ივერიონი / გორის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი ნებით გადადგა?!

გორის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი ნებით გადადგა?!

 

დღეს გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე გახდა ცნობილი. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თემურ ხაჩიურმა დეპუტატებს ხმალაძის წერილობითი განცხადება გააცნო. ,,გთხოვთ, გამანთავისუფლოთ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან”, – მხოლო ეს ეწერა ხმალაძის განცხადებაში.

 

„ივერიონი“ ზვიად ხმალაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩევნთან საუბარში აღნიშნა, რომ გადადგმის გადაწყვეტილება არსებული რეალობის გათვალისწინებით მიიღო. „შეიცვალა ხელისუფლება და შესაბამისად, საკრებულოშიც შეიცვალა ვითარება. მე გორის მაჟორიტარი ვარ „ნაციონალური“ მოძრაობიდან, ახლა უმრავლესობა სხვა პოლიტიკური ძალის ხელში გადავიდა და საჭიროდ ჩავთვალე, ასპარეზი მათთვის დამეთმო“, _ ამბობს ზვიად ხმალაძე. 

 

ბოლო დროს ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაიონის გამგებლებსა თუ საკრებულოს წევრებზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა თუ წევრების მხრიდან გარკვეულო ზეწოლა ხორციელდება. ზვიად ხმალაძემ ჩვენთან საუბარში ამაზე მხოლოდ ასეთი რამ თქვა: „ამ საკითხს ღიად დავტოვებ და დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. მთავარია, საქმე გაკეთდეს. ახალ თავმჯდომარეს წარმატებებს ვუსურვებ. ის „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია, გორელი, პატიოსანი კაცია... იმედია, იმდენს მაინც გააკეთებს, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლების ცვლილება გამართლებუილი იქნება“, - ამბობს ზვიად ხმალაძე.

 

დღესვე დეპუტატებმა ახალი თავმჯდომარე აირიჩეს. 31 კაციან საკრებულოში 23 დეპუტატმა, ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს თავმჯდომარედ ,,რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი დავით რაზმაძე აირჩია. ხმალაძე სხდომას არ დაესწრო.

 

 

21-12-2012, 17:35
უკან დაბრუნება