ივერიონი / რა აფორიაქებს ზუგდიდს?! ანუ „მეგრული პოეზიის ანთოლოგიიდან“ სანდრა რულოვსამდე!

რა აფორიაქებს ზუგდიდს?! ანუ „მეგრული პოეზიის ანთოლოგიიდან“ სანდრა რულოვსამდე!

ამ ორიოდე წლის წინათ უნიჭიერესმა მწერალმა, გური ოტობაიამ (გულადი ფეტელავა) მეგრულენოვან მკითხველს ფრიად საინტერესო პროექტი შესთავაზა - მისი ხელდასხმით გამოიცა დიდი ფრომატის 1000-გვერდიანი (ორიგინალური დიზაინითა და გაფორმებით) უნიკალური კრებული „მეგრული პოეზიის ანთოლოგია“.

 

 

კრებულში მეგრული ხალხური ზეპირსიტყვიერების საუკეთესო პოეტურ ნიმუშებთან ერთად თავმოყრილია მე-20 საუკუნისა და თანამედროვე პოეტების მეგრულენოვანი ლირიკა.

 

პროექტის ავტორიც და გამომცემლებიც დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩვენს მიერ გამოცემული მოკრძალებული ტირაჟი (სულ 2000 ეგზემპლარი) უცებ „აორთქლდებოდა“ და უახლოეს პერიოდში ანთოლოგიის ტირაჟირების აუცილებლობის წინაშე  დავდგებოდით!

 

სამწუხაროდ, იმედი გაგვიცრუვდა - ფორმითა და შინაარსით მართლაცდა უნიკალური გამოცემა, რომელიც კოლხურ საუნჯეს (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) აერთიანებს, დღესაც მკითხველის მოლოდინშია - ჩემთვის უძვირფასესმა სამეგრელომ ამ კრებულის უნიკალურობა სამწუხაროდ, ვერ გააცნობიერა, არადა, გასაყიდი ფასიც დანახარჯებთან შედარებით საკმაოდ მოკრძალებული გახლდათ.

 

რამ გამახსენა „მეგრული პოეზიის ანთოლოგია“?

 

ამ ბოლო ხანებში ადგილობრივმა „მოსეპარატისტო“ ელემენტებმა ისევ ააგორეს ანტიქართული კამპანია - აქაოდა, მეგრული ენა რომ გადარჩეს, აუცილებელია სამეგრელო ავტონომიურ (დამოუკიდებელ) ერთეულად გამოცხადდესო. ჩასაფრებულებსაც მეტი რა უნდოდათ - ცენტრში აქტიურად დაიწყეს საუბარი სამეგრელოში სეპარატისტული განწყობის არსებობაზე. არადა, როგორც ადრე, დღესაც ამის რეალური საშიშროება არ არსებობს - რამდენიმე ტვინნაღღძობი (შინააშლილობის მოსურნე მტრის მიერ დაქოქილი) მეგრულად მოლაპარაკე ინდივიდის სეპარატისტული შეძახილი სამეგრელოს მოსახლეობის განწყობის ადექვატური ნამდვილად არ არის!

 

ის, რომ უძველესი, თავისი სტრუქტურითა და ტკბილხმოვანებით უნიკალური კოლხური ენა გაქრობის საშიშროების წინაშე დგას, სადავო არ არის. რაც დრო გადის, საშიშროება მით უფრო იზრდება!

 

ვინ არის დამნაშავე?

 

დაუსრულებელი კამათი იმაზე, რომ მეგრული სალიტერატურო ენა არ არის და ამდენად, იგი სრულყოფილი ენის ფუნქციას არ ასრულებს, შედეგს არ იძლევა. მეგრულ ენას  4 მილიონიან საქართველოში დაახლოებით 1 მილიონზე მეტი ადამიანი ერთმანეთთან საკომუნიკაციო საშუალებად დღესაც იყენებს - დღესაც იქმნება მეგრული სატრფიალო ლირიკა და ტკბილხმოვანი მეგრული მელოდიები. არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ ძველკოლხური ენა თანამედროვე ქართულის უნიკალური სალაროა, რომელსაც ისევე სჭირდება გადარჩენა, როგორც ზოგად ქართულს!

 

რამ გამახსენა გია ალიბეგაშვილი?

 

დღევანდელმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნო დაპირებების (2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებებს ვგულისხმობ) მინიმუმიც არ შეასრულა. მათ შორის, ერთ-ერთი ქართული (სახელმწიფო) ენის მოვლა-პატრონობა იყო!

 

მიუხედავად იმისა, რომ დიდი დავიდარაბის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“, მის შესრულებაზე საქართველოს მთავრობას თავი არ შეუწუხებია - დადგენილ ვადაში არ შეუმუშავებია (არც ახლაა, მგონი,  შემუშავებული) სახელმწიფო ენის განვითარების პროგრამა. გია ალიბეგაშვილი ისე დაინიშნა დეპარტამენტის თავმჯდომარედ, მთავრობას არ დაუმტკიცებია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დებულება და სტრუქტურა. დღესაც არ ვიცით, სად მდებარეობს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ოფისი და გია ალიბეგაშვილი ისევ მარტოა, თუ თანამეინახეებიც გამოუჩნდა?! არც ის ვიცი, რა რესურსებია ბიუჯეტიდან გამოყოფილი ქართული ენის სიწმინდის დაცვისთვის - ყოველ შემთხვევაში, ქვეყანაში არ იგრძნობა, რომ სახელმწიფო ენას ენის დეპარტამენტის (ხელისუფლების) სახით ჰყავს ჭეშმარტი გულშემატკივარი.

 

ამ ფონზე ცოტა გაზვიადებულად მეჩვენება ზოგიერთი მეგრული წარმოშობის ინტელიგენტის სურვილი - მეგრული ენა (ასევე სვანური), როგორც საგანი, დაწყებით კლასებში მაინც უნდა ისწავლებოდეს და ეს სავალდებულო უნდა იყოს არა მარტო მეგრული რეგიონის სკოლებისთვის! ურიგო იდეა ნამდვილად არ არის, მაგრამ, არარეალურია - როგორც ზემოთ ვთქვი, სახელმწიფო (იგულისხმება ხელისუფლება) ზოგადქართული ენის სიწმინდის შენარჩუნებაზე არ იკლავს თავს და მეტი არაა ჩემი მტერი, ახლა მეგრულ-სვანური ენის გადარჩენაზე იფიქროს! მითუმეტეს, მაშინ, როცა საზოგადოება ქართული ლიტერატურისა და ზოგადად, საქართველოს ისტორიის დღენიადაგ შევიწროვების მოწმეა!

 

ამდენად, მეგრული ენის შენარჩუნებაზე თავად მეგრელებმა უნდა იზრუნონ! მახსენდება ერთ-ერთი მეგრულენოვანი ინტელიგენტის კომენტარი ჩემს ფეისბუქსტატუსზე. იგი მეგრული ენის თანდათან გაქრობის საშიშროებას იმაში ხედავდა, რომ დღეს მეგრულ ოჯახებში ბავშვებს უკვე მეგრულად არც ესაუბრებიან.

 

თქვე კაი დედმამიშვილებო: ვინ გიშლით, რომ ბავშვებს ოჯახში მეგრულად ესაუბროთ? მითუმეტეს, დღეს იმდენი საშუალებაა ბავშვმა მეგრულთან ერთად ქართულიც აითვისოს და სკოლაში ამ მხრივ მომზადებული მივიდეს! მე მაგალითად, პირველ კლასამდე ოჯახში მეგრულად მესაუბრებოდნენ, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი მშობლიური ენა საფუძვლიანად შემესწავლა. დღეს პირადად ჩემთვის მეგრულს თავისი ადგილი აქვს და ზოგადქართულს (მშობლიურს) თავისი!

 

ის, რომ მეგრულს ჭეშმარიტი გულშემატკივარი თვით მეგრელებშიც არ ჰყავს, ამის დასტური სწორედ „მეგრული პოეზიის ანთოლოგიისადმი“ სამეგრელოს მოსახლეობის დამოკიდებულებაა - შენსას თუ არ აფასებ, შენი მარგალიტები შენთვის ღვიძლი და ახლობელი თუ არ არის, სხვა რა თქმა უნდა, არ დააფასებს!

 

ესაა მწარე სიმართლე და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, თვალი უნდა გავუსწოროთ!

 

რა დაკარგა სამეგრელოში სანდრა რულოვსმა?!

 

არა მგონია, სამეგრელოში მას რამე დაეკარგოს, მაგრამ, მთელი უბედურება იმაშია, რომ, რაც არ დაუკარგავს, იმას ეძებს!

 

ეს როგორ?

 

ძალიან უბრალოდ: სანდრამ კარგად იცის, რომ თუ ზუგდიდელებს მოეფერება, ერთ-ორ სიტყვასაც  ჩაუმეგრულებს, მათ გულს ადვილად მოიგებს - ბოლო-ბოლო დააჰიპნოზებს, დააზომბირებს, „დაუმტკიცებს“, რომ მიშას საქართველო აღმშენებლობის გზას ადგა, ბიძინამ კი ყველაფერი ყირაზე დააყენა. საქართველოს გადარჩენა კი სამეგრელოდან, კერძოდ, ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს!

 

მან საკუთარი ძალა ზუგდიდში ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მოსინჯა და რომ არა მთელი რესურსების მობილიზება, როგორც ამბობენ, გამარჯვება გარანტირებული ჰქონდა! მე ამ თემას ადრეც მრავალგზის შევეხე და ახლა არ გავაგრძელებ.

 

ერთს კი ვიტყვი: რატომ აქვს მიზანში ამოღებული ექსპირველლედის მაინცდამაინც სამეგრელო, კერძოდ ზუგდიდი? რა იმალება ამ ავანტიურის მიღმა - ხომ არ არის ამაში ცენტრსა და რეგიონს შორის ხელოვნური დაპირისპირების პროვოცირების სურვილი, რომ სანდრას გამარჯვების შემთხვევაში ხელი დანარჩენმა საქართველომ სამეგრელოსკენ გაიშვიროს და ახალი პოლიტიკური რეალობის ესკალაცია რეგიონს დაბრალდეს?!

 

არც უმაგისობაა.

 

არის სხვა ნიუანსიც, რომელიც არანაკლებ სახიფათოა - სანდრას ზუგდიდის მერად არჩევა „ნაციონალური რეჟიმის“ რეანიმაციის ტოლფასად იქნება აღქმული საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან, რასაც კარგად გამოიყენებენ „ნაციონალები“ (არა აქვს მნიშვნელობა, რა სახელწოდებით არიან დღეს ისინი შეფუთულნი) თუ ვადამდელი არჩევნებში არა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად.

 

რაც შეეხება სამეგრელოს, საკუთრივ ზუგდიდს, თუ მათ ღირსებაზე საერთოდ ხელი აიღეს და სანდრას გაამარჯვებინეს, ამ ლაქას სამეგრელო ვერასოდეს ჩამოირეცხავს!

 

მიუხედავად იმისა, რომ ნიკანორ მელიაც (რომელიც ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის შესაძლო კანდიდატად სახელდებოდა ზუგდიდის მერის არჩევნებში) „ნაციონალური რეჟიმის“ წარმომადგენელია, მისი გამარჯვება ისეთი დრამატული არ იქნებოდა, როგორც სანდრა რულოვსის შემთხვევაში. თუ რატომ, ეს თავად განსაჯეთ.

 

ასე რომ, დღეს სანდრა რულოვსი ნამდვილი ტესტია ზუგდიდელებისთვის! ღმერთმა ნუ ქნას, „ფუი ეშმაკს“ ძახილი დაგვჭირდეს!

 

P.S. არა მგონია, ზუგდიდში ერთი ადამიანი მაინც არ მოიძებნოს, ვისაც მერობაზე ექნება პრეტენზია და ზუგდიდელებიც მხარს დაუჭერენ. აქ მხოლოდ პრინციპზე და ღირსების შენარჩუნებაზეა საუბარი, თორემ, რეალურად ზუგდიდის მერი კი არა, თვით პრემიერ მინისტრი და პრეზიდენტიც არაფერს წყვეტენ დღეს საქართველოში. ასე რომ, მე ჩემი სამეგრელო მტკივა და არ მინდა „ნაციონალური რეჟიმის“ რეანიმაცია ზუგდიდიდან დაიწყოს!

 

P.S.S. საინფორმაციო საშუალებებმა გვამცნო,რომ „ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატად ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შენგელია წამოუყენებია. როგორც ჭეშმარიტი ზუგდიდელები ახასიათებენ, იგი პრაგმატული აზროვნების, უაღრესად ინტელექტუალური პიროვნებაა, ზედმიწევნით აქვს გაცნობიერებული ის ურთულესი ვითარება, რა გამოწვევების წინაშეც დგას დღეს ზუგდიდ-ქალაქი და რაც მთავარია, აქვს რეალური გეგმა, რომელიც შეჯერებულია პიროვნულ პასუხისმგებლობასთან!

 

ვნახოთ, რით დამთავრდება ორთაბრძოლა „ოცნებასა“ და „გაერთიანებულ ოპოზიციას“ შორის.

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

25-03-2019, 14:13
უკან დაბრუნება