მთავარი გვერდი > ავთანდილ კახნიაშვილი: სამართლებრივი სახელმწიფო თუ პლუტოკრატიული ტირანია?!

ავთანდილ კახნიაშვილი: სამართლებრივი სახელმწიფო თუ პლუტოკრატიული ტირანია?!


7-11-2019 / 12:49

ავთანდილ კახნიაშვილი: სამართლებრივი სახელმწიფო თუ პლუტოკრატიული ტირანია?!

დღეს, 15 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მოსამართლე თამარ მეშველიანი) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ 16 ივლისს შეტანილი სარჩელის განხილვა იწყება. მოსარჩელე (კონკურსში მონაწილე, საამართლის დოქტორი) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს!

 

 საქართველოს მოქალაქეებმა კონსტიტუციის პრეამბულაში ავსახეთ ჩვენი „ურყევი ნება დავამკვიდოთ სამართლებრივი სახელმწიფო“, რაც, პირველ რიგში, ქვეყანაში რეალურად დანაწილებული ხელისუფლებების შექმნას გულისხმობს. 

 

ამდენად, თუ ქართული სასამართლო არ ჩამოყალიბდა კანონმდებლისგან რეალურად დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ინსტიტუტად, ვერც ადამიანის უფლებებს დავიცავთ ეფექტურად და არც ევროპის სამართლებრივი სივრცის ნაწილად გვაღიარებენ! 

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორედ რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო უნდა აკონტროლებდეს პარლამენტს და მისგან კანონის უზენაესობის დაცვასაც მოითხოვდეს, რითვისაც მოსამართლეებად პიროვნული და პროფესიული თვისებებით გამორჩეულ იურისტებს ამწესებენ.

 

 ფაქტია, რომ პარლამენტში გამოსვლისას სახალხო დამცველმაც გაგვაფრთხილა იმ პრობლემების თაობაზე, რომლებიც მართლმსაჯულების გამნახორციელებელი უმაღლესი ინსტანციის არაგონივრული პროცედურით დაკომპლექტებას შეიძლება მოჰყვეს, ხოლო, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა. 

 

 მიუხედავად ამისა, არც სახალხო დამცველს, არც ადგილობრივ არასამთავრობოებს და არც საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციებს ყურადღება არ გაუმახვილებიათ იმ ფაქტზე, რომ იუს–მა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ისე შეარჩია, თავად საბჭოს არამოსამართლე წევრების თანამდებობაზე გამწესების კანონიერებაა სადავო!.. 

 

 ვინაიდან, 2017 წელს არამოსამართლე წევრთა ასარჩევი კონკურსები არსებითი დარღვევებით ჩატარდა, მათი გაუქმების მოთხოვნით პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელები შევიტანე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ პარლამენტისა და სასამართლოს მესვეურები ერთმანეთში შეთანხმდნენ კვოტებისა და ასარჩევი კანდიდატურების თაობაზე და საკუთარი „წარმომადგენლები“ აარჩევინეს დეპუტატებს... 

 

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ხმაურიანი პროცესიც იუს არამოსამრთლე წევრების შესარჩევი კონკურსის მშვიდ ვითარებაში ჩატარების ლოგიკური შედეგია... იუს მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ სწორედ იმიტომ ჩნდება ამდენი კითხვა, რომ თავად იუს წევრობის არამოსამართლე კანდიდატების შერჩევისას მათთვის არც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და არც პარლამენტის სხდომაზე ერთი კითხვაც არავის დაუსვამს...

 

 იუს გადაწყვეტილებაუნარიანობის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დეპუტატებს იუს–დან ხუთივე არამოსამართლე წევრის გამოწვევა შესთავაზა, რითაც, ფაქტობრივად, აღიარა მათი არჩევისას დაშვებული შეცდომები. იუს მოსამართლე წევრმა, ირაკლი შენგელიამაც, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ არამოსამართლე წევრები გარიგების საფუძველზე მოხვდნენ პარლამენტში, როდესაც საჯაროდ განაცხადა, ნაზი ჯანეზაშვილი იუს–ში მოხვედრას მიხეილ ჩინჩალაძეს უნდა უმადლოდესო!

 

 როგორც ჩანს, მოსამართლე შენგელია, კარგად არის ინფორმირებული ხელისუფლების კულუარებში მიმდინარე პროცესების თაობაზე და იცის, რომ ბესელიას რჩეულის კანდიდატურა სწორედ ჩინჩალაძესთან შეთანხმებულა... მართლია, ქალბატონ ნაზის აქტიურობამ იუს სხდომები პარლამენტისას დაამსგავსა, მაგრამ შესაბამის ორგანულ კანონში ჩადებული არაგონივრული მექანიზმი საშუალებას აძლევს მოსამართლეთა კორპორაციას (ოჯახს, „კლანს“) მათი ინტერესების დამცველი არამოსამართლე წევრების (ქადაგიძე, ხარებავა, გზირიშვილი) დახმარებითაც მიიღონ სასურველი გადაწყვეტილებები...

 

 იუს წევრის ზემოაღნიშნული განცხადებითაც დასტურდება, რომ საქართველოს პარლამენტი და სასამართლო, ფაქტობრივად, ერთიანი ორგანიზმია, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციით აღიარებულ პრინციპებს ხელისუფლებათა დანაწილების თაობაზე. 

 

არადა, ყველაზე დიდი საფრთხე ქართულ სახელმწიფობრიობას იმ შემთხვევაში შეექმნება, თუ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება კვლავ მოქალაქეთა ერთი ჯფუფის მიერ მართული დარჩება, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯერ კიდევ სანდრო გირგვლიანიას საქმის განხილვისაც შენიშნა და გადაწყვეტილებაში ვერ დამალა გაოგნება თუ გაოცება დეპუტატებისა და მოსამართლეების „კოორდინირებული მოქმედების“ გამო! შესაბამისად, გასაგები უნდა იყოს, თუ რატომ ყოფნით მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტში წარსადგენად იუს წევრთა მხოლოდ 2/3–ის მხარდაჭერა, ხოლო, „უზენაეს“ თანამდებობაზე გასამწესებლად პარლამენტის „უბრალო უმრავლესობა“... 

 

 ვინაიდან, პარლამენტთან დავაც, სავარაუდოდ, იმავე მიზეზით გაჭიანურდა და საკასაციო ინსტანციას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია, 2019 წლის 16 ივლისს სასამართლოში უკვე უშუალოდ იუს წინააღმდეგ შევიტანე სარჩელი, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცედურის შეჩერება მოვითხოვე... ლოგიკურია, სასამართლომ არც ამ შემთხვევაში დააკმაყოფილა შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ხოლო საქმის მოსამზადებელი სხდომა მხოლოდ 6 ნოემბერს ჩანიშნა. 

 

 ვინაიდან იუს-ში მიმდინარე კონკურსიც უკვე დასრულდა და თითოეულ კანდიდატს პარლამენტშიც ინდივიდუალურად მოუსმინეს, სარჩელში კორექტივები შევიტანე და პარლამენტში წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე იუს-ს მიერ მიღებული NN1/187 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაც მოვითხოვე. 

 

 ფაქტია, რომ მას შემდეგ რაც იუს-მა ფარული კენჭისყრით 137-დან 50 კანდიდატი შეარჩია, კონკურსის შეჩერებას უკვე თავად იუს არამოსამართლე წევრებიც (დოლიძე და ჯანეზაშვილი) ღიად ითხოვდნენ, ხოლო, მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია სახალხო დამცველის, კონკურსში მონაწილეებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელების მიერ კენჭისყრის პროცესში გამოვლენილი საეჭვო გარიგებების, გაყალბების, ნეპოტიზმის, ინტერსთა კონფლიქტის, ინფორმაციის ხელმიუწვდომლობის, კენჭისყრის ფარულობის დარღვევის სავარაუდო ფაქტების, რაც კიდევ უფრო ამწვავებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებულ პრობლემას და აჩენს საფუძვლიან უნდობლობას მთლიანად სასამართლო ხელისუფლებისადმი. 

 

 ამდენად, უზენაეს სასამართლოსთან ერთად, უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოსაც (მოსამართლე თამარ მეშველიანი) ეძლევა შანსი, პარლამენტის გარდა, იუს–შიც „აღადგინოს სამართლიანობა“. თუ მოსამართლეები კანონით იხელმძღვანელებენ და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებენ, პარლამენტს იუს ახალი არამოსამართლე წევრების შერჩევა მოუწევს, ხოლო, იუს მიერ ჩატარებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების A შესარჩევი კონკურსის შედეგები გაუქმდება, რაც მომავალ პარლამენტს საშუალებას მისცემს მოსამართლეთა შერჩევის გაცილებით გონივრული პროცედურა შეიმუშაოს, ხოლო, ქვეყანას ევროინტეგრაციის შანსი მაინც შეუნარჩუნებს.

 

 თუ იუს წევრების ან მოსამართლეების შესარჩევ კონკურსებთან მიმართებით თავად სასამართლო ხელისუფლებამ არ აღადგინა სამართლიანობა და საკუთარი დამოუკიდებლობა არ დაიცვა, რეალური საფრთხეა, იუს მიერ მანკიერი პროცედურით შერჩეული კანდიდატები პარლამენტმა ისევე გაამწესოს „უზენაესში“, როგორც, არამოსამართლე წევრები იუს-ში, რის შედეგად სამართლებრივი სახელმწიფოს ნაცვლად, პლუტოკრატიული ტირანია (ძალადობაზე, თვითნებობაზე და ტყუილებზე დაფუძნებული რეჯიმი) შეგვრჩება ხელში. საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, პოლიტიკოსებმაც სრულად უნდა გაიაზრონ პასუხისმგებლობა და არ დაუჭირონ მხარი საეჭვო რეპუტაციის კანდიდატების უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებას, რითაც საქართველოს ევროპულ კავშირში ინტეგრაციის შანსს მაინც შეუნარჩუნებენ.

 


უკან დაბრუნება