ივერიონი / რა „დააშავა“ პრეზიდენტმა?!

რა „დააშავა“ პრეზიდენტმა?!

არასდროს ვყოფილვარ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, ქ-ნ სალომე ზურაბიშვილის აპოლოგეტი. პირიქით, საპრეზიდენტო არჩევნების პერიპეტიებმა ისე ჩაიარა, რომ ამომრჩეველს ყოველთვის ვეუბნებოდი: არ შეიძლებოდა სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება და ამის მიზეზად სხვადასხვა ფაქტორებს ვასახელებდი. აზრი არც დღეს შემიცვლია, მაგრამ, რასაც ახლა მას საყვედურობენ (არა მარტო საყვედურობენ, არამედ, მის ყველანაირ ღირსებას ეხებიან) მიმაჩნია, რომ არასწორია.

 

სალომე ზურაბიშვილმა შობის წინა დღეს მიიღო სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება (ხაზს ვუსვამ, პოლიტიკური), რომლითაც მან საქართველოს ეკლესიას და მის სულიერ საჭეთმპყრობელს, კიდევ ერთი დარტყმა ააცილა.

 

„მოიყვან ინანებ, არ მოიყვან, მაინც ინანებ, ბარემ, მოიყვანე და ინანე“. ეს ფრთიანი გამოთქმა ამჯერად შეიძლება პირიქით გავიგოთ, რადგან, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება იქნებოდა ქვეყანაში ახალი დაძაბულობის და ეკლესიაზე მასირებული შეტევის წინაპირობა.

 

შეწყალება ჰუმანური აქტია და მას ყოველთვის დადებითი ემოციით ვხვდები, ვინც არ უნდა იყოს შეწყალებულთა სიაში, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ბურუსით მოცული „ციანიდის საქმის“ მთავარი გმირის შეწყალება საზოგადოებაში (ყოველ შემთხვევაში, მის გარკვეულ ნაწილში) ეკლესიისადმი გაორებული დამოკიდებულების კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევდა.

 

ჯერ ერთი, შეწყალება ნიშნავს, რომ ადამიანმა აღიარა დანაშაული, გრძნობს პასუხისმგებლობას, ინანიებს საკუთარ დანაშაულს და პირობას დებს, რომ მომავალში საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის საზიანო ქმედებას არ ჩაიდენს.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დეკანოზ მამალაძეს არათუ არ მოუნანიებია დანაშაული (მხოლოდ უფალმა იცის, რასთან გვაქვს საქმე), არამედ, არც აღიარებს მის არსებობას - პირიქით, აქეთ იმუქრება და იწყევლება კიდეც!

 

თუ ადამიანი არ აღიარებს დანაშაულს და არც ინანიებს მას, რის საფუძველზე უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა?!

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა შუამდგომლობა აღძრა პრეზიდენტის წინაშე, შეეწყალებინა დეკანოზი მამალაძე, სალომე ზურაბიშვილმა სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო - ის არ აჰყვა პროვოკაციას და დესტრუქციულ ძალებს არ მისცა საშუალება, ეს ჰუმანური აქტი გამოეყენებინა საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისთვის და ქვეყანაში რელიგიურ ნიადაგზე მოეხდინა დაძაბულობის ესკალაცია.

 

საკამათო არ არის, რომ წმიდა სინოდი ასე უნდა  მოქცეულიყო, ანუ უნდა დაეყენებინა შუამდგომლობა პრეზიდენტის წინაშე დეკანოზ მამალაძის შეწყალების თაობაზე. თუმცა, არც ის არის საკამათო, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში სწორად მოიქცა და მისი ე.წ. დისკრეციული უფლება სახელმწიფოებრივი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენა.

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ, როგორც არასდროს, პრეზიდენტის გამოსვლა ამჯერად მოზომილი და არგუმენტირებული (რა არგუმენტებსაც სიტუაცია იძლეოდა) იყო. სხვა საკითხია, ვინ როგორ გაიგო, ან ვინ როგორ გამოიყენებს მას!

 

არ ვიცი, ე.წ. „ციანიდის“ საქმეში რამდენად არის დამნაშავე დეკანოზი მამალაძე და რამდენად სწორია ოფიციალური ვერსია პატრიარქის და მისი ახლო გარემოცვის შესაძლო ლიკვიდაციაზე, მაგრამ, დღესაც მასირებული შეტევა რომ მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიაზე, ეს ფაქტია.

 

ფაქტია ისიც, რომ ამ საქმეში ლომის წილი მიუძღვის ხელისუფლებას, რომელიც მოწოდებულია დაასუსტოს და დისკრედიტაცია გაუკეთოს ქვეყანაში ერთადერთ ავტორიტეტს - საქართველოს ეკლესიას და მის სულიერ საჭეთმპყრობელს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს.

 

თუმცა, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი პირიქით მოიქცა, რაც მისასალმებელია.

 

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ობიექტურად შეიწყალა მან 5 მსჯავრდებული, პირადად ჩემთვის, ეს ნაკლებად საინტერესოა, რადგან, როგორც ზურაბიშვილმა საკუთარ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და იგი ხელმძღვანელობს საკუთარი შეხედულებით.

 

p.s. სალომე ზურაბიშვილმა ამჯერად სწორი გადაწყვეტილება კი მიიღო, მაგრამ, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ამ გადაწყვეტილების უკან სხვა ძალა იმალება - პრეზიდენტი მხოლოდ გამხმოვანებელია!

 

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

8-01-2020, 11:05
უკან დაბრუნება