განვსჯით, ეს იყო ციხის შიგნიდან გატეხვის უნიკალური მაგალითი. მავანმა მიზანს მიაღწია!

 

აქედან გამომდინარე, მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრთა რაოდენობის (მარტივად თუ ვიტყვით, „წიგნაკშიკების“) ზრდა კი არ არის მთავარი, მთავარი ხარისხია.

 

სწორედ ამ ფორმალურმა გატაცებებმა მიიყვანა საქართველოს მწერალთა გილდია დღევანდელ მდგომარეობამდე, რომლის საჯარო სივრცეში აღიარება გვიჭირს (კულუარებში რამდენიც გინდათ)!

 

მე კონფრონტაციის მომხრე არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა ვიქნები, მაგრამ არსებული ფორმით მწერალთა შემოქმედებითი კავშირის შენარჩუნება რომ ხეირს არ მოგვიტანს, საკამათოდ არ მეჩვენება!

 

აქედან გამომდინარე, საჭიროა შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მწერალთა ახალი ყრილობის მომზადებაზე იმუშავებს. მომზადებაში იგულისხმება არსებულის ბაზაზე მწერალთა შემოქმედებითი კავშირის (პირობითად, „ქართველ მწერალთა გილდიის“) ახალი დებულების განსაზღვრა და ახალი კრიტერიუმების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ჭეშმარიტად პროფესიონალური ორგანიზაციის (მწერალთა ერთობის) ფორმირებას.

 

თუ ეს ნაბიჯი გადაიდგა, დარწმუნებული ვარ, მწერალთა კავშირის კუთვნილ შენობასაც (დღევანდელი „მწერალთა სახლი“), რომელსაც დღეს სხვა დატვირთვა აქვს, ადვილად დავიბრუნებთ და ძარღვიანი ქართული სიტყვისადმი პასუხისმგებლობაც ერთი-ორად გაიზრდება!

 

P.S. დღევანდელ მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ხელმძღვანელობაში ყველა ჩემი მეგობარია, ყველა მათგანს პატივს ვცემ. დარწმუნებული ვარ, საერთო საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ პოზიციას ისინიც ობიექტურად გაიაზრებენ და დამეთანხმებიან, რომ საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები უფრო ქმედითი მწერალთა ერთობის ფორმირების თვალსაზრისით. მე, როგორც რიგითი ჯარისკაცი, იმათ გვერდით დავდგები, ვინც ამას ბოლომდე (ობიექტურად) გაიაზრებს და ფაქტიურად უფუნქციო მწერალთა შემოქმედებით კავშირს (ეს ბატონი ბაღათერის ინტერვიუდანაც ჩანს) ახალ სულს ჩაბერავს!

 

P.S. P.S. საკმაოდ ადამიანური და საქმიანი ურთიერთობა მაქვს „მწერალთა სახლის“ დღევანდელ დირექტორთან, ქ-ნ ნატა ლომოურთან, მაგრამ, ეს არ მიშლის ხელს უმწვავეს პრობლემას გვერდი ავუარო. რაც მოხდა და რაც დღეს „მწერალთა სახლში“ ხდება, მისი ბრალი ნამდვილად არ არის - ეს, უხეირო ხელისუფლებებთან ერთად, ქართველი მწერლების ბრალიცაა, რომლებმაც ვერ დღემდე ვერ მოახერხეს ერთ მუშტად გაერთიანება და ვისაც ჯერ არს, არ დაანახეს საკუთარი ძალა. ახლა მაინც უნდა გამოვფხიზლდეთ და ჩვენი გასაკეთებელი ჩვენვე გავაკეთოთ.

 

26-02-2019, 13:04
უკან დაბრუნება