ივერიონი / საცხოვრებელი სახლები სტიქიით დაზარალებული 33 ოჯახისთვის

საცხოვრებელი სახლები სტიქიით დაზარალებული 33 ოჯახისთვის

   დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში  სტიქიით დაზარალებული 33 ოჯახისათვის საცხოვრებელი სახლები ფარული კენჭისყრის საფუძველზე განაწილდა. 

კომისიამ  გაითვალისწინა ეკომიგრანტი ოჯახების სულადობა და  სახლები საცხოვრებელი ფართის  შესაბამისად სამ ჯგუფად დაიყო. პირველი ჯგუფი 12,  11-სულიანი, მეორე  ჯგუფი 9,8,7 6-სულიანი და მესამე ჯგუფი 4, 3 , 2,  1-სულიანი ოჯახებისგან შედგება. 

სამინისტრომ, 2013 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, საცხოვრებელი სახლები  და სულ მცირე ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთი იმერეთის, სამეგრელოსა კახეთის რეგიონებში შეიძინა. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ დავით დარახველიძის განცხადებით, პირველად  5-წლიანი პაუზის შემდგომ, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს  სახლები  გადაეცათ. 

"5-წლიანი პაუზის შემდეგ, სამინისტროში გაიმართა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული  ოჯახებისათვის ბინების გადაცემის პროცედურა. 33-მა ოჯახმა ძირითადად დასავლეთ საქართველოს რაიონებიდან,  დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კერძო საცხოვრებელი სახლები საკარმიდამო ნაკვეთებით საკუთრებაში მიიღეს.  მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მოხდა. სამინისტროს მიერ  შემუშავებული ნორმატიული აქტის  საფუძველზე, კრიტერიმებისა მიხედვით, ყველაზე უფრო დაზარალებულმა და მრავალშვილიანმა ოჯახებმა მიიღეს საცხოვრებელი სახლები.  სამინიტრომ თითქმის დაასრულა მუშაობა კანონზე  ეკომიგრაციისა და ეკომიგრანტების შესახებ, რის შემდეგაც ეს პროცედურები უფრო დაიხვეწება და დაზუსტდება. უახლოეს მომავალში იგეგმება რეორგანიზაცია ამ მიმართულების გაძლიერების მიზნით. სამინისტრო მზად არის, რომ მიმდინარე წელს გამოყოფილი თანხა 600  ათასი ლარის ოდენებით აითვისოს. ხოლო მომავალი წლებიდან  თანხა გაზარდოს და უფრო მეტი ასიგნება დახარჯოს, იმისათვის რომ ამ სტიქირუი მოვლენების შედეგად დაზარალებულები მოსახლეობის საკითხები  დადებითად გადაწყდეს,"- განაცხადა დავით დარახველიძემ.

   მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ეთერ დანგაძის ოჯახი 12 წლის  განმავლობაში ნათესავთან ცხოვრობდა, ის ერთ-ერთია იმ 33 ოჯახს შორის,  რომლებსაც დღეს საცხოვრებელი სახლები გადაეცათ.

"2002 წელს დაინგრა ჩვენი სახლ-კარი და ბიძაშვილმა შეგვიფარა 7-სულიანი ოჯახი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც დამეხმარა. ხონში მინდოდა სახლი შემხვედრიოდა და შემხვდა,"- განაცხადა ეთერი დანგაძემ. 

   საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე სამინისტროში სულ 210 განაცხადი შემოვიდა.  მინისტრის N779 ბრძანების და  "სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების  საკითხების მარეგულირებელი კომისიის" გადაწყვეტილების შესაბამისად,  210 აპლიკანტიდან კრიტერიუმების საფუძველზე  33  ეკომიგრანტი ოჯახი შეირჩა. 

კენჭისყრის პროცედურის შემდგომ ეკომიგრანტ ოჯახებს მიეცათ 7-დღიანი ვადა, რათა   ადგილზე ნახონ  და მხოლოდ შემდეგ განაცხადონ სახლის მიღებაზე თანხმობა. 

 

 

24-04-2014, 17:52
უკან დაბრუნება