მთავარი გვერდი > ეპიდაფეთქება და არჩევნები! ანუ, სად არის ხალხი?!

ეპიდაფეთქება და არჩევნები! ანუ, სად არის ხალხი?!


15-10-2020 / 11:47

ეპიდაფეთქება და არჩევნები! ანუ, სად არის ხალხი?!

 

- ვიღაცამ ხომ უნდა მართოს ქვეყანა? - გაღიზიანებული ტონით მომახალა ერთმა ჩემმა ოპონენტმა, როცა საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებისადმი საკუთარი დამოკიდებულება დავაფიქსირე.

 

- დიახ, ვიღაცამ უნდა მართოს! - იყო ჩემი პასუხიც, თან დავამატე - გააჩნია, ვინ იქნება ის „ვიღაცა“...

 

* * *

ხშირად მეკითხებიან: რა პროგნოზი მაქვს კარსმომდგარ არჩევნებთან დაკავშირებით, როგორი კონფიგურაციით შეიძლება დაკომპლექტდეს პარლამენტი და რას შეცვლის ეს ქვეყანაში?!

 

პროგნოზირება საფრთხილო და უმადური საქმეა, მითუმეტეს, „კოვიდ-19“-ით აფორიაქებულ სამყაროში, მაგრამ, ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესის ანალიზით შეიძლება მიახლოებითი (არაუტყუარი) დასკვნის გაკეთება: თუ ყოველდღიურად დაინფიცირებულთა კატასტროფულად მატება საერთოდ ხელს არ აგვაღებინებს არჩევნებზე, შედეგის გამოცნობა არც თუ ისე რთულია.

 

არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ 0-პროცენტიანი ბარიერის დაწესებით, საქართველო უკეთეს პარლამენტს მიიღებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს არჩევნებში, წვრილ-წვრილი - ძველი, ან ახალგამოჩეკილი პარტიებიდან თითო-ოროლა კაცის გაყვანა მხოლოდ დემოკრატიულ „ფასადს“ თუ გაალამაზებს, თორემ, არსებითი ხასიათის ცვლილებებს ვერ მოახდენს - პირიქით, პარლამენტში საჭირო ხმების აუცილებლობის შემთხვევაში, მათი ხმები, ადვილად შესაძლებელია,  გაქანებული  ვაჭრობის საგანიც კი გახდეს!

 

აქედან გამომდინარე, არ ვიზიარებ იმ მოსაზრებასაც, რომ რამდენიმე შედარებით პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანის საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, ქვეყანას სარგებელს მოუტანს! თუმცა, ერთი რამ ცხადია: მათი სახით, თუ ისინი დეპუტატის მანდატს გაინაღდებენ, რამდენიმეთი ნაკლები ნაძირალა მაინც გვეყოლება პარლამენტში!

 

თუ უფრო დავაკონკრეტებ: როცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენა არ შეგიძლია, შენი ხმა პარლამენტის ყრუ კედლებში ჩაიკარგება, „ქარავანი“ კი მაინც თავისი გზით წავა!

 

მე გულდასმით გავეცანი პროპორციულ სიებს და დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ მათგანში (იგულისხმება არა წვრილი და ახალგამოჩეკილი პარტიები) კანდიდატები პროფესიონალიზმისა და სხვა საქმიანი თვისებების ნიშნით არ არის შერჩეული - ისევ ბევრია გაცვეთილი სახეები, ამასთან, ისეთი სახელები და გვარებიც, რომლებიც ამომრჩეველს არაფერს ეუბნებიან. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, მათ არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში. ცალკე შეფასების საგანია ე.წ. „ცნობადი“ სახეების (სპორტსმენები, მომღერლები და ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლები) მოზღვავება პარტიულ სიებში (მარტო ბუბა კიკაბიძე რად ღირს!).

 

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს, ძირითადი აქცენტი მაინც „ქართულ ოცნებაზე“ და „ნაციონალებზე“  (თავის ანასხლეტებიანად) კეთდება.

 

ბევრი ვარაუდობს, რომ „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება მომავალ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება და იგი იძულებული გახდება დათანხმდეს კოალიციურ მმართველობას. ზოგიერთის აზრით კი, სწორედ ამ დილემას უკავშირდება ახალგამოჩეკილი პარტიების სიმრავლეც, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტიის სატელიტებად იქცევიან.

 

არ არის საფუძველს მოკლებული ეს მსჯელობაც. მე მაინც ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“, ასე თუ ისე, თავი ქუდში აქვს და ეს მოსალოდნელი შედეგი დიდწილად პანდემიას და გიორგი გახარიას გაზრდილ ავტორიტეტს უკავშირდება.

 

თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეპიდაფეთქების ახალმა ტალღამ უარესობისკენ შეცვალოს „ქართული ოცნების“ იმიჯი და მას ვერც გახარიას აღიარებულმა კრიზისმენეჯერობამ უშველოს!

 

მიუხედავად იმისა, რომ ხალხის გარკვეულ ნაწილში დღესაც ეჭქვეშაა პანდემიის მასშტაბების ზრდა და მას ხელოვნურად გაბერილად მიიჩნევენ, ფაქტი ერთია: ასეთი ქაოტურობიდან სახელმწიფოს სრულ პარალიზებამდე (საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ზედმეტად მკაცრი რეგულაციები) ერთი ნაბიჯია!

 

ერთი სიტყვით, თუ ხელისუფლებამ იგრძნო, რომ მისი რეიტინგი დღითიდღე ეცემა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად მას ქმედითი ბერკეტი გააჩნია მკაცრი რეგულაციების შემოღების - საგანგებო მდგომარეობისა და საყოველთაო კარანტინის სახით, რა პირობებშიც არჩევნების ჩატარება ლოგიკურად შეუძლებელია!

 

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მსოფლიოში არსებული უმძიმესი პარსპექტივის გათვალისწინებით, სახელმწიფოს სრული პარალიზება და არჩევნების ჩატარება-არჩატარება, მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების ნებაზე არ არის დამოკიდებული - გააჩნია, როგორი სიგნალი და დირექტივები მოვა „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ მხრიდან და ზოგადად, რა შედეგით დასრულდება კარს მომდგარი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები.

 

დიახ, გვინდა, არ გვინდა, ჩვენც სამყაროს ნაწილი ვართ და იძულებულნი ვხდებით ე.წ. „მსოფლიო წესრიგს“ დავემორჩილოთ, მითუმეტეს მაშინ, როცა საკუთარი, ეროვნულ ფესვებზე ამოზრდილი ხელისუფლება არ გვყავს!!!

 

* * *

ამ ფონზე აბსურდად მეჩვენება იმაზე კამათი, რა შედეგს დადებს მომავალ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ ან თეთრ რაშზე ამხედრებული პრეზიდენტყოფილი - მიხეილ ყველაფრისმკადრებელი, ტრიუმფით შემოაბიჯებს თუ არა საქართველოში. ან, თუნდაც, რამდენ პროცენტს აიღებს „მარშალის გეგმით“ შეიარაღებული, უმრავლესობის თვალში ურეიტინგო „ლელო“. აიყოლიებს თუ არა სოციალური დემაგოგიით დაზომბირებულ ამომრჩეველს „ლეიბორისტული პარტია“, გახდება თუ არა „მთავარი ოპოზიცია“ რუსეთუმედ მონათლული, „ქართული ოცნების“ სატელიტად აღიარებული „პატრიოტთა ალიანსი“. და ბოლოს: გახდება თუ არა აუცილებელი კოალიციური პარლამენტის ფორმირება და შესაბამისად, კოალიციური მთავრობის შექმნა.

 

ეს ყველაფერი მირაჟია იმასთან შედარებით, რა პერსპექტივაც შეიძლება გაუჩნდეს ქვეყანას უახლოეს მომავალში!!!

 

* * *

რატომ გვიხატავ ასეთ მძიმე მომავალს?! - ჩვენ ხომ წმინდა მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ?! - იკითხავს მავანი.

 

დიახ, ჩვენ გვასწავლიან, რომ საქართველოს გამორჩეული მისია აქვს, საქართველო წმინდა მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მისი მადლიანი კალთა იფარავს! თუმცა, ყოველთვის სხვის მოიმედეობას შეჩვეულნი, ერთხელაც არ დავფიქრებულვართ, რომ ჩვენც ჩვენი - ეროვნული მისია გვაქვს და უფლის წყალობას იმისდა მიხედვით უნდა ველოდოთ, როგორც გავირჯებით!

 

აქსიომაა ისიც, როცა გამორჩეული მისია გაქვს, მეტიც მოგეთხოვება!

 

P.S. კითხვაზე: ქვეყანა ვიღაცამ ხომ უნდა მართოს, ვუპასუხებ: ქვეყანა ხალხის წიაღიდან აღმოცენებულმა ძალამ უნდა მართოს, მაგრამ სად არის ხალხი?!

 

P.S.S. დემაგოგიურ ლოზუნგად აღვიქვამ მოწოდებას: „არც ნაცი, არც ქოცი“. ჯერ ერთი, ეს არარეალურია, მეორეც, საზოგადოებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ორი რესურსამოწურული პოლიტმონსტრისთვის რეალური პოლიტიკური ძალა დაეპირისპირებინა - დღეს ჩვენი ყველაზე დიდი მტერი არა „ნაცმოძრაობა“ ან სხვა პოლიტიკური მონსტრია, არამედ,  ის, რომ დღემდე ვერ ვახერხებთ სახელმწიფოს ინტერესების გარშემო ერთ მუშტად გაერთიანებას, ურომლისოდაც ერის მომავალი არა მარტო ბუნდოვანია...

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი


უკან დაბრუნება