ივერიონი / ვაცხადებ მორატორიუმს!

ვაცხადებ მორატორიუმს!

ვაღიარებ: დღემდე სოციალური ქსელით იშვიათად ვსარგებლობდი. არ ვიცი, ეს ჩამორჩენილობის ნიშანია თუ არა. ჩემთვის საჭირო ინფორმაციებს სხვა საშუალებებიდან ვიღებდი. გარკვეული აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩემმა ერთმა თანამშრომელმა, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ „facebook“-შიდარეგისტრირება მირჩია. მაშინ სოციალურმა ქსელმა თავისი საქმე გააკეთა. ცოტა ხნის შემდეგ ინტერესი ისევ გამიქრა _ „facebook“-ში ათასში ერთხელ თუ ვესტუმრებოდი. სხვათაშორის, თავს უხერხულად ვგრძნობდი, როცა მეგობრები მსაყვედურობდნენ _ წერილი მოგწერე და რატომ არ მიპასუხეო.

 

სწორედ ამან და კიდევ სხვა გარკვეულმა აუცილებლობამ „facebook“-ში ისევ დამაბრუნა და ამ ბოლო დღეებში მისი ინტენსიური მომხმარებელი გავხდი.

მე არ ვაკნინებ სოციალური ქსელის მნიშვნელობას ინფორმაციის მიღებისა და კომუნიკაციის თვალსაზრისით, მაგრამ იქ რა სიბილწესა და უხამსობას გადავაწყდი, სურვილი გამიჩნდა საჯაროდ მეყვირა _ გა-ჩერ-დით! გა-ჩერ-დით!

 

სამწუხაროდ ეს ეხება არა მარტო ე.წ. თინეიჯერებს, ვისთვისაც სოციალური ქსელი მხოლოდ გართობის საშუალებაა, არამედ ჩემს კოლეგა-ჟურნალისტებსაც. შეიძლება ვიღაცა არ მოგწონდეს, მავანს და მავანს მართლაც ჰქონდეს დანაშაული ჩადენილი ერის წინაშე, მაგრამ თუ მათ ბილწი და უხამსი სიტყვებით შევამკობთ, ამით რა სარგებლობა მოგვაქვს საზოგადოებისთვის? ისინი ფერსა და ზნეს იცვლიან, თუ ჩვენ გამოვდივართ უტყუარი მსაჯულის როლში? გაიხსენეთ ერთი იგავი სახარებიდან, როცა ქრისტეს მეძავს მიუყვანენ, რომელიც სჯულის თანახმად უნდა ჩაიქოლოს, რას ეუბნება იგი მათ? _ ვინც ყველაზე უცოდველია, თქვენს შორის, პირველი ქვა იმას ესროლოსო!

 

ღმერთმა დამიფაროს ჭკუის სწავლებისგან _ შეიძლება ყველაზე ცოდვილი მე ვარ, მაგრამ წარმოუდგენელია ვიღაცის უზნეობაზე (დანაშაულზე) ვისაუბროთ და სიბილწისა და უხამსობის ნიაღვარი თავად ჩვენგან წარმოსდინდეს. დიახ, აუცილებელია კორექტულები ვიყოთ შეფასებებში, მითუმეტეს, თუ იგი პიროვნებას ეხება. შეიძლება რესპოდენტის ლექსიკა ბინძური და მიუღებელია, მაგრამ ხომ არ არის აუცილებელი, მის დონემდე დავიდეთ და მისი „მარგალიტები“ მკითხველის საკუთრება გავხადოთ?!

 

გუშინ ერთ-ერთი ჩემი კოლეგა-ჟურნალისტი იქადნებოდა, ჩემმა მოძღვარმა რომც დამიშალოს, მე მაინც არ გავჩუმდები „კეისარს კეისრისა“ უნდა მივუზღო, ანუ მავანი ისეთი ეპითეტებით უნდა შევამკო, როგორსაც იმსახურებსო. კარგით, რა! დიდმარხვის დღეებში მაინც შეიკავეთ მსგავსი „მარგალიტების“ გადმოფრქვევისგან. საკუთარ თავს მაინც ვცეთ პატივი და იმ მკითხველსაც, რომელსაც ასეთი უხამსობის წაკითხვა თუ მოსმენა ძალიან არ სიამოვნებს!

 

ნამდვილი გენიოსია ის, ვინც ეს სოციალური ქსელები მოიგონა. მიზანი ნამდვილად მიღწეულია. ადამიანები თავიანთ მრწამსს, თავიანთ სახეს და შინაგან სამყაროს სწორედ აქ ავლენენ. დავფიქრდეთ ხალხო, უხამსობა და არაკორექტულობა ჩვენს ღირსებას არაფერს მატებს, პირიქით უფრო და უფრო აკნინებს მას. 

 

სოციალური ქსელით სარგებლობა დანაშაული არ არის, მაგრამ ცუდია, თუ არასწორად, ქვენა გრძნობების დასაკმაყოფილებლად ვიყენებთ.

 

ეტყობა, თავი შეგაწყინეთ ჩემი დიდაქტიკით. უმორჩილესი თხოვნა მაქვს: ამ დიდმარხვის დღეებში მაინც გამოვაცხადოთ მორატორიუმი _ უფრო კორექტულები და ერთმანეთისადმი მიმტევებლები გავხდეთ. იქნებ კორექტულობა შემდგომში ჩვევადაც გადაგვექცეს!

 

უფალი შეგვეწიოს!

 

ზაურ ნაჭყებია

27-06-2013, 14:00
უკან დაბრუნება