ივერიონი / გიგა ბოკერია ახალ პარტიას ქმნის?!

გიგა ბოკერია ახალ პარტიას ქმნის?!

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რეალურად განიხილავენ აპრილში პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას.

 

ამის შესახებ „ივერიონს“ „ნაციონალური მოძრაობის“  საპარლამენტო ლიდერებთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა. 

 

მისი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ბოსები შესაძლოა არჩევნებისთვის თადარიგს იჭერენ და ახალი პარტიის ჩამოყალიბებას აპირებენ. ამ ეტაპზე ახალი პარტიის დაფუძნებაზე კონსულტაციებს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია პაატა დავითაიასთან გადის. სავარაუდოდ, ახლადშექმნილ პარტიას გიგა ბოკერია ჩაუდგება სათავეში. შესაძლოა, აღნიშნულ  პარტიას  პაატა დავითაიას პოლიტიკური პარტია „ევროპელი დემოკრატები“ შეერწყას. შესაბამისად, თუ ახალი პარტია დაფუძნდა, პაატა დავითაია თანათავმჯდომარე იქნება. 

 

ახალი პარტიის მმართველ გუნდს თავისუფლების ინსტიტუტის ახალი, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი სახეები წარმოადგენენ.

 

„ბოკერია შეეცდება საზოგადოებას წარუდგინოს ახალი თაობის პოლიტიკოსები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის დანაშაულებრივ ქმედებებთან არ არიან კავშირში“, - აცხადებს წყარო. მისი ინფორმაციით, გიგა ბოკერია ახალი პარტიის შექმნის თაობაზე კონსულტაციებს არ გამორიცხავს ქდმ-ს ლიდერთან გიორგი თარგამაძესთანაც.

 

გიგა ბოკერია ამ გეგმის განხორციელებით ცდილობს, გაემიჯნოს „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ნაწილს, რომელიც უამრავ დანაშაულშია მხილებული და თავის გუნდთან ერთად დარჩეს ქართულ პოლიტიკაში. წყაროს ინფორმაციით, გიგა ბოკერია დარწმუნებულია, რომ თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ იმ სახით, რა სახითაც  დღეს არსებობს, 5 %-იან ბარიერსაც ვერ გადალახავს. 

 

ერთი რამ უდავოა: თუ გიგა ბოკერიამ ახალი პარტია ჩამოაყალიბა, მაშინ ის და მისი თანამოაზრეები საბოლოოდ გაემიჯნებიან მიხეილ სააკაშვილის გუნდს.

„ნაციონალური მოძრაობა კი“ არჩევნებში მონაწილეობას ტრანსფორმირებული სახით, დამოუკიდებლად მიიღებს და მას ვანო მერაბიშვილი ჩაუდგება სათავეში. 

 

ლევან ჯავახიშვილი

 

16-12-2012, 19:08
უკან დაბრუნება