მთავარი გვერდი > "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" 100 წლისაა

"აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" 100 წლისაა


18-12-2012 / 11:39

დღეს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის კინოდარბაზში პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" გადაღებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით კინოჩვენება გაიმართება.

 

ფილმის ჩვენებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სამინისტროს წარმომადგენლები, კინომცოდნეები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრებიან. 

 

1912 წლის ზაფხულში მგოსნის მოგზაურობა კინოფირზე კინოოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა აღბეჭდა. ეროვნულ საარქივო ფონდშია  დაცული ასევე მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები და ფილმი ვასილ ამაშუკელზე.

 

ვასილ ამაშუკელის მოგონებიდან და იმ კადრებიდან, რომელიც მგოსნის მოგზაურობას შეეხება, ცხადი ხდება, როგორ ზეიმობდა რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა 1912 წლის 21 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე აკაკის სტუმრობას რაჭა-ლეჩხუმში.

 

კინოოპერატორი იგონებს, რომ მგოსანი აღფრთოვანებული იყო სიყვარულით, რომელსაც ხალხი მის მიმართ გამოხატავდა, მას ყველგან სახალხო სანახაობებით, დიდი, საგანგებოდ მორთული სუფრით ხვდებოდნენ. აკაკის განსაკუთრებით მოსწონებია სოფელ ბარაკონში გამართული ფერხული. მგოსანმა  ვასილ ამაშუკელი მიიხმო და სთხოვა: "არ დაზოგო ცოდნა და მასალა, თუ ეს ფერხული სურათში ასე იქნება აღბეჭდილი, ძლიერ კარგი იქნებაო".

 

კიდევ ერთი თხოვნა აკაკისა ვასილ ამაშუკელის მიმართ ნიკორწმინდის საგანძურისა და ფრესკების გადაღება იყო.

 

ფილმის ჩვენება 1912 წლის სექტემბერში ქუთაისში გაიმართა. 15 დღის განმავლობაში დარბაზი ხალხით  იყო სავსე. ასეთივე წარმატებით აჩვენეს ფილმი საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

 


უკან დაბრუნება