ივერიონი / საია ,,ზილების რევოლუციის“ კაზუსებს ამხელს

საია ,,ზილების რევოლუციის“ კაზუსებს ამხელს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოცემულ წიგნში ,,სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზი“, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, შესულია 21 სისხლის სამართლის საქმე.  ერთ-ერთი ე.წ. ”ზილების რევოლუციის” საქმეა.


„აღნიშნულ საქმესთან  დაკავშირებით, საია  სამი პირის: ხვიჩა მაჭარაშვილის, დავით ჯარმელაშვილის და ბონდო კაკაშვილის საქმის შესწავლას აწარმოებდა, სადაც არა ერთი დარღვევა გამოვლინდა.


საიას კვლევების თანახმად, გამოძიების მიმდინარეობისას, ტელევიზიით გავრცელდა ხვიჩა მაჭარაშვილის აღიარებითი ჩვენება, რაც საქმეში, ვიდეო-მასალის არსებობაზე მიუთითებდა, თუმცა ვიდეომასალა დაცვის მხარეს იმ მოტივით არ გადაეცა, რომ გამოძიებას აღნიშნული ვიდეო არ ჰქონდა.


დაცვის მხარის მიერ 2011 წლის 29 ივნისს ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, გაიზომა ის ტერიტორია, საიდანაც, გამოძიების ვერსიით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა  იქნა ამოღებული. გაზომვის შედეგად გამოვლინდა, რომ მითითებული ტერიტორია, კერძოდ,  მიწის ორმო, იმდენად მცირე ზომის იყო, რომ მასში სტანდარტული იარაღის შესანახი 2 ყუთი და იარაღით სავსე რამდენიმე ტომარა ვერ ჩაეტეოდა.


გამოძიების მსვლელობის პერიოდში, 2011წლის ივლისის პირველ რიცხვებში, საქმის საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორი, პირადად შეხვდა ადვოკატებს და შესთავაზა საპროცესო შეთანხმების კონკრეტული პირობები - თუ დაკავებულები აღიარებდნენ ბრალს, პროკურატურა მზად იყო მათთვის საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინა.


ბრალდებულები დეტალურად ყვებიან,  პროკურატურის და სასამართლოს რომელი თანამდებობის პირები შედიოდნენ მათთან საკნებში, აიძულებდნენ ბრალის აღიარებას და ჩვენების მიცემას ირაკლი  ოქრუაშვილის წინააღმდეგ, არც იმას მალავდნენ,  რომ ისინი ზურაბ ადეიშვილის დავალებით მოქმედებდნენ. პატიმრებმა ამ პიროვნებების წინააღმდეგ, პროკურატურაში სარჩელი უკვე შეიტანეს.


”ქართული პარტია” საიას დასკვნებზე ამახვილებს ყურადღებას და კიდევ ერთხელ მიმართავს  საპარლამენტო კომისიას:  ყველა ის პირი, ვინც  დაკავშირებული იყო აღნიშნულ საქმესთან, შეყვანილ იქნას პოლიტპატიმართა სიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება სამართლებლივი და იურიდიული კაზუსი - ერთსა და იმავე საქმეზე ზოგი პირი შეიძლება გათავისუფლდეს, ზოგს შეიძლება მიესაჯოს პატიმრობა და ზოგი საერთოდ გაქრეს სიიდან! სწორედ ეს შეთითხნილი საქმე იხილება სასამართლოში ამ  ეტაპზე, სადაც  პროკურატურის მიერ  ირაკლი ოქრუაშვილი ბრალდებულია უკანონო  შეიარაღებული ფორმირების შექმნაში.


კვლავ ვთხოვთ ადამიანის უფლებათა დაცვის  საპარლამენტო კომიტეტს, გაგვცეს წერილობითი პასუხი და გააკეთოს დასაბუთებული განმარტება  მათ პოზიციასთან დაკავშირებით“, - წერია საიას განცხადებაში.

21-12-2012, 20:36
უკან დაბრუნება