მთავარი გვერდი > დიდი შაბათი-მოლოდინი მისი, ვინც კაცობრიობა იხსნა

დიდი შაბათი-მოლოდინი მისი, ვინც კაცობრიობა იხსნა


19-04-2014 / 09:18

დიდი შაბათი-მოლოდინი მისი, ვინც კაცობრიობა იხსნა

   დიდი შაბათი – ვნების კვირის შაბათი, აღდგომის წინა დღე. დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და ლოდი მიაგორა. შაბათს "შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, ღაღადებდნენ ციური ძალნი: დიდება შენდა" – ქრისტე ცად ამაღლდა. ეკლესია დიდ შაბათს ზეიმით აღნიშნავს.

დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება. გარდამოხსნა ცისკარზე მღვდელმსახურები "წმიდაო ღმერთოს" გალობით გარდამოხსნას ტაძრიდან გამოაბრძანებენ და, ნიშნად იესო ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლისა და სიკვდილზე გამარჯვებისა, ხალხის თანხლებით ტაძრის ირგვლივ შემოატარებენ. შემდეგ ისევ ტაძარში შეაბრძანებენ და ღია აღსავლის კართან მიიტანენ. ეს იმის ნიშანია, რომ მაცხოვარი განუყოფლად იმყოფება მამა ღმერთთან და რომ თავისი ვნებითა და სიკვდილით სამოთხის კარი გაუღო მოკვდავებს. ამ დროს იგალობება "მშვენიერმან იოსებ…"

 იმ დროს, როცა გარდამოხსნას ისევ ტაძრის შუაგულში დაასვენებენ, ითქმება ეკტენია და იკითხება საწინასწარმეტყველო ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნიდან გარდაცვლილთა მკვდრეთით აღდგომის შესახებ; სამოციქულო, რომელიც გვასწავლის, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი აღდგომაა ყოველი ჩვენგანის სულისთვის; სახარება, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ დააყენეს მცველები პილატეს თანხმობით მაცხოვრის საფლავთან, შესასვლელი ლოდით ჩარაზეს და ზედ ბეჭედი დაასვეს.

 დიდი შაბათის ღვთისმსახურება მართლმადიდებლური ლიტურგიული ტრადიციის მწვერვალია. ეს არაა იესო ქრისტეს სიკვდილისა და დასაფლავების ისტორიული მოვლენების დრამატული გათამაშება ან სახარებისეული რიტუალური დადგმა. ეს ღვთისმსახურება ღრმა სულიერი წვდომაა მაცხოვრის იმ ქმედების მარადიულ არსში, რომლითაც მან კაცობრიობა იხსნა.

 

წყარო: ambioni.ge

 


უკან დაბრუნება