ივერიონი / ივანიშვილი არ უნდა წავიდეს!

ივანიშვილი არ უნდა წავიდეს!

არსებობს ასეთი გამოთქმა: როგორც მოსვლით გამახარე, ისე წასვლით გამახარეო! ივანიშვილის ქართულ (და არა მარტო ქართულ) პოლიტიკაში შემოსვლას გაოგნებული შეხვდა „ნაციონალური“ რეჟიმისგან გატანჯულ-დაბეჩავებული საზოგადოება. ზოგმა ასეთ არაორდინალურ სიტუაციაში მილიარდერის გადაწყვეტილება თავგანწირვად შეაფასა, ზოგმა კი მასში მესია (მხსნელი) დაინახა და ჩათვალა, რომ ეს იყო ერთადერთი ძალა, ვინც „ნაციონალურ ურჩხულს“დაამარცხებდა.

 

დრო ყველაფერს გასცემს პასუხს-მათ შორის ისიც გაცხადდება, თუ რამ უბიძგა ბიძინა ივანიშვილს ასე თამამად შეეცურა უკიდეგანო პოლიტიკურ ოკეანეში, საიდანაც უვნებელი მცირედნი გამოდიან!

 

ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო ახალი ერა საქართველოს ისტორიაში _ ერა, რომელსაც უნდა გაეწმინდა ქვეყანა „ნაციონალური“ ნარჩენებისგან და ამქვეყნიური სამართლიანობის დამკვიდრებისთვის ჩაეყარა საფუძველი.

 

1 ოქტომბრის ყველაზე დიდი მონაპოვარი სახეზეა- საზოგადოება შიშის კომპლექსებისგან განთავისუფლდა. ილაპარაკე რამდენიც გინდა, ატრიალე ყველა ბრუნვაში „ნაციონალების“ მავნებლური რეჟიმი, ამაზე ჯერჯერობით (ხაზს ვუსვამ ჯერჯერობით) ხმას არავინ გაგცემს. მეტიც, შეგიძლია უკმაყოფილება გამოთქვა ახალი ხელისუფლების მიმართ და საკუთარი დაპირებებიც შეახსენო, მაგრამ, ჯერჯერობით (ისევ ჯერჯერობით). ნამდვილად არ იცი, მოთხოვნაშეპარული კრიტიკა დაგიფასდება თუ არა, უფრო სწორად, როგორ დაგიფასდება იგი!

 

სიტყვის თავისუფლება უდიდესი მონაპოვარია, მაგრამ, ფიქციაა, თუ იგი საკუთარი უფლება-მოვალეობების შეგრძნებით არ არის გაჯერებული, თუ შენი ამბოხი ემოციების საბურველშია გახვეული და მას სიმტკიცე და თანმიმდევრობა აკლია....

 

ბიძინა ივანიშვილის მოულოდნელმა განცხადებამ საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებისთანავე, ხელისუფლებიდან წასვლის შესახებ მოულოდნელობასთან ერთად იმედგაცრუებაც გამოიწვია. საზოგადოება კანონიერად ითხოვს პასუხს კითხვებზე: როგორ შეძლებს იგი ამ მოკლე დროში წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას _ სამართლიანობის აღდგენას და სიტუაციის დალაგებას ქვეყანაში? სად არის დაანონსებული „კარგი გუნდი“, რატომ არ გამოიყენა მის ხელთ არსებული ბერკეტები (საზოგადოების უპირობო მხარდაჭერა) ორგანიზმის „საშიში ბაცილებისგან“ („ნაციონალების“ ნარჩენებისგან) გასაწმენდად და რატომ გვტოვებს გაურკვეველი რეალობის პირისპირ?! აცნობიერებს თუ არა იგი რა ცოდვის კალო დატრიალდება პოლიტიკური რევანშის შემთხვევაში, რომლის ალბათობა არც ისე მცირეა?!

 

ბუნებრივია, ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც, მაგრამ, როცა ასეთ ისტორიულ არჩევანს აკეთებ, საკუთარ თავს ნაკლებად ეკუთვნი და საზოგადოების ნებას უნდა დაემორჩილო!

 

დიახ, ბატონო ბიძინა, მოსვლა თქვენი იყო, მაგრამ.... როგორც მოსვლით გაგვახარე, ისე წასვლითაც გაგვახარე. არ არის ეს იოლი საქმე, მაგრამ, თქვენი სატარებელი ჯვარია და ღირსეულად უნდა ატაროთ. ერის გრძნობებზე თამაში არ შეიძლება!

27-06-2013, 16:57
უკან დაბრუნება