ივერიონი / სოსო ცინცაძე: "ოცნების" მაღალი რეიტინგი წინასაარჩევნო ინერციაა

სოსო ცინცაძე: "ოცნების" მაღალი რეიტინგი წინასაარჩევნო ინერციაა

IRI-ს გამოკითხვებით, "ქართული ოცნება" ლიდერობს. თუ რამ განაპირობა "ოცნების" მაღალი რეიტინგი, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე განმარტავს: "ეს არის წინა საარჩევნო განწყობა, რადგან ჯერ არ დამდგარა ის მძიმე პერიოდი, როგორიც არის ზამთარი და გაზაფხული. სულ რაღაც ორი თვეა, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა და რეიტინგის ცვლილება არც არის მოსალოდნელი. "ქართული ოცნების" რეიტინგი აისახება რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, როცა ტარიფებსა თუ სხვა მიმართულებაზე ფასები საბოლოოდ დადგინდება".


როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, გლეხს საერთოდ არ აინტერესებს, ვინ იქნება ხელისუფლებაში. "მთავარია მისი საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდეს. ასე რომ, მიუხედავად საკადრო პლიტიკაში რყევებისა, ეს არ აისახება "ოცნების" რეიტინგში", - აცხადებს ექსპერტი.


თუ როგორ აფასებს თავად ექსპერტი ახალი მმართველი გუნდის მოღვაწეობას, ამასთან დაკავშირებით ცინცაძის განმარტება ასეთია:


"ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი შეფასებისგან, რადგან ეს ორი თვე ძალზედ მცირე დროა იმის შესაჯამებლად, თუ როგორ მუშაობს მინისტრთა ახალი კაბინეტი". 


შეგახსენებთ, IRI-მ (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) მოცემულ მომენტში პოლიტიკური გაერთიანებების რეიტინგების დადგენის მიზნით მორიგი სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა. კითხვაზე: ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, - ასეთი შედეგები მიიღეს:  კოალიცია "ქართულ ოცნებას" მხარს დაუჭერდა გამოიკითხულთა 63%, ხოლო 13% კი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".

4-12-2012, 19:48
უკან დაბრუნება