ივერიონი / ეროვნული ეკონომიკის სისტემური განვითარების უპირობო პრიორიტეტი

ეროვნული ეკონომიკის სისტემური განვითარების უპირობო პრიორიტეტი

 

 ქვეყნის მთავარი სიმდიდრე - მიწის რესურსები

 

გლობალური გამოწვევების პრევენციისა და ეროვნული ეკონომიკის გაჯანსაღების ღონისძიებებზე ვაგრძელებთ საუბარს ცნობილ მეცნიერთან, საზოგადო მოღვაწესთან, საქართველოს მინისტრთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარესთან - ნოდარ ჭითანავასთან.

 

 

იური პაპასქუა: მცირე შესავლით დავიწყოთ, - ახალმა კორონავირუსმა ორი უმთავრესი გლობალური ამოცანა გამოკვეთა: ადამიანის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა და გაჩერებული ეკონომიკის ამოქმედება. სახეზეა საიმედო ნიშნები, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეს ორი უმთავრესი გამოწვევა გაცნობიერებული აქვს. გასაგებია, რომ პანდემიის შემდგომი პერიოდი არანაკლებ რთული იქნება, მით უფრო, ანტიკრისული გეგმაჯერ არ არსებობსდა მისი კონტურები მხოლოდ ახლა იკვრება.

 

თქვენ სავსებით სწორად თქვით, რომ „დღეს პოლიტიკურ სიმწიფეზე გამოცდას აბარებს ნაციონალური სახელმწიფო, ეფექტიანობაზე - ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სისტემა, სამოქალაქო თვითშეგნებაზე - საზოგადოება“. დიახ, სახელმწიფო, სოციალურ-ეკონომიკური სისტემა და საზოგადოება განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა და სხვა აზრი არც უნდა იყოს, რომ აქედან გამოსვლის წარმატების საწინდარი ამ სამი უმთავრესი ინსტიტუციის მაღალი პასუხისმგებლობის, ინტერესების ჰარმონიული თანხვედრის და მიზანმიმართული მოქმედებების უზრუნველყოფაა. ისინი განუყრელადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. მაგრამ მათ შორის, გამაერთიანებელ, საფუძველშემქმნელ ადგილს ეკონომიკური მდგომარეობა იჭერს - ძლიერი ეკონომიკის გარეშე ვერ იქმნება ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები; ადამიანებს ვერ უწამლებ და ვერც გამოკვებავ; სამოქალაქო თვითშეგნება ვერ ჩამოყალიბდება.

 

თქვენ სახელმწიფოს როლსა და ადგილზე არგუმენტირებული მინიშნებები გააკეთეთ. უკვე მართლაც მომწიფდა მოსაზრება, რომ „საბაზრო ფუნდამენტალიზმი“ იწვევს ქაოსს, უთანასწორობის გაძლიერებას, ანგრევს დემოკრატიის ფუძემდებლურ პრინციპებს“. 

 

გამოიკვეთა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებისა დათვითდინებაზე მიშვებული ბაზრის მარეგულირებელ მექანიზმში მართვის სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩართვის აუცილებლობა. ეს განსაკუთრებით გარდაუვალია ახლა - გადამწყვეტი მოქმედებების დაწყების პერიოდში.

 

ვფიქრობ, ხელისუფლებამ სწორად დაინახა ეკონომიკაში იმპორტჩამნაცვლებელი მიმართულებების გააქტიურების საჭიროება. აქ, უწინარესად, მხედველობაშია სასურსათო უსაფრთხოება - კვების ინდუსტრიის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების განვითარება, თუმცა სწორედ ამ, განსაკუთრებით კი მიწის რესურსების გამოყენების სფეროში გვაქვს მწვავე პრობლემები.

 

ნოდარ ჭითანავა: დიახ, ესასეა. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის დეკლარირებიდან განვლილ თითქმის 30 წლის განმავლობაში ყველაზე უხეში შეცდომები სწორედ მიწის რესურსების გამოყენებაში დავუშვით.

 

იური პაპასქუა: წინა შეხვედრაზე ხაზგასმით ითქვა, რომ მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები, ფაქტობრივად, მართვის გარეშეა დარჩენილი. დამეთანხმებით, ეს ძალიან მწვავე შეფასებაა. რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს პრობლემა მოიხსნას, რას გვთავაზობთ?

 

ნოდარ ჭითანავა: ვადასტურებ, რომ დღეს საქართველოში მრავალ გამოწვევას შორის მიწის, როგორც ბუნებრივი რესურსისა და წარმოების ფაქტორის კომპლექსური, რაციონალური გამოყენება უმთავრესი და ეროვნული ეკონომიკის სისტემური განვითარების უპირობო პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ სახელმწიფოს (ხელისუფლებას), უნდა ჰქონდეს მართვის ისეთი სისტემა (მექანიზმი), რომელიც ამ სიმდიდრის ეფექტიანად გამოყენებას უზრუნველყოფს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოხერხდება სასურსათო უსაფრთხოების დაცვის, ეკონომიკის შესაბამისი დარგებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების, შრომითი რესურსების კვლავწარმოების სტაბილურობის, საბოლოოდ, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისათვის მყარი საფუძვლის შექმნა. ეკონომიკის გაჯანსაღების ღონისძიებების მიზანშეწონილობაც ამ ნიშნით უნდა განიჭვრიტოს.

 

იური პაპასქუა: მაინც, რასთან გვაქვს საქმე, რატომ ვერ მოვახერხეთ დღემდე ქვეყნის მთავარი სიმდიდრე - მიწის რესურსები ამ მიზნებისთვის და უფრო ეფექტიანად გამოგვეყენებინა?

 

ნოდარ ჭითანავა: სამწუხაროდ, პასუხი ერთადერთია: მოქალაქეებმა, საერთოდ, საზოგადოებამ და თავად სახელმწიფომ გამოწვევების ადეკვატურად ვერ გააცნობიერეს მიწის რესურსული პოტენციალის როლი და მნიშვნელობა. უნდა შევნიშნოთ, რომ ასეთი სიტუაცია ბევრად განაპირობა ობიექტურმა ფაქტორებმა, თუმცა სუბიექტური მიზეზები ჭარბობდა. უხეში შეცდომები დავუშვით მიწის პრივატიზაციის პროცესში; დღემდე ვერ მოგვარდა მიწის აღრიცხვა; გავიძახით, მიწის ბაზარი უნდა განვითარდესო, მაგრამ მიწის ნაკვეთი ბაზრის მოთხოვნისამებრ რეგისტრირებულიც არ აღმოჩნდა; სოფელი დაცარიელდა, 1994-2018 წლებში სოფლის მოსახლეობა 722 ათასი კაცით შემცირდა; მიწების დატაცებამ, მსხვილი მასივების წვრილკონტურიან ნაკვეთებად დაქუცმაცებამ, სამეცნიერო და სამრეწველო პოტენციალის, კადრების მომზადების სისტემის მოშლამ, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ქვეყნის გარეთ გატანამ (სოფლის მეურნეობის ცოცხალი გამწევი ძალისა და კავის ამარად დარჩენამ) განაპირობა წარმოების კატასტროფული დაცემა. 2017 წელს ქვეყნის მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 1990 წლის შესაბამისი მაჩვენებლის მხოლოდ 42,2%-ს შეადგენდა.

 

დღესაც არ ვიცით რამდენი გვაქვს მიწის ფართობი. მიწის ბოლო ბალანსი 2005 წელს შედგა. არ მოგვეპოვება სანდო ინფორმაცია მიწის სახელმწიფო ფონდში მიმდინარე ცვლილებებისშესახებ. არ ვიცით როგორია სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსული პოტენციალი. რა მდგომარეობაშია ნიადაგის დეგრადაციის, მეორადი დაჭაობების, გაუდაბნოების პროცესები. არ გვაქვს მიწის კადასტრიც. არც ის ვიცით, უცხოელებზე რამდენი ათასი ჰექტარი მიწის ფართობია გასხვისებული, იჯარით გაცემული მიწები როგორ გამოიყენება. ანალოგიური მდგომარეობაა სხვა რესურსების (წიაღისეულის, ტყის, წყლის, რეკრეაციული რესურსების და სხვ.) მხრივაც.

 

ამრიგად, ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე ეფექტიანი მართვის გარეშე დარჩა მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები. ეს ხომ ყველაფერი მიწის მართვის ხარვეზებია. მიწის მართვაზე  პასუხისმგებელი კი სახელმწიფოა.

 

შეცდომა იყო 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, შესაბამისი არგუმენტაციის გარეშე, 1996 წლიდან შექმნილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის გაუქმება. მისი ძირითადი ფუნქციების იუსტიციის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებზე გადანაწილებისას მთავარი გამორჩათ: ვინ შეადგენდა მიწის ბალანსს. ასევე შეცდომა იყო საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის ბრძანებულებით 1996 წელს შექმნილი მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის (რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა) გაუქმებაც. ყოველივე ამან ხელი შეუწყო მიწის მართვის პროცესიდან სახელმწიფოს (მთავრობის) თანდათანობით ჩამოცილებას. აქვე ავღნიშნავ, რომ იმ დროს შექმნილი საჯარო რეესტრი პროგრესული მოვლენა იყო. თუმცა, 2016 წლის დასაწყისში მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25% იყო რეგისტირებული. ამავე პერიოდიდან იწყება მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის განხორციელება.

 

იური პაპასქუა: 2014 წელს საქართველოში ხომ ჩატარდა მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა. რატომ არ შეიძლებოდა მათი შედეგებით სარგებლობა, რატომ არ გასწორდა მიწის აღრიცხვასა და რეგისტრაციაში დაშვებული ხარვეზები?

 

ნოდარ ჭითანავა: დიახ, 2014 წელს ორივე აღწერა ჩატარდა. მასალებს კარგად ვიცნობ. მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ აღწერით მიღებული ინფორმაცია გამაოგნებელი იყო. არანაკლებ დამაფიქრებელი გახლდათ სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგები. აღწერამ მოიცვა მხოლოდ შინამეურნეობები და სასოფლო-სამეურნეო საწარმოები (სულ 642,2 ათასი სუბიექტი) და შეეხო მხოლოდ 842,3 ათას ჰექტარ მიწის ფართობს. აქედან, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი შეადგენდა 787,7 ათას ჰექტარს. ასევე დაფიქსირდა სახნავი - 377,4 ათასი ჰექტარი, მრავალწლიანი ნარგავები - 109,6 ათასი ჰექტარი, სათიბ-საძოვარი - 300 ათასი ჰექტარი. ეს მაშინ, როცა 2005 წლის ბალანსის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი შეადგენდა 3026,6 ათას ჰექტარს, მათ შორის, სახნავი - 802,1 ათას ჰექტარს, მრავალწლიანი ნარგავების ფართობი - 264 ათას ჰექტარს, სათიბი - 143,5 ათასს, საძოვარი - 1796,6 ათას ჰექტარს.

 

ამრიგად, აღწერის გარეშე დარჩა მიწის ფართობების უდიდესი ნაწილი, ამიტომ მისი შედეგების მიხედვით სასოფლო-სამეურნეო მიწის გამოყენების დონის ობიექტურად შეფასება ვერ მოხერხდება.

 

გვაქვს უფრო საგანგაშო მონაცემებიც. 1990 წელს საქართელოში ნათესმა ფართობმა შეადგინა 701,9 ათასი, 1997 წელს - 577,6 ათასი, 2003 წელს - 561,7 ათასი, 2012 წელს - 259,6 ათასი, 2018 წელს - 207,1 ათასი ჰექტარი. ე.ი. 28 წლის მანძილზე ნათესი ფართობები 494,8 ათასი ჰექტრით, ასევე, მრავალწლიანი ნარგავების ფართობები (1990-2017 წლებში) 202 ათასი ჰექტრით შემცირდა. ბუნებრივია, ასეთმა პროცესმა სასოფლო-სამეურნეო წარმოების მკვეთრი დაცემა განაპირობა. შედეგებს ვიმკით. დიდხანია ქვეყანა უცხოეთიდან შემოტანილი სასურსათო პროდუქციით იკვებება. საკუთარი ინტენსიური მიწის ფართობები კი დეგრადაციას განიცდის.

 

მდგომარეობა არასტანდარტულია. ამიტომ, მიწის გონივრულად გამოყენებისათვის საგანგებო ზომების მიღებაა საჭირო.

 

იური პაპასქუა: საგანგებო ზომებში რას გულისხმობთ, რა გაქვთ მხედველობაში?

 

ნოდარ ჭითანავა: უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეროვნული ეკონომიკის, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სისტემური კრიზისიდან გამოყვანას მობილიზაციურ მოდელზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკა სჭირდება. ამ მხრივ გარკვეულ გამოცდილებას კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდების გამოყენებითაც ვიძენთ. სწორედ ანალოგიური მიდგომებია საჭირო, - რა თქმა უნდა, ეკონომიკის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის, თავისებურებების გათვალისწინებით. მობილიზაციური მოდელი გულისხმობს ეკონომიკაში ეფექტიანი საბაზრო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირებისთვის გარე და შიდა რესურსების კონცენტრირებულად გამოყენების მიზანმიმართული საქმიანობის გარემოს შექმნას.

 

2021-2025 წლების პერიოდისთვის შემუშავებულ ღონისძიებათა სისტემაში (მისი შემუშავების აუცილებლობზე უკვე ვისაუბრეთ) საჭიროამიწის რესურსებს, საერთოდ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, სასურსათო უსაფრთხოებას შესაბამისი ადგილი დაეთმოს. ვიმეორებ: გარღვევის სტრატეგიაა საჭირო. პროფესიონალებმა იციან რა, რა დროს და როგორ უნდა გაკეთდეს. პროგრესული მეცნიერული აზრის დეფიციტი ქვეყანაში არ არის. მაგრამ არის იმის საშიშროება, რომ ქვეყნის განვითარების მაღალი ტემპები და ეროვნული ეკონომიკის რესურსული პოტენციალის სწორად გამოყენება მავანთა ინტერესებმა კვლავაც არ დაბლოკოს. ჩვენ ბევრი მწარე მაგალითი გვახსოვს, როცა უცოდინარობა და ანგარებასთან შერწყმული უპასუხისმგებლობა განსაზღვრავდა ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს.

 

სახიფათო განზრახვებს შეიცავს ამასწინათ გავრცელებული ინიციატივა (თუ რეკომენდაცია), რომ დღევანდელ ექსტრემალურ პირობებში სახელმწიფოს ბალანსზე აღრიცხული მიწის ფართობი სასწრაფოდ აუქციონზე გაიტანონ ან იჯარით უნდა გაიცეს.ამის გაკეთება არ შეიძლება.

 

იური პაპასქუა: დიახ, გეთანხმებით, ეს საშიშია დამწარე გამოცდილებასთან გვაბრუნებს. სწორედ ამიტომ უნდა გკითხოთ: კონკრეტულად, რა უნდა გაკეთდეს მიწის რესურსების სწორად აღრიცხვის, რეგისტრაციის, ნაყოფიერების ამაღლებისა და დაცვისთვის?

 

ნოდარ ჭითანავა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი.  ჟორდანიას სახ. საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ სამეცნიერო ცენტრში, სადაც მიწის და სხვა ბუნებრივი რესურსების კვლევები ხორციელდება, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან თანამშრომლობით გამოკვლეულია 1990 წლიდან საქართველოს მიწის სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული ცვლილებები, მიწის პრივატიზაციის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგები, მიწის რეფორმის პოლიტიკური, თეორიულ-მეთოდოლოგიური, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ასპექტები, ტრანსფორმაციული პროცესებით გამოკვეთილი თავისებურებები, ძირითადი ტენდენციები. შესწავლილია უცხოეთის ქვეყნების გამოცდილებაც. ანალიზის შედეგად ჩამოყალიბებული დასკვნებიდან (რეკომენდაციებიდან) რამდენიმეს მივაქცევ დაინტერესებულ პირთა ყურადღებას:

 

პირველი. ღონისძიებების თანმიმდევრული განხორციელებისთვის, ამოცანები ორ ნაწილად უნდა დაიყოს: ოპერატიულად - რომლის მიხედვითაც მიმდინარე წელსვე ავითვისოთ მიწის ფართობები იმ მოცულობით, რომელიც 2005 წლის ბალანსით გვქონდა და პერსპექტიულად - მოვემზადოთ სახელმწიფო მიწის ფონდის ინვენტარიზაციის ჩატარებისათვის. მის გარეშე მიწის ფონდის ობიექტური სურათი არ გვექნება. მეეჭვება, რომ ამ ამოცანას თავი გაართვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შექმნილმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ.

 

მიწის რესურსული პოტენციალის რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობის გათვალისწინებით უფრო მიზანშეწონილია სააგენტოს სტატუსის აღმაღლება და მისი საგანგებო უფლებამოსილებით აღჭურვა - მოქმედების მასშტაბის გაფართოება, მასზე მთლიანად სახელმწიფო მიწის ფონდის (საკუთრების ფორმების მიუხედავად) რაციონალურად გამოყენებაზე პასუხისმგებლობის დაკისრება. ასეთი რთული ამოცანის გადაწყვეტა მართვის უმაღლეს დონეზე მოითხოვს კოორდინაციის  გაძლიერებას. ჩემი აზრით, ზემოთ აღნიშნული სამსახური უშუალოდ უნდა დაექვემდებაროს პრემიერ-მინისტრს. იგულისხმება, რომ ცალკეულ სამინისტროებში მიწის მართვასთან დაკავშირებული ფუნქციები კვლავაც დარჩება. მაგალითად, მიწის რეგისტრაციის ფუნქციებს შეასრულებს იუსტიციის სამინისტრო, მიწის პრივატიზაციის ფუნქციას - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მიწის ეკონომიკური შეფასებისა და დაბეგვრის ფუნქციას - ფინანსთა სამინისტრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რაციონალურად გამოყენების ფუნქციას - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 

აღნიშნული სააგენტოს სტრუქტურაში უნდა იყოს შესაბამისი საპროექტო ორგანიზაციებიც (კერძო სექტორის მონაწილეობით). სააგენტოს რეგიონებში უნდა ჰქონდეს მართვის შესაბამისი სტრუქტურები.

 

მიწის ფართობების ინვენტარიზაცია უნდა წარიმართოს წინასწარ შედგენილი პროექტების შესაბამისად. პირველ რიგში აუცილებელია სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ფართობების დაზუსტება. სტრატეგიულ ამოცანად უნდა ჩაითვალოს სახნავი მიწის პერსპექტიული ფართობების დადგენა.

 

გასათვალისწინებელია მრავალწლიანი ნარგავების არა მხოლოდ მასივებად, არამედ ადგილზე არსებულ პირობებზე მორგებით ერთეული ნარგავების სახით (ტერასები) გაშენება, საძოვრების (სათიბების) კატეგორიებად დაყოფა, გადასარეკი ტრასების მოწესრიგება, მიწის სახელმწიფო მარაგების შექმნა და სხვ. მიწის ნაკვეთების ინვენტარიზაციამ ხელი უნდა შეუწყოს მიწის კონსოლიდაციის წინაპირობების შექმნას (განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს კოოპერაციის შესაბამისი ფორმების გამოყენებას). ინვენტარიზაციის საფუძველზე თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით უნდა შეიქმნას მიწის შესახებ ინფორმაციული ბაზა, რომელიც საფუძვლად დაედება მუნიციპალიტეტის (როგორც ტერიტორიის) სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური განვითარების გრძელვადიანი (5-7 წლიანი) პროგრამების შედგენას (მხედველობაში მაქვს ის, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კომპლექსური განვითარება ადგილობრივი მმართველობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციად უნდა იქნას მიჩნეული.

 

მეორე. იმის გათვალისწინებით, რომ წვრილი ოჯახური მეურნეობები წარმოადგენენ სასოფლო-სამეურნეო წარმოების უმთავრეს ფორმას (98%), მათი კოოპერატივებში ინტეგრირება უნდა მივიჩნიოთ წარმოების ინტენსიფიკაციის სტრატეგიულ მიმართულებად. თითოეულ მუნიციპალიტეტში წარმოების სპეციალიზაციის ჩამოყალიბებული სქემის მიხედვით უნდა განისაზღვროს კოოპერაციის ფორმების (მიწის ფართობების დამუშავება, ნედლეულის გადამუშავება, რეალიზაცია, შენახვა და სხვ.) გამოყენება. მიზანშეწონილია სამეცნიერო გაერთიანებებთან (მაგალითად, ლომთაგორის ტიპის მეურნეობები), ასევე ქვეყანაში არსებულ მსხვილ საწარმოებთან (წისქვილების, ელევატორების, სამაცივრო მეურნეობების, გადამამუშავებელი საწარმოების და სხვ.) საოჯახო მეურნეობების და სასოფლო-სამეურნეო საწარმოების ინტეგრირება (ადგილზე არსებული პირობების შესაბამისად).

 

დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია რეგიონთაშორისი კოოპერაციის - განსაკუთრებით მთისა და ბარის ბუნებრივ-საწარმოო პირობების შესაბამისი (მაგალითად, ზაფხულისა და ზამთრის საძოვრების ერთობლივად დატვირთვა, სამკურნალო მცენარეების გადამუშავება, რეკრეაციული რესურსების ათვისება და სხვ.) ფორმების მიზნობრივად (დიფერენცირებულად) დამკვიდრებას.

 

თანამედროვე პირობებში, როცა ეკონომიკაში რეალურად ყალიბდება პლურალიზმი, კოოპერაციის (ინტეგრაციის) რთული პროცესების რეგულირება შესაბამისი პირობების მომზადებასთან ერთად საჭიროებს დროსა და სივრცეში სახელმწიფოს აქტიურ მხარდაჭერას. კონკრეტულ სიტუაციაში არ უნდა გამოვრიცხოთ სახელმწიფო ჰოლდინგების (კორპორაციების) გამოყენება დაუმუშავებელი მიწის მასივების ათვისებაში.

 

მესამე. ახლა მაინც უნდა გავაცნობიეროთ, რომ თანამედროვე ცხოვრებაში სახელმწიფო დაგეგმვისა და საბაზრო მექანიზმების თანაარსებობა აუცილებელია! ისინი ანტიპოდები არ არიან, არამედ ერთმანეთს ავსებენ. საქართველოს მაგალითზეც დავრწმუნდით, რომ სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობის დონე მათი ურთიერთგანპირობებულობის ხარისხით განისაზღვრება. გეგმაზომიერი განვითარება (პროგნოზირება, პროგრამირება, კოორდინაცია) კაცობრიობის განვითარების ფუნდამენტურ მიღწევად არის აღიარებული. პრობლემების პროგრამებით გადაწყვეტის მეთოდი დღეს ყველაზე რაციონალური მეთოდია. კორონავირუსთან ბრძოლის პირველი გამოცდილებაც ამას გვიჩვენებს.

 

იური პაპასქუა: რა უპირატესობა აქვს პროგრამულ მიდგომას?

 

ნოდარ ჭითანავა: უპირატესობა დიდია. პროგრამულ მიდგომებში აისახება ლოგიკური კავშირი დასახულ მიზნებს, მისი მიღწევის რესურსულ და პოლიტიკურ-ორგანიზაციულ ფაქტორებს შორის (პოლიტიკური მიზნის ეკონომიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა). რეალურად განისაზღვრება ადგილობრივი, ბუნებრივი და საწარმოო პირობების, ფაქტორების, ხარვეზების კომპლექსურად ამოქმედების გზები და საშუალებები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რესურსული პოტენციალის მიზნობრივ კონცენტრაციას. სწორედ ასეთ მიდგომას უნდა დაეფუძნოს ზემოთ ნახსენები ქვეყნის განვითარების მობილიზაციური მოდელი.

 

ამრიგად, პროგრამა, როცა იგი თანამედროვე მეცნიერულ მეთოდებს ეფუძნება, სამ მთავარ კითხვაზე მოგვცემს პასუხს: განვითარების რომელ საფეხურზე ვართ (რეალობის ობიექტური შეფასება), საით უნდა წავიდეთ (სტრატეგიული მიზანი), როგორ, რომელი რესურსებით და პერიოდულობით ვფიქრობთ დასახული მიზნის მიღწევას.

 

გავიმეორებ მრავალგზის ნათქვამს - თითქმის 30 წელი ეროვნული ეკონომიკა „ვითარდებოდა“ არა მეცნიერულად გააზრებული სტრატეგიის მიხედვით, არამედ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების (თანაც სწრაფი მონაცვლეობით) ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის ნიშნით.

 

რთული პროცესების პროგრამული მართვა, როგორც სტრატეგიული განვითარების წინააღმდეგობრივი პროცესების რეგულირების ყველაზე საიმედო ფორმა - ამიერიდან მაინც ქვეყნის ინტერესებისათვის უნდა გამოვიყენოთ.

 

ეპიდემიასთან ბრძოლის ორგანიზაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ინფორმაციამ. ასეა ეკონომიკაშიც. სახელმწიფომ (ბიზნესმა) უნდა იცოდეს სოციალურ-ეკონომიკური სისტემის „ანატომია“, რათა დროის მოთხოვნების შესაბამისად, პროგნოზირება და მოსალოდნელი საფრთხეების პრევენცია შეძლოს. ამისათვის საჭიროა სტატისტიკურ მაჩვენებელთა ისეთი სისტემა, რომელიც მიმდინარე რთული პროცესების სისტემური ანალიზისა და შეფასების საშუალებას იძლევა. აქედან გამომდინარე, დახვეწას მოითხოვს ქვეყანაში ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემა.

 

მოდით, დავუბრუნდეთ წინა კითხვას, მივყვეთ მიწის აღრიცხვისა და გამოყენების ორგანიზაციული ღონისძიებების ჩამონათვალს.

 

მეოთხე. ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარებაში პროგნოზირების და სტრატეგიული დაგეგმვის როლის გაძლიერებისა და ბუნებრივი რესურსების (პირველ რიგში მიწის) გამოყენების ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, მიზანშეწონილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზაციულ სისტემაში შეიქმნას პროგნოზირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი (სააგენტო). ამ სტრუქტურამუნდა განსაზღვროს არსებული რესურსების გამოყენების ოპტიმალური მიმართულებები, განვითარების ინდიკატორები და კოორდინაცია გაუწიოს ამ სფეროში სახელმწიფო, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, შეიმუშაოს პროგნოზები და ა.შ.

 

მეხუთე. ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო წარმოების ამჟამინდელი დონის (სუსტი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მოძველებული ტექნოლოგიები, კვალიფიციური კადრების დეფიციტი და სხვ.) გათვალისწინებით, მიზანშეწონილია სპეციალიზებული საადგილმამულო ბანკის ან სხვა ორგანიზაციული ფორმის - მსოფლიოში ცნობილი სპეციალიზებული კოოპერატიული აგროსაკრედიტო სისტემის ანალოგების შექმნა. ასეთმა მრავალფუნქციურმა სისტემამ ხელი უნდა შეუწყოს მიწის რაციონალური გამოყენების ხელსაყრელი გარემოს შექმნას.

 

მეექვსე. მიწის ფართობების დეგრადაციის შესაჩერებლად (შესაბამისი ღონისძიებები 1990 წლიდან არ ტარდება), მიზანშეწონილია შედგეს მიწის დეგრადაციის (ეროზიის, მეორადი დაჭაობების, გაუდაბნოების, დაბინძურების და სხვ.) საწინააღმდეგო ღონისძიებათა (ორგანიზაციულ-სამეურნეო, აგროტექნიკური, სატყეო, მელიორაციული, ჰიდროტექნიკური და ა.შ.) გენერალური სქემა 2030 წლამდე პერიოდისათვის.

 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სოფლის მეურნეობაში მინერალური და ორგანული სასუქების გამოყენების დონე უკიდურესად დაბალია. 90-იანი წლებიდან მოიშალა მინერალური და ორგანული სასუქების გამოყენების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სამეცნიერო მომსახურება, კადრების მომზადების სისტემა, სტიქიურად ხდება იმპორტით მინერალური სასუქების შემოტანა და ადგილზე გამოყენება. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების გაუაზრებელი გარდაქმნებით სასოფლო-სამეურნეო წარმოების სამეცნიერო მომსახურება ფაქტობრივად შეწყდა. უნდა შემუშავდეს „ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების პროგრამა“, რომელშიც განისაზღვრება ორგანულ სასოფლო-სამეურნეო წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა.

 

მეშვიდე. ქვეყანის ეკონომიკის (სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული დარგების) კვალიფიციური კადრებით უარუნველყოფის მიზნით, შეიქმნას სამთავრობო (მუდმივმოქმედი) კომისია (საბჭო), რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მეცნიერებათა ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების, სამინისტროების, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით მოამზადებს ინოვაციურ განათლებაზე გადასვლის გრძელვადიან (10-15 წელი) პროგრამას.

 

მანამდე კი ოპერატიულად გადასაწყვეტ (წელსვე განსახორციელებელ) ღონისძიებებზე მივმართოთ საერთო ძალისხმევა და ჩვენზე დამოკიდებული ყველაფერი გავაკეთოთ არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოვიყენებისთვის.

 

იური პაპასქუა, მადლობა ბატონო ნოდარ, თქვენი მოსაზრებები, როგორც ყოველთვის, საყურადღებოა. მას გულდასმით გაცნობის გარდა, გააზრება და სამოქმედოდ ჩანიშვნა სჭირდება.

 

              საუბარს უძღვებოდა

              იური პაპასქუა

ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, სსუ პროფესორი

 

12-04-2020, 12:10
უკან დაბრუნება