მთავარი გვერდი > ფარისევლობისა და განდიდების აპოთეოზი!

ფარისევლობისა და განდიდების აპოთეოზი!


19-06-2020 / 10:11

ფარისევლობისა და განდიდების აპოთეოზი!

გუშინ, ახალგაზრდა კალმოსანმა, უდაოდ პატრიოტული სულისკვეთების ქართველმა ვაჟკაცმა,  ფრიდონ ზოიძემ,  სოციალურ ქსელში „მამხილებელი“ სტატუსი დადო.

 

მე პირადად, არ მომწონს, როცა საჯარო სივრცეში ადამიანები ერთმანეთს ანგარიშს უსწორებენ, მითუმეტეს, არ მომწონს, როცა მავანი და მავანი ბოლომდე შემოიხევს ტანსაცმელს, რომ ვიღაცას „ერთგულება“ დაუმტკიცოს, ან უაზრობამდე დასული ინიციატივის „მუნდირის ღირსება“ დაიცვას!

 

არ ვიცი, რა მოხდა სინამდვილეში (არც მაინტერესებს დეტალებში ჩაღრმავება) და რამ გააღიზიანა ასე ფრიდონ ზოიძე, მაგრამ, ერთი რამ ფაქტია: აურზაური სალხინეთში ცარიელ ნიადაგზე არ აღმოცენდებოდა!

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტური მსაჯულის მისიას ვერ ვიკისრებ - მტყუან-მართალი უფალმა განსაჯოს, მაგრამ, ერთს დაბეჯითებით ვიტყვი: როცა ახალი ინიციატივით გამოდიხარ და თანამოაზრეების შემოკრებას ცდილობ, თავიდანვე უნდა გათვალო, რომ ყველა შენს ჩანაფიქრს და გემოვნებას ვერ მოერგება - მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა ინტერნეტი საშუალებას იძლევა ყველამ თავის აზრი ღიად დააფიქსიროს...

 

როგორც ფრიდონ ზოიძე წერდა, ის საკუთარი აზრის ღიად  დაფიქსირების გამო დაბლოკეს „21 საუკუნის ქართული პოეზიიდან“, ხოლო, მისი ლექსები წაშალეს!

 

მე პირადად, არათუ არ მეწყინებოდა ასეთი ვერდიქტი გვერდის ადმინისგან, არამედ, საერთოდ ცხვირსაც არ შევყოფდი იქ, სადაც ჩემი ადგილი არ არის. მითუმეტეს, განგაშს არ ავტეხდი: ნახეთ, როგორ მჩაგრავენ-მეთქი! თუმცა, ყველა ისე იქცევა, როგორც თვითონ წარმოუდგენია, რომ მოიქცეს! ამ სიტყვებით ზოიძის დაკნინებას კი არ ვცდილობ, უბრალოდ, გულწრფელად ვამბობ, თუ როგორ მოვიქცეოდი პირადად მე!

 

ზოიძის სტატუსზე ძალიან მოზომილად დავაკომენტარე და ახლაც გავიმეორებ: როცა ზემოთხსენებული ლიტერატურული გვერდი შეიქმნა, საკუთარი მოსაზრება პირადად  გავაცანი გვერდის მთავარ ადმინს და სულისჩამდგმელს, თემურ ცერცვაძეს, რომელიც ჩემი სტუდენტობისდროინდელი მეგობარია. ჯენტლმენურად იმაზეც შევთანხმდით, რომ კრიტიკისგან თავს შევიკავებდი და თუ ვერ დავეხმარებოდი, ხელსაც არ შევუშლიდი! ყოვლთვის ვცდილობ, შეთანხმება არ დავარღვიო.

 

ლიტერატურული ინტერნეტგვერდის კრიტიკას არც ახლა ვაპირებ, თუმცა, მოკრძალებით ვიტყვი, რომ ჩემი ემპირიული დაკვირვებით, გვერდი სახელწოდებას ვერ ამართლებს, რადგან, რაც იქ ქვეყნდება (არის გამონაკლისებიც, რომელსაც თამამად შეიძლება დაარქვა პოეზია) თუ ეს არის 21 საუკუნის პოეზია, დაღუპულა ქართული ლიტერატურის საქმე და ეგაა!

 

არ ვეთანხმები მავანთა აზრს, რომ ინტერნეტ გვერდებზე ყველაფრის ჩაყრა შეიძლება და თავად მკითხველი განსჯის, რომელია კარგი და რომელი ცუდი!

 

არა, ბატონებო და ქალბატონებო - თუ ლიტერატურული გვერდების მისია მხოლოდ ეს არის, მაშინ უაზრობამდე დავდივართ - ფეისბუქი ნებისმიერს აძლევს შექმნას  ლიტერატურული გვერდი, დადოს ლექსები საკუთარ ფეისგვერდზე - თვითონაც დატკბეს და სხვასაც მოაწონოს საკუთარი „შედევრები“!!!

 

„21 საუკუნის ქართული პოეზიის“ მსგავსი ლიტერატურული გვერდების დანიშნულება კი არსებითად განსხვავებულად წარმომიდგენია - უნდა არსებობდეს ლიტერატორ-კრიტიკოსთა ჯგუფი, რომელიც ობიექტურად შეაფასებს გვერდში გამოსაქვეყნებელ ლექსებს თუ პროზაულ ნაწარმოებებს და რეკომენდაციას გაუწევს ლიტგვერდის მესვეურებს. ამით მკითხველს საშუალებას მივცემთ ადვილად გაიკვლიოს გზა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ლაბირინთებში და მოზღვავებული ხლამისგან  არ დაანაგვიანოს საკუთარი სული და ცნობიერება!

 

მე თქვენ გეკითხებით: თუ ლიტვერდს ამ მისიას არ დავაკისრებთ, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ, მის არსებობას?! ამის შექმნა,  თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით, ხომ ყველას შეუძლია და ქმნიან კიდეც?!

 

დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, რადგან, არანაირი აზრი არა აქვს, რომელიმეს გამორჩევას - ყველა მათგანი ისედაც ტყუპისცალივით ჰგავს  ერთმანეთს!

 

აქედან გამომდინარე, ასეთ ლიტვერდებს ზიანის მოტანა უფრო შეუძლიათ, რადგან, ისინი საკუთარი „ქოლგის“ (ბრჭყვიალა სახელწოდების) მიღმა მხოლოდ საკუთარ ამბიციებს იკმაყოფილებენ შორსმიმავალი ავანტურისტული ჩანაფიქრებით. ამ შემთხვევაში, ფარისევლობა და განდიდების მანია ერთმანეთთანაა შეზავებული!!!

 

...ისევ ფრიდონ ზოიძის გუშინდელ სტატუსს დავუბრუნდეთ: ზოიძის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა ურთიერთბრალდებების „ცეცხლი“ დაანთეს. შედეგი? ნული.

 

მტყუან-მართალს ეშმაკიც ვერ გაარკვევს! დრო და ენერგია კი იმდენი დაიხარჯა, მითუმეტეს, იმდენი „მარგალიტები“ დაიღვარა ფეისსივრცეში, სჯობდა, ეს ძვირფასი დრო კეთილი საქმეებისთვის დაგვეთმო...

 

გუშინ კომენტარში ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: არავის ვადარებ, მაგრამ, ფრიდონ ზოიძის ლექსები იმ ლიტგვერდში გამოქვეყნებულთა 80 პროცენტზე ნაკლები ნამდვილად არ არის! თუ მას საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირება დაუწუნეს და ამიტომ დაბლოკეს, მით უარესი - როცა ასეთ მისიას კისრულობ და შემოქმედთა გაერთიანება გინდა, ყველას საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება უნდა მისცე, რაც არ უნდა მძიმედ მოსასმენი იყოს იგი! დღევანდელ  ინტერნეტ ეპოქაში, როცა ელექტრონულმა მედიამ თითქმის ჩაანაცვლა ბეჭდური მედია და ეს პირდაპირ აისახა ლიტერატურულ გამოცემებზეც, ლიტერატურული ინტერნეტგვერდების აუცილებლობა სახეზეა. ოღონდ, ეს სხვანაირად უნდა გაკეთდეს, რომ მან თავისი მისია შესარულოს და მკითხველს სარგებლობაც მოუტანოს!

 

მოზღვავებულმა ინტერნეტგვერდებმა, რომლებიც ფირმალურ ხასიათს ატარებენ და გუშინდელმა ინციდენტმაც, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, ჭეშმარიტი ლიტერატურული (ელექტრონული ვერსია) ვებგვერდებისა და ლიტერატურული ჟურნალის არსებობის აუცილებლობაში. ვიფიქრებ ამაზეც, თუ ელემენტარული მხარდაჭერა მექნება. აი, მერე მაკრიტიკეთ, რამდენიც გინდათ.

 

თქვენი ხმალი და ჩემი კისერი!

 


უკან დაბრუნება