ივერიონი / უხერხემლო "ხერხემალი" თუ საშიში "ბუა"?!

უხერხემლო "ხერხემალი" თუ საშიში "ბუა"?!

ქართულ მედია-საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის რეჟიმია "ხერხემალი" ვანო მერაბიშვილი საკუთარი "პატრონის" ლიკვიდაციას გეგმავდა და ამისთვის მზაკვრული გეგმაც ჰქონდა მოფიქრებული _ მიშას ტერაქტის ინსცენირება უნდა გაეკეთებინა. 

 

ამ "თამაშში" ვანო გამარჯვებული გამოდიოდა _ პრეზიდენტის ლიკვიდაცია დღევანდელ ხელისუფლებას დაბრალდებოდა, ხოლო მერაბიშვილი ზედმეტ "ტვირთს" ადვილად მოიშორებდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიშას ამ რისკზე წასვლა არ ურჩიეს _ პრეზიდენტი გადარჩა, ხოლო მისი "ხერხემალი" პირში ჩალაგამოვლებული დარჩა თურმე!

 

ძნელია ამტკიცო, იყო თუ არა ასეთი სცენარი და გაიმეტებდა თუ არა სასიკვდილოდ მერაბიშვილი სააკაშვილს, მაგრამ თუ ასეთი რეჟიმის ანატომიას ჩავუღრმავდებით, გამორიცხული არაფერი არ არის! მითუმეტეს, მიშა ყველაზე მძიმე და გამოსადეგარი ტვირთია "ნაცმოძრაობისთვის", რომელიც ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავე ბავშვივით კუთხეში იდგეს და პატიებას ითხოვდეს, კვლავ ბაქიბუქობს და სერიოზული ნახტომისთვის ემზადება!

 

"ნაციონალები", მერაბიშვილის "თამადობით" მზად არიან თავიანთი "პატრონი" მოისროლონ, ოღონდ თვითონ გადარჩნენ. რა მოხდებოდა მაშინ, ეს სცენარი გათამაშებულიყო და სააკაშვილი თავისივე გუნდის მსხვერპლი გამხდარიყო? მიუხედავად იმისა, რომ ვადაგასული პრეზიდენტი ჩვენთვისაც მძიმე ტვირთია, ეს იქნებოდა უდიდესი დარტყმა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს იმიჯისთვის!

 

ისევ მერაბიშვილს დავუბრუნდეთ: ბევრი თვლიდა, რომ იგი სააკაშვილის რეჟიმის "ხერხემალი" იყო, რაზეც იდგა ვარდების ხელისუფლება მთელი 9 წლის განმავლობაში. თუმცა, ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენისთანავე მერაბიშვილისადმი პრეზიდენტის ნდობა შემცირდა და მის დასაბალანსებლად სააკაშვილმა ახალაიების კლანი გამოიყენა _ მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა ფორმალურად დაწინაურებას ნიშნავდა, ცხადი იყო _ სააკაშვილმა იგი ჩააჩოჩა. ბევრს ეგონა, რომ მერაბიშვილი პრემიერის რანგშიც ძველ დიდებას შეინარჩუნებდა, მაგრამ პირიქით მოხდა, მან უხერხემლო მენეჯერის შთაბეჭდილება დატოვა. ყველა მისი ინიციატივა უფრო სასაცილოდ გამოიყურებოდა, ვიდრე საქმიანად!

 

ისმება კითხვა: რატომ სარგებლობდა საზოგადოებაში ავტორიტეტით (რეფორმატორი პოლიციელის იმიჯით) მერაბიშვილი მაშინ, როცა "ნაციონალების" პირსისხლიანი რეჟიმი მის "ხერხემალზე" იდგა?! როგორ შეიძლება ქუჩაში ხალხს უცერემონიოდ ხვრეტდნენ, სახლებში უვარდებოდნენ, 7 ნოემბერი და 26 მაისი მოგიწყონ და შინაგან საქმეთა მინისტრი "უცოდველი კრავი" ყოფილიყო? არადა ერთი რამ ფაქტია: მერაბიშვილის მიმართ საზოგადოებაში ზიზღი და ანტიპათია ნაკლებად იგრძნობოდა. ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს!

 

მიუხედავად "ჩავარდნისა", არჩევნების შემდეგ მერაბიშვილმა "მკვდრეთით აღდგომა" მოახერხა და "ნაცების" ძლევამოსილ გენმდივნად მოგვევლინა _ ზოგიერთისთვის ენაბლუ ვანიჩკამ უცებ ენა ამოიდგა და 19 აპრილითაც დაგვემუქრა. საოცარია პირდაპირ: კაცი, რომელიც მინიმუმ ციხეში უნდა იჯდეს, აქეთ გვემუქრება _ 4 წელი ამ ხელისუფლებას ვერ დაველოდებიო!

 

ახლა რაც შეეხება შიდა პარტიულ დაპირისპირებებს და მერაბიშვილის ავტორიტეტს დღევანდელ პოლიტიკაში. აშკარაა, რომ ვანოს დღეს ჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში "ერთგული მეგობრები" (კოლეგები), რომლებიც საჭიროების შემთხვევაში განზე გახტებიან და თავიანთ ძველ პატრონს ერთგულებას კიდევ დაუმტკიცებენ. როგორც ჩანს, სამწუხაროდ სისტემა ვერ განთავისუფლდა მერაბიშვილის ნარჩენებისგან, რომელიც შეიძლება ბუმერანგად დაუბრუნდეს ახალ ხელისუფლებას.

 

ჯერჯერობით პასუხი არაა იმაზე, როგორ შეიძლება განვითარდეს სააკაშვილ-მერაბიშვილის ურთიერთობა და ემუქრება თუ არა მისგან და საკუთარი გარემოცვისგან საფრთხე თავად სააკაშვილს? ერთი რამ ფაქტია: მიშა ვადაგასული პროდუქტია და დროზე უნდა გადააგდონ, რომ სხვებიც არ მოწამლოს! ეს აწყობთ მერაბიშვილს და მის გარშემო შემოკრებილ "ნაცბანდას", მაგრამ ეს არ აწყობს საქართველოს _ იქნებ ოქტომბრამდე რამენაირად გაატანოს!

 

რაც შეეხება მერაბიშვილს, როგორც "ნაცების" უალტერნატივო კანდიდატს, მომავალ საპრეზიდეტო არჩევნებში, ეს უფრო ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება.

 

თუმცა, წინ 19 აპრილია! დაველოდოთ!!!

 

ზაურ ნაჭყებია

27-06-2013, 14:22
უკან დაბრუნება