ივერიონი / „კარგს თუ კარგი არ ვუწოდე!“

„კარგს თუ კარგი არ ვუწოდე!“

ხშირად მსაყვედურობენ: „სულ ნეგატივს აფრქვევ, ნუთუ არაფერი ხდება ისეთი, შენ რომ მოგეწონოსო!“

 

ღმერთმა ნუ ქნას, დადებითი ემოციებისგან დაიცალოს სამყარო, მაგრამ, უარყოფითი იმის უარყოფითია, დაინახო, ამხილო და მასზე საზოგადოების ყურადღებაც მიაპყრო!

 

გულწრფელად ვიტყვი: ცუდზე დაგეშილი არასდროს ვყოფილვარ. თუ რამე კარგი გაიფაჩუნებს, არ მრჩება ყურადღების მიღმა, თუმცა, ეტყობა, ამდენ უარყოფით ემოციაში დადებითი ჩაიკარგება ხოლმე...

 

შემიძლია დაბეჯითებით განვაცხადო: ობიექტურობის განცდა არასდროს მღალატობს, აკვიატებებიც ნაკლებად მაწუხებს. ამდენად, არ მიჭირს ყოველთვის კარგს კარგი ვუწოდო, ცუდს კი თავისი სახელი დავარქვა!

 

პოლიტიკურ ჭრულში რამდენჯერ გამიკრიტიკებია საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი, თუმცა, ეს არ მიშლის ხელს, მისი კარგი ჩანაფიქრი დადებითად არ შევაფასო!

 

ამის საფუძველი კი მისი გუშინდელი ინიციატივაა, რომელიც ლოგიკური დასასრულით დაგვირგვინდა. 

 

დიახ, გუშინ პრეზიდენტის სასახლემ ყველასთვის საყვარელ პოეტს და კიდევ უფრო საყვარელ ადამიანს - ტარიელ ხარხელაურს უმასპინძლა.

 

სად პრეზიდენტი ზურაბიშვილი და სად პოეზია (მითუმეტეს, დღეს)? - ნიშნისმოგებით იკითხავთ თქვენ. თუმცა, გუშინდელმა აკადემიურმა საღამომ სხვა შთაბეჭდილება დამიტოვა და სიამოვნებაც მომანიჭა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ღირსეულ ადამიანებს სიცოცხლეშივე უნდა მოვეფეროთ - ბატონი ტარიელ ხარხელაური რომ თანამედროვეობის ღირსეული წარმომადგენელია, ამაზე დღეს არავინ დაობს!

 

ის ისეთივე ხალასი პიროვნებაა, როგორც მისი თავანკარა პოეზია - უტყვი, თავმდაბალი, საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, რომელიც მის ლექსებს ლაიტმოტივად გასდევს.

 

მიუხედავად ცხოვრებისეული ქარტეხილებისა, იგი არ გამტყდარა, სულით არ დაცემულა, პირიქით, ძალა მოიკრიბა და მიმტევებლობის განსაკუთრებული მაგალითიც გვიჩვენა...

 

ზოგადად, მე უარყოფითად ვუყურებ ყალბად გაცემულ რეგალიებს, რომელსაც, დღეს ვისაც არ ეზარება, ყველა გასცემს. მაღიზიანებს ბრჭყვიალ-ბრჭყვიალა ფარატინა ქაღალდები და სისულელემდე დასული ნომინაციებიც (არც შეფასების კრიტერიუმი გააჩნია და არც კომპეტენტური ჟიური ჰყავს). თუმცა, სხვა არის სახელმწიფოს უმაღლესი  ჯილდო, რომელსაც დამსახურებულ პიროვნებას აძლევენ!

 

ისე, კაცმა რომ თქვას, ბატონ ტარიელ ხარხელაურს, არანაირი ჯილდო არ სჭირდება - ყველაზე დიდი  ჯილდო მისთვის ის სიყვარულია, რომელსაც ხალხისგან იღებს, თუმცა, ვერავინ იტყვის, რომ გუშინდელი სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო - ბრწყინვალების ორდენი, რომელიც პრეზიდენტმა გადასცა, დაუმსახურებლად მიიღო!

 

 

ამას მოწმობს დარბაზის რეაქციაც!

 

არა მგონია, ვინმეს ენა მოუბრუნდეს და საპირისპირო გვიმტკიცოს - ასეთი სულით ხორცამდე ჯანმრთელი ადამიანები, იშვიათად იბადებიან! 

 

კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ ტარიელს აღიარებას. ჩემს უფროს მეგობარს დღეგრძელობას და მთასავით ანკარა პოეზიის სიუხვეს ვუსურვებ!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

16-12-2022, 11:47
უკან დაბრუნება