ივერიონი / გიორგი ლაღიძე:-"კინკლაობას სჯობს საქმე აკეთონ!"

გიორგი ლაღიძე:-"კინკლაობას სჯობს საქმე აკეთონ!"

   დღეს, პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერმა, თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი ლაღიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და მერიისა და დედაქალაქის საკრებულოს აქტიური მოქმედებისაკენ მოუწოდა.

   -"მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში იყო უხვი ნალექი, რის შედეგადაც თბილისის მთელი რიგი ქუჩები დაიტბორა, რამაც კარგად წარმოაჩინა დედაქალაქის ხელისუფლების უნიათობა. ასევე, უკვე რამდენიმე თვეა თბილისის გზებზე შექმნილია სერიოზული პრობლემები. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის გზები დანგრეულია და ამ ფონზე, დედაქალაქის მერია და საკრებულო ერთმანეთთან კინკლაობით და დაპირისპირებით არიან დაკავებული. ხოლო საკრებულო თავს იმით იმართლებს, რომ მათ არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ, მერიასა და მის სამსახურებზე ზედამხედველობის განხორციელების. ჩვენ ვაპირებთ, ამ საკითხებთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში მივმართოთ დედაქალაქის მერიას და საკრებულოს, ასევე საკრებულოსადმი გაგზავნილ წერილში მივუთითებთ იმ საკანონმდებლო ნორმას, რითაც მათ მერიის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება ევალებათ და იქნებ მაშინ მაინც, ამ ორი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები დაპირისპირების მაგივრად საქმის კეთებას შეუდგნენ" _ განაცხადა გიორგი ლაღიძემ.

 

გიორგი საკარული

23-04-2014, 15:08
უკან დაბრუნება