ივერიონი / მიღებულ გადაწყვეტილებას მიდევნებული განხილვის ქრონიკა

მიღებულ გადაწყვეტილებას მიდევნებული განხილვის ქრონიკა

 

 

გუშინ, 28 მაისს შესდგა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნულ ბანკისთვის მინიჭების თაობაზე საკანონმდებლო აქტების პაკეტში შესული ძირითადი კანპროექტების პროფესიული ორგანიზაციებისთვის გაცნობითი დისტანციური შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, ზედამხედველობის სამსახურის და ორი პროფესიული ორგანიზაციის - ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფ) და აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიული ფედერაციის (საბფმფ) წარმომადგენლები.

 

შეხვედრას უძღვებოდა ნიკოლოზ გაგუა. მან ისაუბრა შეხვედრის მონაწილეებთან ისაუბრა მიზანზე, რომლის მიღწევაც კანონპროექტის მიღებითაა განსაზღვრული. ამასთან, ყურადღება გაამახვილა ეროვნულ ბანკთან შეჯერებულ  პროექტში შესაატან ცვლილებებზე.

 

იყო მოლოდინი, რომ პროფესიის წარმომადგენლები გაეცნობოდნენ კანონპროექტის ავტორთა მიერ გათვალისწინებულ ცვლილებებს და მიიღებდნენ განმარტებებს ფორსირებულ რეჟიმში მათ მიერ ადრე გამოთქმულ შენიშვნებზე.

 

აღნიშნულის აუცილებლობა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ კანონპროექტების ინიცირება და პარლამენტში შეტანა განხორციელდა მასში პროფესიული ორგანიზაციების მონაწილეობისა და საჯარო ინფორმირების გარეშე. აგრეთვე იმანაც, რომ გათვალისწინებულია მთავრობის სახელით ინიცირებული პაკეტის დაჩქარებულად მიღება დღევანდელი პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე.

 

როგორც აღმოჩნდა, საკანონმდებლო აქტების პაკეტის ძირითად კანონპროექტებში შესულია მხოლოდ ტექნიკური და რედაქციული სახის კორექტივები. ძირითადი სიახლე კი ის აღმოჩნდა, რომ ეროვნული ბანკის სტრუქტურაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე იქმნება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის კომიტეტი, რომლის წევრებად მოიაზრებიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, შესაბამისი ვიცე-პრეზიდენტი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, სხვა თანამშრომლები და მოწვეული პირები. აგრეთვე ჩნდება ჩანაწერი სერტიფიცირებულ ბუღალტერთა რეესტრის შესახებ და სხვა.

 

ცხარე კამათი გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მიუხედავად დაპირებისა, წერილობით მიწოდებული არგუმენტირებული შენიშვნებისა და საჯარო სივრცეში სპეციალისტთა მიერ გამოთქმული უმწვავესი შეფასებებისა, არსებითად არაფერი არ იცვლება არც კანონპროექტში და არც მის ავტორთა თავდაჯერებულ პათოსში.

 

დიახ, არც ერთ შენიშვნაზე და პრობლემურ საკითხზე შეხვედრის მონაწილეებმა ვერ მიიღეს დამაჯერებელი და მით უმეტეს, დამაკმაყოფილებელი პასუხი.

 

რაც მთავარია, ავტორები სარწმუნოდ ვერ ხსნიან, თუ რა უპირატესობით ან რა მიზეზით და მოტივებით ხდება ფინანსთა სამინისტროდან ეროვნულ ბანკში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ზედამხედველობის ფუნქციის გადამისამართება; რაში ვლინდება არსებული სახით ზედამხდეველობის სამსახურის დამოუკიდებლობის გამყარება ან დარგის რეგულირების ეფექტიანობის ამაღლება, მაშინ, როდესაც უქმდება დავების საბჭო, ზედამხედველობის სერვისი შორდება უშუალო მომხმარებელს და ინაცვლებს ეროვნული ბანკის ჩაკეტილ სისტემაში; მეტიც, უთანხმოებების გადაწყვეტა გადადის სასამართლოებში; ნებისმიერი აქტის მიღება ან ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულებით დასასაქმებელი კადრის კარიერა დაემორჩიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კეთილ ნებას!

 

თუ ამ ცვლილებებში ზედამხედველობის დამოუკიდებლობის გაზრდაა უმთავრესი მიზანი, რატომ ვერ ხერხდება სამსახურის ცალკე, ავტონომიურ მარეგულირებელ ორგანოდ ჩამოყალიბება?

 

პასუხგაუცემელი საკითხების სიმრავლისა და დისტანციური ურთიერთობის დროის შეზღუდულობის გამო, გადაწყდა, რომ შეხვედრა 29 მაისსაც გაგრძელდებოდა. თუმცა, დღეს შევიტყვეთ, რომ შეხვედრა მომავალი კვირისთვის გადაიდო. ნაკლებია იმის მოლოდინი, რომ პროექტებში ძირეული ცვლილება მოხდება, მაგრამ შეხვედრის გაგრძელებას ექნება აზრი, თუ ზედამხედველობის დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბებაზე გაგრძელდება მსჯელობა.

 

უცნობია, გაკეთდა თუ არა შეხვედრის ჩანაწერი, ან გახდება თუ არა მისი დეტალები საჯარო, მაგრამ აუცილებელია დაინტერესებულმა პირებმა და საზოგადოებამ მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია.

 

იური პაპასქუა,

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა

პროფესიული ფედერაციის (საბფმფ) აღმასრულებელი დირექტორი

 

 

 

 

29-05-2020, 11:43
უკან დაბრუნება