ივერიონი / შეწუხებული ამერიკელი სენატორები და გათავხედებული "ნაცმოძრაობა"

შეწუხებული ამერიკელი სენატორები და გათავხედებული "ნაცმოძრაობა"

უცხოური გამოცემა "ფორინ პოლისმა" ამერიკელი სენატორების ჯინ შეინის, ჯო ლიბერმენის, ჯეიმს რიშის, ლინსდი გრეჰემის და ქართველებისთვის განსაკუთრებით "გამორჩეული" ჯონ მაკკეინის წერილი გამოაქვეყნა, სადაც პატივცემული სენატორები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს საყვედურობენ საქართველოში მიმდინარე მოვლენების, განსაკუთრებით  "გახშირებული დაჭერების" გამო.


თუ ქველმოქმედი ივანიშვილი მხოლოდ ოვაციებს და მადლობებს იყო მიჩვეული, რადგან პასუხისმგებლობა აიღო, საყვედურებსაც უნდა მიეჩვიოს. თუმცა, გააჩნია ვისგან წამოვა ეს საყვედურები.


ივანიშვილს ნდობის მანდატი ქართველმა ხალხმა მისცა და იგი ანგარიშვალდებულია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის (ანუ ამომრჩევლის) წინაშე. მე მაგალითად ნაკლებად მაინტერესებს რას ფიქრობენ ამერიკელი სენატორები საქართველოს ახალ მთავრობაზე, მითუმეტეს, თუ ისინი თეთრზე შავს გვიმტკიცებენ და სამართლიანობის აღდგენის სახელით გადადგმულ ნაბიჯებს პოლიტიკურ დევნად გვითვლიან!


"ჩვენ შეშფოთებულები ვართ დაკავებებით, გამოძიებებით, დაპატიმრებებითა და ოპოზიციის წარმომადგენლების პოლიტიკური დევნის შესახებ გავრცელებული ხმებით". _ წერენ შეშფოთებული და "აღშფოთებული" სენატორები და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ურჩევენ (თუ უფრო ობიექტურად ვიტყვი, თითს უქნევენ), რომ "შერჩევითი სამართალი" არ გამოიყენოს!


არ ვიცი, როგორ ესმით ღრმადპატივცემულ სენატორებს "შერჩევითი სამართალი", მაგრამ სასაყვედურო შეიძლება ჩვენ გაგვიხდეს ახალ ხელისუფლებასთან _ "ლიფსიტებს" დროებით მოეშვან და "ღლავებზე" უნდა გავიდნენ. საზოგადოებას ძალიან აღიზიანებს "ნაციონალების" ოდიოზური ფიგურების უტიფრობა _ რომ მათ "დაჭერებით ვერ შეაშინებ" და ამას ამბობს ის (ისინი), ვისაც ხელისუფლებაში ყოფნისას ცა, ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად, ვისთვისაც სიმართლე და სამართლიანობა მხოლოდ მითების სფეროს განეკუთვნებოდა. რატომ იქცევიან სახელმწიფო დონის დამნაშავეები ასე, რისი და ვისი იმედი აქვთ რომ ასე გათავხედდნენ და რევანშითა და "კვლავ დაბრუნებით" იმუქრებიან?!


მრავალგზის მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: საქართველო ვერ იქნება დახშული სივრცის, ანუ სხვა დანარჩენი ქვეყნებისგან იზოლირებული სახელმწიფო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ვიღაც-ვიღაცებმა ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში მუდმივად ხელი აფათურონ. არც იმის ილუზია მაქვს, რომ დეკლარირებული დამოუკიდებლობა რეალური დამოუკიდებლობაა, მაგრამ ვისაც არ ეზარება არ უნდა მივცეთ უფლება, რომ შორიდან თითი გვიქნიონ და საზოგადოების არჩევანს უდიერად მოექცნენ.


"დღეს ჩვენ ვწერთ მზარდი შეშფოთებით იმის ალბათობაზე, რომ ეს ქმედებები შესაძლოა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული და არჩევნების შემდგომ პერიოდში ქულების დასაწერად მიმართული. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ თქვენმა ადმინისტრაციამ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რათა არიდებული იყოს აღქმაც კი იმისა, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ შერჩევითი სამართალი გამოიყენება" _ წერენ ისინი ბიძინა ივანიშვილს.


ბატონო ჯონ, ბატონო ჯო, ბატონო ჯინ, ბატონებო! გასაგებია თქვენი შეშფოთება და შეწუხებაც, მაგრამ ვერ გამიგია, რას ნიშნავს "პოლიტიკურად მოტივირებული" და "ქულების დასაწერად მიმართული". ახალ ხელისუფლებას აქვს ერთადერთი პოლიტიკური მოტივაცია _ საქართველო გაწმინდოს სააკაშვილის ხელისუფლების ნარჩენებისგან, ხოლო რაც შეეხება საზოგადოების მოტივაციას, იგი მტკიცე და შეუვალია _ არ დაუშვას "ნაციონალებისნაირი" ხელისუფლების თარეში საქართველოში! წავიდა ის დრო, როცა ხალხს სანახაობით აპურებდნენ. აქედან გამომდინარე, ახალი ხელისუფლება დაჭერებით, რაც არ უნდა დიდხანს გაგრძელდეს იგი, ქულებს ვერ დაიწერს _ ნებისმიერი ხელისუფლების მოვალეობაა აღკვეთოს უსამართლობა და იგი კანონიერ ჩარჩოში მოაქციოს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ ყური საკუთარ ხალხს უნდა უგდოს და მისი კანონიერი დაკვეთა უნდა შეასრულოს!


სასაცილოა, როცა ღრმადპატივცემული სენატორები ძალიან შეუწუხებია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ქ-ნ მაია ფანჯიკიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები "კრიმინალები და დამნაშავეები" არიან. კიდევ კარგი, შეშფოთების გარდა ქ-ნ მაია ფანჯიკიძისგან ბოდიშის მოხდას რომ არ ითხოვენ. ერთი რამ ნამდვილად უნდა გააკეთოს საქართველოს მართლმსაჯულებამ: ყველა მაღალჩინოსანზე საკმარისი მტკიცებულებები (კომპრომატები) დადოს და მთელ მსოფლიოს დაანახოს, ვის აფარებდნენ ისინი ხელს მთელი 9 წლის განმავლობაში და ვის იცავენ დღეს ასე დავგამოდებით!


მართალი გითხრათ, მიკვირდა რატომ იქცეოდნენ საპარლამენტო და სხვა იმუნიტეტს ამოფარებული სააკაშვილისდროინდელი მაღალჩინოსნები ასე უტიფრად და რატომ აცხადებენ, რომ მათ დაჭერების, ანუ ამ ხელისუფლების არ ეშინიათ. ამოცანა მარტივად ამოხსნა ყოფილმა ვიცე-პრემიერმა და "კონსტიტუციის დაცვის ლიგის" თავმჯდომარემ ბატონმა ბაკურ გულუამ "ივერიონისთვის" მიცემულ ინტერვიუში, როცა მან პირდაპირ მიანიშნა, რომ არსებობს შეთანხმება საერთაშორისო დონეზე _ სააკაშვილს "ოქტომბრამდე ხელი არ ვახლოთ! ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს ყველანაირი ბერკეტი პოლიტიკური კრიზისის შექმნას ქვეყანაში _ თვით ახლადარჩეული პარლამენტისა და მთავრობის დათხოვნის ჩათვლით, ახალ ხელისუფლებას კი იმის უფლებაც არა აქვს დანაშაული გამოიძიოს და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას!


დასკვნა მარტივია: "ნაციონალების" უტიფრობის მიზეზი "ოქტომბრამდე ხელშეუხებელი" სააკაშვილია. ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ როგორ გავატანოთ ოქტომბრამდე. თუმცა, მათ უტიფრობას ოქტომბრამდე ნამდვილად ვერ გავუძლებთ. ამიტომ, პირდაპირ შევუთვალოთ ჯინ-ს, ჯონ-ს და ჯო-ს: ნუ შეწუხდებით და ნუ შეშფოთდებით, ბატონებო, საქართველოში ახალმა სიომ დაუბერა და ხალხს უკვე ღირსების გრძნობის დაბრუნების სურვილი გაუჩნდა!


ზაურ ნაჭყებია

12-12-2012, 18:14
უკან დაბრუნება