ივერიონი / ბიძინა ივანიშვილი: ოპოზიციის გამონათქვამებზე ძალიან ბევრ დროს ვხარჯავდი

ბიძინა ივანიშვილი: ოპოზიციის გამონათქვამებზე ძალიან ბევრ დროს ვხარჯავდი

სამართლიანობის აღდგენის პროცესს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ოპოზიციის მხრიდან ისტერიული გამონათქვამები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეაჩერებს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახალი მთავრობა შეძლებისდაგვარად ახერხებს იმის გაკეთებას, რაც  ქვეყანას ნორმალური ფუნქციონირებისთვის სჭირდება.

„თუმცა ყველაფერი არ გამოგვდის, მაგრამ არა ჩვენი მიზეზით. კოჰაბიტაცია ხელოვნური ვერ იქნება. სამართლიანობის აღდგენის პროცესს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ოპოზიციის მხრიდან ისტერიული გამონათქვამები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეაჩერებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, პროცესები გაგრძელდება და ახალი მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი - სამართლიანობის აღდგენის შესახებ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება, აუცილებლად შესრულდება.

რაც შეეხება ოპონენტებთან ურთიერთობას, ივანიშვილის განცხადებით, ის მომავალში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შორეული განმარტებების გაკეთებას აღარ აპირებს.

„მათ კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობა ვერ მოახერხეს. პრაქტიკულად, მიდის „ჩემი შენ გითხარიო“. რასაც თვითონ აკეთებდნენ და დღესაც ახორციელებენ, სურვილი აქვთ, რომ ჩვენს გუნდს გადმოაბრალონ. შესაბამისად, გამონათქვამები ძალიან ხშირად აბსურდულია. მათზე ძალიან ბევრ დროს ვხარჯავდი“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიციის და მათი ლიდერის ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს გავითვალისწინებთ, იმდენად აბსურდია, რომ სერიოზულ ანალიზს მისი მხრიდან ვეღარ დაექვემდებარება.

24-12-2012, 12:55
უკან დაბრუნება