ივერიონი / ძველ ტიკში ახალ ღვინოს არ ასხამენ და არც ევროკავშირი უშველის საქართველოს!

ძველ ტიკში ახალ ღვინოს არ ასხამენ და არც ევროკავშირი უშველის საქართველოს!

ყველაფერი უარესობისკენ მიდის - სოციალურმა ქსელმა არა მარტო გააშიშვლა (ხელისგულზე დადო) ადამიანთა ვნებანი, არამედ, ილუზიების ტყვეობაშიც ჩაითრია და ვირტუალური რეალობის მონად აქცია!

 

ეს განსაკუთრებით ეხება პოლიტიკას - ადამიანთა ნებას, რომელმაც უნდა შვას  ქვეყნის (საკუთარი) მომავალი. ამ შემთხვევაში უმთავრესი საზოგადოების არჩევანია: რა უნდა, ვისთან ერთად უნდა და რას გააკეთებს თავად  საკუთარი არჩევანის უზრუნველსაყოფად.

 

სატანისტურმა ძალებმა, რომლებმაც სამყაროს ხელში ჩაგდება და კაცობრიობის ბედის თავისებურად გადაწყვეტა განიძრახეს, ყველაფერი გააკეთეს მსოფლიო საზოგადოების ზომბირებისთვის - ეს ის სიტუაციაა, როცა პირში მწარეს გტენიან, მაგრამ გარწმუნებენ, რომ ეს „სიტკბოა“, რომლითაც უნდა ისიამოვნო!

 

ჩვენც გვჯერა, რომ რასაც ისინი გვაწვდიან, „სიტკბოა“ და ჩვენი ცხოვრებაც (ჩვენი მომავალიც) ნებსით თუ უნებლიეთ, მათ მივუგდეთ საჯიჯგნად!

 

უკვე 30 წელია  დემოკრატიისა და თავისუფლების ნექტარით დაბანგულები, „ზემოდან“ მითითებით ვირჩევთ ხელისუფლებას და წესიერად ვერც ვაცნობიერებთ, რომ სათამაშო თოჯინად გვაქციეს! სხვანაირად, როგორ შეიძლება უკეთესის მოლოდინით  შენთვის მიუღებელი  ხელისუფლება „გაუშვა“ და უარესი შეგრჩეს ხელში!

 

აქედან გამომდინარე, დღევანდელი პოზიციაც და ოპოზიციაც, ეშმაკის სამსახურშია, აიწონა-დაიწონას თამაშით, ქუჩურად რომ ვთქვათ, ჩვენ გვაღადავებენ, ქვეყანა კი უფსკრულისკენ მიჰყავთ!!!

 

მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ შემოგვრჩა საღად მოაზროვნე ქართველები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ, რომ საქართველოში მობოგინე პოლიტგვამებიდან, რომლებსაც წვეთი სისხლიც კი არ ცხიათ წმინდა ქართული, „სალამური“ არ გამოითლება და უფსკრულისკენ ლტოლვას მანამ ვერ შევაჩერებთ, სანამ ესენი არ აიბარგებიან ქართული პოლიტსივრციდან!

 

ქართველი ერის ღირსებაზე საერთოდ უარის თქმას ნიშნავს პოზიციისა და ოპოზიციის მორიგებაზე საუბარი - ესენი ერთი „თიხისგან“ არიან მოზელილნი და ამ პოლიტიკურ რეალობაში არც ყბადაღებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გვიშველის და არც ბოლომდე გაკოტრებული ოპოზიციის შერეკვა პარლამენტში - ახალი ძალაა საჭირო, რომელიც მდინარე რიონის ხეობაში აზვირთებულმა „ნიაღვარმა“ უნდა შვას, თუ რა თქმა უნდა, ისიც მართული არ არის გარეშე ძალებისგან, ან ყველაზე მთავარი, თუ ამ პროტესტს მასტაბური ხასიათი არ მიეცემა და ყველა საღად მოაზროვნე ქართველი საერთო იდეის გარშემო არ გაერთიანდება. მერე კი დრო გამოაჩენს - ახალგაზრდა გულმართალი თანამემამულე, ვარლამ გოლეთიანი იქნება უპირობო ლიდერი, თუ ხალხის წიაღიდან სხვა  წინამძღოლი ამოტივტივდება.

 

ჩვენ მყარად უნდა შევთანხმდეთ: ლიდერობანას თამაშით ახალ რეალობას ვერ ვშობთ - მთავარი სახელმწიფოს ინტერესების გარშემო გაერთიანებაა და არა ის, თუ ვის მოვარგებთ ლიდერის მანტიას!

 

და კიდევ: ნათქვამია, ძველ ტიკში ახალ ღვინოს არ ასხამენო. ჭეშმარიტად: რაც არ უნდა ილუზიები გვქონდეს, ძველისგან ახალი ძალა არასდროს  გამოიჩეკება - ძველია და იმიტომ, ძველია და ათასგვარ ავანტიურებში გათქვეფილია და იმიტომ!!!

 

ამ მოსაზრებას საკუთარი ერთსტროფიანი კაფიით დავასრულებ:

 

      ძილს არ მოიშლის მძინარა -

      არ გაიკაროთ ახლოსა...

      ვინ ერთგულია, ვინ - არა, 

      ქვეყანამ დაინახოსა!

 

* * *

 

ამ დილით ბატონ მერაბ კაჭახიძის სტატუსი წავიკითხე: წუხდა, რომ ერთი წივილ-კივილია ატეხილი ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციის (იგულისხმება შარლ მიშელის მიერ სახელდახელოდ მომზადებული დოკუმენტი) გამოო. თუმცა, რაღა რეკომენდაცია - გაშანშალებული დოკუმენტია, რომელსაც უნდა დაეთანხმოს პოზიციაც და ოპოზიციაც.

 

ამ სტატუსს არც გამოვეხმაურებოდი, ბევრის გამწყობას რომ არ ახმოვანებდეს - მათ ჯერ კიდევ სჯერათ, რომ საქართველოს ბედი ბებერ, გახრწნილ და თვითლიკვიდაციამდე მისულ ევროპაზე ჰკიდია. გვარწმუნებენ, რომ თუ მათ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ევროპულ ოჯახში არ მიგვიღებენ! 

 

არ მიგვიღებენ და ნუ მიგვიღებენ!!!

 

მოდით, ახლა სხვა კუთხიდან შევხედოთ: იგივე ევროპამ აღიარა 2020 წლის არჩევნების შედეგები და მოუწოდა ოპოზიციას, შევიდეს პარლამენტში. ოპოზიციამ ყურად არ იღო მათი რჩევა-რეკომენდაცია და ჯიუტად აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს - არა მარტო არ შედის პარლამენტში, არამედ, აშკარად უსაფუძვლო პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებს და რევოლუციითაც იმუქრება.

 

მოდით, ახლა დავსვათ ასეთი კითხვა: ოპოზიცია არ ცნობს და არ ემორჩილება ევროკავშირის რეკომენდაციებს, თუ ასეა საჭირო, რომ საქართველომ მუდმივ ქაოსში და  გაურკვეველ პოლიტიკურ რეალობაში იცხოვროს?!

 

მე უფრო მეორე მგონია, რადგან, პოზიციაც და ოპოზიციაც ერთი და იგივე ძალებისგან არის მართული და ვერ წარმომიდგენია, რომელიმე მათგანს ეყოს გამბედაობა, ანგარიში არ გაუწიოს საკუთარ პატრონებს!!!

 

არ მითხრათ ახლა, დღევანდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი თხემით ტერფამდე ქართულიაო!

 

მეორე დღეა გაუთავებელი წიოკი მიდის მიშელის ე.წ. დოკუმენტზე, რომელიც ადგენს, რა შემთხვევაში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები საქართველოში.

 

ბატონ მერაბ კაჭახიძის სტატუსზე, ჩემს, ცოტა არ იყოს, მკვახე კომენტარს, „ევროპა არა კვახი, თავის გახრწნილებას მიხედოს, თვითონ სულს ღაფავს და ჩვენ სტანდარტებს გვიწესებს-მეთქი“, სტატუსის ავტორის პასუხი მოჰყვა: „ევროპა-კვახის“ სანაცვლოდ რას გვთავაზობთ - „რუსეთ-გოგრას“ თუ თურქეთ „საზამთროს“, თუ 90-იან წლებს და სამოქალაქო დაპირისპირებას და არეულობას“-ო?!

 

ჩემი პასუხი ასეთი იყო:

 

„სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს - დაკემსილი შარვალი დიდხანს ისედაც ვერ ძლებს! ჯერ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა და მერე ვისაუბროთ, „გოგრა“ სჯობს თუ „კვახი!“. ის, რაც ე.წ. პოლიტიკოსებმა (ორივეს ვგულისხმობ - პოზიციას და ოპოზიციასაც) დაგვმართეს, მარაზმია. თუმცა, ყველაზე მეტად ჩვენ ვუღალატეთ საკუთარ მომავალს და საკუთარ შესაბამისად, ქვეყანასაც. დიახ, ჩვენ - საზოგადოებამ! ნათქვამია, ნურავის იმედი ნუ გექნება, გარდა საკუთარი თავისა-ო. ასეა ქვეყანასთან მიმართებაშიც. ჩვენ ამდენი ხანი არჩევანი ვერ გაგვიკეთებია და რომელ ევროპაზე ან რუსეთზე ვსაუბრობთ?!“

 

ბატონ მერაბს და მის თანამოაზრეებს რაც არ უნდა მყარი არგუმენტები მოვუყვანო, მაინც არ დამიჯერებენ, რომ საქართველოში აწეწილ-დაწეწილ პოლიტიკურ სიტუაციას არც ევროპა და არც ამერიკა, არც რუსეთი და არც თურქეთი არ დაგვილაგებს - ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ, საზოგადოებამ. ამოვარტყათ ჭიტლაყი ერთ ადგილას „ჯიუტ თხებს“ და საერთოდ გავაძევოთ პოლიტიკური ავანსცენიდან!

 

არანაკლები მტერია საკუთარი ქვეყნის ის, ვინც ფიქრობს, რომ საქმეს მარტო „ნაციონალები“ და მათ  ჩრდილს ადევნებული ოპოზიცია აფუჭებს - პოზიცია ხელს რომ არ უწყობდეს ამ მარაზმს, ისინი უკვე გაკრეფილი იქნებოდნენ პოლიტიკური ველიდან...

 

და რადგან ასეა, მედიატორის ფუნქცია არა „კვახმა“ ან „გოგრამ“ ან, თუნდაც, „საზამთრომ“ უნდა შეასრულოს, არამედ, ქართველმა ხალხმა, რომელმაც დღემდე ვერ გაითავისა საკუთარი პასუხისმგებლობა!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

19-04-2021, 11:38
უკან დაბრუნება