ივერიონი / ეროვნულ ბანკს ფუნქციები ეზღუდება

ეროვნულ ბანკს ფუნქციები ეზღუდება

ეროვნული ბანკი სადაზღვევო სფეროზე ზედამხედველობას ვეღარ გასწევს. ცვლილებები "ეროვნული ბანკის შესახებ" და "დაზღვევის შესახებ" კანონებში შედის. პარლამენტში ცვლილებები უკვე ინიცირებულია.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და გადამზღვეველი კომპანიების საქმიანობაზე ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციები უქმდება.

"დაზღვევის შესახებ" კანონპროექტის თანახმად, სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაცვლად, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური განახორციელებს.

ამასთან, პროექტით, ახლებურად რეგულირდება მზღვეველის მართვასა და მისი საქმიანობის განხორციელებასთან, ასევე სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები.

პროექტის ავტორის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარის გამოყოფას იწვევს. კანონპროექტის მომზადების მიზანია, სახელმწიფო დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა უზრუნველყოს სადაზღვევო სექტორის დამოუკიდებლობა, სტაბილურობა და გამჭირვალეობა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სადაზღვევო ინდუსტრიის ეკონომიკურ ზრდას. ასევე განახორციელოს სადაზღვევო ბაზრის მონაწილეების ინტერესების დაცვა.

დაზღვევის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობის ფუნქციას 1997 წლიდან 2007 წლამდე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ახორციელებდა.

4-12-2012, 11:58
უკან დაბრუნება