ივერიონი / მიხეილ ჯიბუტი: რას გვიმზადებს მთავრობა - ანტიკრიზისულ გეგმას, თუ ღონისძიებათა ხარჯთაღრიცხვას?

მიხეილ ჯიბუტი: რას გვიმზადებს მთავრობა - ანტიკრიზისულ გეგმას, თუ ღონისძიებათა ხარჯთაღრიცხვას?

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით 24 აპრილს „საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ნაბიჯებს წარმოადგენს“. იმავე ცნობით, პრემიერ - მინისტრ გიორგი გახარიამ თქვა, რომ „ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას; ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას“.

 

წყარო: http://government.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=541&info_id=75951

 

ქვეყნის წარმატებული მართვა - ფუნქციონირებისათვის აუილებელია მინიმუმ საბაზო 4წ -ს ( - წესრიგი, - წიგნიერება, - წარმოება, - წესიერება) პრინციპის დაცვა. ის ვრცელდება, როგორც ორდინალურ, ისე განსაკუთრებულ შემთხვევებზე.

 

შევამოწმოთ მიღებული ინფორმაცია 4წ-ზე:

 

წესრიგი - „ანტიკრიზისული გეგმა“ სხვა არაფერია, თუ არა „ჩვეულებრივი სამოქმედო სტრატეგიული გეგმის კორექტირება“: ახალი გამოწვევების შესაბამისი პროგრამების დამატება, ძველი პროგრამების რევიზია ახალ გარემოებათა შესაბამისად და მათი განხორციელებისათვის ფინანსური რესურსების მოძიება და ყველაფერი ამის ასახვით დამტკიცებული ბიუჯეტის ტრანსფორმაცია საგანგებო ბიუჯეტად. 

 

წიგნიერება - ტექსტი ისეა გადმოცემული, რომ აშკარად გავლენის, ან რაღაცის დამტკიცების სურვილის გავლენას განიცდის. მარტივი დეკოდირებით, შეიძლება მივხვდეთ, რომ ტექსტის მიზანი „ანტიკრიზისული გეგმის შექმნის“ სიახლის ცნობა კი არაა, არამედ, პირიქით, იმის შეტუობინებაა შეპარულად, რომ „ანტიკრიზისული გეგმა“ უკვე არსებობდა და ეხლა ხდება მისი შემდეგი ეტაპისათვის დაკონკრეტება. ეს ახალი ეტაპი კი ითვალისწინებს „ღონისძიებებს“, რომლებიც მოიცავეენ „მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას“ და „ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას“. ისე, ღონისძიებები კი არ შეიცავენ გეგმას, არამედ გეგმიდან გამომდინარეობს ღონისძიებები. 

 

წარმოება - რადგანაც ტექსტი დაშიფრულია, ამიტომ უნდა აღინიშნოს, რომ „ბიზნესი“ არაა ტოლფასი „ეკონომიკის“ და საჭიროა, არა „ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა“, არამედ საერთოდ ეკონომიკის სტიმულირების გეგმა, განსაკუთრებით ახალი პროგრამების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია ადამიანთა სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად და პირველ რიგში, საბაზო სურსათის საწარმოებლად. თანაც ისე, რომ ხვნა თესვის სეზონი არ დაიკარგოს. ჩანაწერი ეჭვს აჩენს და თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ არ გადაიქცეს „ბიზნესის“ დახმარების გეგმა კონკრეტული ბიზნესმენების დახმარების გეგმად, რომლის მსგავსი რამ აშშ-ს, იაპონიასა და გერმანიასაც არ გაურისკავს - ყველგან საუბარია ეკონომიკის „სტიმულირების პაკეტებზე“.

 

წესიერება - ფართო გაგებით არ მივუდგები ამ კუთხით საკითხის განხილვას. პირველი რიგის წესიერება ხელისუფალისთვის მართვის საჯაროობა და სიმართლეა. იმის მტკიცება, რომ „ანტიკრიზისული გეგმა“ არსებობდა, რომ პირველი და მეორე ეტაპები განვლილია, ხოლო ეხლა მესამე ეტაპისათვის წარმოვადგენთო, მინიმუმ არაკორექტულია. რეალური სიტუაციის აღწერის შემთხვევაში პროცესი იქნებოდა შემდეგნაირად გადმოცემული: „მთავრობას არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში კრიზისის შემაკავებელ ღონისძიებების განხორციელება. შეიძლება ითქვას, რომ გავიარეთ ორი მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ ეტაპების გავლის დროს მიღებული გაკვეთილებისა და გამოცდილების საფუძველზე დღეს ჩვენ მზად ვართ, რომ წარმოვადგინოთ ანტიკრიზისული გეგმა“.

 

რატომ არ თქვა ასე ხელისუფლებამ? რაშია მორალი?

 

ზემოთ მოტანილ ტექსტიდან ჩანს, რომ ხელისუფლება არც ეხლა აპირებს/ხელისუფლებას არც ეხლა შეუძლია ანტიკრიზისუი გეგმის, როგორც სისტემური და კომპლექსური დოკუმენტის წარმოდგენას, სადაც მოცემული იქნება მეცნიერულად დადგენილი „გეგმის წესრიგის“ შესაბამისად პროგრამები, მიზნები და ამოცანები, მათი განხორციელების ღონისძიებები, პასუხისმგებელი შემსრულებლები, სათანადო დაფინანსება და საგანგებო ბიუჯეტი, მისაღწევი მიზნები გაზომვად ინდიკატორებსა და მაჩვენებლებში.

 

ასეთ შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს, პირველი ეტაპის მსგავსი უსისტემო ღონისძიებების „ხარჯთაღრიცხვას“. 

 

 

22-04-2020, 15:51
უკან დაბრუნება