ივერიონი / "ძუნწი" შავერდაშვილი, "ოდეერი" ელიაშვილი და თავგზაბნეული "მე-9 არხი"

"ძუნწი" შავერდაშვილი, "ოდეერი" ელიაშვილი და თავგზაბნეული "მე-9 არხი"

საზოგადოება ინტერესით ადვენებს თვალყურს ტელეკომპანია "მე-9 არხის" გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.  ინტერესის სფერო უფრო ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებია, ვიდრე ის, თუ ვის საკუთრებაში დარჩება ტელეკომპანია და როგორ დაკომპლექტდება ბორდი, რომელსაც სამართავად გადაეცემა "მე-9 არხის" აქციები.

 

დაახლოებით ათი დღის წინ ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ სურვილი ჰქონდა "მე-9 არხის" რესურსებით გაეძლიერებინა საზოგადოებრივი მაუწყებელი და იგი "ჭეშმარიტ საზოგადოებრივ" ტელეკომპანიად ექცია ან პირიქით, "მე-9 არხის" ბაზაზე შექმნილიყო საზოგადოებრივი მაუწყებელი.

 

ამ წინადადებას ჩემს ერთ-ერთ სტატიაში გამოვეხმაურე და პირდაპირ აღვნიშნე, რომ ან არ უნდა არსებობდეს, რადგან იგი გარკვეული პერიოდის შემდეგ ცუდ კვალს დატოვებს-მეთქი. მისასალმებელია, როცა კერძო საკუთრებას საზოგადოების სამსახურში ჩააყენებ, მაგრამ მეორე ვერსია, ანუ მე-9 არხის" ბაზაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ფორმირება, მიუღებელი აღმოჩნდა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვისაც.

 

მართალია, აღნიშნული წინადადება ბატონმა ბიძინამ შეცვალა და უკვე "მე-9 არხის" რეორგანიზაციაზე გაამახვილა ყურადღება, მაგრამ მსჯელობის საგანი სწორედ არხის რეპრგანიზაციასთან დაკავშირებული პერსპექტივები გახდა.

 

მოგეხსენებათ, არხის რეორგანიზაცია მარტო მენეჯმენტის შეცვლას არ გულისხმობს. აქედან გამომდინარე, კახა ბექაურის ლუბა ელიაშვილით ჩანაცვლება პრობლემას ბოლომდე ვერ ხსნის. მითუმეტეს, ამ უკანასკნელის გენ-დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამ პროტესტის გრძნობა გააჩინა ტელეკომპანიაში მომუშავე ჟურნალისტებში _ პროტესტი იმდენად მწვავე აღმოჩნდა, რომ თავიანთი პოზიციების დასაფიქსირებლად პირდაპირი ეთერიც კი გამოიყენეს. როგორც მოსალოდნელი იყო, არხი დატოვა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თამარ რუხაძემ, რომელმაც ლუბა ელიაშვილთან თანამშრომლობა შეუთავსებლად მიიჩნია!

 

სხვათაშორის, ეს ის ელიაშვილია, რომელზეც სექტემბრის ბოლოს "ნაცების" მიერ გამოქვეყნებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებში, გია ხუხაშვილი ახსენებს და დარწმუნებულია, რომ იგი "მე-9 არხზე" "ოდეერის" ფუნქციას შეასრულებს და თუ ვერ დაანგრევს, აურევს მაინც. ასეთი ფარული ჩანაწერების მიზანი საზოგადოებისთვის გასაგებია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამწუხარო დამთხვევასთან გვაქვს საქმე!

 

ძნელი სათქმელია, რამდენად გაამართლა წინასაარჩევნოდ სახელდახელოდ შექმნილმა "მე-9 არხმა" დამფუძნებლის იმედი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, დღეს მისი ფუნქცია უნდა შეიცვალოს _ ფუნქციის შეცვლა კი არა მარტო ივანიშვილის ოჯახის მხრიდან ("მე-9 არხის" დამფუძნებელია ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე) უხერხულობის მოხსნას ითვალისწინებს, არამედ ორგანიზაციულ და ინსტიტუციურ ცვლილებებსაც! თუმცა, ჯერჯერობით აქცენტი უფრო არარსებით საკითხებზე გადადის. ელიაშვილი თავისი ფუნქციის შესრულებას ჯერ არ შესდგომია, მაგრამ პროტესტი მის მიმართ საკმარისზე მეტად გამოიხატა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ იქ ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც შორიდან ჩანს!

 

სხვათაშორის, საპროტესტო მუხტის შერბილება გარკვეულწილად სცადა ჟურნალ "ლიბერალის" დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმა, როცა "მე-9 არხის" ფაქტობრივ მესაკუთრეს ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს ოფიციალურად მისწერა, რმ ტელეკომპანია მისთვის სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად მიეყიდა. იქვე დაამატა, რომ "ლიბერალის" საგამომცემლო ჯგუფს (ალბათ უნდა ეთქვა, სარედაქციო ჯგუფს) არსებობის 8 წლის მანძილზე საკმარისი გამოცდილება დაუგროვდა.  აქედან გამომდინარე, იგი არწმუნებს ივანიშვილს, რომ "ლიბერალი" უზრუნველყოფს "მე-9 არხის" დამოუკიდებელ ჭეშმარიტად საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნას და არა მის დასუსტებას, დაშლასა თუ პოლიტიკური გავლენების არეალში მოხვედრას".

 

გაუთვითცნობიერებელი მკითხველი ალბათ გაოცდება ქ-ნ შავერდაშვილის "ბიზნეს-წინადადებით" _ 1 ლარად მიყიდონ მრავალმილიონიანი ტელეკომპანია, თუმცა მის წინადადებაში არაფერია მოულოდნელი, თუ გავიხსენებთ, ბატონ ბიძინა ივანიშვილის პირველ პოლიტიკურ განცხადებას, როცა იგი მედია-მფლობელებს მიმართავდა წინადადებით მიეყიდათ მისთვის მათ საკუთრებაში არსებული ბეჭდვითი თუ ელექტრონული (უფრო ელექტრონული) მედიასაშუალებები და არჩევნების შემდეგ 1 ლარად ისევ  დაუბრუნებდა მათ. მიაქციეთ ყურადღება _ საუბარი იყო უკვე არსებულ მედია-საშუალებებზე. აქედან გამომდინარე, ივანიშვილის დაპირება შემდგომში შემქნილ ტელეკომპანიაზე არ ვრცელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მან (ივანიშვილმა) თითქმის მთლიანად ჩააყენა თავის სამსახურში საქართველოში არსებული მედია-საშუალებები (თუ "რუსთავი-2"-ს, ტელეკომპანია "იმედს" და"საზოგადოებრივ მაუწყებელს" არ ჩავთვლით) საკუთარი ტელეკომპანიის შექმნაც საჭიროდ ჩათვალა, რომელმაც თავისი ფუნქცია ალბათ შეასრულა. ასევე მისი გადასაწყვეტია, თვლის თუ არა საჭიროდ მე-9 არხის" იმ ფორმით და იმ ფუნქციით არსებობას, როგორიც ის არჩევნებამდე იყო. ერთი სიტყვით, საკამათო ის კი არ არის, სურს თუ  არა ივანიშვილს "მე-9 არხის" შენარჩუნება, არამედ ის, რა დამოკიდებულება აქვს მას ზოგადად მედიასთან მიმართებაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ მედია ზოგადად განთავისუფლდა დიქტატისგან და მას მეტი საშუალება გაუჩნდა იყოს თავისუფალი, კარგია, მაგრამ საკითხავი უფრო ის არის, რეალურად ვის ემსახურება იგი დღეს _ ახალ ხელისუფლებას თუ საზოგადოებას?!

 

ტელეკომპანია "იმედში" ჩატარებული (მესაკუთრის და მენეჯმენტის შეცვლა) და მომავალში დაგეგმილი "რეფორმები" გვაფიქრებინებს, რომ "იმედი" ახალი ხელისუფლების მიმართ "ლაითად" განწყობილი იქნება. დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას, ტელეკომპანია "მზე"-ზეც, რომელიც ჯერ კიდევ კამათის საგანია, თუ ვინ არის მისი რეალური მესაკუთრე. რაც შეეხება "რუსთავი-2"-ს, საეჭვო არ უნდა იყოს, რომ ახალი სიო იქაც დაუბერავს _ მესაკუთრეებიც შეიცვლებიან და ტელეკომპანიის რიტორიკა "ნაციონალურისგან" განსხვავებული იქნება.

 

ცალკე საუბრის თემაა "საზოგადოებრივი მაუწყებელი", რომელიც ვერდიქტის მოლოდინშია _ საგამოძიებო ფინანსური სამსახური უახლოეს ხანებში კომპეტენტურ დასკვნას დადებს, რაც ტელეკომპანიის დღევანდელი ხელმძღვანელობისთვის, სასურველი ნამდვილად არ შეიძლება იყოს. ბუნებრივია, ამას ბორდის და დირექტორატის შეცვლაც მოჰყვება, რაც თავის მხრივ ახალი პოლიტიკის მანიშნებელი იქნება. 

 

ვეთანხმები ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" დღემდე "ნაციონალურ მაუწყებელს" უფრო ჰგავს. სწორედ ამან გამოიწვია მათი მწვავე პროტესტი, როცა ფინანსური სამსახური საზოგადოებრივ მაუწყებელში შევიდა, მაგრამ გვაქვს თუ არა იმის გარანტია, რომ ე.წ. I არხი "მეოცნებე მაუწყებლად" არ გადაიქცევა და საერთოდ, რა ტენდენციები იკვეთება მედია-საშუალებებთან მიმართებაში?

 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში არსებული მედია-საშუალებების თითქმის უმრავლესობა ე.წ. დოტაციაზეა, საინტერესოა ვინ გაუჩნდება მას ბიზნე-პარტნიორად _ ქართული ბიზნესი, რომელსაც დღემდე ფაქტიურად ეკძრალებოდა მედიასთან ბიზნეს-ურთიერთობა, თუ "ნაციონალებს" ახალი ხელისუფლება ჩაენაცვლება და მედია-სივრცეს საკუთარ კონტროლქვეშ მოაქცევს?!

 

"ქართული ოცნების" მიერ დეკლარირებული წინასაარჩევნო დაპირება, რომ სასამართლო და მედია ხელისუფლების დიქტატისგან განთავისუფლდებოდა, რეალურად უნდა შესრულდეს _ სხვანაირად არც შეპირებულ დემოკრატიას ვეღირსებით, რომლითაც "დასავლეთი უნდა გავაოცოთ" და ვერც სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, რომელიც ასევე აუცილებელია ნორმალური, ცივილიზებული სახელმწიფოს შესაქმნელად. 

საით წავა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ვექტორი ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ.

 

3-12-2012, 14:09
უკან დაბრუნება