ივერიონი / რამ და ვინ აიძულა სერგო ვარდოსანიძე?!

რამ და ვინ აიძულა სერგო ვარდოსანიძე?!

დღეს არაფერი მაკვირვებს - თითქოს ყველაფერს შევეგუე. იმასაც კი ადვილად ვეგუები, რაც ადრე წარმოუდგენლად მიმაჩნდა. თუმცა, ეს საკუთარ მრწამსზე ხელის აღებას არ ნიშნავს. რაც ზოგადქართული, ზოგადსახელმწიფოებრივია, იმის ხელყოფას არასგზით არ დავთმობ (ყოველ შემთხვევაში, გავიბრძოლებ მაინც!), არც ღირსებას გავათელინებ ვინმეს!

 

ზემოთ ვთქვი, დღეს არაფერი მაკვირვებს-მეთქი! მიუხედავად ამისა, მაინც გაოცებული დავრჩი, როცა სოციალურ ქსელში წავიკითხე, რომ საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, სერგო ვარდოსანიძემ თურმე გადადგომაზე განცხადება დაწერა. 

 

 

ჯერჯერობით არ ვიცი, დაკმაყოფილდა თუ არა მისი თხოვნა, მაგრამ, ის ნამდვილად ვიცი, რომ ამით ქართული უნივერსიტეტი იზარალებს. იზარალებს საპატრიარქოც, რომლის ქოლგის ქვეშ არსებობს ეს უმაღლესი სასწავლო დაწესებულება და რომელიც ბატონმა სერგომ თავისი გამჭრიახობითა და არაორდინალური ორგანიზატორული უნარით, სანიმუშო სასწავლო დაწესებულებად აქცია!

 

პარადოქსია: თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგა საქართველოს პატრიარქის მიერ უვადოდ (მიაქციეთ ყურადღება) დანიშნული რექტორი, ისე, რომ გადადგომის რეალური მიზეზი საჯაროდ არ გაცხადებულა. 

 

მე მოვისმინე ნიშნისმოგებითი საუბარი (საუბრის ტონი და ლექსიკა ნამდვილად მიუღებელია მღვდელმთავრისგან) საპატრიარქოს წარმომადგენლისგან, მაგრამ, ვერ გავიგე, რა იყო გადადგომის ნამდვილი მიზეზი ან რამ აიძულა მუდმივად დანიშნული რექტორი მიეღო ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება. არც ის ვიცი, აიძულეს ეს ნაბიჯი გადაედგა, თუ ვერ გაუძლო წნეხს და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა!!!

 

სხვათაშორის, არც ბატონ სერგოს გაუკეთებია ოფიციალური განცხადება - ალბათ, არა იმიტომ, რომ უკან მოხედვის ეშინია, არამედ, უფრო იმიტომ, თავის გულწრფელობით და რეალური მიზეზების დემონსტრირებით, არ დააზიანოს საპატრიარქოს ისედაც შერყეული ავტორიტეტი. ხაზს ვუსვამ: საპატრიარქოს და არ საქართველოს ეკლესიის, რადგან, საქართველოს ეკლესია მარტო საპატრიარქო არ არის!

 

ვფიქრობ, ზემოთხსენებული მიზეზის გამო, მისი დუმილი წინდახედულებაზე და კაცურ თვისებებზე უფრო მეტყველებს, ვიდრე, შიშზე - გულწრფელობამ გარკვეული საფრთხის წინაშე არ დააყენოს!!!

 

ბატონ სერგოს ვიცნობ, როგორც მაღალი ერუდიციის მქონე პიროვნებას, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესწავლასა და ფართო საზოგადოებისთვის წარდგენაში. სხვა ფუნდამენტურ ნაშრომებს რომ თავი დავანებოთ, პირადად აღფრთოვანებული დავრჩი მისი ბოლოდროინდელი მონოგრაფიით: „საქართველოს ეკლესიის ისტორიის ასწლოვანი მატიანე“. მონოგრაფიაში აშკარად ჩანს ავტორის ხელწერა, რომელიც ღრმა მეცნიერული აზროვნებისა და მოვლენების ობიექტურად (დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით) გაანალიზების სინთეზია. 

 

სხვათაშორის, ხშირად ვყოფილვარ მის მიერ უნივერსიტეტში დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელიც სახელმწიფოებრივად გააზრებულ და სადღეისოდ აქტუალურ თემებს ეხებოდა. 

 

რაც ყველაზე ნიშანდობლივია, იგი საკმაოდ კომუნიკაბელური და თავმდაბალი პიროვნებაა , რომლის მიღმა სწორედ ღრმა ინტელექტი და სახელმწიფოებრივი აზროვნება იმალება. მის შესაშურ ორგანიზატორულ ნიჭზე კი თავად საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ღაღადებს!

 

ისმება ლოგიკური კითხვა: 

 

თუ ასეა (მე პაასუხს ვაგებ ჩემი მხრიდან მის პიროვნულ შეფასებაზე), თუ რექტორი საქართველოს პატრიარქის ბრძანებით უვადოდ დაინიშნა, რამ აიძულა იგი გადამდგარიყო?!

 

ამ კითხვას პასუხი საპატრიარქომ უნდა გასცეს - საზოგადოებამ უნდა იცოდეს: რექტორის მხრიდან სერიოზულ გადაცდომასთან გვაქვს საქმე, თუ ვიღაცის ახირებასთან, რომელსაც ქართული უნივერსიტეტის მომავალი ეწირება! სხვათაშორის, ასეთი ხისტი მიდგომა ზიანს აყენებს თვით საპატრიარქოს ავტორიტეტსაც!

 

არ ვიცი, რა ხდებოდა და რა ხდება კულუარებში, მაგრამ, ერთი რამ ნათელია: უვადოდ დანიშნული რექტორის გადაწყვეტილება საპატრიარქოს წარმომადგენლის (რამდენადაც ვიცი, ამ მისიას მეუფე იაკობი ითავსებს) მხრიდან სასწავლო პოლიტიკაში უხეში ჩარევის მიზეზი უნდა იყოს!

 

თუ პიროვნების როლს მნიშვნელობას ვანიჭებთ მართვაში, ბატონი სერგო ვარდოსანიძის ქართული უნივერსიტეტიდან ჩამოშორება (იძულება) დიდი დანაკლისია საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის, კონკრეტულად კი, ზემოთხსენებული უნივერსიტეტისთვის, რომელიც 11-წლიანი რექტორობის მანძილზე ერთ-ერთ სანიმუშო უმაღლეს სასწავლებლად აქცია!

 

მიკვირს, რატომ დუმს საპატრიარქო - რატომ არ არის დღემდე ცნობილი, დააკმაყოფილეს თუ არა მისი მოთხოვნა, ან რატომ არ მოისმინეს რექტორისგან გადადგომის მიზეზები?!

 

P.S. საპატრიარქოს , როგორც ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელს, აქვს უფლება ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, მაგრამ, ისეთი მაინც უნდა შეირჩეს, საგანმანათლებლო სისტემასთან ახლოს მაინც რომ იქნება!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

20-08-2021, 14:24
უკან დაბრუნება