ივერიონი / შორს ჩვენგან ცრუ „ეროვნულები“ და ცრუ „რაინდები“!

შორს ჩვენგან ცრუ „ეროვნულები“ და ცრუ „რაინდები“!

არასდროს ვიქნები რუსთაველზე გეი-აღლუმის ჩატარების მომხრე, რადგან, ეს მართლმადიდებელი ერისთვის ეშმაკთან წილნაყარობას და უფლის მიერ დადგენილი კანონზომიერების უგულებელყოფას ნიშნავს, მაგრამ, არც გუშინდელ ბალ-მასკარადს დავუკრავ ტაშს, რომელიც საზოგადოების ეგზალტირების მცდელობას და ქარის წისქვილებთან ბრძოლას უფრო ჰგავდა, ვიდრე, ეროვნული (ქრისტიანული) სიწმინდის დაცვას.

 

სრულიად ურწმუნო და ტვინგამორეცხილი უნდა იყო ადამიანი, დღევანდელ, საცდურებით სავსე და ტექნოლოგიური ბუმის ეპოქაში ეშმაკს (ყოველ შემთხვევაში, მის მსახურებს) კინოთეატრებში ჰომოსექსუალური ხასიათის ფილმის ჩვენება აუკრძალო და ამით მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. მითუმეტეს, როცა იცი, რომ ამ ფილმის უფრო მასშტაბურად გავრცელების ათასი ხერხი არსებობს!

 

მრავალგზის მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: ის, რაც დღეს სამყაროში ხდება ჩვენი, განსაკუთრებით მართლმადიდებლების, გამოსაცდელადაა და ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ჩავაბარებთ ამ გამოცდას.

 

სექსუალური გადახრების მქონე ადამიანები იმ ავადსახსენებელ კომუნისტურ ეპოქაშიც ცხოვრობდნენ, მაგრამ, არც მასშტაბები იყო ასეთი და არც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გაშიშვლებას ეშურებოდნენ. პირიქით, შეიძლება ითქვას, იატაკქვეშეთში უხდებოდათ თავიანთი ბინძური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება! 

 

ეპოქამ და „რკინის ფარდების“ ჩამოხსნამ, ახალი თავსატეხის წინაშე დააყენა პოსტსაბჭოთა ადამიანი. თუმცა, სხვადასხვა ერში (საბჭოეთში შემავალ სხვადასხვა სახელმწიფოებში), ევრო-ამერიკულმა (შეიძლება დავარქვათ, ულტრალიბერასტულმა) სიომ სხვადასხვანაირად დაუბერა, რაშიც მთავარი როლი ერის გენეტიკამ, ერში ჩაკირულმა ხასიათმა ითამაშა.

 

ჩვენ, ქართველები, ყველაფერში მაქსიმალისტები და მიმბაძველები რომ ვართ, ეს ერთხელ კიდევ დადასტურდა სოდომ-გომორისეულ ცოდვასთან დამოკიდებულებაში - ყოველივე ევრო-ამერიკულს (მასონურ ხრიკებს) კრიტიკული აღქმის გარეშე ვისრუტავთ და ხბოს აღტაცებითა და საკუთარი უკიდურესობამდე დასული ემოციებით ვაოცებთ დანარჩენ სამყაროს! და ამას აკეთებს მრავალსაუკუნოვანი, ღირსეული ტრადიციების მქონე ქაქრთველი ერი, რომელიც გარკვეული ზიგ-ზაგების მიუხედავად, წონასწორობას ყოველთვის ინარჩუნებდა და ამით მართლმადიდებლობისადმი ერთგულებასაც ადასტურებდა!

 

რა ხდება დღეს?

 

ერმა სახე იცვალა, რაშიც მთავარი როლი ისევ და ისევ მიმბაძველობამ ითამაშა - შორს რომ არ წავიდეთ, კომუნისტების დროსაც იყვნენ ჰომოსექსუალები და ნარკომანები, მაგრამ, დღეს ეს თემა, განსაკუთრებით ნარკომანია, ერის ფიზიკური ყოფნა-არ ყოფნის პრობლემად იქცა.

 

რაც შეეხება განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციას, მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით ის მასშტაბები არ არის, რომ ერის გადაშენება-გაქრობის წინაპირობა გახდეს, მაგრამ, აქ უფრო სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე - ეს არის სხვადასხვა ხერხებით სოდომ-გომორული ცოდვის ღია პროპაგანდა, რომელსაც მხოლოდ უაზრო აჟიოტაჟს და მასების ეგზალტირებას ვუპირისპირებთ - ჩვენ (ყოველ შემთხვევაში, „ჩვენი დროის გმირები“) ვებრძვით ამ პროპაგანდას „ცეცხლითა და მახვილით“ და ამ გზით (აკრძალვით) ვცდილობთ ვიხსნათ ჩვენი ახალგაზრდობა თავსმოხვეული სიბინძურის პროპაგანდისგან. არადა, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რომ სწორედ უხეში აკრძალვებით კიდევ უფრო ვაძლიერებთ ინტერესს სექსუალური გადახრებისადმი .ეს რომ ნამდვილად ასეა, გუშინდელმა დღემაც დაადასტურა!

 

მიუხედავად იმისა, რომ არ მინახავს და არც ნახვის სურვილი გამჩენია, დარწმუნებული ვარ, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ“ კინოთეატრებში ჩვენება არ მოუტანდა იმ მასშტაბის ზიანს საქართველოს, რამდენიც გუშინდელმა ბალ-მასკარადმა მოუტანა - ინტერესი გაზარდა (როგორც ამბობენ) ამ უნიჭოდ გადაღებული ფილმისადმი და ჩვენც ტაკიმასხარებად გვაქცია!

 

„აკრძალული ხილისადმი“ ლტოლვა ადამ და ევადან მოდის და ყოველთვის სწორედ იმ შედეგით მთავრდება, რა შედეგითაც მათ შემთხვევაში დამთავრდა!

 

ამდენად, ვინც გუშინ ის ბალ-მასკარადი მოაწყო, შეგნებულად წავიდა ვა-ბანკზე და და გარკვეული ქულებიც ჩაიწერა - არ გამოვრიცხავ, მავანმა და მავანმა ამ საცოდაობაზე ჯიბეც კი გაისქელა.

 

რაც შეეხება შედეგს, შედეგი საქართველოსთვის უფრო საზიანოა, ვიდრე, სასარგებლო - ეშმას მოციქულები სწორედ ასეთი სანახაობებით დაცლიან ჩვენს ეროვნულ ენერგიას და საბოლოოდ გამოგვფიტავენ...

 

ვცდილობ, არ ვიჩქარო, არ ავყვე ემოციებს და გაუაზრებელი იარლიყები არავის მივაკერო, მაგრამ, დღეს უკვე ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას ღიად დავაფიქსირო ის, რასაც ვფიქრობ:

 

არასდროს ვიყავი „ქართულ მარშზე“ პოზიტიური წარმოდგენის.ეროვნული საქმის კეთებას, სხვა გააზრება, სხვა მიდგომები სჭირდება, ვიდრე, ისინი გვთავაზობენ. მათი „შავრაზმული“ მეთოდები უფრო იმათ წისქვილზე ასხამს წყალს, ვინც ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას და ქართულ იდენტობას ებრძვის. თუ ვერ გრძნობენ ამას, დანაშაულია, რადგან, ერის სახელით გამოდიან, ხოლო, თუ გრძნობენ და მაინც აკეთებენ, ორმაგი დანაშაული!

 

რაც შეეხება თანამედროვე „ქართველ რაინდად“ წოდებულ ლევან ვასაძეს, ადრე მე პირადად მასზე დადებითი წარმოდგენის ვიყავი. თუმცა, დაკვირვების შედეგად თანდათან აზრი შემეცვალა.

 

აქსიომაა: მარტო ინტელექტი (ნაკითხობა) არ არის საკმარისი, ერის მამობა იკისრო - თუ ილიას გინდა მიბაძო, ილიას გზით უნდა იარო და აუცილებლოების შემთხვევაში, მისი ბედიც უნდა გაიზიარო! ამ შემთხვევაში მარტო სისხლიან წიწამურს არ ვგულისხმობ. უფრო მეტად ცხოვრების წესი და მოქმედების თანმიმდევრულობა მაქვს მხედველობაში.

 

ბატონი ლევან ვასაძე არაერთი აქციის ინიციატორი ყოფილა, მაგრამ, ბოლომდე არც ერთი საქმე არ მიუყვანია. ამჯერად მხოლოდ ერთს გავიხსენებ: მახსოვს, ტელეკომპანია „მაესტროს“ ღია ეთერში როგორ იმუქრებოდა: თუ ანტიდისკრიმინაციულ კანონს მიიღებენ, შევვარდებით პარლამენტში, ქეჩოში ჩავალებთ ხელს დეპუტატებს და იქიდან გამოვათრევთო. ანტისდისკრიმინაციული კანონი გრიალ-გრიალით მიიღეს, ვასაძე კი გაიყურსა. სხვა დროსაც ისმოდა მისი ომახიანი ხმები, მაგრამ, იმის იქით არასდროს წასულა.

 

არადა, ჩვენ ნამდვილები გვჭირდება და არა ცრუ პატრიოტები. პატრიოტიზმი თავგანწირვას ნიშნავს, ოღონდ, გააზრებულ თავგანწირვას!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

11-11-2019, 11:49
უკან დაბრუნება