ივერიონი / ვინ უწყობს ხელს საქართველოში ჰეროინისა და სუბოტექსის რეალიზაციას?

ვინ უწყობს ხელს საქართველოში ჰეროინისა და სუბოტექსის რეალიზაციას?

საქართველოში შედარებით იაფი და ხელმისაწვდომი ნარკოტიკული ნივთიერებები ისევ გამოჩნდა. 

 

ამის შესახებ „ივერიონს“ შს სამინისტროს თანამშრომელმა აცნობა, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, საქართველოს რამდენიმე რეგიონში უწინდელთან შედარებით საკმაოდ იაფად ჰეროინისა და სუბოტექსის რეალიზაციის ფაქტები დაფიქსირდა. 

 

„თბილისში,  ქუთაისში, ახალციხისა და გარდაბნის რაიონებში უკვე დაფიქსირდა ჰეროინის რეალიზაციის ფაქტები. რამდენიმე თვის წინ 1 გრამი ჰეროინი 1500 დოლარი ღირდა, ახლა კი ნარკორეალიზატორები 600 დოლარად ჰყიდიან.  ეს კი სავარაუდოდ,  იმას ნიშნავს,  რომ  საქართველოში  ერთი და იმავე პარტიის შემოტანილ ნარკოტიკს ჰყიდიან“, - განუცხადა წყარომ „ივერიონს“.

 

შს სამინისტროს თანამშრომლის თქმით,  საქართველოს რამდენიმე რეგიონში ნარკოტიკული  საშუალება სუბოტექსიც გამოჩნდა. თუმცა წყარო ამ რეგიონებისა და სუბოტეტექსის სარეალიზაციო ფასის დასახელებისგან თავს იკავებს,  რადგან მისი თქმით, ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს.

 

ჩვენის მხრივ დავძენთ, რომ ან ახალი ხელისუფლების ხელოვნურ დიკრედიტაციასთან გვაქვს საქმე, ან ჩვენი წყაროს არაპროფესიონალიზმთან - ოპერატიული მუშაკი ნარკოდილერებზე მედიასაშუალებებს კი არ უნდა აძლევდეს ინფორმაციას, არამედ სათანადო სამსახურები უნდა დარაზმოს, რომ დროზე აღიკვეთოს ნარკოტიკების რეალიზაცია და ნარკოდილერები  საკადრისად დაისაჯონ. არ გამოვრიცხავთ, ნარკოდილერების გააქტიურება, სოციალური ფონის დამძიმებას უწყობდეს ხელს. 

 

ლევან ჯავახიშვილი

 

9-12-2012, 18:09
უკან დაბრუნება