ივერიონი / კი, ეს ასეა, მაგრამ... ანუ ცვლილება, რომელიც მხოლოდ მათ აწყობთ!

კი, ეს ასეა, მაგრამ... ანუ ცვლილება, რომელიც მხოლოდ მათ აწყობთ!

 

 

ჩანაწერები შეხვედრების ქრონიკიდან

 

 

 

იური პაპასქუა,

ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

სუ პროფესორი, საბფმფ-ის აღმასრულებელი დირექტორი

 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნულ ბანკისთვის გადაცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის სახელით ინიცირებულ საკანონმდებლო აქტების პაკეტს ხმაური მოჰყვა - პროფესიის  წარმომადგენლებმა, სპეციალისტებმა და აკადემიურმა წრემ მკვეთრად ნეგატიური განწყობა გამოხატეს.

 

ინტერესთა ჯგუფის მიერ ჩუმად მომზადებული პროექტი ძალაში 1 მაისიდან უნდა შესულიყო. საქართველოს ბიზნეს-ასოციასიისგან შემთხვევით, სრულიად სხვა სამიზნე აუდიტორიაში გაცხადებულ მოულოდნელ (მოსალოდნელ) ცვლილებებზე ქართულმა აუდიტურმა კომპანიებმა, აგრეთვე ბუღალტრების უმეტესობამ ინფორმაცია და პირველი, მწვავედ კრიტიკული შეფასებები ჟურნალის „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“ მთავარი რედაქტორის, აუდიტური კონცერნ „ცოდნისას“ მმართველი პარტნიორის გიორგი ცერცვაძის სტატიიდან მიიღეს (ააფ, №2(242), 2020 წ.).  

 

მოგვიანებით, საინფორმაციო ანალიტიკურ სააგენტო „ივერიონის“,  საინფორმაციო სააგენტო „ეკონიუსის“, ასევე საზოგადოებრივი ქსელის მეშვეობით გავრცელდა, პარლამენტის ვებ-გვერდის შესაბამის ველშიც განთავსდა ცნობილი მეცნიერის, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მიხეილ ჯიბუტის ღია წერილების სერია პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის (თავმჯდომარის, საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის, წევრების) მიმართ („გიორგი გახარია მემკვიდრეობით მიღებული კანონდარღვევით წავა?“ 15-05-2020; „მთავრობის მიერ ეროვნული ბანკის მცოცავი ოკუპაცია, თუ ფინანსიზაცია?“ 27-05-2020; „პარლამენტი პარლამენტის წინააღმდეგ?“ 1-06-2020), რომლებშიც აღწერილია საკანონმდებლო აქტების პაკეტის მომზადებისა და წარდგენის, აგრეთვე პარლამენტში დაწყებული პროცედურების მსვლელობისას დაშვებული დარღვევების ნუსხა. საკუთარ  შეხედულებებთან ერთად, ღია წერილებში მიხეილ ჯიბუტმა საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პოზიცია გააჟღერა. აქ იმდენად ძლიერი „წერტილოვანი დარტყმები“ და შეუდავებელი არგუმენტებია, რომ „ქვა ქვაზე არ დარჩა“. ამის შემდეგ, კანონპროექტების პაკეტის მიღების პროცედურები თუ კი გაგრძელდა, ახალ სამოხელეო დანაშაულს დაედება სათავე.

 

ამავე საინფორმაციო სივრცეში გამოქვეყნდა ჩემი გამოხმაურებები და კრიტიკული მოსაზრებები პროექტის ავტორთა განზრახულობაზე („აქცენტები პოსტპანდემიური პერიოდისთვის...“ 21-05-2020; „მოდის კორონავირუსის ნამოქმედარზე დამანგრეველი ნიაღვარი“ 28-05-2020; „მიღებულ გადაწყვეტილებას მიდევნებული განხილვის ქრონიკა“, 29-05-202; „ტროას ცხენი პარლამენტში ანუ სამოხელეო სინერგია“, 2-06-2020). მათში წარმოდგენილია პროექტის შესაძლო ნეგატიური გავლენა პროფესიისა და ეკონომიკის მიკრო/მაკრო სფეროების განვითარებაზე. არც ეს პუბლიკაციებია ყურიდან ყურში გასატარებელი, მით უფრო, პროფესიულმა აქტივმა და სპეციალისტებმა ეს შენიშვნები სრულად გაიზიარეს.  

 

გარკვეულწილად, პანდემიამ შეაფერხა პროექტის ჩქაროსნული მსვლელობის განრიგი, თუმცა, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის და ზედამხედველობის სამსახურის „ახალი ხედვის“ გუნდს ცდა არ შეუზღუდავს მოქმედი პარლამენტის ბოლო სესიას არჩევნებამდე მიაღებინონ „რეფორმის დამასრულებელი“ ცვლილებები.

 

ამ მიზნითა და აწ უკვე აზვირთებული წინააღმდეგობის ჩასაცხრობად, 28 მაისს შესდგა კანპროექტების პროფესიული ორგანიზაციებისთვის გაცნობითი დისტანციური შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, ზედამხედველობის სამსახურის და ორი პროფესიული ორგანიზაციის - ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფ) და აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიული ფედერაციის (საბფმფ) წარმომადგენლები.

 

შეხვედრამ ცხარე კამათში და ფაქტობრივად, მოსაზრებათა შეჯერების მიუღწევლად, ჩაიარა - პროფესიის წარმომადგენლებმა ვერც ერთ შენიშვნასა და პრობლემურ საკითხზე ვერ მიიღეს დამაჯერებელი, მით უმეტეს, დამაკმაყოფილებელი პასუხი - ეს უფრო უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე „აღნიშვნისთვის“ მიდევნებულ განხილვას ჰგავდა.

 

მიმდინარე წლის 3 ივნისს, კანონპროექტების პაკეტის შემქმნელთა ჯგუფის ინიციატივით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა კიდევ ერთი დიალოგი საჯარო პუბლიკაციების განსაკუთრებულად აქტიურ ავტორებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იური დოლოძე, ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ძიგუაშვილი.

 

კრიტიკული პუბლიკაციების ავტორებიდან მიწვეულები იყვნენ: მიხეილ ჯიბუტი  (შეხვედრაზე წარმოადგენდა საკუთარ პოზიციასა და  საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიას) და იური პაპასქუა (შეხვედრას ესწრებოდა პროფესიული აქტივის, აკადემიური წრის ნაწილისა და აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის მანდატით).

 

შეხვედრას უძღვებოდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. 

 

მან ისაუბრა კანონპროექტების დაჩქარებულად მიღების, კაპიტალის ბაზრის გააქტიურების, ზედამხედველობის დამოუკიდებლობის გაზრდის აუცილებლობისა და სხვა მოტივებზე (ძირითადად ისე, როგორც ეს კანონპროექტების პაკეტზე დართულ შაბლონურ განმარტებით ბარათშია გაცხადებული). შეხვედრის მონაწილენი შეეხნენ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთა ეროვნულ ბანკში უკონკურსოდ გადაყვანის (კანონპროექტების ავ-კარგიანობაზე მსჯელობა სწორედ ამ იურიდიულად გაუმართავი ფრაგმენტიდან დაიწყო), მცირე და საშუალო აუდიტორული ფირმების (ქართული აუდიტორული კომპანიების) ადგილის, პროექტზე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან კონსულტაციების გათვალისწნების, ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის გადაცემის ადრე დაწუნებული საკითხის ხელახლა დაბრუნების, ეროვნული ბანკის სტუქტურაში ფასიანი ქაღადების ბაზრის ზედამხედველობის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბების და სხვა დაკავშირებულ საკითხებს.

 

დისკუსია მშვიდ, თუმცა, განსხვავებული შეხედულებების დაპირისპირების  ატმოსფეოში თითქმის ორი საათი გაგრძელდა. კითხვებიც და პასუხებიც უკეთესი რეგულაციის მიღების/წარმოჩენის სურვილით იყო დამუხტული. მთავარ საკვანძო პირობებზე მხარეები თანხვედრ პოზიციას გამოხატავდნენ კიდეც, მასპინძლები ადასტურებდნენ, რომ: კი, ეს ასეა, მაგრამ... მოცემულ შემთხვევაში, პროექტის წარმოდგენილი ვერსია უნდა მივიღოთ!

 

აშკარა იყო, რომ პროექტის ავტორებს „რეფორმების“ გაგრძელების სურვილი ნამდვილათ აქვთ, ღრმად არიან დარწმუნებულნი, მათ მიერ მომზადებული ვარიანტის სისწორეში, ყველა გზით, ფორმით, გამოხატვის საშუალებით ცდილობენ შავი თეთრად დაგვანახონ და საპირისპირო საფუძვლიანი შენიშვნების, არგუმენტების თუ გამოცდილების მიუხედავად, არცერთი ბწკარის დათმობასაც არ აპირებენ!

 

ზოგადად, კანონის მიღების დროს მხარეთა შორის შეთანხმება, კომპრომისი ან გარიგება ნაცადი ყოველდღიურობაა, მაგრამ ჩემთვის სწორედ ეს არის მიუღებელი. კანონშემოქმედება ყველაზე მოწინავე შეხედულებებს, საუკეთესო პრაქტიკას, სრულყოფისკენ სწრაფვას, მიზანშეწონილობას, სახელმწიფოებრივ ინტერესებს  უნდა ეფუძნებოდეს და არა ვინმეს მიკერძოებით სიჯიუტეს, ამბიციურ სურვილს,  აკვიატებულ პარტიკულარულ ნებას.

 

შეხვედრაზე მკაფიოდ ითქვა, რომ ფასიანი ქაღდების ბაზრის ზედამხედველობას დიდი ხანია ეროვნული ბანკი ახორციელებს, თუმცა, ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში ვერ განვითარდა. კაპიტალის ბაზრის ფორმირება, რითაც კანონპროექტის ინიციატორები აპელირებენ, წარმოუდგენელია საფონდო ბირჟების გარეშე. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საბირჟო ურთიერთობების გამოცოცხლება ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროში მოქცევამ გასრისა, პირწმინდად ჩაკლა. კომერციულ ბანკებს ბირჟების განვითარება ხელს არ აძლევს - თავისუფალი ანაბრები და დეპოზიტები მაშინ ფასიან ქაღალდებში გადაინაცვლებს; სავალუტო კურსების დადგენაც მართული კონტროლისგან განთავისუფლდება.

 

თავისი არსით, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში არ უნდა იყოს (ამ აზრს შეხვედრის მონაწილე მასპინძლებიც იზიარებდნენ). აქედან, ქვეყნის ეკონომიკამ სარგებელი ვერაფერი მიიღო - ეს უდავო ფაქტია. იგივე ელის აუდიტურ და საშემფასებლო საქმიანობას. მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ბუღალტრული აღრიცხვა საგადასახადო დეკლარირებას დაუბრუნდება და ამ სივრციდან ვეღარ გააღწევს.

 

დაზღვევის ზედამხედველობაც ეროვნული ბანკის მეურვეობით ხორციელდებოდა. გარკვეული პერიოდი (2008 წლის 14 მარტიდან), სადაზღვევო სექტორზე საზედამხედველო ფუნქციები შეითავსა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტომ – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით შექმნილმა ორგანიზაციულმა სტრუქტურამ. მოგვიანებით კი (2009 წლის 24 სექტემბერიდან 2013 წლის 20 მარტამდე) სადაზღვევო სექტორზე საზედამხედველო ფუნქცია შეითავსა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (მის სტრუქტურაში ერთ–ერთ ქვედანაყოფად - დეპარტამენტის სახით ჩამოყალიბდა). მაგრამ აქედანაც არაფერი გამოვიდა. შემდგომ ის გარდაიქმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო.

 

ეს ერთ-ერთი იმის საყურადღებო არგუმენტია, თუ რა განვითარების პერსპექტივა აქვს ბუღალტრულ აღრიცხვას, აუდიტს და საშემფასებლო საქმიანობას ეროვნულ ბანკზე მათი ზედამხედველობის ფუნქციის გადაცემის შემთხვევაში. აქ ისიც კარგად იკვეთება, რომ სხვა გზაც არსებობს - უფრო მართებული და დანიშნულებისთვის ყველაზე მისაღები: დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შექმნა!

 

ეროვნული ბანკისთვის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის ფუნქციის დაკისრების საკითხი ერთხელ უკვე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის მიღების დროს აქტიურად განიხილებოდა. მაშინ საღმა აზრმა გაიმარჯვა და გადავრჩით ამ გაუგებრობის თავსმოხვევის დაჟინებული ცდისგან.

 

მაშ, რატომ ვუბრუნდებით ერთხელ უკვე დაწუნებულ პერსპექტივას? - სრულიად ბუნებრივ ამ შეკითხვაზე კანონპროექტის პაკეტის შემქმნელ ჯგუფს დამაჯერებელი პასუხი არ გააჩნია.

 

კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ შეცდომა იყო მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და გამოქვეყნების ვალდებულების (დროებით) შეჩერება. მედროვე ჩინოვნიკების მიერ „წინასაარჩევნო უკმაყოფილების“ მოლოდინის განრიდების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას შეეწირა ამ მიმართულების მიმდინარე რეფორმის წარმატებული სტარტი. ბუღალტრებისა და აუდიტორების მიერ ფინიშამდე მიტანილი საერთო ძალისხმევა ნემსის წვერით გაჩხვლეტილი ბუშტივით ჩაიფუშა. ამ გადაწყვეტილების შეფასებაშიც შეხვედრის მონაწილეებმა თანხვედრი პოზიცია დააფიქსირეს და ამის მთავარ მიზეზად ზედამხედველობის სამსახურის უწყებრივი (ფინანსთა სამინისტროს) დაქმემდებარება დასახელდა. თუმცა, შეხვედრის ინიციატორებმა გამოთქვეს მტკიცე რწმენა, რომ ეროვნული ბანკის პირობებში ასეთი რამე არ მოხდება (იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი უწყებაა და სახელისუფლო შტოების „დავალებებისგან“ დაცულია).

 

ქილევსის ქუსლიც სწორედ აქ არის - ეროვნული ბანკი მთავრობის ზეწოლისგან კი არის თავისუფალი, მაგრამ ბუღალტრულ აღრიცხვას, ანგარიშგებასა და აუდიტს, აგრეთვე საშემფასებლო საქმიანობას სრულიად სხვა (ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნებისგან თავისუფალი), დამოუკიდებელი ზედამხედველობა სჭირდება. კანონპროექტების პაკეტის თანახმად, აღნიშნული სფეროების ზედამხედველობის ფუნქციას ეროვნული ბანკი იერთებს და ისე წარმართავს, როგორც  ეს ამ უწყების ხელმძღვანელს აზრად მოუვა (წარმოდგენისთვის, შეგიძლიათ გაიხსენოთ ეროვნული ბანკის წინა პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძისეული პოლიტიკური დემარშები, „ხელშეუხლებლობა“ და „დამოუკიდებელი“ გადაწყვეტილებები), რაც საიმედო ან თუნდაც მიმზიდველი პერსპექტივა სულაც არაა.

 

პროფესიის წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ აუდიტურმა საქმიანობამ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აიდგა ფეხი. მავანთა ხელშეწყობით, ახლადშექმნილი ქართული აუდიტური კომპანიები იმთავითვე დიდი ოთხეულის „ნასუფრალზე“ აღმოჩნდნენ. მერე, ზედაპირზე შემორჩენილი ნაღების თხელი ფენა საერთაშორისო ქსელის კომპანიებმა სრულად მოხადეს. ქართულ აუდიტურ კომპანიებს ნივრის ქერქი - მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოები შერჩათ. მათ კი საერთასორისო სტანდარტების შესაბამისი ფინანსური აღრიცხვა  და აუდიტი არაფერში ჭირდებათ.

 

ბაზრის ულმობლობამ შეცოდება არ იცის! თუმცა, არსებობენ ინტერესები (მოქალაქეთა დასაქმება, საკუთარი ინსტიტუტების მომძლავრება, კადრების მომზადება და სხვა), რისთვისაც აუცილებელია ბაზრის მარეგულირებელ მექანიზმში მართვის სახელმწიფოებრივი აზროვნების ენერგიული ჩართვა, მაგრამ მას კანონპროექტის შემქმნელი ჯგუფი და „ლობისტური ფარისევლობა“ მედგრად ეღობება.

 

მხოლოდ მოთხოვნები, შეუსრულებლობის შემთხვევაში - ჯარიმები და მოშთობა კი არა, ქართულ აუდიტორულ კომპანიებს ხელშეწყობა, თანადგომა, დახმარება სჭირდებათ. ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში ზედამხედველობის სამსახური აღნიშნულზე ნაკლებად წუხდა, ეროვნულ ბანკზე დაქვემდებარების შემთხვევაში კი ქართული აუდიტორული კომპანიების განვითარების პერსპექტივა, ფაქტობრივად, ნულის ტოლია და მაინც აქეთკენ მივექანებით - ზედამხედველობის უწყებრივი სახეცვლილებით, უფრო ხელსაყრელ პირობებში კვლავ „დიდი ოთხეულისა“ და საერთაშორისო ქსელის კომპანიები აღმოჩნდებიან.

 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის დამოუკიდებლობის გაზრდის მოტივებს როცა ოპონენტები იშველიებენ, იქვე საპასუხო არგუმენტად ყოველთვის აღიძვრება დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შექმნის მოსაზრება. სამიზნე აუდიტორიისთვის ეს აზრი კარგადაა ნაცნობი. ჯერ კიდევ 2012 წლის კანონის მიღების დროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სახელმწიფო რეგულირების შემოღება და მისი დამოუკიდებელი ორგანოს სახით ჩამოყალიბება იყო ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. 

 

განვითარების პერსპექტივა სწორედ აქეთკენ უნდა მივმართოთ. სსიპ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნა ის მოდელია, რომელიც ანალოგად გამოდგება, თუმცა, ეს მათთვის მიუღებელია და იქმნება მონუსხული წრე, რომელში ჩარჩენა პროფესიითვის მომაკვდინებელია, ქვეყნისთვის საზიანო, ოპონენტებმა  კი სხვაგვარი ფიქრი არ იციან!!!

 

16-06-2020, 13:09
უკან დაბრუნება