ივერიონი / ქუჩაში გამოყრილი პოლიტჭილყვავი და „ანაკლია პორტის“ გარშემო აგორებული ჭორ-მართალი!

ქუჩაში გამოყრილი პოლიტჭილყვავი და „ანაკლია პორტის“ გარშემო აგორებული ჭორ-მართალი!

 

კარგა ხნის ლოდინის შემდეგ, ახსენა თუ არა ეკონომკის სამინისტრომ „ანაკლია პორტის“ მშენებლობაზე ახალი ტენდერის გამოცხადების შესახებ, მყისვე აიშალა სასტვენიანი და მეგაფონიანი პოლიტჭილყვავი!

 

„ტევეპირველმაც“, უმალ უხმო „ანაკლია პორტის“ ათასწლეულის პროექტის პატივამყრელს და ჩამძირველ თაღლით ბანკირ ხაზარაძეს, რომელმაც, „ანაკლია პორტის“ პროექტის, ე.წ. ტენდერის საუძველზე, საჩუქრად მიღების დღიდან (05.02.2016), 2020 წლის თებერვლამდე, ვერავინ აცდუნა პორტის მშენებლობა დაეფინანსებინა, „ტევეპირველის“ კამერის წინ უტიფრად აცხადებს:

 

„არანაირი ტენდერი არ არის საჭირო, „ანაკლია პორტს“ დამფინანსებელი სპონსორებიც ჰყავს, და დაფინანსება დიდი ხნის დაწყებულიაო!“

 

„ტევეპირველმა“, ხაზარაძის ნათქვამს, ყოვლისმცოდნე „ჭიაბერ-მოკლეც“ მიაშველა. ამ უკანასკნელმაც უშურველად აფრქვია სიყალბე და უაზრობა „ანაკლია პორტის“ გარშემო. ბუნებრივია, ახალი ტენდერის გამოცხადების მიზეზად ჩინურ-რუსული კაპიტალის და მისი  ჭკუით, რუსეთის ინტერესები ამხილა!

 

სანამ მკითხველს, კიდევ ერთხელ ავუხელდე თვალს, რა ხდება სინამდვილეში „ანაკლია პორტის“ გარშემო, ქართულ ტელესივრცეში პოპულარულ „ტევეპირველს“ მინდა ვკითხო:

 

„ანაკლია პორტის“ ახალ ტენდერზე, გადაცემის მომზადებას თუ აპირებდით, რატომ არ გაგახსენდათ „ანაკლია პორტის ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფი?“

 

შარშან, სანამ ბოლომდე გაცხადდებოდა, ხაზარაძე და მისი ქართველ-ამერიკელი თაღლითების აფიორა,  ერთი თვე დაგყავდით  მე და ბატონი ნოდარ წივწივაძე თქვენს სტუდიაში „ანაკლია პორტზე“ გადაცემის მოსამზადებლად, საცდელი ვიდეოჩანაწერიც გააკეთეთ და მეოთხე მისვლაზე განგვიცხადეთ:

 

„მეორე მხარე ვერ დავითანხმეთ დებატებზე და მარტო ხომ არ გალაპარაკებთო?!“

 

ნამდვილი მიზეზი ჩვენთვის ცხადი იყო:

 

ჩვენ რომ საქვეყნოდ ვამხელდით, ე.წ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელიც ტენდერის მოგებამდე, ერთი წლით ადრე, სახელდახელოდ შეიქმნა, ხუთ მილიარდ დოლარად შეფასებული პროექტის მოსაგებად და იმ მიზეზებზეც ტელეეკრანიდან ვისაუბრებდით, რატომ ვერ იშოვა ოთხი წლის მანძილზე, მართლაც უნიკალური პროექტის დამფინანსებელი, ზემოთხსენებული ე.წ. „კონსორციუმის“ ქართველმა და ამერიკელმა თავკაცებმა, ბუნებრივია, ტელევიზიის მესვეურთ არ მოეწონებოდათ.

 

მოკლედ, მას შემდეგ, რაც, ქვეყნის ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეკონომიკის მინისტრმა ქუმსიშვილმა „ანაკლია პორტის“  პროექტი, ჩვენდა გასაკვირად, საჩუქრად  „ხაზარაძე და კონტი ჯგუფს“ ჩაახუტეს, ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ინვესტორების რიგი დაუდგებოდათ!

 

საქვეყნო საქმისადმი ასეთმა ზერელე დამოკიდებულებამ, ჩვენ, „ანაკლია პორტის მონიტორინგის ჯგუფს“ გაგვიჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქართული ეკონომიკის გადარჩენის ერთადერთი იმედი - „ანაკლია პორტი“ არასერიოზული ადამიანების ხელში მოექცა.

 

აქედან გამომდინარე, ტენდერის „გამარჯვებულის“ გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე „საერთო გაზეთში“ (20.02.2016) გამოვაქვეყნე სტატია სათაურით:

 

„რატომ გამოცხადდა „ანაკლია პორტის“ ტენდერის გამარჯვებულად, კონსორციუმი, რომელიც სატენდერო მოთხოვნის ვერცერთ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს?!“

 

„საერთო გაზეთის“ ამ ნომრის პედეეფი მაშინვე გადაეგზავნა პრემიერმინისტრს, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ფინანსთა სამინისტროებს და „ქართული ოცნების“ სათაო ოფისს.

 

სამწუხაროდ,  ჩვენი განგაშის ხმა ყურად არავინ იღო, პირიქით, „ანაკლია პორტთან“ მიმართებაში პოზიცია+ოპოზიციამ პირი შეკრა, ყურები დაიხშო და თვალები დაიბრმავა, რომ საჭირო შემთხვევაში ხატზე (მართალია, მათ ხატის და ჯვრის არაფერი სწამთ) დაეფიცა, რომ მას არაფერი გაუგია და უნახავს!

 

არადა, იმ სტატიაში დეტალურად იყო ახსნილი, თუ რატომ ვერ ასრულებდა ქვეყნის მთავრობის მიერ ლობირებული ე.წ. „კონსორციუმი“ ტენდერის მოთხოვნებს!

 

არაერთხელ დამიწერია და მითქვამს, იმ სამწუხარო სტერეოტიპზე, რომელიც მედიასივრცეში დამკვიდრდა: თუ რამე მნიშვნელოვანი ამბავი ხდება ქვეყნაში, ე.წ. ჟურნალისტები იმწუთშივე პარლამენტარებს, ან სამთავრობო ჩინოვნიკებს მიახტებიან _ აბა ერთი გადმოაფრქვიეთ თქვენი სიბრძნეო!

 

არაიშვიათად, ისინიც, პატივცემული და აღმატებული რესპონდენტები იწყებენ სისულელეების გადმოლაგებას ყურში რომ არ შეიშვება!

 

„ანაკლია პორტის“ შემთხვევაში ათიდან ცხრა შემთხვევაში ასე იყო. იგივე მდგომარეობაა ჟურნალისტების მხრიდან, არ მახსოვს რომელიმე მათგანს ხაზარაძის, ან მისი გუნდის წევრებისთვის ეკითხოს:

 

1. კი მაგრამ, ინვესტორები და პორტის მშენებლობის დაფინანსების გარანტია, ტენდერში მონაწილეობის განაცხადთან ერთად უნდა წარგედგინათ სატენდერო კომისიისთვის და ახლა რატომ დაეძებთო?

 

2. რა შუაშია ქვეყნის მთავრობა კერძო კომპანიასთან, რომელმაც ტენდერი მოიგო, რატომ უნდა მისცეს მას სახელმწიფომ ფინანსების მოზიდვისა და ტვირთების უზრუნველყოფის გარანტია?

 

 

3. ქვეყანაში არსებობს კანონი სახელმწიფო ტენდერის შესახებ, რომლის დაცვა უმკაცრესად კონტროლდება სათანადო უწყების მხრიდან, რატომ აღმოჩნდა ხაზარაძე და მისი კონსორციუმი გამონაკლისი, რატომ არ აჯარიმებს მას ტენდერის პირობების თანახმად 80 მილიონი დოლარით, რომელიც ხაზარაძის ინიციატივით იქნა დადგენილი, ტენდერში გამარჯვებულის მხრიდან ტენდერის პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში?

 

ამ კითხვებთან ერთად, მკითხველისთვის საინტერესო იქნება გაერკვეს:

 

_რატომ ვერ შეძლებს მამუკა ხაზარაძემ და მისმა ამერიკელმა პარტნიორმა კურტ კონტიმ ფულიანი ინვესტორის პოვნა?

 

_რატომ შეარჩია, სატენდერო კომისიამ და სპეციალურად მოწვეულმა ძვირადღირებულმა გერმანულმა ექსპერტებმა, ტენდერში მონაწილე 12 მსურველისგან, ტენდერის დამთავრებამდე ერთი წლით ადრე, სახელდახელოდ შექმნილი, პორტის მშენებლობაზე წარმოდგენის არმქონე და, რაც მთავარია, უფულო კონსორციუმი?

 

2013 წლის თებერვალში გამოვთქვი ეჭვი, ანაკლიაში აშშ-ს სამხედრო ბაზის მშენებლობის შესახებ, რაც ჩემი მოგონილი არ იყო. რამდენჯერმე ვახსენე შემდგომში ეს შემთხვევა და აქ არ მივიჩნევ საჭიროდ მის განმეორებას.

 

ერთს ვიტყვი მხოლოდ:

 

სამწუხაროდ, ჩემი ეჭვი გამართლდა, მას შემდეგ, რაც, გასული წელს, აშშ-ს მაღალი ჩინის ოფიცრებმა და ბოლოს კი სახელმწიფო მდივანმა, პომპეომ არაერთხელ განაცხადეს, რომ:

 

„ანაკლია პორტი“ მათთვის საინტერესოა ნატოს ჯარებისთვის სამხედრო დანიშნულებისთვის!

 

დაიჯერებთ, რომ გითხრათ, მარტო მე ვიცოდი ანაკლიაში მშენებარე პორტის საიდუმლო დანიშნულების შესახებ?!

 

_ რომელი ჭკუათმყოფელი ინვესტორი ჩადებს ფულს, სამხედრო ბაზის მშენებლობაში, ვისიც არ უნდა იყოს იგი?

 

ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ მოიზიდეს ფულიანი ინვესტორი ხაზარაძემ და მისმა კონსორციუმმა. სხვა საკითხია მათი კომპეტენცია პორტის მშენებლობაში!

 

„ანაკლია პორტის“ გასაიდუმლოებული დანიშნულების შესახებ, უეჭველია, კვირიკაშვილმა, ქუმსიშვილმა და ხაზარაძემ კარგად იცოდნენ. აქ ისმის კითხვა:

 

_რატომ წავიდა ეს ტრიო სახელმწიფო დონის ავანტიურაზე?

 

ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, _ პასუხი ამ კითხვაზე ჟურნალისტური გამოძიების კომპეტენციას სცილდება, იგი სხვა უწყებამ უნდა შეისწავლოს!

 

დავუბრუნდეთ კანონს, „ტენდერის შესახებ“, მე მის განხილვას არ ვაპირებ, ერთს ვიტყვი მხოლოდ: საყოველთაოდ ცნობილია, ტენდერის პირობების დარღვევის შემთხვევაში, გამარჯვებული იხსნება ტენდერიდან და იგი შავ სიაში შეჰყავთ, რაც მას მომავალში ტენდერებში მონაწილეობას უკძალავს!

 

_რის საფუველზე აცხადებს ხაზარაძე პრეტენზიას, ანაკლიაში უკან მობრუნებაზე?

 

არც მისი ანაკლიიდან გაძევება გაგვხარებია ანაკლიელებს, ვინ უნდა მოუაროს, ზღვის ფსკერიდან საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი, რვა მეტრის სიმაღლეზე, 100 ჰექტარზე დაზვინულ სიბინძურეს?!

 

ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, სპეციალურმა კომისიამ და ქვეყნის მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს   ეს საკითხი.

 

ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაო აქვს ჩატარებული „ანაკლია პორტის მონიტორინგის ჯგუფს“.

 

უეჭველია, ხაზარაძის კონსორციუმის მიერ შერჩეული პორტის ასაშენებელი ადგილი „სამხედრო საზღვაო ბაზისთვის“ იყო გათვალისწინებული და იგი სპეციალურად იყო დამიზნებული მჭიდროდდასახლებულ ტერიტორიას, რომ მისი ამუშავების შემთხვევაში, აუტანელი ხმაურისა და სხვა საცხოვრებლად მიუღებელი პირობების გამო, მოსახლეობა იძულებული გამხდარიყო საკუთარი ნებით გაცლოდა იქაურობას!

                                                                                                   

საქართველოს მთავრობამ უნდა გაიხსენოს, რომ 2013 წელს იაპონურ კომპანიას 5 მილიონი დოლარი რომ გადაუხადა ზღვის ნაპირის შესწავლისა და „ანაკლია პორტისთვის“ შესაბამისი ადგილის შერჩევისთვის. იგი ხაზარაძის კონსორციუმის მიერ შერჩეული (ზუსტად იმეორებს ლაზიკა პორტს) ადგილიდან 2 კილომეტრის დაშორებით იყო მონიშნული, სამხრეთით, ფოთის მიმართულებით!

 

თუ მართლა სამრეწველო-სავაჭრო პორტის აშენებაა დაგეგმილი, მაშინ  ყველა მონაწილის მიერ შემოთავაზებული, თუნდაც წინასაპროექტო მოსაზრების გასაჯაროება უნდა მოხდეს, რომ ხელმეორედ, სამარცხვინო მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს ქვეყანა, კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზარაძის ბლეფმა რომ ავტორიტეტი შეურყია!

 

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ზემოთხსენებულთა მიერ სახელგატეხილი „ანაკლია პორტისკენ“ ურთულესი შემოსაბრუნებელია ის კომპანიები, რომლებიც მზად იყვნენ კონსორციუმ „ანაკლია პორტი და ეკო პარკის“ დროშის ქვეშ, ბატონი თეიმურაზ ქარჩავას ხელმძღვანელობით გაერთიანებულიყვნენ.

 

მათ შორის საგანგებოდ გამოვყოფდი, ჩინურ სახელმწიფო გიგანტ კორპორაციას- „ფაუერ ჩაინას“.

 

თუ რა მნიშვნელობა აქვს  მისყოფნას „ანაკლია პორტი“-ს პროექტში, გავეცნოთ 2014 წელს ლიხტენშტეინის დედაქალაქ ვადუცში „ანაკლია პორტი“-ს მშენებლობის პერსპექტივებზე საუბრისას, საბანკო ექსპერტთა მიერ გაკეთებულ დასკვნას, რომელიც კონსორციუმ „ანაკლია პორტი და ეკო პარკის“ პროექტის განხილვას მოჰყვა:

 

„_ბატონებო, ათი წლის წინ, ევროპაში, ვინმეს რომ შავ ზღვაზე, ანაკლიაში (საქართველო) მეგაპორტის აშენების საკითხი გამოეტანა სადისკუსიოდ, მას სიბრალულით შევხედავდით. უნდა მოგახსენოთ, მსგავსი პროექტების მომზადებას წლები სჭირდება. ყველასათვის ცნობილია, რომ დიდი პროექტის განხორციელება კი არ არის პრობლემა, არც მისი დაფინანსების წყაროების მოპოვებაა რთული საქმე!

 

_რთული და ძნელად მისაღწევი, პროექტის დასრულების შემდგომ მისი მუშაობაა. ამ შემთხვევაში, უნიკალური ფინანსური და ლოისტიკური მოდელია ერთმანეთთან მორგებული, სადაც ინვესტორი, დამთავრებული პროექტის მომხმარებელი და ხანგრძლივი ფუნქციონირების გარანტი ხდება.

 

_ეს გახლავთ ჩინეთის სახელმწიფო!

 

_არ დაგვავიწყდეს, რომ, ევროპაში გაყიდული პროდუქციის ნახევარზე მეტი ჩინეთშია წარმოებული და მისი მომხმარებლამდე სწრაფად მიტანა, უზარმაზარი მოგების გარანტიაა. ამ მხრივ, „ანაკლია პორტი“ და „ახალი აბრეშუმის გზა“ უნიკალური შეთავაზებაა, როგორც ჩინელი  მეწარმეებისთვის, ასევე ევროპელი მომხმარებლისთვის! 

 

იქვე ისიც ითქვა:

 

„საქართველო დიდი ხანია თავდაუზოგავად იბრძვის ნატოში და ევროგაერთიანებაში შესასვლელად. ჩვენთვის გასაგებია მათი ლტოლვის მიზანი. მათ მიაჩნიათ, რომ ეს გზა ზოგიერთი აგრესორი მეზობლის შესაკავებელი ერთადერთი და სწორი გზაა. სამწუხაროდ, ეს რომ ასე არ არის, მრავალგზის დადასტურდა.

 

ცნობილია, რომ მსხვილი ინვესტიციები, უმეტეს შემთხვევაში, არა მარტო ეკონომიკური კეთილდღეობის, არამედ მშვიდობის გარანტიაა მასპინძელი ქვეყნისთვის. იგი საქართველოს მაგალითზე შემდეგნაირად შეიძლება წარმოვიდგინოთ:

 

ჩინელები თუ 5.5 მილიარდ დოლარს „ანაკლია პორტის“ პროექტში ჩადებენ, ვერცერთი აგრესორი იქ უბოდიშოდ ფეხს ვერ შეადგამს და საქართველოს ნატოსკენ და ევროგაერთიანებისკენ თავდაუზოგავ (სამწუხაროდ, ნაკლებადპერსპექტიულ) ლტოლვასაც გაანელებს.“

 

უფრო გახსნილად თუ ვიტყვით:

 

ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, რომელსაც ვერავინ უბოდიშოდ ბუზს ვერ აუფრენს. ჩინელებს რომ 5.5. მილიარდი დოლარი „ანაკლია პორტის“ პროექტში ჩაედოთ, ვერც რუსეთი და ვერც აშშ უბოდიშოდ ფეხს ვერ შემოადგამდა იმ რეგიონში და იგი ვერასოდეს გახდებოდა მათი „საომარი ლელო“!

 

აქ კი, როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია!

 

დავით ქობალია

 

598 708 600

 

12-02-2020, 15:16
უკან დაბრუნება