მთავარი გვერდი > სიმართლის თქმა სჯობს თავის მოტყუებას, რაც გინდა მწარე იყოს იგი!

სიმართლის თქმა სჯობს თავის მოტყუებას, რაც გინდა მწარე იყოს იგი!


8-08-2019 / 12:29

სიმართლის თქმა სჯობს თავის მოტყუებას, რაც გინდა მწარე იყოს იგი!

(სამარადისო დიდება სამშობლოს დასაცავად შეწირულთა სულებს!)

 

შეგნებულად არ ვაპირებდი ამ დღეებში ხმის ამოღებას 11 წლის წინანდელ ტრაგედიაზე, მაგრამ ისევ იმათ მაიძულეს, ვინაც მაშინ ქვეყანას კი არ მართავდა, ანგრევდა და იმათმაც, რომლებსაც ქვეყნის მართვის სადავე მრავალტანჯულმა მოსახლეობამ ჩააბარა და ქვეყნის ხსნის ნაცვლად, იგი ნაცვალამდე დაიყვანეს და დღესაც კატა-თაგვობანას ეთამაშებიან ერთმანეთს!

 

როცა მიშა-შეურაცხადი კაგებეშნიკობას ვოლსკის აბრალებს (მე არაფერი ვიცი და ვერ დავიფიცავ ამ უკანასკნელის სიწმინდის გამო) და თვითონ კი, კაგებეს სერჟანტობიდან მაღალი ჩინის ოფიცრამდე ყველა იერარქია აქვს გავლილი!.. მიშასდროინდელი თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი ძლივს იპოვეს და განგრეულ კაიფში რომ გამოიყვანეს ტელევიზიით 9 აგვისტოს, დღეს კი ახალი ტელევიზიის შექმნას აპირებს უახლოეს დღეებში და „რუსთავი-2“-ის ჭირისუფლებს ამშვიდებს, _ ჩუმად ყოფნა ამ უჯიშოების თანადგომად მიმაჩნია, რასაც მე არ ვიზამ!

 

2008 წელს, რამდენიმე საქმიანი ხელშეკრულება მქონდა ავსტრიულ და გერმანულ ფირმებთან და თვეში 2-3-ჯერ მიწევდა ფრენა თბილისიდან. აპრილის ბოლოს გერმანიაში ჩასულს, სამთვიანი საქმე მქონდა დაგეგმილი, როცა აგვისტოს 3-ში, ზალცბურგიდან ჩემი მეგობარი დოქტორ რაინერ გაისლერი შემომეხმიანა და სასწრაფოდ ვენაში ჩასვლა მთხოვა.

 

იმავე საღამოს ზალცბურგში ვეახელი. ვახშამზე, მცირე შენაყრების შემდეგ მოურიდებლად მითხრა: დავით, დილას ვენაში უნდა გავემგზავროთ, ცუდ ამბავს მოგიყვებიან იქ. საშინლად ცუდად იქცევა თქვენი პრეზიდენტი სააკაშვილი და ქვეყანა შეიძლება გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდესო!

 

დეტალებში არ ჩავეძიე, ჩემთვის საფიქრლად დავიტოვე, იმ დროს უკვე გაცხადებული, არაადექვატური საქციელის ქვეყნის „მთავარსარდალს“ რა უნდა ჩაედინა ისეთი, ჩემი ავსტრიელი მეგობრები რომ ააფორიაქა!

 

4 აგვისტოს, ვენაში შეხვედრის შემდეგ გადაწყდა ჩემი საქართველოში დაბრუნება და შეძლებისდაგვარად ყველა დონეზე ხმის მიწვდენა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ დაეშვა საომარი მდგომარეობის ექსკალაცია, რადაც არ უნდა დაჯდომოდა იგი!

5 აგვისტოს, თბილისში დაბრუნებულს, აეროპორტშივე მახარეს ომი გარდაუვალია სამაჩაბლოში, იგი დიდხანს არ გაგრძელდება, შენ შეგიძლია გერმანული მედიისთვის რეპორტაჟები მოამზადოო!

 

ბუნებრივია, ამ სიტუაციაში მე პრეზიდენტამდე ვერ მივაღწიე, ომი კი მართლა დაიწყო 8 აგვისტოს!

 

აფორიაქდა მთელი ჩვენი ოჯახის სამეგობრო გერმაინულენოვან ქვეყნებში, ყველა მათგანი თავშესაფარს და მგზავრობის ხარჯების გადახდას გვთავაზობდა, ოღონდაც თავი დაგვეღწია საშინელებისთვის, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა ხელქვეითმა მთავრობამ დაატეხა თავს, ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობას!

 

საშინელი, გაუგონრად უარყოფითი სტატიები იბეჭდებოდა საქართველოს მისამართით გერმანულენოვან პრესაში, ჩვენი თანამდგომი არავინ ჩანდა. ყოველივე ამის ფონზე, სამი დღის მანძილზე ქვეყნის პრეზიდენტის და მისი ხელქვეითი მთავრობის ინფორმაციით სამღიანი „ბლიტცკრიგი“ მოგებული გვქონდა და ქვეყანა დიდი ზეიმის სამზადისს უნდა შედგომოდა!

 

ცხრა აგვისტო საღამოს, ჩემთან სახლში, გერმანელ და ავსტრიელ ჟურნალისტებს ვმასპინძლობდით მე და გაზეთ „ილორის“ რედაქტორი ბატონი როლანდ ჯალაღანია, როცა დედაქალაქი ბომბების აფეთქებამ შეაზანზარა. სახლის უკანა აივნიდან ხელისგულზე ჩანდა საავიაციო ქარხნის აეროპორტის მიდამოებში აგიზგიზებული ცეცხლის კვამლი.

 

თითქოს შეთნხმებულივით დარეკა ტელეფონმა და „რაინიშე პოსტის“ რედაქტორის მოადგილე გამოვიდა კავშირზე. მისალმებისა და ვინაობის მოხსენებისთანავე, მკითხა თბილისში ჩამოცვენილი ბომბები რა მანძილით არის თქვენი სახლიდან დაშორებული, მოსახლეობა როგორ იქცევაო!

 

მოვუყევი, რომ ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება და არავინ ქალაქის დატოვებას არ ვაპირებთ, ჩვენ გასაქცევი არსად გვაქვს, თუ დავიხოცებით მხოლოდ საკუთარ სახლებში-მეთქი!

 

13 აგვისტოს, თუ მანამდე მხოლოდ ნეგატიური ინფორმაცია იბეჭდებოდა ჩვენი მისამართით, პირველად გაცხადდა, რომ:

 

„_საქართველოს უდანაშაულო მოსახლეობა არსად გაქცევას არ აპირებს, პირიქით, ჩვენი რესპონდენტი მწერლისა და ჟურნალისტის შვილი, გერმანიიდან საქართველოში აპირებს ჩასვლას, რომ განსაცდელში ჩავარდნილ სამშობლოს გვერდში დაუდგესო!“

 

არ მოვყვები იმას, თუ როგორ განვითარდა და დამთავრდა მიშა-შეურაცხადის და მისი ხელქვეითი კრიმინალი მთავრობის სამხედრო ავანტიურა, მაგრამ მე და სულგანათლებულმა, ბატონმა როლანდ ჯალაღანიამ ომის დაწყებისთანავე გადავწყვიტეთ საგანგებო წიგნი მიგვეძღვნა ამ ტრაგედიისადმი და იგი თვენახევარში გავამზადეთ კიდეც დასაბეჭდათ ქართულ-ინგლისურ ენებზე.

 

სამწუხაროდ, ყველა ცდა, ქვეყნის მთავრობა დაგვეინტერესებინა წიგნი დაეფინანსებინათ, უშედეგო აღმოჩნდა. რომ არა წიგნის წერის პროცესში შემოერთებული ბატონი ჯემალ ხარებავა და ავსტრიელი რაინერ გაისლერი, წიგნი სამზეოზე ვერ გამოვიდოდა.

 

ასე გაჩნდა წიგნი სათაურით „სამდღიანი ომი და სამარადისო გამარჯვება“ და ბრიუსელიდან დაწყებული თითქმის ყველა ევროპული „დემოკრატიის“ სავანე მოიარა.

 

სათაურიდან ჩანს ჩვენი მონდომება, _ ცოტათი მაინც დაგვეჩრდილა საქართველოს მთავრობის და მისი მთავარსარდლის პოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული სიბეცე, დასაწყისში იმუშავა კიდეც ამან, მაგრამ, შემდგომ, მიშა-შეურაცხადის არაადექვატურმა საქციელმა არაერთგზის გვაგებინა კითხვებზე პასუხი:

 

„_თქვენს მიერ წიგნში წარმოჩენილ ფაქტებს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, თქვენი პრეზიდენტი რატომ არ ეთანხმება, რომელს დაგიჯეროთო?“

 

11 წელი გავიდა, სამაჩაბლოში დატრიალებული საქართველოს ტრაგედიის შემდეგ, დღეს მაინც დაფიქრდით და გაიგეთ, რომ სიმართლის თქმა სჯობს თავის მოტყუებას, რაც გინდა მწარე იყოს იგი!

 

30 ათასი უსახლკარო სამაჩაბლოელის და მათი ოჯახების, უპატრონოდ დარჩენილი საფლავების წინაშე, წიგნის ავტორთა სახელით ბოდიშს ვიხდი, იმის გამო რომ ვცადეთ, გვერდში დავდგომოდით ქვეყნის დამნაშავე მთავრობას (რაც წიგნის პირველივე გვერდზევე ჩანს), მაგრამ მათგან უკეთურების მეტი ვერაფერი მივიღეთ და დღეს, არა მხოლოდ ადამიანის, თვით სატანის გასაკვირად, _ ხელისუფლებაში დაბრუნებას აპირებენ ისინი!

 

არანაკლები დამნაშავეა ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება, რომელმაც პოლიტიკური და ზნეობრივი აღვირახსნილობა დაუშვა, რასაც იმედია _ ქვეყნის მოსახლეობა მომავალ არჩევნებზე არ დაივიწყებს!

 

სამარადისო დიდება უაზრო და უმიზნო ომებს შეწირულთა სულებს!

 

ისინი ხომ გულალალად იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად და არცერთმა მათგანმა არ იცოდა, ქვეყნის დასაქცევი ომების მოღალატური მიზნების შესახებ!

 

დავით ქობალია

 

 

 

 

 


უკან დაბრუნება