ივერიონი / რა გინდათ, რას ერჩით?!..

რა გინდათ, რას ერჩით?!..

 

 

იური პაპასქუა,

ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,

სსუ პროფესორი

 

 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ბევრი წავიკითხე და მოვისმინე. „ხილულად“ ყოფნის დროს ხომ მომხრეცა და მოწინააღმდეგეც მის გვარს  წაღმა-უკუღმა ახსენებდა. აწიც, „საუკუნის ქველმოქმედის“ გამოჩენასა და „უჩინრობაში“ გარიდებაზე, ბევრი დაიწერება და ყურს მოსმენაც მოსწყინდება.

ვინ ტყუოდა ან ვინ იბრალებს მართლის მაუწყებლობას, გარჩევას არ ვაპირებ - ეს ყველაზე დიდი უგუნურობა იქნება, მაგრამ დღეს ფუჭი ლაქლაქი პროფესიად იქცა, ოპონენტი - მოსისხლე მოწინააღმდეგედ, ოპოზიციონერი - ქვეყნის მტრად, სიცრუის ტირაჟორად, მხოლოდ „შავის“ აღმრიცხველად ჩამოყალიბდა; ახალგაზრდობამ სიმართლე არ იცის, სწავლას მოწყვიტეს, ქუჩაში ფარად გამოჰყავთ; ოღონდ ხელისუფლებას დააკისრონ პასუხისმგებლობა, საკუთარ წვლილს ცუდად ყოფაში ვერავინ ხედავს; თუ ცუდი რამ ხდება, ამხილოს და გამოსწორებაში ქვეყანას გვერდით დაუდგეს, არავის უნდა; მხოლოდ პირველკაცობას ეპოტინებიან და თუ ამას ვერ მოახეხებენ, ქვა-ქვაზე ნუ დარჩენულა, მეწყერს წაუღია ყველა სხვა საქვეყნო საზრუნავი. ზოგს ჯიუტად არ სურს იმის დაჯერებაც, რასაც საკუთარი თვალით უყურებს, სხეულით გრძნობს, გონებაშიც ჩამჯდარი აქვს. მოთხოვნა - ნორმად, თავის მართლება - აქტიურობად, სხვაზე გადაბრალება  - საქმის კეთებად აღიქმება - ეს საშინელი, გადამდები სენიადა უნდა შევაჩეროთ. ამიტომაც გავბედე ხმის ამოღება, - იქნება ვინმემ ყურად იღოს და თუნდაც ერთი გაერიდოს გადაგვარებას.

2011 წლიდან იმდენჯერ ახსენეს ივანიშვილის გვარი, დათვლას უახლესი მრიცხველიც ვერ შეძლებს. ზოგ „ზომიერებიდან გასულს“, მიკროფონთან კეკლუცის დროს, საუბრის დაწყების, შუა და ბოლო ნაწილში რამდენჯერმე უნდა ეხსენებინა ბიძინა, როგორც ურჩხული, წყაროს სათავე რომ ჩაუკეტა სოფელში მცხოვრებთ.

ივანიშვილის მოღვაწეობასა და „პოლიტიკიდან მშვიდად გაცლაზე“ დაწერილ „ათას სურნელოვან შვავში“ მაღალფასეულსაც გამოარჩევს დაგეშილი ყნოსვა. დახვეწილად, უთუოდ საინტერესო რაკუსით, იუმორგარეულად თუ დაფიქრებით, არაერთი გემოვნებიანი, ნიჭიერი კალმოსნის მიერ ჩამოქნილია ჩვენი დროის ყველაზე გავლენიანი აქტორის პორტრეტი. ბევრმა, მათ შორის, კარგად იცის, სად ჩაამუქოს ფერი, სად მიანათოს სხივი,  სად „გაბრაზდება“ კალამი და სად შეჩერდეს. ისინი ყველაფერში, შესაძლოა, ვერ დაითანხმო ან თალხში უფრო თეთრი გეხილებოდეს, მაგრამ ეს მათი ხედვაა, აქ მიუღებელი არაფერია და არც საწყენი - ყველა სხვადასხვანაირად კითხულობს გალაკტიონს, ყველას განსხვავებულად უღიმის ლეონარდოს „მონა ლიზა“. ამ „პორტრეტებში“ შტრიხების მეტი წილი მკაფიო და შაბლონურისგან განსხვავებულია; მეტია აქ მართალიც და სახელდახელო გაზვიადების კვალიც ილანდება. სწორედ მართალგარეული, სტრიქონებს შორის სიცრუეშეპარებული ხდება საყურადღებო და, გულწრფელდ რომ ვთქვა, საშიშიც. ამას ნიჭიერები უკეთ ახერხებენ. ნიჭიერი კაცის მოქმედებებია გადამდები (კორონავირუსივით ვრცელდება); მათ მიმიკებს ბაძავენ, აჩემებულ სიტყვებს იმეორებენ, სტრიქონებს შორის (შეგნებულად თუ შემთხვევით) ჩაგდებულ აზრებს საკუთარივით ავრცელებენ და სარწმუნოსავით ჟღერს მერე „ორღობის ჭორიკანების“ მიერ აუდიტორიებში, სოფლის „ბირჟებზე“ ან უფრო დიდ თავყრილობაზე დაგდებული ასეთი „სასხვათაშორისო შეფასება“, თორემ ყველაზე ცნობილი შალიკოს ნალაყბევს უკვე ყურს არავინ უგდებს.

        სულაც არაა გასაკვირი, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანის, ბიზნესმენის, ქველმოქმედისა და მეცენატის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას მითქმა-მოთქმა გამოეწვია. მტერიც ბევრი ჰყავთ ასეთ რჩეულებს, მლიქვნელებიც აეკიდებათ, უმადურებსაც რა გამოულევთ, ბოლოს არც მადლიერნი რჩებათ.

ახლა მომავლზეც დაიწყეს ბჭობა - რომ იყო, რა მოგვიტანა, იყო და გამოხრა სოფელი, წავიდა და უთვალავი ვალი დაგვიტოვაო - რას არ იტყვის კაცის ენა, - შენებას ნგრევად წარმოააჩენს, გაცემაში მომხვეჭელობას მოილანდებს, როგორსაც გინდა, ისეთ მუსიკაზე დაიწყებს როკვას. ზოგი წარსულის, აწმყოსა და მომავლის დაკავშირებასაც ახერხებს და ივანიშვილის საქმიანობის გენეაოლოგიიდან ერთი ხელის გაწვდენაზე ქვეყნიერების დასასრულს ხედავს, სიბინძურეს ანთხევს...

ამხედრებულ, ხმაშემართულ ლაყბოსანთა შორის უმეტესობა ისეთია, არც იცის რისთვის აფრქვევს შხამს და ბოღმას, ვერ აცნობიერებს რას ამბობს, თვითონ არაფერი უკეთებია, არაფრის მაქნისია, შაურს ვერ გააგდებინებ, უქონელია, მგრამ გამოჩენა უნდა, ხმაურობს და ყურადღებას იქცევს - ამით იმას „ამტკიცებს“ უფრო, გასაქანი არ მიეცა თორემ, ყველა სხვას გადაასწრებდა დიად საქმეში; მას რომ მოუსმინონ, ააყვავებდა გავარვარებულ უდაბნოებსაც კი...

ჩემს გაოცებას ყოველთვის იწვევდა მოკვდავთა ასეთი ქცევა - ვის რა წაუღია ამ სოფლიდან იმ სოფელში და მაინც შური, ორპირობა, უმადურობა, დაუნახავობა ზეობს. ახსნაც, რა თქმა უნდა, მოიძებნება - ასეთი უკიდურესობების რელიგიური, მატერიალური თუ სხვა მსოფლმხედველობრივი საწყისები ცნობილია, - ცუდსა და კარგს ერთმანეთი უჭირავს. სხვანაირად საყრდენს მოწყდებოდა სამყარო. მაგრამ ამდენი „ანტი“ ერთად რომ იყრის თავს, ეს ჩანს ასე აშკარად და გაღიზიანებასაც სწორედ ეს იწვევს, თუმცა, ამ დასაბამისეული წონასწორობის ერთ პინაზე იმდენად კაშკაშაა ბიძინა ივანიშვილის „ნათელი“,  საპირწონედ, მის გასამუქებლად ამდენი „სიბნელე“ სად უნდა შეგროვდეს?.

ივანიშვილის 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესიდან“ გამოჩენას როგორი კუთხითაც არ უნდა შევხედოთ, მან უთუოდ წარუშლელი კვალი დააჩნია საქართველოს 21-ე საუკუნის ბობოქარ დასაწყისს და შემდგომში მოსალოდნელ გარდაქმნებს. გვინდა თუ არ გვინდა ამის დანახვა, პირადი კეთილდღეობის შესაქმნელად არ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული და არც მის წასვლაშია „მშვიდი სიბერის“ საწინდარი - მოვიდა შეგნებულად, გათვითცნობიერებული მისიით, არა დიდებისა და გავლენის გასაძლიერებლად, სხვების მიერ მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დასაბრუნებლად, განასრულა საქმე, რაც იტვირთა (თუ განგებამ დააკისრა) და ლაო ძისებურად „გაწყვდიადებულ, გასხივოსნებულ წიაღს დაუბრუნდა“. არ უსარგებლია არც ერთი სახელისუფლო სიკეთით, უანგაროდ ემსახურა ხალხს, რაც მოიხვეჭა - ფული, სიმდიდრე, ნდობა სიყვარული, ყველაფერი უკლებლივ, მშობელ ქვეყანას მოახმარა და ვალმოხდილი „სიმარტოვეში უკუდგა“.

ივანიშვილმა შეძლო ხელისუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოეშორებინა ძალადობაზე, ავანტიურაზე, პირად ამბიციებზე, გამორჩენაზე დაფუძნებული რეჟიმი და ქვეყნის დემოკრატიული, მშვიდობიანი განვითარება შეუქცევადი გახადა. ჩვენს ისტორიაში პირველად, ივანიშვილმა საკუთარი ინიციატივით დათმო ძალაუფლება მაშინ, როდესაც დამსახურებულად შეეძლო ემართა, მიეღო ყველაზე მაღალი თანამდებობა (ვიცი, ამიკლებს ახლა ოპონენტი - დაათმობინეს, ოპოზიციურმა ძალებმა აიძულეს, დასავლეთმა ურჩია, ოკიანის გაღმა გამოეცალა მხარდამჭერი, წყალში ჩაეყარა ტრამპის საარჩევნო კამპანიის დაფინანსება - ჭორია ეს უნიჭოდ აღწერილი სცენარი).

ყველა ადამიანს აქვს საკუთარი სამყარო, მისია, გარემო, რომელშიც თავს გრძნობს ლაღად, მშვიდად, კომფორტში, არ იტაცებს ძალაუფლება, პრივილეგიები; ივანიშვილიც არაა გამონაკლისი. მისთვის პოლიტიკა არ იყო ინტერესის სფერო, ჰობი, საყვარელი გასართობი, მაგრამ მან უფრო მეტი შეძლო, ვიდრე დამოუკიდებელი საქართველოს სხვა ხმაურიანმა პოლიტიკოსებმა. ტიტულოვანი და პოლიტიკაში მოღვაწე ჩამქრალი დიდების ლიდერები ძალადობით, იარაღით, რევოლუციით გამოჩდნენ საზოგადოებაში და ზენიტში ყოფნას ძალადობითვე ინარჩუნებდნენ. ივანიშვილი სრულიად განსხვავებული გზით მოვიდა, მშვიდობიანად, გვერდზე გაწია მოძალადეთა ხროვა, წინასწარ განაცხადა, მალე წავალო, დაპირისპირებულებთან (ისინიც ხომ ჩვენი მოქალაქეები არიან) თანაცხოვრების რთული, მაგრამ აუცილებელი, სტანდარტი შემოიღო და სახელისუფლებო კარიერიდან თავისივე ნებით, უხმაუროდ, სროლის გარეშე ჩამოვიდა.

რა არის ეს, თუ არა მსხვერპლი, ყველაზე დიდი აქტივის შეწირვა ხალხის სამსახურისთვის?!

მან ლიდერების ეპოქა დაასრულა, გაიხურა კარი, დატოვა გარემო, სადაც სისტემა უნდა მუშაობდეს და არა შემთხვევით ატივტივებული, ძალადობით მოსული ან თუნდაც ხალხის მიერ აღზევებული და კერპად დასმული მესიის გონიერება. თუ ხალხის მმართველობამ ვერ იმუშავა, სხვას ნუ დავაბრალებთ, ნურც ახალი ბელადის მოლოდინში გავიტრუნებით - საკუთარ უუნარობაში ვეძებოთ მიზეზიც და, თუ გნებავთ, - გამოსავალიც.

ეს კაცი იმ დროს მოვიდა, როცა მარყუჟი უკვე გაფსკვნილი იყო, წამიც და... ეშაფოტიდან ჩვენი ჩამოხსნა ძლიერ დაგვიანდებოდა. წასვლაც იმ დროს გადაწყვიტა, როცა ყულფში არავინ გაყოფინებს თავს და ყელიდან ბაწარი ჩამოხსნილი გაქვს, სუნთქავ, მკლავიც გერჩის, გამოგაფხიზლეს... აწი კაკანათში კვლავ თუ შეგიტყუეს, თავს დააბრალე, ისევ შველას ნუ მოსთხოვ!

 მოვიდა - რატომ მოვიდა, ოლიგარქს პოლიტიკაში რა უნდაო?! წავიდა - რატომ წავიდა? პასუხისმგებლობას გაექცაო. არსად არ წასულა, - კვლავ  კულუარებიდან იწყებს მართვასო. აბა, ასე, პრიმიტიული, უაზრო მსჯელობა შეიძლება?!

მოსვლამდეც ივანიშვილი თავის რესურსებს გადაუდებელ, საჭირო საქმეს ახმარდა. იქ იყო, სადაც ყველაზე მეტად ჭირდა, ოდნავი დაყოვნებაც საქმეს გააფუჭებდა ან უკვე გაკეთებულს სრულად გაანადგურებდა; ჩუმად იყო და გაღებულ სიკეთეზე არ ყვებოდა (ნუ მომაყრით ახლა, ივანიშვილი ამით წინასწარ იმზადებდა ნიადაგს ხელისუფლებაში მოსლისთვის, ყველა თავიდანვე მოისყიდაო. მკრეხელობაა ეს და სიბინძურე!).

ივანიშვილი იმათ არ ჰგავს, არც იმათი გორისაა, ვინც ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას ვარდების რევოლუციიდან ითვლის, ვინც იბრალებს „დამსახურებას“ ქვეყნის წინაშე, აქტივად იჩემებს კერძო კაპიტალით აშენებულ გზებს, სახლებსა თუ სკვერებს და ამაზე დღენიადაგ  ყველა აუდიტორიაში ტრაბახობს.

პრემიერ-ყოფილი გულხელდაკრეფას არც აწი აპირებს - ჩუმად იღვაწებს, ჩუმად გასცემს შემონახულ თუ კვლავაც მოგროვილ სიკეთეებს და დასასრულ, სოფლიურ უსასრულობას ჩუმადვე შეუერთდება.

ბევრი ისტერიკაშია, რომ ივანიშვილის გამოჩენამ მათი გეგმები არივ-დარია.

კი, ბატონო, დავუშვათ ეს ასეა. მაგრამ თქვენ მოსვლა და საქმის გაკეთება ვინმემ დაგიშალათ? ფული ვერ იშოვეთ და არ გეყოთ? - ფულის შოვნას ჭკუა უნდა, დახარჯვას უფრო მეტი გონიერება სჭირდება. ხვდებით, რაშია განსხვავება? ვინც არ იცის, როგორ იშოვოს ან როგორ „გაფანტოს“, სიყვარული ვისაც არ განუცდია, ის ამას ვერ გაიგებს,  „მდიდარი კაცის“ ვერც საქვეყნო საფიქრალსა და საგონებელს ჩაწვდება.

ვინც ელოდა, რომ ივნიშვილი ჯიბეებს გამოუტენიდა და შინაბერად ჩარჩენილ „მზეთუნახავს“ გაამზითვინებდა, გეთანხმებით, - „მწარედ მოატყუეს“. მაგრამ ამაში მისი დადანაშაულება უნიჭობა, უვიცობა, გაუნათლებლობა უფროა...

ვინც ფიქრობდა, რომ ივანიშვილი დაასაქმებდა, კაბინეტს, მაღალ ხელფასს, მომსახურე მდივანს, პერსონალურ კომპიუტერსა და ლიმუზინს გამოუყოფდა, რა თქმა უნდა, მას მოლოდინი გაუწბილდა - ხელი უნდა გაანძრიო, მიდგე-მოდგე, ბიძია, სახნავ-საბარგი, რამდენიც გინდა, იმდენია. ზარმაცობა და ამპარტავნობა თუ არ გმართავს, სამუშაოს ყველგან იშოვი;

ხალხი დაიმონა, მარიონეტად აქცია, - ბოლო ხმაზე გაჰკივის დღეს საზოგადოების კეთილდღეობისთვის „გულდათუთქული ოპონენტი“.

თუ შენში მონა არ ზის, თავისუფლებას ვერავინ შეგიზრუდავს;

პირწავარდნილი დიქტატორი იყო, ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს, არაფორმალურად მართავდა, - გედიდგულება, ჩლიქებზე დგება, ხელებს გიშლის, კარებს გილეწს, პარლამენტში გივარდება, „ცესკოში“ შეჭრას ცდილობს ვიღაცის შეგულიანებული, დაბოლოლი და გონიერებისგან დაცლილი ობივატელი.  

რაც ივანიშვილს აგინეს, ვერც ერთი დიქტატორი მაგის მეასედსაც ვერ აიტანდა;

ტყუილად ფიქრობთ, რომ შეგზღუდეს, არჩევანი გაგიყალბეს, დაწინაურების შანსი არ მოგცეს - არ გაქვთ, ბატონებო, თქვენ უპირატესობა და სხვას რატომ უნდა დააბრალოთ თქენი უსუსურობა, მე ვერ ვხვდები... ხმაურით ცდილობთ გადაფაროთ თქვენი სისუსტე, გინებით გინდათ გადაფაროთ თქვენი არშემდგარობა?.

... და საერთოდ, თუ ვერ ხვდებით, ვერ ცვლით თქვენი უსუსურობით, ვერ გიპოვიათ გზა და არც იცით, საით, როგორ იაროთ, სხვას რატომ აბრალებთ, სხვა ბელადს რატომ უხმობთ, სხვა რატომ უნდა გელოლიავოთ?!...

ივანიშვილმა საზოგადოება ბნელი წარსულის ლაბირინთებს სრულიად განსხვავებული, არაძალადობრივი, ბევრად რთული გზით გამოატარა და დაგვანახა, როგორ ესწრაფვიან მედროვენი ძალაუფლებას სტომაქების ამოსაყორად. ჩვენში ყოველთვის იყო და ახლა მეტად მომრავლდნენ ისეთნი, სხვის თვალში წველს რომ ამჩნევენ, საკუთარში კი დირესაც ვერ ხედავენ.  დღეს „ექსპერტები“ უფრო მეტი გვყავს, მაგრამ ამით პრობლემები ოდნავადაც არ შეთხელებულა.

გავა დრო და... გაზაფხულმა უკეთ იცის, თუ რა დარჩება თოვლზე ნაგვირისტალი ბრჭყვიალა პანორამებიდან. ზაფხულის მოსვლამდეც კარგად გამოჩნდება, შერჩებათ თუ არა სახე ნათოვლარ კლდეებზე თეთრად ამოტვიფრულ  გმირებს მითოსის სამყაროდან.

არც მე და ბევრი სხვაც არ ფიქრობს, რომ ივანიშვილის სამიზნე „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლა იყოს. უკეთესის დანახვის სურვილი თუ არ გაგიჩნდება, იკოტრიალებ წუმპეში, ვერც აპარტამენტებს დაინახავ და საკუთარი ბუნაგიც სასახლედ მოგეჩვენება - მომავალმა უნდა აჯობოს აწმყოს - განვითარების დინამიკა ამაშია და ჩემი საოცნებოც ესაა.  კარგ მთქმელს, კარგი გამგონე უნდაო, - ნათქვამია!

უკეთესზე უკეთესი ყოველთვის არსებობს. უკეთესს რომ გააკეთებ და მეტს რომ შეძლებ, აი, მაშინ ილაპარაკე წელგამართულმა...

კაცმა, ჭორვილადან აფრთიანებულმა ღარიბმა ჭაბუკმა, საკუთარი თვალუწვდენელი იმპერია შექმნა (აბა, შეძელი და გაუტოლდი, თუა ადვილი), მართა, განადიდა, ათასი სხვაც დააპურა, სახლიც ააგო, ხეც დარგო, ქვეყანასაც შეეხიდა. მისი „კაპიტალი ერთი ქართველის კერძო მფლობელობიდან სრულიად საქართველოს, ყველა ქართველის სამსახურში იხარჯება.“ რა გინდა სხვა, სამდურავი რა გაქვს?!

გომთან საჩხერისკენ გადასახვევიდან ჭიათურის შესასვლელამდის, გზის, ყველა ეზო-კარის, სახლების კეთილმოწყობის, საავადმყოფოს, სკოლის, რიტუალების, კომუნალური გადასახადების ხარჯები, ივანიშვილის სახსრებით ფინანსდებოდა. მისი ძალისხმევით საჩხერის რაიონში 11 ათასი ოჯახისთვის სახლებს სახურავი შეუცვალეს, გაზი შეუყვანეს, გაზქურაც მიიტანეს, გათბობა ჩაურთეს, სატელევიზიო არხებზე წვდომა მიეცათ, - ყველამ ერთნაირად როდი მიიღო გამოწვდილი სიკეთე...

გადაჭარბებულმა ზრუნვამ, სხვისი პრობლემების გადაწყვეტამ (მით უფრო, როცა არც იციან, ვინაა კეთილმყოფელი) მიჩვევა, გაზარმაცება, ახალი მოთხოვნების გაჩენა, გაზლუქუნება  და ათასი უბედურებაც იცის, - ეს სხვა თემაა, მაგრამ როცა შეგიძლია და შენი ხალხისთვის არ გენანება, ამაზე, შესაძლოა, არც იფიქრო. არცაა გასაკვირი, ასეთი ხელგაშლილობა ცუდად შეაფასოს იმან, ვისაც ათასობით სხვისი სახლის გადახურვა კი არა, საკუთარი ერთი ჭერიც ვერ შეუკეთებია და აწვიმს, შეშის მარაგი არ დაუწყვია და სცივა, ქათამს არ ზრდის, კვერცხი არ აქვს, ლობიოს დათესვა არ უცდია, სიმინდის მოსავალი ტყიურ ფრინველებს გააქვთ.

მართლაც, საქმე მადლიერებაში როდია. ვერაფერი ახლოსაც ვერ მივა იმ სულიერ კმაყოფილებასთან, რასაც შეჭირვებულებისთვის დახმარების გაწევა, ხალხისა და ქვეყნისთვის უანგარო სამსახური განიჭებს.  ამას ის ვერ გაიგებს, ვისაც ეს არ განუცდია და არც უცდია, განიცადოს.

მარტო ეს როდია ივანიშვილის მიერ გაღებული სიკეთის ჩამონათვალი (თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, ათჯერ ათ მოკვდავს ეყოფოდა ეს დიდსოფელში ვალმოხდილად გამგზავრობისთვის).

700-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა, სამების ტაძრის აგება, ჯარი, პოლიცია, თეატრები, პარკები, საყოველთაო ინტერნეტიზაცია, სპორტი, რაგბის ინფრასტრუქტურა ქვეყნის მასშტაბით, კურორტები, ჯანმრთელობა, ასობით გადარჩენილი სიცოცხლე, განათლება, ქალაქები... ივანიშვილის ფონდიდან ფინანსდებოდა. ვინ მოთვლის, რამდენს უშუალოდ დაეხმარა. ქველმოქმედების არასრული სიის ჩაკითხვა დაგღლის.. და ჩამოთვლასაც ვერ შევძლებ, - არავინ იცის ამ ერთმა კაცმა რამდენი შეძლო. გაიხედავ მარცხნივ, მარჯვნივ, მაღლა, დაბლა, ქვესკნელშიც რომ ჩაძვრე, - ყველგან, აღმოსავლეთში, დასავლეთში, სამხრეთით თუ ჩრდილოეთით, ბარსა და მთაში, ივანიშვილის ნაგები, გაკეთებული, აღდგენილი დაგხვდება; ასწლეულებს გაუძლებს, ხალხს, ქვეყანასა და თქვენს მოდგმას გამოადგება; ახლაც სარგებლობთ და იფერებთ მისი პიროვნული და მატერიალური რესურსებით გაკეთებულ სიკეთეებს.

პოლიტიკიდან წასვლამდე 30-მდე გრანდიოზული ობიექტი, არანაკლებ ერთმილიარდ-ნახევარი დოლარის ღირებულების ქონება საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა. ბევრი ქილიკობს, ივანიშვილმა ამით გადასახადებს თავი აარიდაო - ჰოი, საკვირველებავ, რა სახელი შეიძლება ამას დაერქვას?!

ვინც ასეთ უმსგავსობას ახმოვანებს და, მით უფრო, იჯერებს, ჰკითხეთ ერთი, იციან რას ნიშნავს საქველმოქმედო ფონდისთვის აქტივების გადაცემა? რა სარგებელი შეიძლება აქედან ივანიშვილის ოჯახმა მიიღოს? რა დანიშნულება აქვს გადასახადებს? რატომ უნდა იხდიდეს ივანიშვილი გადასახადს იმაში, რასაც უანგაროდ ქვეყნის კეთილდღეობას ისედაც ახმარს?

რად ხართ ასე თვალახვეული, მიამიტი და სხვისი დიდკაცობა რად გიქმნით „რაციონალურ წარმოდგენებს ადამიანის არსებობის სასრულ საზღვრებზე“?

ივანიშვილი ერთია და ამდენი შეძლო...

საქართველოს დიდი მეცენატები, ქველმოქმედები ადრეც ჰყავდა. დავით სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, ნესტორ კუცია, გიორგი ქართველიშვილი, აკაკი ხოშტარია... მათი გაღებული სიკეთე ახლაც ასაზრდოებს ქვეყანას. ივანიშვილმა უფრო მეტი შეძლო, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა კეთილმყოფელმა.

საქართველოს ერისკაცნიც, სახელოვანი მამულიშვილნი ბევრი ჰყოლია...

ივანიშვილის ბიზნესსაქმიანობა, საზოგადო მოღვაწეობა, საქართველოსთვის გაღებული სარგებელი, მნიშვნელობითა და მასშტაბით, სწორუპოვარი ისტორიული მაგალითია.

წარმოიდგინეთ, ამ თვალწარმტაც, ნიჭიერებით სავსე, უსაზღვრო შესაძლებლობის ქვეყანას ათი ივანიშველი რომ ჰყავდეს, ევროპის ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოს ხომ გადავასწრებდით?!

მაშ, რად ცდილობთ, ეს ერთი დიდი კაცი ჩაკორტნოთ? არ აჯობებს, გვერდში დაუდგეთ, შეეჯიბროთ, იივანიშვილოთ? რამდენს დააპურებდით, რამდენს თავშესაფარი ექნებოდა და ღირსეული სამუშაო გაუჩნდებოდა.

ცხადია, ყველაფერს ივანიშვილის რესურსები ვერ გასწვდა, ყველაფერი ვეღარ დალაგდა, სიღარიბე ჯერ კიდევ მეზობლობს ჩვენთან, მაგრამ ეს არ არის ქვეყნის დასასრული. თავად ივანიშვილმა სიღარიბეში აიდგა ფეხი, უსახსრობაში გაუგო გემო სხვისგან გამოწვდილ დახმარებას, უქონლობაში გამოსცადა მონდომების ფასი და საკუთარი შესაძლებლობა. მერე ეს სიკეთე გაასმაგებულადებულად დაუბრუნა ხალხს და ქვეყანას. დარჩენილ დასალაგებელს ჩვენც შევაშველოთ ხელი - საქმეს მივხედოთ.

ყველას ივანიშვილობას ვერ მოსთხოვ, ვერც ქვეყნისთვის თავგანწირვას აიძულებ, მაგრამ საზოგადო მოღვაწეს, პოლიტიკაში მოსულს პასუხისმგებლობა მაინც უნდა გააჩნდეს, სულ ცოტა, ის მაინც უნდა იცოდეს, რას ლაპარაკობს.

ვინც გაიძახის გაყალბდა-გაყალბდაო, მათ განა ქვეყნის კეთილდღეობისთვის უნდათ ხელახალი არჩევნები, პარლამენტარობა და მართვა? თავისი თავი ადარდებთ და არჩევნებით გასასვლელ სიებში საკუთარ გვარ-სახელს ეძებენ. პოლიტიკა ბიზნესად იყო ქცეული და ყველა ხელმოცარული ინერციით „იაფი ფულისკენ“ გარბის.

რაც გვჭირს, უცოდინარობის, გაუნათლებლობის გამოა!

ივანიშვილმა კარგად იცის განათლების ფასი. გარდა იმისა, რომ მან ხალხს „თევზიც“ ბლომად დაურიგა, მორთულ-მოკაზმული ანკესიც მისცა - თევზის ჭერაში დაოსტატებისთვის გზა მიუთითა. განათლებაში ჩადებული მისი ინვესტიცია - ქუთაისის საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტი, ყველაზე დიდი საჩუქარია ახალგაზრდების გადასარჩენად. ეს საქმეც წარმატებით განასრულა, მომავლისკენ გაჭრილი, მოკირწყლული ფართო შარა დაგვიტოვა და კვლავ გაუჩინარდა.

 

რა გინდათ, რას ერჩით?!დააყენეთ ის კაცი იქ, სადაც წავიდა. აწი თქვენ უკეთესედ აკეთეთ, რაც მან ვერ შეძლო.

21-01-2021, 13:10
უკან დაბრუნება