მთავარი გვერდი > რატომ გააწნა „ოცნებას“ სილა საქართველომ?!

რატომ გააწნა „ოცნებას“ სილა საქართველომ?!


25-04-2019 / 15:29

რატომ გააწნა „ოცნებას“ სილა საქართველომ?!

გვესაუბრება ცნობილი არქიტექტორი, არქიტექტორთა მსოფლიო აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ვახტანგ დავითაია

 

კორესპოდენტი. ბ-ნო ვახტანგ, ქვეყნის ცხოვრებაში განსაკუთრებული მოვლენა იყო საპრეზიდენტო არჩევნები, რომელმაც ჩვენი საზოგადოების მრავალი უარყოფითი მხარე გააშიშვლა. დიდი მოულოდნელობა იყო არჩევნების პირველი ტურის შედეგები. „ოცნებამ“ აღიარა შეცდომები, დაგვპირდა ცვლილებებს. თქვენ წარმოადგენთ სახელოვნებო-ინტელექტუალურ სფეროს, საზოგადოების იმ ნაწილს, რომლისთვისაც უპირველესია ქვეყნის და არა პარტიულ-კლანური ინტერესები და ბიზნესი. თქვენი ხედვა, შეფასებები, პოზიცია, უფრო საყურადღებოა, ვინემ „პროფესიონალი“ ექსპერტების, პოლიტოლოგების, პოლიტტექნოლოგების, რომლებმაც ჩამოაყალიბეს გარკვეული „შტამპი“. 

 

 ვახტანგ დავითაია. „შტამპი“ ელექტრონულ და ბეჭდური პრესის, ასევე ექსპერტების და პოლიტოლოგების ავადმყოფობაა. ტელევიზიაში და პრესის ფურცლებზე ერთი და იგივე სახეებია. გაშლი გაზეთს და იცი, ვინ ვისი რუპორია, ამიტომ, სათაურის კითხვით კმაყოფილდები. თუმცა არიან მიუკერძოებელი პროფესიონალებიც, რომელთა ნააზრევს ინტერესით ელოდები. ასეთი სულ რამდენიმეა.

 

 „მაინც რატომ გააწნა სილა „ოცნებას“ საქართველომ“?

 

 ბევრი რამის გამო. სიღარიბისათვის, არაპროფესიონალიზმის, არაკომპეტენტურობის გამო და, რაც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, „ოცნებამ“ დაკარგა კავშირი ადამიანებთან, თანამოაზრეებთანაც და თანამებრძოლეებთანაც კი. დღის წესრიგიდან მოიხსნა პირადი კონტაქტები, შეხვედრები, დიალოგი, მოსმენა, „თანამონაწილეობა“. ჩვენ თავი მოგვაქვს სიტყვის თავისუფლების ინდექსის გაუმჯობესებით, მაგრამ სიტყვის თავისუფლებას, სიმართლის თქმას არავითარი აზრი არა აქვს, თუ მას ხელისუფლება არ უსმენს. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ყველაზე დახვეწილი ფორმაა არდანახვა, არ შემჩნევა, წაყრუება, „წერე და იკითხე“. „ოცნებამ“ „წერე და იკითხეს“ პრინციპი დახვეწა და უმაღლეს დონეზე აიყვანა. რად გინდა ღმერთი ურწმუნოთა ქვეყანაში? სიტყვის რეალური თავისუფლება არის არა ის რისი დაწერის უფლება გაქვს, არამედ ის რა შედეგი აქვს ამ დაწერილს. ვეკითხები „ოცნების“ ხელმძღვანელებს, შეიძლება ადამიანი, საზოგადოებისთვის არც თუ უცნობი, საშუალო რანგის თანამდებობის პირს, „ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე“ 10-15 წუთით მიღებას თხოვდეს და მეოთხე თვეა ეს შეხვედრა ვერ შესდგეს?! განმეორებითმა შეხსენებამაც შედეგი არ გამოიღო. 

 

გავაგრძელებ, ა. წ. 15 იანვარს, თბილისის 41-მა საპატიო მოქალაქემ, ჩვენი საზოგადოების უთვალსაჩინოესმა ადამიანებმა, თბილისის მერს, ბატონ კახი კალაძეს, ღია წერილით მიმართეს, დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლის დიღმის სატრანსპორტო-ურბანული ქაოსიდან, მის ძველ არეალში დაბრუნების თაობაზე. გავიდა სამ თვეზე მეტი. პასუხი არ არის! 

„თბილისის საპატიო მოქალაქე“ დედაქალაქის უმაღლესი წოდებაა, რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, მერია უნდა უფრთხილდებოდეს. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, საპირისპიროს ვხედავთ. პასუხის დროულად გაცემა, სხვა რომ არა, ეთიკის ელემენტალური ნორმაა, რომლითაც მოქალაქეები, ამომრჩევლები დასკვნებს აკეთებენ მთლიანად მერიის საქმიანობაზე - ადამიანები ზღვის ერთ წვეთში მთელ ზღვას ხედავენ. თბილისის საპატიო მოქალაქეები ელოდნენ, რომ ბატონი კალაძე 2-3 დღეში პასუხს გასცემდა. გულგრილობის მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

 

 ასეთი დამოკიდებულება დღეს არა თუ გამონაკლისი, არამედ წესია. 

 

 ამ კონტექსტში ერთ მაგალითს გავიხსენებ. ჩემს „ჩანაწერებში“ ჩავიხედავ.

 

 „22.VII.2003. პრეზიდენტის კანცელარიაში დავტოვე წერილი ე. შევარდნაძისადმი. ვთხოვდი შეხვედრას 9 აპრილის მემორიალის, თამარ მეფის ძეგლის, რიყის, „დედაქალაქის კარიბჭის“ და სხვა პროექტების გაცნობის მიზნით. ვიფიქრე, პრობლემებით დატვირთული ქვეყნის პრეზიდენტს ორი კვირა მაინც დასჭირდებოდა გამოენახა დრო. არდადეგები დაიწყო. თბილისი დავტოვე.

 

 26.VII.2003. ზარი კანცელარიიდან - „ბატონმა ედუარდმა 29 ივლისს, საღამოს 5 საათზე დანიშნა თათბირი თქვენს წერილთან დაკავშირებით, აინტერესებს ვისი მოწვევაა საჭირო“. - ვისაც თვითონ ჩაითვლის საჭიროდ-მეთქი! - ვუპასუხე.

 

 შეხვედრა შედგა ზუსტად დანიშნულ დროს. დაცვის ბიჭებმა პლანშეტები აიტანეს მეთერთმეტე სართულზე და გამოფინეს. სხდომას ესწრებოდნენ: თბილისის მერი, ბ-ნი ივ. ზოდელავა, სახელმწიფო მინისტრის მოადილე, ბ-ნი ისაკაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვ. გოგოლაშვილი, კიდევ რამდენიმე, ჩემთვის უცნობი პირი - სამინისტროების წარმომადგენლები. პროექტების გაცნობამ და განხილვამ ორი საათი გასტანა. 

 

 მეოთხე დღეს მივიღე სხდომის დეტალური ოქმი, სადაც აღნიშნული იყო ყოველ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი და ვადები“.

 

 ეს ფაქტი სრულებითაც არ იყო გამონაკლისი, არამედ თანამშრომლობისა და თანამონაწილეობის წესი გახლდათ. ახლა ვიღაც-ვიღაცეები ამ „გახსენებას“ კომუნისტურ ნოსტალგიად ჩამითვლიან, რაც ნაკლებად მადარდებს. მაგალითი დღევანდელ ხელმძღვანელებს დაფიქრების და განსჯის საბაბს ნამდვილად აძლევს.

 

 ბოლო წლებში, ჩემს უმთავრეს საქმედ, უნებლიედ, იქცა - დავით აღმაშენებლის ღირსების აღდგენა და ის, რომ საქართველოს ჰქონდეს ერის ტრადიციების შესაფერი „გმირთა ხსოვნის მემორიალი“ - მემორიალი, სადაც შესაძლებელი იქნება საპატიო სტუმრების მიყვანა და ოფიციალური რიტუალების ღირსეულად ჩატარება, მემორიალი, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ახალგაზრდული და ეროვნული აქციების ჩატარება. 

 

ალბათ, ყოველი მოქალაქე სინდისის ქენჯნას განიცდის, როდესაც საპატიო სტუმარს, დიდი ქვეყნის პრეზიდენტს ქვის სტენდთან მიიყვანენ გმირთა მოედნის კუთხეში. არამხატვრულობასთან და შეუსაბამო ადგილთან ერთად, ის არ არის საერთო ეროვნული „ხსოვნის მემორიალი“. ის საქართველოს ერთ-ერთი ტრაგედიის მემორიალია!

 

 დავით აღმაშენებლის ძეგლის აბსურდულ „თავგადასავალს“ საზოგადოება სხვადასხვა პუბლიკაციებით და ტელეგადაცემებით კარგად იცნობს, „გმირთა ხსოვნის მემორიალის“, ასევე აბსურდულ, პერიპეტიებს შედარებით ნაკლებად. ეს საკითხიც შვიდ წელს ითვლის. 7 წელია არსებობს „გმირთა ხსოვნის მემორიალის“ პროექტი (პერსონალური ინიციატივა). მას გაეცნო და მოიწონა დედაქალაქის საზოგადოებამ, პროექტი განიხილა მერიის არქიტექტურულმა საბჭომ. საბჭოს ყველა წევრმა ერთსულოვნად დადებითი შეფასება მისცა, რაც ოფიციალურადაა დაფიქსირებული. პროექტმა არა ერთი საერთაშორისო პრემია დაიმსახურა, მიუხედავად ამისა, ის ვერ ეღირსა ვერცერთი მთავრობის ყურადღებას!

 

 დასკვნის სახით ვიტყვი, არც დავით აღმაშენებელს და არც „გმირთა ხსოვნის მემორიალს“ 7 წლის მანძილზე არ აღმოაჩნდა „ერის კაცი“. ამიტომაც ჩემი მცდელობა - შეხვედრები, მიმოწერები, პასუხები, პასუხის პასუხები და სხვა, მონუსხულ წრეზე ტრიალებს.

 

 გავაგრძელებ „სილის გაწვნის“ მიზეზების ჩემეულ ხედვას.

 

 რა დაგვანახა განმეორებითმა არჩევნებმა?

 

 გაიმარჯვა არა „ოცნებამ“, არამედ „ნაკლები ბოროტების“ პრინციპმა.

 

 ხალხმა უფრო ძლიერი სილა ნაცებს გააწნა, აგრესიის, ტყუილების, უტაქტობის გამო, და, რაც მთავარია, წარსულის გამო, რომელსაც ვერაფრით ვერ წაშლი! გვეშინოდეს წარსულის, რადგან, მას ვერ შეცვლი! ვფიქრობ, საარჩევნო კამპანიაში სააკაშვილის ჩართვამ გადამწყვეტი უარყოფითი როლი ითამაშა. ნაცებს ჭკუა არ ეყოთ სიცრუის, ცილისწამების რიტორიკაში, შიგა და შიგ „გულწრფელობა“ – „აღიარება“ ჩაერთოთ. ისინი ყველაფერს, მათ შორის ამინდის კაპრიზებსაც, ივანიშვილს, „ოცნებას“ მიაწერენ, რის გამოც მათი ობიექტურობა, თუ კი ასეთი წამოცდებათ, მაინც არა გურწრფელობად აღიქმება.

 

 კულტურა, არქიტექტურა, ყოველთვის იყო ქართველი ერის იდენტურების, რაობის, სახის ცნობადობის უმნიშვნელოვანესი ფენომენი. დღეს, არა თუ კულტურის სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს, არამედ არ არსებობს ელემენტალური თანადგომა, მორალური, მატერიალური. კულტურა, ძირითადად, კერძო სექტორის წყალობაზეა დამოკიდებული. ტაშ-ფანდურები, რომლებიც ერთჯერადი და სწრაფწარმავალია, ვერ ჩაანაცვლებენ კულტურას.

 

 მადლობა ღმერთს, დღესაც არსებობენ, დიდი მამულიშვილების, ზუბალაშვილების, სარაჯიშვილის, ხოშტარიას საქმის ღირსეული გამგრძელებელნი, კულტურის უერთგულესი მეცენატები (ამ მხრივ ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და ბატონი გია ჯოხთაბერიძის წვლილი უნიკალურია).

 

 ერს, რომელსაც სულიერების, კულტურის, იდეალის მოთხოვნილება დაქვეითებული აქვს და სილამაზეს, მშვენიერებას, ყოფითობას, ობივატელობას ანაცვლებს, განწირულია. „ობივატელი“ შეხედულებაა, ცხოვრების წესია, ის შეიძლება ახასიათებდეს ხუთ უნივერსიტეტ კურსდამთარებულსაც კი. პრაგმატიზმის პრიმატით მცხოვრები ქვეყანა საოცარი სიჩქარით შორდება ზნეობას. მხოლოდ ხელოვნებას და კულტურას შეუძლია დაამყაროს ჰარმონია მატერიალურსა და სულიერებას შორის. ეს „შესავალი“ იმისათვის დამჭირდა, რომ არც თუ იშვიათად, თანაც უმაღლესი ხელმძღვანელებისგან, პოლიტიკოსებისგან, გაიგონებთ, „რა დროს კულტურაა, ხალხს შია“! თითქოს „ხალხს“ არ შიოდა, არ წყუროდა და არ ტკივოდა დიდი ბერძნული კულტურის შექმნის საუკუნეებში, ვარძიის, ჯვრის და სვეტიცხოვლის მშენებლებს, ქვითხუროებს, ფრესკამწერთ, რენესანსის დიდოსტატებს, თითქოს, გენიალურ იმპრესიონისტებს, რომელთა ერთი ფერტილო დღეს 100-150-200 მილიონი დოლარი ღირს, არა ერთი ღამე არ გაეთენებიოთ მშიერს და მწყურვალს.

 

 დასკვნა ასეთია:

 

 საქმე იმდენად დაფინანსებაში და ჰონორარებში არ არის, რამდენადაც ღირებულებათა პრიმატში, მრწამსში, მოტივაციის ძალაში, ქვეყნის სახელისა და დიდებაში წვლილის შეტანაში. ამაში ხედავს და აფასებს ადამიანის წვლილს ერი და საზოგადოება! 60-80-იან წლებში ჩვენს ქვეყანას გაცილებით ნაკლები მატერიალური შესაძლებლობები ჰქონდა, არც დამოუკიდებელნი ვიყავით, მაგრამ ქართულ მიწაზე აღმოცენდნენ უბრწყინვალესი მონუმენტები: ვახტანგ გორგასალი, დავით გურამიშვილი, გიორგი სააკაძე თბილისში, დავით აღმაშენებელი თბილისსა და ქუთაისში, თამარ მეფე ახალციხეში, ცოტნე დადიანი ფოთში, გამარჯვების მონუმენტი გორში, ალგეთის ლეკვები მარნეულში, მედეა პიცუნდაში, „ალგეთის ბაზილიკა“ სოფელ ტბისში, შრომის მემორიალი ქუთაისში, „ხსოვნის კუბი“ სენაკში და სხვა. ფილმები, მსოფლიო რომ აალაპარაკა „ქართული კინოს ფენომენზე“ – „მაგდანას ლურჯა“, „ჯარისკაცის მამა“, „თუში მეცხვარეები“, „დათა თუთაშხია“, „მონანიება“, „ნატვრის ხე“, „ცისფერი მთები“, „გიორგობის თვე“, „იყო შაშვი მგალობელი“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „დიდი მწვანე ველი“, „ნუცას სკოლა“, „ალავერდობა“, „ფიროსმანი“, „როცა აყვავდა ნუში...“, უბრწყინვალესი „ქორწილი“, „ქოლგა“, „კუჩხი ბედნიერი“, „ქვევრი“... მიხეილ თუმანიშვილის, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძის და სხვათა გამაოგნებელი სპექტაკლები, ზურაბ ნიჟარაძის, ლევან ცუცქირიძის, ედმუნდ კალანდაძის, კოკი მახარაძის, გოგი თოთიბაძის, ჯიბსონ ხუნდაძის, დიმიტრი ერისთავის, გულდა კალაძის, ესმა ონიანის, მამია მალაზანიას, გივი თოიძის, მერაბ აბრამიშვილის, რადიშ თორდიას, თემო გოცაძის და სხვათა ფერწერა. ქართველმა კომპოზიტორებმა, შემსრულებლებმა, ფოლკლორულმა ანსამბლებმა მნიშვნელოვნად გააფართოეს საქართველოსადმი ინტერესი და ცნობადობა. გადავავლოთ თვალი პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოს ხელოვნებას. არაფერი ამ ხარისხის და მასშტაბის არ არის.

 

 ერთი სიტყვით, საჭიროა რადიკალური შემოტრიალება კულტურისაკენ.

 

 ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, საპრეზიდენტო შეხვედრებისას, არა ერთხელ აღნიშნა კულტურის მნიშვნელობაზე, კულტურის კომისიის შექმნასაც დაგვპირდა. საზოგადოება ელოდება დანაპირების შესრულებას.

 

 ვაგრძელებ „სილის გაწვნის“ თემას.

 

 „ნაცებმა“ შემოქმედებით კავშირებს „კომუნისტურ გადმონაშთის“ იარლიკი მიაკრეს და გარიყეს ქვეყნის ცხოვრებიდან, გაათითოკაცეს ხელოვანები. თუმცა ფაქტია, „კავშირები“ არსებობენ, დღესაც წარმოადგენენ უუფლებო, მაგრამ ყველაზე მრავალრიცხოვან პროფესიულ საზოგადოებებს, რომელთაც შეუძლიათ უდიდესი სარგებლობა მოუტანონ ქვეყანას. არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში შემოქმედებითი ორგანიზაციების ისეთი დარბევა არ ყოფილა, როგორც ეს სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა. გავიხსენოთ მწერალთა კავშირის, ჟურნალისტების, გამომცემლობების, კომპოზიტორთა დარბევები.

 

 სრულიად გაუგებარია ერის იდენტურობის განმსაზღვრელი კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროების გაერთიანება. გავიდა საკმაო დრო, საქართველოს მთავრობა ვალდებულია მოახსენოს ხალხს, რა შედეგები - მატერიალური, სულიერი, ინტელექტუალური მოგვცა ამ გაერთიანებამ. სააკაშვილის მიერ არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს გაუქმებამ, ვხედავთ, რა დღეშიც ჩააგდო მთლინად დარგი. არქიტექტურა და მშენებლობა ქვეყნის უდიდეს პრობლემად იქცა. ორასწლოვანი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების მაგალითის მექანიკური გადმოტანა, სრული ნონსენსია!

 

 „სილის გაწვნის“ მიზეზების უბრალო ჩამოთვლაც კი, ძალიან დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ არ მაქვს უფლება არ ვილაპარაკო ჩემს პროფესიაზე - არქიტექტურაზე.

 

 ავტორიტარიზმის ცხრაწლიან პერიოდში, „ჩარეცხა“ რა, ინტელიგენცია, მათ შორის ხელოვნები, სააკაშვილი, თავის საეჭვო გემოვნებით, თავად გახდა ქვეყნის მთავარი არქიტექტორი. საქართველო აქცია დაბალი კვალიფიკაციის, საკუთარ ქვეყანაშიც უჩინარი უცხოელი არქიტექტორების მოღვაწეობის ასპარეზად!

 

 „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლით რადიკალური ცვლილებების მოლოდინმა, კულტურისკენ შემობრუნების იმედებმა არ გაამართლა. სამწუხაროდ, კულტურა კვლავაც „ზედმეტ ტვირთად“ აწვება ქვეყანას. თბილისის, ასევე რაიონების მუნიციპალიტეტების, კულტურისა და არქიტექტურის სამსახურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ვერ ნახავთ ვერც არქიტექტორებს და ვერც ხელოვნების სფეროს ავტორიტარულ წარმომადგენლებს, რაც პირდაპირ მიანიშნებს ხელისუფლების მხრიდან კულტურისადმი დამოკიდებულებაზე.

 

 არქიტექტურა ფაქტობრივად განდევნილია როგორც ადმინისტრაციულ-მმართველობითი, ასევე სახელოვნებო უწყებებიდან. ის მთლიანად უზურპირებულია არა არქიტექტორების მიერ, რამაც განაპირობა მისი, როგორც ეროვნული კულტურის ფენომენის დაკნინება. 

 

 რუსთაველის პრემიების კომიტეტში არქიტექტორის როგორც წევრის და არქიტექტურის ნომინაციის გაუქმება, იგნორირების სრული აპოგეაა!

 

 და ბოლოს ამონარიდი ჩემი ერთ-ერთი პუბლიკაციიდან:

 

 „კულტურა – მწერლობა, მხატვრობა, მუსიკა, თეატრი, კინო, არქიტექტურა არ განეკუთვნება მწვავე სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებს, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ სახალხო მღელვარება, გაფიცვები, მიტინგები, კარვები, ხელისუფლების დამხობა. კულტურა არ ისვრის, არ იგინება. მაგრამ კულტურის იგნორირება მკაფიოდ აჩენს ხელისუფლების სახეს, მის ინტელექტს, აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს და განწყობილებას. ამის ნათელი მაგალითი იყო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიც“.

 

 


უკან დაბრუნება