ივერიონი / კორონავირუსის ექო: ბიოლაბორატორიები

კორონავირუსის ექო: ბიოლაბორატორიები

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ანტიტერორისტული კვლევის ცენტრის დირექტორი, ბადრი ნაჭყებია ინტენსიურად მუშაობს მსოფლიო ტერორიზმისა და ლობისტური საქმიანობის პრაქტიკის კვლევაზე.

 

ამ რამდენიმე თვის წინ გამოცემულმა მისმა მონოგრაფიამ „ტერორიზმის ისტორია“ თავისი სიღრმითა და არგუმენტირებული მსჯელობით, საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია სპეციალისტთა წრეში და ტერორიზმის თემით დაინტერესებულ მკითხველში.

 

ამჯერად მისი დაინტერესების საგანს წარმოადგენს ბიოლაბორატორიების არსებობა პოსტსაბჭოთა სივრცეში.

 

გთავაზობთ მის მიერ მოკვლეულ სტატიებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

 

 

აშშ-ის სამხედრო ბიოლაბორატორიების საკითხის გარშემო:

 

ვინ გახდება ამერიკელების მსხვერპლი სომხურ მიწაზე?

 

ავტორი: სერგეი შაქარიანცი

 

ამერიკელების მიერ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სამხედრო ბიოლაბორატორიების გახსნის პრობლემა ალბათ მინიმუმ უკვე 2013-14 წლებიდან არის ცნობილი. თანაც საუბარია არა მხოლოდ დსთ-ს წევრ ქვეყნებზე, არამედ, დსთ-დან დიდი ხნის წინათ გამოსულ უკრაინასა და საქართველოზეც!

 

აშშ-ის საბაზისო ცენტრალური რეფერენს-ლაბორატორიები (ცრლ), რომლებსაც ემატება ნაკლებად მსხვილი ზონალური სადგურები, უკრაინაში 2010 წლიდან მოქმედებს, საქართველოში - 2011 წლიდან, ყაზახეთში კი - 2015 წლიდან. კანადამ ცრლ-ს შექმნა ყირგიზეთში სცადა. აქვე განვმარტავთ: რეფერენს-ლაბორატორიები იქმნება ჯანდაცვის ეროვნული ორგანოების მიერ, განსაკუთრებით საშიში ინფექციების დიაგნოსტიკისა და მათი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. აშშ-თან თანამშრომლობის ცალკეულ პროგრამებში ჩართულია ასევე სომხეთი, აზერბაიჯანი და უზბეკეთი. 

 

ბუნებრივია, აშშ აცხადებს, რომ ამ ობიექტების მოღვაწეობას მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულება აქვს. ყველა ობიექტი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სახსრებით იგება. ამასთან, მათი ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება მსგავს სამოქალაქო უწყებებზე გასაწევ ჩვეულებრივ ხარჯებს. ამიტომ ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, ვიფიქროთ, შესაძლოა იქ ორმაგი დანიშნულების ძვირადღირებული მოწყობილობებია განთავსებული. თანამშრომელთა რიცხვი - 50-დან 250-მდე ადამიანი მნიშვნელოვნად აჭარბებს პერსონალის იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა გაცხადებული მიზნების მქონე სამოქალაქო ავტომატიზებული ლაბორატორიების მომსახურებისთვის. 

 

რუსეთის, ჩინეთისა და ირანის საზღვრების პერიმეტრზე განთავსებული ლაბორატორიული კომპლექსების სისტემა პოტენციურად პენტაგონს უამრავი ამოცანის გადაჭრის საშუალებას მისცემს. მაგალითად, ტერიტორიულ მიკროორგანიზმებზე ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობას, რუსეთის, ირანისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ ახალი თაობის მაღალეფექტური თავდასხმითი ბიოლოგიური შეიარაღების შესაქმნელად. 

 

2016 წლიდან სომხეთის საზოგადოებრიობამაც შემოჰკრა განგაშის ზარს. საქმე იმაშია, რომ დროის მოკლე მონაკვეთში, 2016 წლის 6 აპრილიდან (!) იმავე წლის 13-14 ივლისამდე ამ პატარა რესპუბლიკაში ამერიკელებმა აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით სამი რეფერენს-ლაბორატორია გახსნეს. თავდაპირველად იჯევანში, ტაუშის (საზღვრისპირა) მარზის ცენტრში, მერე დედაქალაქ ერევანში, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში, და ბოლოს - გიუმრიში, სახელწოდებით "დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი". ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე 2017 წლისთვის ამერიკელებმა და სომხეთში მათმა ხელისშემწყობებმა ლორის, გეგარკუნიქსისა და სიუნიკსის მარზებში დაგეგმეს ანალოგიური ცენტრების გახსნა, რომლებიც ცენტრალურ - ერევანის ლაბორატორიასთან იქნება კავშირში. მოკლედ, აშშ-ს გადაწყვეტილი აქვს ჯერ მხოლოდ სომხეთში ექვსი (!!!) სამხედრო ბიო-ლაბორატორია ჰქონდეს და აკონტროლოს!

 

2016 წლის 13 ივლისს, აშშ-ის საფრთხეების შემცირების სააგენტოს დახმარებით, ერევანში, ავანის რაიონში გაიხსნა კიდევ ერთი რეფერენს-ლაბორატორია. გახსნას DTRA-ს სამმართველოს დირექტორი, ელიზაბეტ ჯორჯი ესწრებოდა. 

 

დოქტორ ელიზაბეტ ჯორჯის თქმით, სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უსაფთხოების განყოფილების განსაკუთრებულად საშიში პათოგენების რეფერენს-ლაბორატორიის სრული მშენებლობისთვის ჩაიდო 4,1 მლნ. დოლარი, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს "დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის" რეფერენს-ლაბორატორიის რემონტისთვის კი აშშ-ის მთავრობამ 9,8 მლნ. დოლარი გაიღო. დამატებით 1,7 მლნ. დოლარი გაიცა მოწყობილობებისა და ავეჯის შესაძენად. ერთი დღის შემდეგ, 2016 წლის 14 ივლისს, შირაქის მარზის ქალაქ გიუმრიში, DTRA-ს სამმართველოს დირექტორ ელიზაბეტ ჯორჯისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მონაწილეობით შედგა შირაქის რეგიონული ლაბორატორიის - სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს "დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის" გახსნის ცერემონია. გიუმრის ლაბორატორიის გარემონტებისთვის აშშ-ის მთავრობამ 2,7 მლნ. დოლარი გაიღო, დამატებით 340 ათასი კი ავეჯისა და მოწყობილობების შესაძენად გამოყო. 

 

რატომ აქვს აშშ-ს სომხეთის მიმართ ამისთანა დაჟინებული ინტერესი სამხედრო ბიოობიექტების შექმნის პროგრამის კუთხით? ერთ-ერთი პასუხი ზედაპირზევე ჩანს: საბჭოთა პერიოდში სომხეთი დამსახურებულად მიიჩნეოდა საბჭოთა მიკრობიოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთ ლიდერად. მრავალი შტამი, რომელიც აქ ინახება, ჭეშმარიტად უნიკალურია.

 

დამატებით ეჭვს იწვევს ის, რომ ლაბორატორიები მოქმედებს დახურულ რეჟიმში, დაკომპლექტებულია უცხოეთის სამხედრო პერსონალით, ადგილობრივი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს კი ხშირად არ აქვთ მათთან პირდაპირი წვდომა. მათ ხელმძღვანელებად ინიშნებიან ვაშინგტონის მიმართ ლოიალური სამხედრო პირები ან სპეცსამსახურების წარმომადგენლები. თუ გავითვალისწინებთ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელთა დანიშვნის "სპეციფიკას" სომხეთში, რომელიც 2016 წლიდან დამკვიდრდა, ნებისმიერ მკვლევარისთვის მოსალოდნელია, რომ რესპუბლიკის ძალოვანი უწყებები, მათ შორის სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურიც შეგნებულად დახუჭავს თვალს ამერიკული ბიოლაბორატორიების ნებისმიერ საქმიანობაზე, თუნდაც ამ ბიოლაბორატორიების თანამშრომელთა ქმედებები ობიექტურად შეიცავდეს პირდაპირ საფრთხეს სომხეთის უსაფრთხოებისა და საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის. თუმცა, ამერიკელებმა რომც არ "ჩაატარონ ცდები" სომხებზე - სომხეთის მოქალაქეებზე, საფრთხეების ჩამონათვალი მაინც ვრცელია. საზღვარგარეთ განთავსებული ლაბორატორიული კომპლექსები მთლიანობაში ამერიკელ სამხედრო სპეციალისტებს უხსნის შესაძლებლობას, თავისი ბიოლოგიური კვლევის შედეგები პოტენციური მოწინააღმდეგეების ტერიტორიასთან ახლოს მდებარე რაიონებში გამოსცადონ (მაგალითად, გამოიკვლიონ საშიში დაავადებების გამომწვევთა ვირუენტურობა, გავრცელების გზები და სხვა თვისებები). სხვა თუ არაფერი, ამერიკელები თავიანთ ქვეყანაშიც ახორციელებენ მოსახლეობის ექსპერიმენტულ დასნებოვნებას მსუბუქი დაავადებებით. გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ისინი თავს ვერ შეიკავებენ ამ სფეროში ახალი იდეების საველე აპრობაციისგან პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც, ან - მათ მოსაზღვრე ქვეყნებში. სომხეთისთვის კი ეს, უპირველესად, ირანია. საქართველოსა და აზერბაიჯანში ამერიკელებს ხომ "ადგილობრივი" რეფერენს-ლაბორატორიები აქვთ. სიტუაცია აშშ-ს ყოველგვარი სამართლებრივი შეზღუდვის გვერდის ავლის საშუალებას აძლევს. საზღვარგარეთის სამედიცინო ცენტრები ამერიკელ სამხედროებს ბიოლოგიური მანიპულაციების ნაციონალური ტერიტორიის საზღვრებს მიღმა ჩატარების შესაძლებლობას აძლევს, რითაც თავიდან ირიდებს საკუთარი საზოგადოებრიობის პროტესტებს და აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევის შედეგებს, თანაც, რასაკვირველია, უცხოური ინსპექციების წვდომის გარეშე. ასე რომ, ამერიკელებისთვის ხელმისაწვდომი ხდება საბჭოთა სამხედრო-ბიოლოგიური პროგრამების შედეგები. ვფიქრობ, ზედმეტია კითხვის დასმა - რისთვის. გასაგებია, რომ არა მშვიდობიანი მიზნებისთვის ან "ბიოტერორიზმის საფრთხის ზრდასთან ბრძოლის" სურვილით. 

 

საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრ "ლუის" (ერევანი) ხელმძღვანელმა აიკ აივაზიანმა 2016-2017 წლების განმავლობაში არაერთხელ მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ სომხეთში განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ბიოლაბორატორიებს ორმაგი, ხან კი სამმაგი დანიშნულებაც კი აქვს, თუ გავითვალისწინებთ დაფინანსების მოცულობას და იმას, რომ ამერიკელები შეზღუდულ, ამასთან მაღალი სეისმური საფრთხის მქონე ტერიტორიაზე ექვსი ასეთი ობიექტის ქონას აპირებენ. აიკ აივაზიანი და საზოგადოებრივ კლუბ "ხალხის ხმის" ექსპერტი არმან გუკასიანი არაერთგზის ამახვილებდნენ ყურადღებას იმაზე, რომ შესაძლოა, არ შეშფოთებულიყვნენ და მიეღოთ სომხეთის მიმართ გამოჩენილი "ამერიკული დახმარება" ასეთ რთულ და დელიკატურ სფეროში, როგორც აშშ-ის მმართველი აქტუალური ელიტის უანგარო ზრუნვა სომხეთის სამი მილიონი მოქალაქის განვითარებასა და კეთილდღეობაზე, ჩამოთვლილი საფრთხეების დიდი ნაწილიც მოგონილად მიეჩნიათ, მაგრამ ამგვარ პოზიციას ხელს უშლის უამრავი "მაგრამ"! იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ გავლენიანი ამერიკული არასამთავრობო პოლიტიკური ორგანიზაციის "პროექტი ახალი ამერიკული საუკუნე" (მოქმედებდა ვაშინგტონში 1997-დან 2006 წლამდე. ზეგავლენა მოახდინა ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციის იდეოლოგიასა და სამხედრო პოლიტიკაზე) 2000 წლის პროგრამულ დოკუმენტებში მითითებული იყო, რომ ბიოლოგიური იარაღის გაუმჯობესებულ სახეობებს, რომლებსაც კონკრეტულ გენოტიპზე ზემოქმედების უნარი აქვთ, შეუძლიათ ბიოიარაღი ტერორის სფეროდან სასარგებლო პოლიტიკური ინსტრუმენტების სფეროში გადაიტანონ. 

 

უკვე აღნიშნულის გარდა, სომხეთში კიდევ არაერთი სხვა უცნაური "თავისებურება" გვხვდება. 2017 წლის 26 აპრილს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მორიგი პუბლიკაციების შემდეგ, საინფორმაციო პორტალ news.am-ის შეკითხვის პასუხად, სომხეთში აშშ-ის საელჩომ კომენტარი გააკეთა პუბლიკაციაზე, რომელიც რესპუბლიკაში აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს დაფინანსებით გახსნილ რეფერენს-ლაბორატორიებს ეხებოდა. თავის კომენტარებში აშშ-ის საელჩოს არ მოუყვანია არცერთი მტკიცებულება, რომლებიც უარყოფდნენ ამ ლაბორატორიების ორმაგ დანიშნულებას. ეგრეთ წოდებულ "უარყოფაში" მითითებული იყო მხოლოდ ორი ვიდეორგოლი რეფერენს-ლაბორატორიების შესახებ, რომლებიც თავად ამერიკელების დაკვეთით გადაიღეს. როგორც ამტკიცებდნენ მიმდინარე წელს ა. აივაზიანი და ა. გუკასიანი, ჩატარდა სომხეთში აშშ-ის პენტაგონის რეფერენს-ლაბორატორიების არსებობის შესაძლო მიზნების საკუთარი ანალიზი. ერევანში რეფერენს-ლაბორატორიის შექმნისთვის აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ დაახლოებით 15,5 მილიონი დოლარი გამოყო, საერთო ჯამში კი 18 მილიონი დოლარი გამოიყო. 

 

გაუგებარია, ვინ იძლევა - ამ შემთხვევაში, ვინ აძლევს სომხეთის მოსახლეობას უკვე მოქმედი სამი, პერსპექტივაში კი ექვსი ამერიკული ბიოსამხედრო ობიექტის უსაფრთხოების გარანტიას?! თავად აშშ-შიც არაერთხელ დაფიქსირებულა სასიკვდილო დაავადებების საშიში გამომწვევების გაჟონვა ამერიკული ლაბორატორიებიდან. გავიხსენოთ აშშ-ში ციმბირული წყლულის სპორების გაგზავნის შემთხვევა 2001 წელს, ან ციმბირული წყლულისა და ფრინველის გრიპის ნიმუშების გაჟონვა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრიდან (DiseaseControlandPrevention, CDC). ვის დაადანაშაულებს აშშ, თუ უცებ საშიში გამომწვევები "შემთხვევით" გაჟონავს სომხეთის ლაბორატორიებიდან? დარაჯს, ლაბორატორიის მუშაკს, რომელსაც სინჯარის მჭიდროდ დახურვა "დაავიწყდა" თუ ვინმე სხვას? 

 

*****

ეს ყველაფერი ოდნავაც კი არ არის უტრირებული - არც ვინმე უნდა დაადანაშაულოთ ერთგვარ წინასწარაკვიატებულობაში აშშ-ისა და ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე ბიოლაბორატორიების სფეროში მისი მიზნების მიმართ. გულუხვობა, რომლითაც აშშ აფინანსებს ბიოლაბორატორიებს სომხეთში, დამძაბველია - და ეს კიდევ მოკრძალებულად ნათქვამია. რასაკვირველია, ამერიკის საელჩოს, ასევე სომხეთისა და აშშ-ის ზემოხსენებული უწყებების წარმომადგენლები არაერთხელ ირწმუნებოდნენ, რომ ლაბორატორიების საქმიანობა "არანაირად არ უკავშირდება გეოპოლიტიკურ პრობლემებს". როგორც აცხადებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, სომხეთი მდებარეობს რეგიონში, სადაც "მაღალი მიგრაციაა და დიდია ალბათობა იმისა, რომ დაავადებები შეაღწევენ რესპუბლიკაში". აქაოდა, ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად, სომხეთმა დროულად უნდა აღმოაჩინოს ეს საფრთხეები და რეაგირება მოახდინოს მათზე, შეაჩეროს მათი გავრცელება ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ლაბორატორიები კი კვლევით ხასიათს ატარებენ და ამ საკითხის გადასაწყვეტად არიან მოწოდებული. სომხური მხარე ასევე აღნიშნავს, რომ "ლაბორატორიას ვერ ექნება ორმაგი დანიშნულება, რადგან, ქვეყანამ ბიოლოგიური იარაღის გავრცელების რისკების შემცირების ვალდებულება აიღო". ანალოგიური კომენტარებით გამოვიდა აშშ-ის საელჩო აპრილის ბოლოს ერევანში. მან განაცხადა, რომ ამაყობენ სომხეთის მთავრობასთან თანამშრომლობით და ქვეყნის მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენით, სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ჯანმრთელობის უზრუნველყოფის გარანტიით, ზეთანამედროვე ლაბორატორიების რემონტისა და შექმნის ფინანსირებით, რისი წყალობითაც ძლიერდება მთავრობის შესაძლებლობები ადამიანებისა და სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ჯანმრთელობის შესაძლო საფრთხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის, საშიში დაავადებების ეპიდემიების თავიდან აცილების კუთხით. 

 

მაგრამ რატომ არ არის სერიოზული რეაქცია - არც სომხეთში, არც სხვა რესპუბლიკებში? საქმე იმაშია, რომ ექსპერტ-სპეციალისტების შეფასებები აღნიშნული ობიექტების საშიშროებასთან დაკავშირებით ჯერ საკმაოდ მოზომილია, რასაც ისინი სრულფასოვანი ინფორმაციის უქონლობით ხსნიან. საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ინფორმირებული და დაცული მომხმარებლის" ხელმძღვანელის, ბაბკენა პიპოიანის (ერევანი) აზრით, წმინდა თეორიულად, სომხეთის ტერიტორიაზე რეფერენს-ლაბორატორიების არსებობას შესაძლოა სხვადასხვაგვარი პრობლემები და საფრთხეები მოჰყვეს. 

 

"ჩვენ ხომ გვესმის, რომ ლაბორატორია ფარული ობიექტი არ არის. და რისკების შესახებ, თუ ისინი არსებობს, იციან სპეცსამსახურებმაც, სომხეთის მთავრობამაც და რუსეთმაც, როგორც სომხეთის სტრატეგიულმა პარტნიორმა. რასაკვირველია, სომხეთში აშშ-ის მიერ ლაბორატორიების შექმნა ვერ მოეწონება რუსეთს, თუმცა ვფიქრობ, რუს კოლეგებთან საკითხის განხილვისას სომხურმა მხარემ სათანადო არგუმენტები მოიყვანა", მიიჩნევს პიპოიანი. მაგრამ, როგორც ჩანს, მას მხედველობიდან რჩება ის, რომ რეფერენს-ლაბორატორიების მშენებლობა ითვალისწინებს ამერიკული მხარისთვის ვირუსების ყველა იმ შტამის გადაცემას, რომლებიც ვირუსების კოლექციაში ინახება. ყველა აღნიშნული ლაბორატორიის მუშაობას მხოლოდ აშშ-ის სამხედრო უწყება აკონტროლებს. ბიოლოგიურ საფრთხეებთან გამკლავების პროექტების ფარგლებში ლაბორატორიების მშენებლობა აშშ-ს საშუალებას აძლევს, სრულად აკონტროლოს ბიოლოგიური მდგომარეობა როგორც შესაბამისი პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ისე ტრანსმოსაზღვრე მეზობლების ტერიტორიებზე. 

 

ყველა ვირუსოლოგმა იცის წესი: ბაქტერიის შესწავლიდან ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია. ამასთან, აშშ-ის შექმნილი ბიოლაბორატორიები გამოსულია იმ ქვეყნების მთავრობების კონტროლიდან, რომელთა ტერიტორიაზეც ისინი მდებარეობს. ლაბორატორიები მოქმედებს დახურულ რეჟიმში. ლაბორატორიების პერსონალს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამერიკელებისგან შედგება, აქვს დიპლომატიური იმუნიტეტი, ადგილობრივი სამოქალაქო ჯანდაცვის წარმომადგენლებს კი ამ ობიექტებთან პირდაპირი წვდომა არ აქვთ. ლაბორატორიების მუშაკთა რიცხვი 50-დან 250-მდეა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გაცხადებული მიზნების მქონე ავტომატიზებული სამოქალაქო ლაბორატორიების მომსახურებისთვის საჭირო პერსონალის რაოდენობას. 

 

2010 წლის ინდონეზიური მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ამგვარი ამერიკული ბიოლაბორატორიის გაძევება, სამწუხაროდ, აუხდენელი ოცნებაა სომხეთის რიგითი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან დღევანდელმა მთავრობამ იცის, რაც ხდება მსოფლიოში, კონკრეტულად სომხეთის, არცახის გარშემო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სწორედ 2013-2017 წლებში ამ სფეროში აშშ-ის პოლიტიკის პირდაპირ დამხმარებლობაზე მიდის. 

 

სომხეთის მთავრობამ ან მართლა არ იცის, ან ვითომ არ სმენია ჯერ კიდევ 2015 წელს საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩევლის - ამერიკელი ჯეფრი სილვერმანის განცხადება, რომელიც მან გამოცემა "საქართველო და მსოფლიოსთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა: აშშ ლაბორატორიებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციისთვის გვერდის ავლის მიზნით ქმნის. "ლუგარის ლაბორატორია აეროპორტის გვერდით მდებარეობს. ბომბის ასატვირთად ან იქიდან ვირუსების სხვა ობიექტებზე გადასატანად დიდი დრო არ იქნება საჭირო", თქვა მან საქართველოში მოქმედი რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრის ფუნქციებსა და ამოცანებზე საუბრისას. შეგახსენებთ, რომ ამ ლაბორატორიის შექმნაზე ამერიკელებმა 300 მილიონი დოლარი დახარჯეს. მაგრამ სომხეთის მთელი რიგი მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბოლო წლებში რესპუბლიკის ხელისუფლება თავზე ხელს უსვამდა აშშ-ს ამ, სულ მცირე, უცნაურ საქმიანობაში. 2010 წ. - შეთანხმება პენტაგონთან "ბიოლოგიური იარაღის წარმოების ტექნოლოგიის, პათოგენების გავრცელების და გამოცდის თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ", "ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების" პროგრამის ფარგლებში. სომხეთში აშშ-ის საელჩოში შეიქმნა ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების პროგრამის რეალიზაციის მხარდამჭერი ოფისი. DTRA-ს პროგრამების რეალიზაციაში 2011 წლიდან ჩართულია კომპანია Black&Veatch, მოქმედებს პროგრამა CWEP. ISTC-მა (აშშ) ერევანში თავისი განყოფილებები გახსნა, ფინანსური დახმარება გაუწია რამდენიმე ათეული პროექტის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. 

 

პენტაგონმა 2015 წელს სომხეთის სასაზღვრო სამსახურს მიაწოდა მოწყობილობა მასობრივი განადგურების იარაღის ბრუნვის გასაკონტროლებლად. სომხეთის საგანგებო სიტუაციათა, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა აშშ-ისგან პანდემიის შემთხვევაში გამოსაყენებელი აუცილებელი სპეცსაშუალებები მიიღეს. აღნიშნული უწყებების მოხელეებს ჩაუტარდათ ტრენინგები ბუნებრივი და ტექნოგენური წარმომავლობის საშიში ინფექციური დაავადებების გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და აღკვეთის ამერიკული სტანდარტების შესახებ. აშშ-ის დაავადებათა თავიდან აცილებისა და პროფილაქტიკის ცენტრმა სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში თავისი პროგრამული უზრუნველყოფა EpiInfo დანერგა. რას იტყვით, "ყველაფერი კარგადაა, მშვენიერო მარკიზა?" არა და არა. როგორც ზემოხსენებული ორგანიზაცია საზოგადოებრივი კლუბის - "ხალხის ხმის" ერევანში 2017 წლის ივნისის შუა რიცხვებში გამართული პრესკონფერენციის მასალები მოწმობს, "აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლის განცხადების შემდეგ, სადაც ის ამბობდა, რომ მოცემული ლაბორატორიების საქმიანობა გახსნილია ფართო საზოგადოებრიობისათვის, საზოგადოებრივი კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს, მოენახულებინათ აღნიშნული ლაბორატორიები და ადგილზე გაცნობოდნენ მათ საქმიანობას. აქტივისტებს აინტერესებდათ, რატომ აფინანსებდა ლაბორატორიის მუშაობას პენტაგონი, რატომ არ არსებობს შესაბამისი შეთანხმება სომხეთისა და აშშ-ის სამხედრო უწყებებს შორის, რატომ არის განთავსებული ლაბორატორიები მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, თანაც საბავშვო ბაღებისა და მოედნების გვერდით? სამწუხაროდ, როგორც ექსპერტები ამბობენ, ლაბორატორიის მთავარ ოფისში სტუმრობამ ვერც ერთ გაჟღერებულ კითხვაზე ვერ გასცა პასუხი, რაც ეჭვს კიდევ უფრო ამძაფრებს". როგორც ირკვევა, "ხალხის ხმის" ექსპერტები თავად ლაბორატორიებში არც შეუყვანიათ - მხოლოდ ტექნიკურ ოფისში მიღებით შემოიფარგლნენ. 

 

ამან დაადასტურა, რომ ამერიკელები სომხეთში არავისთვის არ აპირებენ ანგარიშის ჩაბარებას, თუ რით არიან დაკავებული აშშ-ის მოქალაქეები ერევნის, გიუმრისა და იჯევანის სამხედრო ბიოლაბორატორიებში. როგორც "ხალხის ხმის" ხელმძღვანელი ა. გუკასიანი აცხადებს, ორგანიზაცია აშშ-ის ელჩ რ. მილზისთვის "კონკრეტული კითხვებისა და მოთხოვნების" შემცველი წერილის გადაცემას აპირებს. "მეზობელი საქართველოს გამოცდილების შესწავლისას ვხედავთ, რომ მსგავსი ლაბორატორიების მშენებლობაზე დაიხარჯა თანხები, რომლებიც რამდენიმეჯერ აჭარბებს სამოქალაქო დანიშნულების მსგავსი ობიექტების დაფინანსებისთვის საჭირო თანხის მოცულობას", - აცხადებს კლუბის წარმომადგენელი ცოვინარ კოსტანიანი. მისი აზრით, არ შეიძლება არ დაგაეჭვოთ ამ ფაქტმა, რადგან არსებობს საშიშროება, რომ მოცემულ ლაბორატორიებში შენახული პათოგენები სამომავლოდ შესაძლოა გამოიყენონ ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად, რომელიც მოცემული ერის ან რეგიონისთვის დამახასიათებელი გენოტიპისა და ბიოლოგიური თავისებურებების საფუძველზე იქნება შემუშავებული. "დაუშვებელია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტები უცხოეთის სახელმწიფოს კონტროლქვეშ და ხარჯზე იმყოფებოდეს. პენტაგონმა სომხეთში 18 მილიონი დოლარი უკვე დახარჯა მსგავსი ლაბორატორიების შექმნაზე. დარწმუნებული ვართ, თუ ლაბორატორიების დაფინანსებას სამხედრო უწყება ახორციელებს, დასახული ამოცანებიც სავსებით სამხედრო იქნება", აღნიშნავს ის. 

 

პენტაგონმა ბოლო წლებში 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა მთელ მსოფლიოში 400 ბიოლაბორატორიის მოსაწყობად. ყოფილი სსრკ-ის ნაკლებად მდიდარმა ქვეყნებმა აშშ-თან თანამშრომლობის შედეგად, საშიში ვირუსების გავრცელების რეალური პროფილაქტიკის ნაცვლად, თავიანთ ტერიტორიებზე მიიღეს დახურული უწყებები, რომლებიც მთავრობასთან არ არიან ანგარიშვალდებულნი. 

 

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმის სავარაუდოდ, რომ აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური მოღვაწეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის, დსთ-ს ქვეყნებსა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა სახელმწიფოებში, მათ შორის სომხეთშიც, საფრთხეს უქმნის მათ ეროვნულ ინტერესებს და მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს საშიშროება გაიზრდება, თუ აშშ გადაწყვეტს, სწორედ მათი ტერიტორიიდან მიაყენოს ბიო-სამხედრო დარტყმა რუსეთს, ჩინეთსა და ირანს. ამ ქვეყნების რეაქცია ვერ იქნება აპრიორი წინასწარ პროგნოზირებადი. და თუ ასეა, საჭიროა ერთობლივი წინმსწრები ზომების მიღება.

გადმობეჭდილია შემოკლებით გაზეთ "ერკრამასიდან": http//yerkramas.org.

 

 

 

უცხოეთის მასმედია კორონავირუსის შესახებ

 

აშშ-მა უკრაინაში საიდუმლო ბიოლოგიური ლაბორატორიების არსებობა აღიარა! 

 

ავტორი: მაქსიმ მაკარიჩევი

 

აშშ-ის საელჩომ უკრაინაში, ოფიციალურად პირველად აღიარა ამ ქვეყანაში ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების არსებობა, რომლებიც ვირუსებზე ატარებენ ცდებს. ასეთი იყო დიპლომატების რეაქცია უმაღლესი რადას "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის" დეპუტატების რენატ კუზმინისა და ვიქტორ მედვედჩუკის განცხადებაზე, რომელიც მათ 14 აპრილს გააკეთეს. პარლამენტარებმა ვლადიმერ ზელენსკის გაუგზავნეს მოთხოვნა, დაედასტურებინა უკრაინაში არანაკლებ 15 ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიის განთავსების ფაქტი, რომელთა საქმიანობასაც კურირებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო, აღნიშნავს გამოცემა "ქვეყანა".

 

სამგვერდიან მიმართვაში შედიოდა თხოვნა დაესაბუთებინა ამგვარი ლაბორატორიების არსებობის მიზანშეწონილობა, რომელთა საზოგადოებისგან სრული იზოლაციის რეჟიმში მუშაობასაც პენტაგონი აკონტროლებს. 

 

მიმართვაში ავტორები ამტკიცებენ, რომ ამერიკული ლაბორატორიების მუშაობის პერიოდში უკრაინაში დროდადრო ფიქსირდებოდა უცნობი და სხვადასხვაგვარი დაავადებების აფეთქებები, რომლებიც ლეტალურ შედეგებს იწვევდა. უმაღლესი რადას დეპუტატების მტკიცებით, ლაბორატორიებიდან იმ დროს პერიოდულად ამა თუ იმ მიზეზის გამო ვირუსების შტამების გაჟონვა ხდებოდა. 

 

რა კონკრეტულ ლეტალურ შედეგებზეა საუბარი? დოკუმენტში მითითებულია, რომ ჯერ კიდევ 11 წლის წინათ ტერნოპოლში გაჩნდა უცნობი წარმომავლობის ვირუსი, რომელიც ჰემორაგიულ პნევმონიას იწვევდა: გარდაიცვალა 450 უკრაინელი. 2011 წელს უკრაინაში ქოლერამ იფეთქა - გარდაიცვალა 33 ადამიანი. 2014 წელს ქოლერით უკვე 800 უკრაინელი დასნებოვნდა. 2016 წლის იანვარში ხარკოვში 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა გრიპის მსგავსი ვირუსით, 200 ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი თვის შემდეგ ქვეყანაში 364 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა. დეპუტატების ინფორმაციით, ყველა გარდაცვალების შემთხვევის მიზეზი გახდა ღორის გრიპი იმავე გრიპის შტამით, რომელმაც 2009 წელს მსოფლიო პანდემია გამოიწვია.

 

მიმართვაში ნათქვამია, რომ ლაბორატორიამ მუშაობა დაიწყო 2005 წლის აგვისტოში, იუშჩენკოს პრეზიდენტობის პერიოდში, შეწყვიტა იანუკოვიჩის დროს და განაახლა პოროშენკოს პრეზიდენტობისას. უკრაინის ტერიტორიაზე ასეთი ლაბორატორიების საქმიანობის აქტივიზაციის აუცილებლობის იდეას აქტიურად ლობირებდა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი 2016-2019 წლებში ულიანა სუპრუნი. ამასთან დეპუტატები ასახელებენ სრულიად ასტრონომიულ თანხას - 2,1 მილიარდ დოლარს, რომელიც ვაშინგტონმა მთელ მსოფლოში "ბიოლოგიური ექსპერიმენტებისთვის" გამოყო. ეს თანხა დაჯდა ამერიკული "საფრთხეების შემცირების სააგენტოს" ანგარიშებზე, რომელიც, თავის მხრივ, გამოყოფს სახსრებს უკრაინაში მოცემული პროექტისთვის.

 

ამ საქმიანობას ასევე შეუერთდა "სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი უკრაინაში" - ჯერ კიდევ 1993 წელს შექმნილი საერთაშორისო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება. ცენტრს ამერიკის ხელისუფლება აფინანსებს, მის თანამშრომლებს კი დიპლომატიური იმუნიტეტი აქვთ, რაც საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაში გამონაკლისად მიიჩნევა. "აღნიშნული ორგანიზაცია მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის პროექტებს აფინანსებს", - წერენ უმაღლესი რადას დეპუტატები. მასში, უკრაინისა და აშშ-ის გარდა შედის ევროკავშირი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უზბეკეთი. 

 

ზელენსკის ადმინისტრაციაში იგნორირება გაუწიეს ამ მოთხოვნას, ამერიკელებმა კი ამჯობინეს დაესწროთ: შეეცადნენ დაერწმუნებინათ უკრაინული საზოგადოება, რომ ლაბორატორიის მუშაობა მხოლოდ და მხოლოდ სამეცნიერო მიზნებით ხორციელდება და მშვიდობიან ხასიათს ატარებს. ამასთან, საელჩოში არ დავიწყებიათ კიდევ ერთხელ დაეწყოთ "მოსკოვის ხელის" ძებნა და განაცხადეს, რომ მიმართვაში მოყვანილი ცნობები "რუსული დეზინფორმაციაა". 

 

"ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა გვეხმარება იმის უზრუნველყოფაში, რომ საშიში გამომწვევები არ მოხვდება უცხო ხელში. გვეამაყება, რომ ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, უკრაინის საკვები პროდუქტების უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო სამსახურთან, აგრარული მეცნიერებების ეროვნულ აკადემიასთან და თავდაცვის სამინისტროსთან", - განაცხადეს ამერიკელმა დიპლომატებმა. სიტყვაც კი არ დაუძრავთ იმაზე, რომ პროექტი პენტაგონის სრული პატრონაჟის ქვეშაა. 

 

როგორც "ქვეყანა" აღნიშნავს, შეერთებულ შტატებს მთელ მსოფლიოში 400-ზე მეტი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია აქვს. მათგან 15 უკრაინაშია. სამ-სამი განთავსებულია ლვოვში და კიევის მახლობლად, დანარჩენები კი - ოდესაში, ვინიცაში, უჟგოროდში, ხერსონში, ტერნოპოლში, ასევე კიევის კონტროლირებად ტერიტორიებზე უშუალოდ ყირიმისა და ლუგანსკის ახლოს. ზოგიერთმა მათგანმა ცდებისთვის 1-დან 2 მილიონ დოლარამდე მიიღო. გამოცემის ჟურნალისტებმა მოახერხეს და მოიპოვეს წვდომა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდის არქივთან და გამოარკვიეს უკრაინასა და აშშ-ს შორის შემდგარი შეთანხმების დეტალები, რომელიც 2005 წლის 29 აგვისტოს გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ. შეთანხმების თანახმად, კიევმა იკისრა ვალდებულება, პენტაგონში გადაეგზავნა საშიში პათოგენების ასლები, რომლებსაც უკრაინის ლაბორატორიებში კვლევების შედეგად მიიღებდნენ. ამასთან უკრაინულ მხარეს უნდა დაეცვა გასაიდუმლოებული რეჟიმი და არც ერთ შემთხვევაში არ გაემჟღავნებინა თავისი საქმიანობა, არ ეპასუხა პოლიტიკოსებისა და საზოგადოების არანაირი კითხვებისთვის. 

 

ბოლოს, ლაბორატორიები დაავალდებულეს, "მინიმუმამდე დაეყვანათ შეზღუდული წვდომის ინფორმაციებთან მომუშავე ადამიანების რიცხვი". ოდესელი ჟურნალისტის, იური ტკაჩევის აზრით, მოცემულ კვლევებს შეიძლება ორმაგი დანიშნულების კვლევები ვუწოდოთ: ერთი მხრივ, ისინი ნამდვილად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ დაავადების გავრცელების საფრთხის შეფასებისა და მასთან ბრძოლის რეკომენდაციების შემუშავების თვალსაზრისით. "მეორე მხრივ - კვლევების შედეგები შესაძლოა გამოიყენონ ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნისას, ამა თუ იმ რეგიონში გამოსაყენებლად", აღნიშნა ტკაჩევმა. 

 

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა დოკუმენტური მასალების სერია საქართველოში ლუგარის ამერიკული ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ, რომელმაც სკანდალური პოპულარობა მოიპოვა. ცენტრს სახელი ცნობილი რუსოფობის, ინდიანას შტატის სენატორ რიჩარდ ლუგარის პატივსაცემად უწოდეს, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა. 

 

გიორგაძემ აღნიშნა, რომ ობიექტს სრულად აფინანსებდა აშშ, საქართველოს საკუთრების უფლება კი მხოლოდ საფარველი იყო. ამ საიდუმლო ქვედანაყოფს კურირებდა პენტაგონი, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით. ლაბორატორია განთავსებული იყო თბილისის მახლობლად, ალექსეევკის ქართულ დასახლებაში, თითქოსდა ამ ადგილებში მოდებული "С" ჰეპატიტის ეპიდემიასთან ბრძოლის მიზნით. ამერიკულ ლაბორატორიაში ადამიანებზე ჩატარებულ ცდებსა და ადგილობრივი მოსახლეობის საიდუმლოებით მოცული გარდაცვალების შესახებ ხმები ჯერ კიდევ 2010 წლიდან დადიოდა. გიორგაძემ საზოგადოებას წარუდგინა იმ კონფიდენციალური მასალების სერია ლაბორატორიის საქმიანობაზე, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობაში "უმიზეზო სიკვდილიანობის" დამადასტურებელია. მოსახლეობას ვითომდა პრეპარატების - "ჰარვოლისა" და "სოვალდის" ინექციებს უკეთებდნენ, რომლებსაც ამერიკული ფირმა "გილეოდი" აწარმოებდა. ექს-მინისტრის წყაროებმა მოახერხეს იმ დოკუმენტების მოპოვება, რომლებიც ვაქცინის გამოცდის პერიოდში 181 ადამიანის სიკვდილს ადასტურებს. ამასთან, 20 გარდაცვლილი საერთოდ გაკვეთისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტების დასკვნის გარეშე დაკრძალეს. რუსეთის ფედერაციის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სამხედრო ძალების არმიის მეთაურმა იგორ კირილოვმა მაშინ განაცხადა, რომ ამ ცენტრში "С" ჰეპატიტის მკურნალობის სახით ადგილობრივ მოსახლეობაზე ტოქსიკური ქიმიური პრეპარატი გამოსცადეს. გიორგაძემ პრეზიდენტ ტრამპს, დასავლეთის 108 უფლებების დამცველ და ჰუმანიტარულ ორგანიზაციას მიმართა. პასუხი არც ერთი ინსტანციიდან არ მიუღია. 

 

გადმობეჭდილია ვებგვერდიდან: https://rg.ru/2020/04/24/ssha-priznali-nalichie-na-ukraine-sekretnyh-biologicheskih-laboratorij.html 

 

 

 

 

უცხოური მასმედია კორონავირუსის შესახებ

 

ბიოლოგიური იარაღი რუსეთის საზღვართან 

 

ავტორი: ვლადიმერ ივანოვი

 

 რუსეთის ფედერაციის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოსა და უკრაინაში განთავსებული ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობა, სადაც უცხოელი სამხედრო ბიოლოგები, უმთავრესად კი პენტაგონის წარმომადგენლები საიდუმლო ექსპერიმენტებს ატარებენ. აშშ-ის მონაწილეობით შექმნილი ობიექტები ჩვენს საზღვრებთან მეტისმეტად ახლოს მდებარეობს. ეს შეშფოთება 11 ივნისს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე მის წევრებს რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გაუზიარა. 

 

ლუკაშევიჩმა სხდომის მონაწილეთა ყურადღება მიაპყრო ორმაგი დანიშნულების ბიოეპიდემიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობისკენ, რომლებიც აშშ-მა ეუთო-ს სივრცეში შექმნა. კერძოდ, ის შეეხო უცხოელი სპეციალისტების სამხედრო-ბიოლოგიურ აქტიურობას საქართველოში, უმთავრესად, თბილისთან ახლოს, ალექსეევკის დასახლებაში მდებარე ლუგარის სახელობის ცენტრის ბაზაზე. ასევე უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი 10-ზე მეტი ანალოგიური ობიექტის საქმიანობას.

 

რუსი დიპლომატის თქმით, ამ ლაბორატორიების მშენებლობა, დაფინანსება და ფუნქციონირება ხორციელდება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საფრთხეების შემცირების სამმართველოს (Defense Threat Reduction Agency, DTRA), აშშ-ის არმიის უოლტერ რიდის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (Walter Reed Army Institute of Research), აშშ-ის არმიის ინფექციური დაავადებების სამედიცინო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (The United States Army Medical Research Institute of Infectious Diseases) და რამდენიმე სხვა პენტაგონის ანგარიშვალდებული სამედიცინო ორგანიზაციის მონაწილეობით.

 

"მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოჟონილი ინფორმაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოსა და უკრაინის ბიოლაბორატორიებში ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის სახით ტარდება დახურული ექსპერიმენტები განსაკუთრებით საშიში პათოგენების გამოყენებით, რომელთა შორისაა შავი ჭირისა და ჰემორაგიული ციებ-ცხელების გამომწვევები. 

 

ასაკუთრებული ყურადღება ეთმობა მუტანტური ფორმების კვლევას, ვირუსების მოდიფიცირებას და მათი კონტაგიოზურობის (გადამდებობის) გაძლიერებას. შეშფოთებას იწვევს ცნობები საეჭვო პრეპარატების ცდებზე, რომლებსაც ამერიკელი სამხედრო ექიმები ქართველ საცდელებზე ატარებდნენ, ასევე ადამიანური ბიომასალის შეგროვების შესახებ რაღაც "საკვლევი მიზნებისთვის", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

 

მისი თქმით, მოსკოვი ამაში ხედავს აშშ-ის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას ბიოტექნოლოგიების სფეროს კვლევებისა და განვითარების ნაწილში, რომელიც დაფიქსირებულია "ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის" (Conference for Security and Cooperation in Europe, CSCE) ვენის შეხვედრის შემაჯამებელ დოკუმენტში 1986 წელს. 1995 წლის 1 იანვრამდე ასე ერქვა ეუთო-ს. 

 

"უცხოელი სამხედრო ბიოლოგების მიერ რუსეთის საზღვრებთან ექსპერიმენტების ჩატარება ჩვენს კანონიერ შეშფოთებას იწვევს, მათ შორის, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის (ბტია) შესრულების კონტექსტში. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ორი ათწლეულის განმავლობაში აშშ ბლოკავს კონვენციის იურიდიულად დამავალდებულებელი, ეფექტური ვერიფიკაციის მექანიზმის მქონე ოქმის შემუშავებისა და მიღების ძალისხმევას", - ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის წარმომადგენელმა. 

 

მან ასევე განაცხადა, რომ საზღვრისპირა სახელწიფოებში აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური აქტიურობის მიზნების განმარტების ნაცვლად, ვაშინგტონი ხშირად საუბრობს მხოლოდ პენტაგონის პროექტების თითქოსდა "უაღრესად ჰუმანურ სარჩულზე". პრაქტიკულად, კრემლს არწმუნებს, რომ თეთრ სახლს, როგორ იტყვიან ხოლმე, სიტყვაზე ენდოს.

 

უკრაინის ზოგიერთი პოლიტიკოსიც შეშფოთებულია ოკეანისგაღმელი სამხრეებიანი ვირუსისშემქმნელების უკონტროლო ცდებით. უკრაინულმა ყოველკვირეულმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ჟურნალმა "კორესპონდენტი" გასული თვის ბოლოს თავის მკითხველებს ამერიკული ბიოლაბორატორიების საიდუმლოებანი გაანდო. 

 

მაისის ბოლოს გამოცემა იტყობინებოდა, რომ საინფორმაციო სააგენტო "Українські новини"-მ გამოაქვეყნა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაცემული ოფიციალური პასუხი უკრაინაში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტით აშენებული ან მოდერნიზებული ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობაზე. ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაცემულ პასუხში აღნიშნულია, რომ "კონტრაქტის პირობებით გათვალისწინებული იყო უკრაინისთვის დახმარების შეთავაზება ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ცოდნის გავრცელებისგან თავიდან ასაცილებლად" ობიექტებზე, "რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას ბიოლოგიური იარაღის შექმნისას". 

 

მაგრამ უკრაინაში არც საბჭოთა პერიოდში, არც დამოუკიდებობის გამოცხადების მომენტიდან პენტაგონთან კონტრაქტის გაფორმებამდე ბიოლოგიური იარაღის შექმნა არ მიმდინარეობდა და არც მისი გამოცდა არ ჩატარებულა. და აი, ამერიკა დახმარებას სთავაზობს ობიექტებს, "რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას ბიოლოგიური იარაღის შექმნისას". "კორესპონდენტის" აზრით, მოცემულ ობიექტებს პენტაგონი განიხილავს, როგორც ბიოლოგიური იარაღის მწარმოებლებს. სხვა დასკვნის გამოტანა, უბრალოდ, შეუძლებელია. საკითხავი მხოლოდ ისაა, ჟურნალის თქმით, სინამდვილეში ვინ აწარმოებს ასეთ იარაღს - კიევი თუ ვაშინგტონი. 

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პროგრამაში, რომლის მიხედვითაც უკრაინაში ბიოლაბორატორიები აშენდა, ან მათი მოდერნიზება მოხდა, ნახსენები არ არის ქვეყნის სამხედრო უწყების არც ერთი მსგავსი სტრუქტურა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამმართველოს არც ერთი რეგიონული სამმართველო. ეს ასევე მიანიშნებს, რომ აშშ-მა უარი თქვა 2001 წელს ხელი მოეწერა საერთაშორისო ოქმისთვის, რომლის თანახმადაც 33 მიკროორგანიზმი აღიარებული იქნებოდა ბიოლოგიური იარაღის პოტენციურ აგენტებად, ვინაიდან, სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალისტებმა დოკუმენტში 37 მუხლი "აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის შეუსაბამოდ" მიიჩნიეს.

 

ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაცემულ ოფიციალურ პასუხში ნათქვამია, რომ DTRA-ს ეგიდით აშენდა რვა ბიოლოგიური ლაბორატორია ვინიცკის, დნეპროპეტროვსკის, კარპატისმიღმა მხარის, ლვოვის, ხარკოვის, ხერსონის, ტერნოპოლის ოლქებში, ასევე ყირიმის რესპუბლიკურ ლაბორატორიულ ცენტრში. იქვე აღნიშნულია, რომ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აშენდა ეს დაწესებულებები, 2014 წელს დაიხურა. თუმცა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონაცემებით, უკრაინის ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროსა და ამერიკულ კომპანია Black & Veatch Special Projects Corp-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, 2016 წელს ეს პროგრამა განახლდა. თანაც გამოცხადდა, რომ ერთობლივი საწარმოს მიზანია უკრაინის ლაბორატორიების ჩართვა დაავადებებზე დაკვირვების ერთიან ელექტრონულ ინტეგრირებულ სისტემაში. პრესის ცნობით, პროექტის სარეგისტრაციო ბარათი უკვე 13 ობიექტზე შეიცავს ინფორმაციას. მასში ასევე მითითებულია, რომ პროექტის მიზანია ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის პათოგენების გავრცელების შეჩერება, ასევე "იმ დიაგნოსტიკური ლაბორატორიების საერთოეროვნული ქსელის გაფართოება, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე მუშაობენ".

 

მაისის ბოლოს უმაღლესი რადას დეპუტატებმა პარტიიდან "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის" (ოპს) ვიქტორ მედვედჩუკმა და რენატ კუზმინმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში გააგზავნეს ოფიციალური საჩივარი უკრაინაში ამერიკული ბიოლაბორატორიების უკანონო საქმიანობის ფაქტზე. ამის შესახებ კუზმინმა Facebook-ში თავის გვერდზეც დაწერა და დოკუმენტის ტექსტი განათავსა. "ეროვნული ინტერესების ღალატის გარდა, კიდევ რით შეიძლება აიხსნას, რომ უკრაინის ხელისუფლება მალავს ინფორმაციას იმ საიდუმლო ექსპერიმენტების შესახებ, რომლებსაც უკრაინაში აშშ-ის სამხედრო ბიოლოგები ატარებენ? უკრაინელი ხალხისთვის ეს ინფორმაცია რატომ უნდა იყოს საიდუმლო? დიპლომატიურ იმუნიტეტს ამოფარებული ამერიკელი სამხედრო ბიოლოგები ჩვენთან რატომ აძლევენ თავს იმის კეთების უფლებას, რაც მათთან იკრძალება? უკრაინის ხელისუფლება რატომ ამბობს უარს ამერიკული ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიების დისლოკაციის ადგილებში უკრაინის მოსახლეობის ბაქტერიოლოგიური დასნებოვნებისა და სიკვდილიანობის მრავალი ფაქტის გამოძიებაზე?" დაწერა უკრაინელმა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ პარტიას "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის" უკრაინის ხელისუფლებისგან ამ კითხვებზე პასუხები არ მიუღია. ამიტომაც გახდა იძულებული, ოფიციალურად გაეროსთვის მიემართა. 

 

"ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის" პარტიის დეპუტატებს ამერიკული ლაბორატორიების საკითხი პირველად არ წამოუწევიათ. აპრილის შუა რიცხვებში ლაბორატორიების შესახებ კითხვა პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის გაუგზავნეს. კერძოდ, მასში იყო განმარტების მოთხოვნა, რომელი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე ახორციელებენ ეს ორგანიზაციები უკრაინაში მოღვაწეობას და როგორ რეგულირდება მათი მუშაობა. 

 

შექმნილ სიტუაციაში მთავარი პრობლემა ისაა, რომ უკრაინის მთავრობას ამ ლაბორატორიების საქმიანობის კონტროლის არანაირი ინსტრუმენტი არ გააჩნია. მოქმედი ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი და აშშ-ის საელჩოს კურატორების მითითებებით ხელმძღვანელობს. სწორედ ამით აიხსნება პარტიის "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის" მცდელობა, შესაბამისი გამოძიების ჩატარებისთვის მხარდაჭერა გაეროში ეპოვა. 

 

 

ქართული ბიოსაიდუმლოებანი

 

2018 წელს მსოფლიო პრესაში გამოქვეყნდა ბულგარელი ჟურნალისტის დილიანა გაიტანჯიევას გამოძიების შედეგები სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ის ბიოლოგიური კვლევების სამხედრო პროგრამის შესახებ. მან მკითხველს უამბო რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შესახებ, რომელიც DTRA-ს პროგრამით გაიხსნა 2011 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად. ეს ბიოდაცვის მესამე ხარისხის მქონე ბიოლაბორატორია ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ის სპეციალისტებისათვის, რომლებსაც აქვთ საიდუმლო ინფორმაციასთან მუშაობის უფლება. ოფიციალური მონაცემებით, ცენტრი დაკავებულია ბიოლოგიური საფრთხეების კვლევით. მისი სპეციალისტები შეისწავლიან ბიოაგენტებს, ვირუსულ დაავადებებს და ახორციელებენ ბიოლოგიური ნიმუშების შეგროვებას მომავალი ექსპერიმენტებისთვის. 

 

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, 2014 წლიდან, როდესაც ლაბორატორია აღიჭურვა მწერების მოსაშენებელი სპეციალური მოწყობილობებით და რაც მათი დასნებოვნების დონის შეგროვების, შესწავლისა და ტესტირების პროექტების რეალიზაცია დაიწყო, საქართველოში სხვადასხვა დაავადების არატიპიური შემთხვევების გახშირება დაფიქსირდა.

 

საქართველოს სახელმწიფო უშიროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ 2018 წლის ბოლოს განაცხადა, რომ მის განკარგულებაშია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ კვლევით ცენტრში საშიში ექსპერიმენტები ტარდებოდა. მან ასევე მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, გამოეძიებინა ლაბორატორიის საქმიანობა. საქართველოში ამ ბრალდებებს "აბსურდული" უწოდეს, მოსკოვში კი განაცხადეს, რომ აშშ-ს სთხოვენ ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ დოკუმენტებს. მიმდინარე წლის 26 მაისს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა კომენტარი, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოსგან ელის პასუხს ლუგარის ცენტრში რუსი სპეციალისტების შესვლის საკითხზე და გამოხატულია შეშფოთება ლაბორატორიის საქმიანობაზე ინფორმაციის უქონლობის გამო. რუსეთი დაჟინებით მოითხოვს "ლაბორატორიის ყველა კორპუსში წვდომის გარანტიის მიღებას", მათ შორის, იმ შენობებში, რომლებსაც ამერიკელი სპეციალისტები იკავებენ. მხოლოდ ასე შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი ცენტრის საქმიანობის რეალური შემოწმება და განისაზღვროს "იმ სამუშაოების ჭეშმარიტი მიმართულება, რომლებსაც აშშ-ის სამხედრო ბიოლოგები რუსეთის საზღვრების ახლოს ატარებენ".

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლუგარის ლაბორატორია მთლიანად საქართველოს კუთვნილებაა. "ლუგარის ცენტრი მთელი თავისი მოწყობილობებით მთლიანად გადაცემულია საქართველოს მთავრობის კუთვნილებაში, 2018 წლიდან კი ლუგარის ცენტრსა და ლაბორატორიულ ქსელს მთლიანად საქართველოს მთავრობა აფინანსებს. სტრუქტურულად ლუგარის ცენტრი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქვედანაყოფია და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შედის", - აღნიშნულია განცხადებაში და მითითებულია, რომ ამერიკელ სპეციალისტებს "არ აქვთ რაიმე სახის კვლევის დამოუკიდებლად ჩატარების შესაძლებლობა".

 

მიუხედავად ამისა, მსგავს განცხადებებს საგულდაგულო გადამოწმება სჭირდება. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება რუსეთის ეროვნული უშიშროების ესოდენ მგრძნობიარე საფრთხეს მის საზღვრებთან ახლოს. 

 

უნდა აღინიშნოს, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ აშშ-ის ბიოლაბორატორიები შეიქმნა ასევე სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და მოლდოვაში. რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე შექმნილი ლაბორატორიების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. მათთან და კვლევის შედეგებთან წვდომა მხოლოდ ამერიკელ სპეციალისტებს აქვთ. ადგილობრივ მეცნიერებსა და ტექნიკურ პერსონალს ეკრძალება იმ შენობებში შესვლა, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საიდუმლო კვლევები ტარდება. 

 

გადმობეჭდილია შემოკლებებით ვებგვერდიდან: nvo.ng.ru

სტატიის მუდმივი მისამართი - https://centrasia.org/newsA.php?st=1593139560

 

 

 

 

უცხოური მასმედია კორონავირუსის შესახებ

 

„ამერიკული ბიოლაბორატორიები სომხეთში: 

მრავალვექტორულობის საოცრებები"

 

ავტორი: ვიქტორია პოპოვა

 

სომხეთში დღეისათვის მოქმედებს მთელი ქსელი - 12 ბიოლაბორატორია, რომლებიც შექმნილი ან მოდერნიზებულია ამერიკული სამხედრო უწყების თანხებით, ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების პროგრამის (BTRP) ფარგლებში, რომელიც, თავის მხრივ, აშშ-ის "ბიოლოგიური ჩართულობის ერთობლივი პროგრამის" (CBEP) ნაწილია. მათგან სამი მდებარეობს ერევანში: დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრში, საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურში და "ნორკის" ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში. იჯევანში, გიუმრიში, მარტუნიში, არტაშატში, ვანაძორში და სხვ. შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურებში მოქმედებს რეგიონული ლაბორატორიები. 

 

ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, ისინი მხოლოდ ნომინალურად მიეკუთვნებიან სომხეთს, სინამდვილეში კი მათ ამერიკის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) აკონტროლებს.

 

როგორც საზოგადოებრივი მოძრაობების კოალიცია "ერთიანი ჯანმრთელობის" ლიდერი, ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროს საერთაშორისო ექსპერტი გ. გრიგორიანი აღნიშნავს, სომხეთის ბიოლოგიური უსაფრთხოების ეროვნული სისტემა რეგიონში აშშ-ის ბიოლოგიური დაზვერვის სისტემის ელემენტადაა გადაქცეული. ჯერ კიდევ ქვეყანაში ლაბორატორიების ამერიკული სამხედრო ქსელის გახსნამდე, 90-იანი წლების შუა პერიოდიდან, აშშ-მა სრული კონტროლი მიიღო ეპიდემიოლოგიური მონაცემების სომხურ ბაზებზე. გ. გრიგორიანის მტკიცებით, ქვეყანაში შემოიღეს ატლანტაში მდებარე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (CDC) მიერ შემუშავებული საინფორმაციო სისტემა Epiinfo, რომელიც რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ყველა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მონაცემების დასამუშავებლად. 2011 წელს კი ამერიკელებმა აიძულეს სახელმწიფო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობის სამსახურები დაენერგათ დაავადებებზე დაკვირვების ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა (EIDSS) და პათოგენური აქტივების კონტროლის ელექტრონული სისტემა (PACS).

 

მართალია, მონაცემთა ბაზები და განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა შტამები სომხეთს უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ ლაბორატორიების ჭეშმარიტი პატრონები მათ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავენ. 2015 წელს შავი ჭირის ჩხირის ორი გენომი აშშ-ში უოლტერ რიდის სახელობის კვლევების სამხედრო ინსტიტუტის (WRAIR) წარმომადგენლისა და ამავდროულად ლუგარის სახელობის ქართული ცენტრის მუშაკის - მ. ნიკოლიჩის განკარგულებაში მოხვდა. 2016 წელს სომხეთის მთავარი ინფექციური საავადმყოფო "ნორკის" 600 პაციენტის სამედიცინო ბარათებს ფორტ დეტრიკის ინფექციური დაავადებების სამხედრო სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტისა და უოლტერ რიდის სახელობის კვლევების სამხედრო ინსტიტუტის წარმომადგენელი კრისტიან ბაუტისტა იკვლევდნენ.

 

 

საწვრთნელი ვარჯიშები "კატებზე" 

 

საკმაოდ სერიოზულად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კვლევების გარდა, ამერიკელი "სამხრეებიანი ვირუსოლოგები" სომხეთსა და მოსაზღვრე ქვეყნებში საველე ცდებსაც ატარებენ. სომხეთში ამერიკული ბიოლაბორატორიის ამოქმედების შემდეგ "გაჩნდნენ" აზიური ვეფხვისებრი კოღოები, რომლებიც ტროპიკული ციებ-ცხელების, დენგეს ციებ-ცხელების, ჩიკუნგუნიას, ასევე ზიკას ვირუსის გადამტანები არიან, რომელიც ახალშობილებში გენეტიკურ ცვლილებებს იწვევს. მათზე ექსპერიმენტები საქართველოში, ლუგარის ცენტრში ჩატარდა. კოღოებიც ისევე გაფრინდნენ, როგორც ამერიკელი პროფესორის გ. სმიტის კორონავირუსით დაინფიცირებული ღამურები, რომლებიც როგორღაც ყაზახეთის მღვიმეებში აღმოაჩინეს, როცა პროფესორი ამ ქვეყანაში ამერიკის ცენტრალურ რადიოლაბორატორიაში მუშაობდა. 

 

თუმცა, კორონავირუსულ სკანდალს ვერც სომხეთმა ვერ აარიდა თავი. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის (NCDC) 14 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. 

 

გარდა ამისა, როგორც გასული წლის ბოლოს გაირკვა, სომხეთში მდებარე ამერიკული ლაბორატორიები, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტთან (მბი) ერთად იკვლევენ სომეხთა გენოტიპს, რისთვისაც ფინანსებს ნატოც, პენტაგონიც და ევროკავშირიც გამოყოფს. 

 

გაეროს ბიოლოგიური იარაღის კომისიის საკითხების კომისიის ყოფილი წევრის, ი. ნიკულინის აზრით, "ფაქტობრივად, ეთნიკური იარაღი უკვე შექმნილია". ყოველ შემთხვევაში, ფრინველის გრიპი მკვეთრად ურტყამს მონღოლოიდებს, ატიპიური პნევმონია - ევროპელებს, მაგალითად, ებოლას ან მარბურგის ვირუსები - აფრიკელებს. იმ დროიდან მოყოლებული, რაც რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან ეს ლაბორატორიები გაჩნდა, სხვადასხვა ეპიდემიის აფეთქებები ათჯერ აღემატება იმ პერიოდისას, როცა ისინი ჯერ კიდევ არ მოქმედებდნენ". 

 

გასაკვირი არაა, რომ რამდენიმე დღის წინ, პარტიამ "სომხეთის არწივები - ერთიანი სომხეთი" პრემიერ-მინისტრ ნ. ფაშინიანს ორ თვეში ქვეყანაში არსებული აშშ-ის საქვეუწყებო ყველა ლაბორატორიის ლიკვიდაცია მოსთხოვა. 

 

 

არ არსებობს კვამლი ცეცხლის გარეშე

 

ბიოლაბორატორიების ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად გამოყენებასთან დაკავშირებული ეჭვი აშკარად არ არის უსაფუძვლო. აშშ ჩამოშორდა 1972 წლის კონვენციას ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ, 2001 წელს კი დაბლოკა მასთან დაკავშირებული დამატებითი ოქმის მიღება, რომელიც ურთიერთკონტროლის განხორციელების საშუალებას იძლეოდა. ამერიკელებმა იგნორირება გაუწიეს ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმსაც, რომლის მიზანიც იყო იმ ცოცხალი, ბიოტექნოლოგიების დახმარებით შეცვლილი ორგანიზმების, მათ შორის ვირუსების უსაფრთხო გადაცემის, დამუშავებისა და გამოყენების სფეროში დაცვის სათანადო დონის უზრუნველყოფა, მას შეუძლია მავნე ზემოქმედება მოახდინოს ბიომრავალფეროვნებაზე, ან ადამიანის ჯანმრთელობაზე. 

 

1998 წელს ვაშინგტონმა მიიღო "აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ახალი ასწლეულისთვის", რომლის რეალიზაციისთვისაც საერთაშორისო სამართლის გვერდის ავლით მიმართა ჩარჩო ხელშეკრულებების გაფორმებას მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში თანამშრომლობის კუთხით. სომხეთთან ასეთი შეთანხმება 2000 წელს გაფორმდა, 2002 წელს კი - ძალაში შევიდა. ბიოლოგიური საფრთხეების შემცირებისკენ მიმართული ზომების შესახებ შეთანხმებას ხელი 2010 წლის სექტემბერში მოეწერა, თუმცა ერევნის ჩათრევა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საფრთხეების შემცირების სააგენტოს" (DTRA) "ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების პროგრამის" ღონისძიებებში ჯერ კიდევ 2008-2009 წლებში დაიწყო. 

 

როგორც 2018 წლის 4 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში ბიოიარაღის საკითხებისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა ი. კირილოვმა განაცხადა, "დიდი ალბათობით, შეერთებული შტატები თავის მოღვაწეობას საერთაშორისო შეთანხმებების გვერდის ავლით ახორციელებს და, თავდაცვით ან სხვა მშვიდობიან კვლევებს ამოფარებული, განაგრძობს სამხედრო-ბიოლოგიური პოტენციალის გაძლიერებას". 

 

ლაბორატორიების განთავსების ადგილები აშკარად შემთხვევით არ არის შერჩეული: რუსეთის, ჩინეთისა და ირანის საზღვრებთან ახლოს მდებარეობით, ისინი ბიოლოგიურ და ეპიდემიურ საფრთხეს წარმოადგენენ ამ ქვეყნების მოსახლეობისთვის. 

 

 

 «შენ ვისიანი ხარ?»

 

სიტუაციას განსაკუთრებულ პიკანტურობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ სომხეთი, სადაც აშშ-ის 12 სამხედრო ობიექტია განთავსებული, ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია. რუსეთმა არაერთგზის გამოხატა მოკავშირესთან თავისი შეშფოთება მის ტერიტორიაზე აშშ-ის მაღალი ბიოლოგიური საფრთხის შემცველი სამხედრო ობიექტების საქმიანობასთან დაკავშირებით. 

 

2018 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ს. ლავროვმა განაცხადა, რომ სომხეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დოკუმენტის მოსამზადებლად, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს ამ ბიოლაბორატორიებში უცხოელი სამხედროების არყოფნას. 2019 წლის ნოემბერში ქვეყნებს შორის უნდა გაფორმებულიყო მემორანდუმი, რომელიც გაამყარებდა აშშ-ის დაფინანსებულ ბიოლაბორატორიებში უცხოელი სამხედროების არყოფნას, ასევე დაუშვებდა ამ ობიექტებთან რუსი სპეციალისტების წვდომას. მიუხედავად ამისა, საქმე ადგილიდან არ დაძრულა: შეთანხმების გაფორმება გადაიდო, აშშ-ის სამხედროები კი განაგრძობენ ვაშინგტონის მიერ შექმნილი ბიოლოგიური დაზვერვისა და დივერსიის სტრუქტურების ხელმძღვანელობას. 

 

რუსი სპეციალისტების წვდომა ამ ობიექტებზე ხომ ნამდვილ პროფანაციად გამოიყურება. 2017 წელს ლაბორატორიაში მისული სარატოველი სპეციალისტები ახლოსაც კი არ მიუშვეს ბოქსებთან, სადაც ვირუსები და ქიმიური რეაქტორები ინახება. თუმცა, ეს არ უშლის ხელს სომხეთის პრემერ-მინისტრის აპარატთან არსებულ ინფორმაციის შემოწმების ცენტრს, უწინდებურად ამტკიცოს, რომ "ლაბორატორიები სომხეთის კუთვნილებაა და მათ არ აქვს სამხედრო დანიშნულება. მეტიც - პრემიერ-მინისტრის დავალებით, რუს სპეციალისტებს მიეცათ შესაძლებლობა, მოენახულებინათ ლაბორატორიები და ამაში თავად დარწმუნებულიყვნენ". 

 

რაც შეეხება ვაშინგტონს, ის მხოლოდ ლაბორატორიებით როდი შემოიფარგლება. ურთიერთობები მყარდება სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების საერთო სისტემაშია ჩართული. კერძოდ, მათ რიცხვს განეკუთვნება ზემოხსენებული ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტი. აღნიშნული ინსტიტუტის მეცნიერები კვლევებს ატარებენ ეროვნული და საერთაშორისო გრანტების მხარდაჭერით, რომლებსაც გამოყოფს ვიშეგრადის ფონდი (ევროკავშირი), აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი (ევროკავშირისა და აშშ-ის ხელმძღვანელობით) და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. 

 

ასევე მოქმედებს ფონდი "აგრობიზნესისა და სოფლის განვითარების ცენტრი" (CARD), რომელიც სომხურ ორგანიზაციადაა დარეგისტრირებული. სინამდვილეში ის ამერიკული პროგრამის - MarketAccessProgram (MAP) მემკვიდრეა და დაფინანსებას DTRA-დან იღებს. კერძოდ, 2017 წელს მან 1 მილიონი დოლარი მიიღო "სამეცნიერო და ტექნიკური მომსახურების გასაწევად", უფრო სწორად, DTRA-ს ინტერესების ლობირებისთვის ქვეყნის სახელისუფლო კაბინეტებში. როგორც სააგენტოს დოკუმენტებშია ნათქვამი, «CARD-მა დაამტკიცა სომხეთის მნიშვნელოვან მინისტრებთან, ამ სამინისტროების აღმასრულებელ ხელმძღვანელებთან წვდომის მიღებისა და DTRA-ს გატარებულ ღონისძიებებში წარმატებული მონაწილეობის კრიტიკული აუცილებლობა".

 

როგორც იტყვიან ხოლმე, კომენტარი ზედმეტია. ისღა დაგვრჩენია დავამატოთ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევრაზიული კავშირის წევრს, რომელიც ამასთანავე რუსეთისგან სამხედრო დახმარებას იღებს, არ აწყენდა იმაზე დაფიქრება, რა შედეგები შეიძლება მოუტანოს თავის ტერიტორიაზე იმ სახელმწიფოს ბიოლოგიური ომის სტრუქტურების შენახვა, რომელიც არ მალავს თავის აგრესიულ ზრახვებს მოსკოვის, პეკინისა და თეირანის მიმართ. 

 

გადმობეჭდილია შემოკლებებით ვებგვერდიდან "ევრაზიის რიტმი" მუდმივი მისამართით: https://www.ritmeurasia.org/news--2020-04-23--amerikanskie-biolaboratorii-v-armenii-chudesa-mnogovektornosti-48629

 

 

14-08-2020, 16:44
უკან დაბრუნება