ივერიონი / მიხეილ ჯიბუტი: საქართველოს ეროვნული ბანკის რეპუტაციული თვითდაზიანება, თუ ფარული პოლიტიკური ზეწოლა?!

მიხეილ ჯიბუტი: საქართველოს ეროვნული ბანკის რეპუტაციული თვითდაზიანება, თუ ფარული პოლიტიკური ზეწოლა?!

2020 წლის 3 ივნისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იური დოლიძე, იურისტი გიორგი ძიგუაშვილი,  საქართველოს ბუღალტერთა, აუდიტორთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაცია აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი იური პაპასკუა და პროფესორი მიხეილ ჯიბუტი. 

 

შეხვედრა თავისი ფორმატით - ოფიციალური (რადგანაც შეხვედრა ფინანსთა სამინისტროს შენობაში წარიმართა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებული ელექტროენერგია და სახელმწიფო მოხელეთა დრო დაიხარჯა), ხოლო შინაარსით - ინფორმაციული იყო. 

 

შეხვედრის მონაწილეთა შეთანხმებით, არც ოქმი და არც აუდიო - ვიდეო ჩაწერა არ განხორციელებულა. შეხვედრა დახურულად არ გამოცხადებულა, რაიმე გადაწყვეტილება, ან განცხადება არ მიღებულა, ამიტომ გაკეთდა დათქმა,  რომ მის მონაწილეებს შეხვედრის შესახებ შეუძლიათ საჯაროდ ისაუბრონ.

 

აღნიშნული შეხვედრის საგანი იყო საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ორგანული კანონის - „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს სხვა, მათ შორის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კანონის პროექტები, რომელთა განხილვის პროცესი საქართველოს პარლამენტში უკვე დაწყებულია.

 

შეხვედრის მონაწილეებს აინტერესებდათ ერთმანეთისგან უშუალოდ გაეგოთ, ერთი მხრივ, რა იყო კანონპროექტების შექმნის მოტივები, როგორია მოლოდინები შედეგებთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, რატომ დადგა კანონპროექტების კანონიერება და მიზანშეწონილობა ეჭვის ქვეშ და რამ გამოიწვია მწვავე - პერსონიფიცირებული კრიტიკა! 

 

შეხვედრა, ჩემი შეფასებით, იყო აკადემიური, არაორდინალური და სასარგებლო. არ იქნება სწორი, რომ ვუარყოთ ასეთი შეხვედრის კანონპროექტების ინიცირების საწყის ეტაპებზე მოწყობის მიზანშეწონილობა, მაგრამ არც ის იქნება სწორი, რომ „დაგვიანებულობის“ გამო, ვუარყოთ ამ შეხვედრის სარგებლიანობა. აქ მიღებული ინფორმაცია, მოსმენილი არგუმენტი, თუ კონტრარგუმენტი, კარგი მასალაა საქართველოს პარლამენტში კანონპროექტების ბედის გადამწყვეტი დებატების დროს საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. მით უმეტეს, რომ შეხვედრაზე პირველად იყო წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც ა.წ. 25 მაისამდე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვამდე, არსად ოფიციალურად არ მონაწილეობდა, ხოლო, მისი ოფიციალური პოზიცია არც ამ სხდომაზე არ დაფიქსირებულა. 

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, რადგანაც შეხვედრიდან არც ერთი განზოგადებელი შედეგი არ დამდგარა, აღნიშნული შეხვედრის შესახებ დასკვნებს მხოლოდ პირადი ხასიათი აქვს, რომელმაც ჩვენთვის ერთგვარად დაასრულა განსახილველი კანონპროექტების შექმნის, ინიცირებისა და განხილვების მოვლენათა ჯაჭვის შესახებ კვლევა - ძიება და შეკრა წინამდებარე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტში, ალტერნატიული მოსაზრებებით გამოსვლისთვის მოხსენების მონახაზი. აქ, თავი მოიყარა დასკვნებმა - კანონპროექტების მოძრაობის გზაზე - ფინანსთა სამინისტროს მიერ მთავრობაში ინიცირებიდან დაწყებული, შემდეგ მთავრობის მიერ მოწონებისა და საქართველოს პარლამენტში წარდგენის, ამ უკანასკნელში კანონპროექტების განხილვის პროცესით დაწყებამდე.

 

კანონპროექტების განხილვის დამკვიდრებული ტრადიციიდან გადახვევამ, როდესაც მიზნად იქნა დასახული იმის გარკვევა,  თუ როგორია კანონპროექტის მომზადების „შიდა სამზარეულო“, რატომ და ვის მიერ მოხდა კანონპროექტის ინიცირება მაშინ, როდესაც კანონპროექტის მიღება არ იყო სამთავრობო და არც საპარლამენტო გეგმაში, მისი მიღება არ იყო გათვალისწინებული არც რაიმე საერთაშორისო ვალდებულებით, გააჩინა საშუალება გამოვკვეთილიყო კანონპროექტების პოლიტიკურ ამშვები მექანიზმის ღილაკზე ხელის დამჭერნი. 

 

ამასთან, დადასტურდა ბიუროკრატიული სისტემის სახელმწიფოებრობაზე იმუნოდეფიციტი - არც ერთ დონეზე არ დასმულა აუცილებელი კითხვა და არც ერთ ჩინოვნიკს არ გამოუჩენია ინიციატივა, მის სამოქმედო არეალში,  მისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დეფიციტის დასაძლევად. სხვა შემთხვევაში, კანონპროექტების განხილვის უკვე საწყის ეტაპზე, მთავრობის აპარატის,ან საქართველოს პარლამენტში იურიდიული დეპარტამენტისა და საბიუჯეტო ოფისის დონეზე მაინც, უნდა „დაეხარვეზებინა“ ის კანონპროექტები, რომელიც დღეს განხილვის პროცედურებს გადის.

 

კანონპროექტების მიღების სასარგებლოდ თუნდაც ერთი სერიოზული არგუმენტის არარსებობის გამო, ჩვენი დასკვნა იყო ინდუქციური - კანონპრექტი წარმოადგენს მისი ინიციატორების პერსონალური ინტერესების რეალიზების მექანიზმს. ამას ადასტურებს კანონპროექტის 1 ოქტომბრამდე (საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე) ამოქმედების „მისწრაფება“, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისა და ვიცე - პრეზიდენტის პოსტის დამატება და ე.წ. „კადრების პორტირების“ მექანიზმი, ხოლო, საქართველოს მმართველობით სისტემას „გონების თვალზე“ ხელი აქვს აფარებული და „გაატარა“ ასეთი ინიციატივა.

 

შეხვედრაზე, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის გაუქმებისა და მისი ფუნქციების ეროვნული ბანკისათვის გადაცემის სასარგებლოდ დასახელდა: 

 

1. რამოდენიმე ქვეყნის პრაქტიკა; 2. კაპიტალის ბაზრის რეგულატორთან ერთად ყოფნის სინერგია; 3. საქართველოს ეროვნულ ბანკში უკეთესი მატერიალურ - ფინანსური პირობები; 4. პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლება. 

 

1. არ არსებობს ორი ქვეყანა, სადაც ერთნაირად იყოს მოწყობილი აღნიშნული სფეროების ზედამხედველობა. მნიშვნელობა აქვს მოცემულ ქვეყანაში არსებულ გარემოსა და სტრუქტურებს. ფორმალურად, ევროკავშირის ქვეყნებში, აბსოლუტირ უმრავლესობაში აღნიშნული სფეროები საბანკო სისტემის გარეთაა. ამას ამტკიცებდნენ, თვითონ ავტორები 2016 წელს (იხ. სატელევიზიო გადაცემის 2016 წლის 20 აპრილის ჩანაწერი https://www.youtube.com/watch?v=VLdwN8nvpW8);

 

2. არსებობს ასეთი პრაქტიკა აშშ და ანგლო - საქსური სამართლის ქვეყნებში, მაგრამ ყველა ამ ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის რეგულირება საბანკო სფეროსგან ავტონომიურია. საქართველოშიც რომ ასე იყოს, მაშინ, არგუმენტი მისაღები იქნებოდა, მაგრამ საქართველოში კაპიტალის ბაზარი ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშაა მოქცეული, რაც მსოფლიო მაშტაბით ნეგატიური გამონაკლისია. რატომ უნდა მოხდეს გაერთიანება იქ, სადაც მათი გაერთიანებით მიიღება სინერგია, მაგრამ ეს იქნება უარყოფითი სინერგია, რომელსაც მოჰყვება კონკურენციის შეზღუდვა და ინფორმაციისადმი ასიმეტრიული ხელმისაწვდომობა საბანკო სექტორის სასარგებლოდ?! არგუმენტი იმის მტკიცებას ჰგავს, რომ ძმების, რომელთაგანაც ერთი ციხეშია, მეორე კი - თავისუფალი, ერთად ყოფნის კეთილი ზრახვებით, ერთად ყოფნით მიღებული ძმური სიყვარულის სინერგიის ხათრით, თავისუფალი ძმის დაპატიმრება მოითხოვო! პირველის გათავისუფლება არ იქნებოდა უკეთესი გამოსავალი? 

 

3. თუ მარტო დაფინანსებაზეა საკითხი, მაშინ, ამდენ ორომტრიალს,ჩამოყალიბებული ინსტიტუციური ურთიერთობების ნგრევას, სჯობდა სამსახურის დაფინანსების გაზრდის საკითხი დასმულიყო და გადაწყვეტილიყო. რადგანაც ხარჯების ზრდას, სახელმწიფოს პოზიციიდან, თუ რომელი „ჯიბიდან“ - ეროვნული ბანკიდან, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება, სულერთია. 

 

4. პოლიტიკური პროცესებისა და გავლენებისგან დაცულობა ეროვნული ბანკის სისტემაში შეიძლება მეტი იყოს, ამ ინსტიტუტის დახურული ხასიათის გამო, მაგრამ ეს არაა შეუქცევადი მოცემულობა. თუ ეროვნული ბანკი ასე დათმობს პოზიციებს, ის შეიძლება „ჩაეფლოს“ პოლიტიკურ ორომტრიალში. ამასთან, ეროვნული ბანკის დახურული ხასიათი, შემოთავაზებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, დიდი ბარიერი იქნება საზედამხედველო სფეროს წარმომადგენლებისა და ათი ათასობით მომსახურების მიმღები პირისათვის.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი ინსტიტუციურად დღევანდელ საქართველოში მიმდინარე მომენტისთვის,  ჩემი აზრით, საუკეთესო სტრუქტურაა. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ იყო. აღნიშნულის მისაღწევად ბევრი შრომა, ოფლი და სისხლია დაღვრილი, არც თუ ისე შორეული წარსულში!

 

საქართველოში არც ერთი პოლიტეკონომიური პროცესი ჯერჯერობით შეუქცევადი ფორმით არაა დასრულებული. ეს ეხება ეროვნულ ბანკსაც, სადაც დროდადრო ხდება მისთვის ატიპიური ფუნქციებისა და სტრუქტურების ინპლანტაცია: ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულატორის ფუნქციები, საპენსიო სააგენტოს ზედამხედველობა და სხვ., ამას ემატება ახალი შემოთავაზება, საერთოდ ფინანსური ინსტრუმენტებისა და ინფორმაციის წარმოებაზე ზედამხედველობა. ყოველივე ეს,  ეროვნული ბანკის ფინანსების სფეროში მისთვის განკუთვნილი საკრედიტო სივრცის საზღვრების დარღვევას,ზრდის მის „ფინანსიზაციას“, რამაც კრიტიკული მასის დაგროვების შემთხვევაში, შეიძლება იმოქმედოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ აღნიშნულის გამო, მაგალითად კაპიტალის ბაზარი პათოლოგიურად ვითარდება მხოლოდ სასესხო ფასიანი ქაღალდების „საბითუმო“ ვაჭრობის მიმართულებით,  წილობრივი ფასიანი ქაღალდების ვაჭრობის სტაგნაციის პირობებში.

 

3 ივნისამდე,  ჩვენთვის უცნობი იყო,  განსახილველ კანონპროექტებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიცია. ამ დღეს გახდა ცნობილი ეროვნული ბანკის პირველი ივნისის N 2-14/1405 წერილის შესახებ, რომელიც გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი კოვზანაძეს, ამ უკანასკნელის მიერ კანონპროექტებზე ეროვნული ბანკის პოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას ხელმოწერით.

 

წერილში მოცემულია ათეულობით „ცვლილებისა და დაზუსტების“ მოთხოვნა ეროვნული ბანკისგან, მაგრამ არაა მთავარი - კანონპროექტების, უპირველეს ყოვლისა, მისი მონაწილეობის გარეშე მის საკურატორო „საქართველოს ეროვნული ბანკის“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეფასება - თვლის მიზანშეწონილად მის მიღებას თუ არა. მოცემული არაა, არც ინსტიტუციური შეფასება, რამდენად მისაღებია ეროვნული ბანკისთვის ეს ახალი „ინპლანტი“ შედის მის კომპეტენციაში თუ არა, შეუწყობს ხელს მის ძირითად საქმიანობას თუ არა, უკეთესად გააკეთებს ამ საქმეს, ვიდრე ფინასთა სამინისტრო თუ არა და რატომ? ბოლოს და ბოლოს, არის თუ არა ეს მისი პროფილური საქმიანობა და როგორაა ინტერესთა კონფლიქტის საკითხი, მოდის თუ არ მოდის წინააღმდეგობაში ინსტიტუციური ინტერესები?

 

საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული პოზიცია, უფრო სწორად, უპოზიციობა, არა თუ საიამოვნო, არამედ დასაფიქრებელი საკითხია. ხომ არ არის კავშირი აღნიშნულსა და იმ ფაქტს შორის, რომ წერილზე ხელის მომწერი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა, ამავე დროს არის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საბჭოს წევრი, იმ სამსახურისა, საიდანაც წამოვიდა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების „ვირუსი“?

 

ეროვნული ბანკის წერილი, რომ სინქრონშია, ზემოთაღნიშნული ჯგუფის პირად ინტერესებთან ეს ამ წერილით დასტურდება.

 

საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებში კანონის ამოქმედების ვადა წერია „1 მაისი“. პანდემიის გამო განხილვები გადაიდო და ახალი ვადის „1 ოქტომბრის“ მოთხოვნით, ყოველგვარი ახსნის გარეშე, გამოდის ეროვნული ბანკი თავის წერილში! 

 

უფრო მეტიც, ეროვნული ბანკი ითხოვს, რომ კანონში ჩაიწეროს ის, რასაც ყველა შემთხვევაში, მოვიხსენიებ, როგორც „თავხედურ ღიაობას“, რომლის შესაბამისადაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ჩაიწეროს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, სამსახურში შტატით დასაქმებული თანამშრომლები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, 2020 წლის 1 ოქტომბრიდან, მათივე თანხმობით, საქართველოს ეროვნულ ბანკში უკონკურსოდ გადაყვანილ იქნენ არანაკლებ მათი წლიური შრომის ანაზღაურების ტოლფას თანამდებობებზე. თანხმობის განუცხადებლობის შემთხვევაში, სამართლებრივი ურთიერთობები დარეგულირდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

 

ეროვნულ ბანკს აქ ერთადერთი ცვლილება აქვს განხორციელებული - ნაცვლად „სახელფასო ანაზღაურების ტოლფას“, უწერია „წლიური შრომის ანაზღაურების ტოლფას“!

 

ამ ჩანაწერზე ჩვენი უაღრესად უარყოფითი მიდგომა ვერ გაანელა იურისტის - გიორგი ძიგუაშვილის განმარტებამ, რომ აღნიშნული ეფუძნება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლს. ეს ასე რომ იყოს, რა საჭიროა არსებული ნორმის კიდევ კანონში ჩაწერა? ასე არ არის მრავალი მიზეზის გამო. საკმარისია იმავე კანონის მე-4 მუხლის 1 “ფ“ პუნქტის ნახვა, სადაც მითითებულია, თუ ვისზე არ ვრცელდება ეს კანონი და საიდანაც უკვე მობრუნებით წაკითხული შემოთავაზებული ნორმა პირდაპირ სახელსა და გვარზე მიუთითებს. მთავარი ისაა, რომ ადამიანები, რომლებიც, პროფესიული უნარ -თვისებებით, ჩემი წარმოდგენით, შეესაბამებიან დასახელებულ თანამდებობებს, ასეთი ფორმით მათი მიღწევის შემთხვევაში, არ იმსახურებენ მათ. ამასთან, ის კლავს ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების მომავლის მთავარ დასაყრდენს - არჩევანის უფლებას, თანაბარ შესაძლებლობებს, კონკურენციას!

 

რა თქმა უნდა,  დიდია ვარაუდი, რომ ეროვნული ბანკი ანგარიშს უწევს ჩაფიქრებულ საკადრო ცვლილებებს, როდესაც არ ეწინააღმდეგება საბჭოს წევრებისა და ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობის გაზრდას,  თანაც დათქმით, რომ ერთი ვიცე-პრეზიდენტი აუცილებლად „აუდიტორი“ უნდა იყოს? ბუღალტერი რომ იყოს რა მოხდება? 

 

რაში სჭირდევა ეს ეროვნულ ბანკს?!

 

მან უნდა დაიწყოს არაპროფილური საქმიანობა და ამასთან დაკავშირებული ზედამხედველობითი საქმიანობა, თანაც საბჭოში შეჰყავს აუდიტორები, რითაც მისი გადაწყვეტისუნარიანობა იცვლება არაპროფესიული მიმართულებით.

 

ეროვნული ბანკის ეს განსაკუთრებული ყურადღება „აუდიტორებისადმი“ გვაფიქრებინებს, რომ მთელი ეს საკანომდებლო ცვლილებები მის ინტერესებშია, კულუარებიდან მისი „ინსპირირებულია“, ხოლო, მთელი საკადრო „პორტირება“ ამ ინტერესების საკანონმდებლო რეალიზების ნაცვალგებას წარმოადგენს.

 

რატომ შეიძლება იყოს აღნიშნული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები ეროვნული ბანკის ინტერესებში?

 

ეროვნული ბანკს შეიძლება ჰქონდეს დარგობლივი ინტერესი და სურდეს ყველა შესაძლო ინფორმაციის ჩაკეტვა დარგში ბანკების სასარგებლოდ!

 

ეროვნული ბანკი შეიძლება დაინტერესებული იყოს ფინანსური ბაზრის ყველა სეგმენტის, მათ შორის, ინფორმაციის მონოპოლიზებით ორი მიზეზით: 

 

1. ხელი შეუწყოს კომერციული ბანკების და საბანკო ჰოლდინგების გაძლიერებას, მათ ინფორმაციულ უზრუნველყოფას ისე, რომ მათ არ შეექმნებათ ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენების პრობლემები; 

 

2. გაიიოლოს საბანკო ჰოლდინგების ზედამხედველობა და საკრედიტო რესურსების გადანაწილება, გაზარდოს სასესხო ფასიანი ქაღალდების გარდა, წილობრივი ფასიანი ქაღალდების სასესხო გარანტიებად მოზიდვის წილი. შეიძლება იყოს სხვა მიზეზებიც და აღნიშნულზე პრიორიტეტული.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერესები შეიძლება ემთხვეოდეს მსხვილი სააუდიტორო კომპანიების ინტერესებს. მათ აწყობთ აუდიტორული მომსახურების ბაზრის ზედმეტად რეგულირება და ცენტრალიზებულ დახურულ ინსტიტუტში მოქცევა, ბაზრიდან მცირე და საშუალო აუდიტორული კომპანიების განდევნის მიზნით. ხდება ბაზრის მონიშვნა მათთვის, პირველ რიგში სდპ-ების სახით. ნიშანდობლივია, რომ 2016 წელს მსხვილი საუდიტორიო კომპანიები ხელისუფლებისგან მოითხვდნენ ევროდირექტივების მოთხოვნების პატივისცემას, რომლის მიხედვითავ მარეგულირებელი დამოუკიდებელი უნდა იყოს აუდიტის პროფესიისაგან და თავისუფალი ინტერესთა კონფლიქტისაგან, ამჟამად ჩუმად არიან.

 

შესაბამისად, აღნიშნული კანონპროექტები არ აწყობს წვრილ და საშუალო საბუღალტრო და აუდიტორულ ფირმებს, აგრეთვე, შემფასებლობით კომპანიებს, რომლებსაც ამ კანონპროექტების პერსპექტივით, ასევე ეროვნული ბანკის სისტემაში მოქცევა მოუწევთ.

 

ინგრევა ჩამოყალიბებული წესრიგი კრედიტის სფეროსა და ფინანსთა სფეროს შორის. დაგეგმილი ცვლილება, ავნებს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. ადგილი ექნება ინტერესთა კონფლიქტს ეროვნული ბანკის სისტემაში. ახალი, შემაფერხებელი ბარიერები ჩნდება ეროვნული ბანკის საქართველოს პარლამენტთან და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობებში, ხდება აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის ფუნქციების აღრევა.

 

მოსალოდნელი ცვლილება არ აწყობს მეწარმე სუბიექტებს. მათთვის რთულდება ზედამხედველ ინსტიტუტთან ურთიერთობა,  იშლება დავების წინა-სასამართლო მექანიზმი, ხოლო საკითხის გასარკვევად საქართველოს ეროვნულ ბანკთან სასამართლო დავები გაართულებს მათ საქმიანობას და ბევრი წვრილი და საშუალო მეწარმისთვის საერთოდ მიუწვდომელს გახდის სასამართლო სისტემას.

 

მოსალოდნელია ტრანზაქციის ხარჯების ზრდა, რაც საბოლოო ჯამში იმოქმედებს, როგორც ფასების ზრდის ფაქტორი.

 

ვერ იძებნება ერთი არგუმენტიც კი სახელმწიფოსა და მოსახლეობის მომავლის ინტერესებიდან და პერსპექტივიდან გამომდინარე.

 

თუ თავდაპირველი ვერსია, რომ ადამიანთა ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა თავისი მდგომარეობის გაუმჯობესება, პასუხისმგებლობის ეროვნულ ბანკზე გადაკისრებითა და საკუთარი ბიუროკრატიული ძალაუფლების გაზრდით, რისთვისაც მოიგონეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ვერ შენიშნა მმართველობის სისტემის ვერც ერთმა რგოლმა და ისე მიაღწია საქართველოს პარლამენტამდე, იყო სწორი, მაშინ, მას შემდეგ, რაც ეს ქმედება „გაიშიფრა“, მათ შორის ჩვენს მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარისადმი მიწერილი წერილებით, უნდა მომხდარიყო ამ კანონპროექტების დახარვეზება,  ან უკან გამოწვევა.

 

ეს არ მოხდა.

 

 უფრო მეტიც, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ ხნის განმავლობაში, არ გამოხატა მიმდინარე კანონპროექტსადმი არც დადებითი, არც უარყოფითი შეფასებითი პოზიცია, რაც ბადებს ვარაუდს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თავისთვის ასეთ რეპუტაციულ დათმომბები, არ ეტევა ხილულ მიზეზებში და საკანონმდებლო ცვლილებების მთელი ინტერესი უფრო ეროვნულ ბანკზე პოლიტიკური გავლენების ზრდის გეგმაშია (საბჭოს წევრების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი არჩევნების წინ).

 

ხვალ, 17 ივნისს, საკითხი გადის საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბევრი რაღაცა გაირკვევა.

 

 

16-06-2020, 12:58
უკან დაბრუნება