ივერიონი / ბიძინა ივანიშვილი: ელექტროენერგიაზე ტარიფი 20-25%-ით შემცირდება

ბიძინა ივანიშვილი: ელექტროენერგიაზე ტარიფი 20-25%-ით შემცირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ „კვირის-პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოსახლეობის  სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს თითოელ მოქალაქეს ექნება სადაზღვევო პოლისი. ამასთან,  გაიზრდება პენსიები და სოციალური დახმარებები. მისივე თქმით, ყოველივე ეს  წინა ხელისუფლების გაუაზრებელი ხარჯების შეკვეცის ხარჯზე მოხდება.


პრემიერის განცხადებით, ელექტროენერგიაზე ტარიფი 20-25%-ით, სავარაუდოდ, იანვრიდან შემცირდება. მისი თქმით, გაზზე ტარიფის ამდენით შემცირება ამ ეტაპზე  ვერ მოხერხდება. ივანიშვილის განცხადებით, ფასები ბენზინზეც დაიწევს.


„არსებული არ უნდა დავანგრიოთ და ახალი ბიზნესი ბევრი უნდა ავაშენოთ. მონოპოლიებს ვერ ავიტანთ. რაც ავადმყოფური იყო ბიზნესში, დროს ვაძლევთ, რომ გადაეწყონ. კარტელური შეთანხმებებით ფასების რეგულირება აღარ მოხდება. საზოგადოებამ უნდა ამოისუნთქოს და გაიაფება დაიწყოს. საქართველოში წარმოებული პროდუქციის სიუხვე უნდა იყოს. ნურავის ეშინია, რომ აპრილისთვის პოპულარობას დავკარგავთ. პირიქით, ჩვენ უფრო მოვიხვეჭთ პოპულარობას. ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც ხალხს დავპირდით“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

24-12-2012, 10:41
უკან დაბრუნება