ივერიონი / შეხვედრა აზერბაიჯანის სახალხო მწერალთან

შეხვედრა აზერბაიჯანის სახალხო მწერალთან

საქართველოს მწერალთა სახლში აზერბაიჯანის სახალხო მწერლის, აფაგ მესუდის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიება გახსნა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, ცნობილმა პოეტმა, მაყვალა გონაშვილმა. იგი მიესალმა სტუმრებსა და ღონისძიების მონაწილეებს, ასევე ვრცლად ისაუბრა მწერლის პიროვნებასა და შემოქმედებაზე:

 

„მრავალი წლის განმავლობაში ამ შენობაში არაერთი ღირსშესანიშნავი ღონისძიება და შემოქმედებითი საღამო გამართულა, თუმცა დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით გამორჩეული და დასამახსოვრებელია. იმიტომაა დასამახსოვრებელი, რომ საქართველოს მწერალთა კავშირის ამ ისტორიულ კერას სტუმრობს აზერბაიჯანის სახალხო მწერალი აფაგ მესუდი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაში. დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ ქალბატონ აფაქს, რომლის ნაწარმოებებსაც დიდი ინტერესით კითხულობენ მთელ მსოფლიოში. საქართველოს მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, მას მიენიჭა ჩვენი ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო - „ივანე მაჩაბლის“ პრემია“.

 

 

სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტმა, ცნობილმა პოეტმა, დავით შემოქმედელმა ვრცლად გააანალიზა მწერლის შემოქმედება და აღნიშნა, რომ აფაგ მესუდის შემოქმედება დღეს უკვე ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია:

 

„ქართულ-აზერბაიჯანულ ლიტერატურულ ურთიერთობასა და მეგობრობას საფუძველი ჯერ კიდევ ძველ დროში, ჩვენმა დიდმა კლასიკოსებმა ჩაუყარეს. დღეს ეს თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება აფაგ მესუდის ნაყოფიერი საქმიანობის სახით. უპირველეს ყოვლისა, მინდა მივესალმო ჩვენს გამორჩეულ სტუმარს და გამოვხატო დიდი სიამოვნება იმის გამო, რომ იგი ახლა ჩვენს გვერდითაა. აფაგ მესუდის ნაწარმოებებს დღეს მთელ მსოფლიოში კითხულობენ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ მკითხველს განსაკუთრებული ინტელექტი და მომზადება სჭირდება ამ მწერლის შემოქმედების სრულფასოვნად აღქმისა და დაფასებისათვის. როგორც ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული წარმოდგენა ლიტერატურის სფეროში, შემიძლია ვთქვა, რომ აფაგ მესუდი დიდი მწერალია. მისი ნაწარმოებები წარმატებით ითარგმნა ქართულ და სხვა ენებზე და დიდი ინტერესი გამოიწვია იმ ქვეყნებში, სადაც ისინი გამოიცა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ლიტერატურას დიდი მწერალი შეემატა და იგი თავისი შემოქმედებით გაამდიდრა. მსოფლიოში, მათ შორის აზერბაიჯანში დაწერილი და ქართულად თარგმნილი ღირებული ნაწარმოებები ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს. აფაგ მესუდის ნაწარმოებები უკვე ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია. ნება მიბოძეთ გადავცე აზერბაიჯანის სახალხო მწერალს აფაგ მესუდს რუსთაველის საზოგადოების უმაღლესი ჯილდო - მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის პრემია, რომელიც მას ჩვენი პრემიების კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა“. 

 

 

საქართველოს ხელოვნების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი შოთა მაღლაკელიძე:

 

„უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ აფაგ მესუდის მსგავსი მწერლები ქმნიან ახალ ეტაპსა და განსაკუთრებულ ეპოქას ლიტერატურაში. ისინი განსაზღვრავენ ძირითად მიმართულებებს. მიმაჩნია, რომ ეს შეხვედრა არის ორი მოძმე ერის უძველესი ლიტერატურული და კულტურული კავშირების გაგრძელება და ჩვენი საამაყო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ფურცელი“.

 

საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ცნობილი პოეტი ბაღათერ არაბული:

 

„ეს ღონისძიება, ფაქტიურად, მეგობრობის, ძმობისა და სიყვარულის დღესასწაულია. აფაგ მესუდი, რომელსაც დღეს აქ ვხვდებით, ერთ-ერთი გამორჩეული და სათაყვანებელი მწერალია. ამავდროულად, როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ხელმძღვანელი, ძალისხმევას არ იშურებს აზერბაიჯანული ლიტერატურის მსოფლიოში და მსოფლიო ლიტერატურის აზერბაიჯაში გავრცელების თვალსაზრისით. საგანგებოდ უნდა აღვნიშნო ისიც, რომ აფაგ მესუდს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის რამდენიმე წლის წინ საქართველოს მწერალთა კავშირის აზერბაიჯანული განყოფილების დაარსებაში“.

 

ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ცნობილი თეტრის რეჟისორი გოჩა კაპანაძე, საქართველოს სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი, იური ფოფხაძე, ცნობილი პოეტი ნინო ცაცანავა, ლიტერატურული გაერთიანება „ზვაურის“ ხელმძღვანელი და ამავე სახელწოდების ჟურნალის მთავარი რედაქტორი, ცნობილი პოეტი, ბელა ქებურია, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ცნობილი მწერალი ბადრი ქუთათელაძე. მასპინძლები გულითადად მიესალმნენ სტუმარს და მწერლის შემოქმედებაზე საკუთარი აზრი გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას.

 

ღონისძიების დასასრულს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა, საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა - ლია ქობულაძემ წაიკითხა მწერლის ცნობილი მოთხრობა "კურდღლის სიკვდილი", ხოლო მსახიობებმა თინათინ იმნაძემ და  იური ფოფხაძემ შეასრულეს ფრაგმენტები აფაგ მესუდის პიესიდან "ქალი, რომელიც მატარებელს ჩაუვარდა“.

 

01 დეკემბერი 2022 წელი

 

 

5-12-2022, 12:13
უკან დაბრუნება