ივერიონი / გაფრთხილება "რუსთავი 2"-ს და "იმედს"

გაფრთხილება "რუსთავი 2"-ს და "იმედს"

   კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNჩჩ) ტელეკომპანია "რუსთავი 2" და "იმედი" გააფრთხილა. 30 აპრილს კომისიაში გამართულ სხდომაზე მათ სანქცია "მაუწყებლობის შესახებ" კანონით დადგენილი სარეკლამო ლიმიტების დარღვევისთვის დაეკისრათ.

   ამ არხების მონიტორინგი მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა მიმდინარე წლის თებერვალი-მარტის პერიოდში ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ 28 თებერვალს "იმედის" საზოგადეობრივ-პოლიტიკური ტოქ შოუ "რეაქციაში" განთავსებულმა რეკლამამ 7 წუთს გადააჭარბა, 7 მარტს კი 9 წუთის განმავლობაში გადიოდა სარეკლამო რგოლები. ეს მაშინ, როდესაც კანონის თანახმად, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა რეკლამით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და რეკლამის ხანგრძლივობა 300 წამს (5 წუთი) არ უნდა აჭარბებდეს.

   "მაუწყებლობის შესახებ" კანონის იგივე მუხლი დაარღვია "რუსთავი 2"-მაც გადაცემა "არჩევანის" რეკლამით შეწყვეტის დროს, 28 თებერვალს ამ გადაცემაში სარეკლამო ჭრის ხანგრძლივობამ 6 წუთს გადააჭარბა.

   "იმედისგან" განსხვავებით, სარეკლამო ლიმიტები დარღვეული იყო "რუსთავი 2"-ის ეთერში განთავსებული სერიალების რეკლამით გაჭრის დროსაც. მაგალითად, სერიალი "ტიტების დრო" 13 წუთის შემდეგ შეწყდა რეკლამით, კანონით კი რეკლამისათვის განკუთვნილ წყვეტებს შორის ინტერვალი 15 წუთზე ნაკლები არ უნდა იყოს.

   კანონის დარღვევა კომისიის სხდომაზე ორივე ტელეკომპანიის წარმომადგენელმა აღიარა. ვინაიდან არც "რუსთავი 2" და არც "იმედი" იგივე სახის დარღვევაზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში დასანქცირებული არ ყოფილა, კომისიამ ამ ეტაპზე მხოლოდ გააფრთხილა.

   ამავე სხდომაზე კომისიამ განიხილა "მაესტროს" დასანქცირების საკითხიც. მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, გადაცემა "სუბიექტური აზრი" 18 მარტს დაწყებიდან 4 წუთში რეკლამით შეწყდა, რაც კანონის დარღვევაა, რადგან 15 წუთზე ადრე არ შეიძლება გადაცემის რეკლამით შეწყვეტა.

   სხდომაზე "მაესტროს" იურისტმა ნინო ელოშვილმა განაცხადა, რომ მის კომპანიას კანონი არ დაურღვევია ვინაიდან "მაუწყებლობის შესახებ" კანონის თანახმად ". რეკლამისათვის ან ტელეშოპინგისათვის განკუთვნილ წყვეტებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები, გარდა ავტონომიური ნაწილებისაგან შემდგარი პროგრამისა", "სუბიექტური აზრი" კი "იურისტის მტკიცებით, სწორედ "ავტონომიური ნაწილებისგან" შედგება - პირველ ნაწილში წამყვანები დღის ამბებს მიმოიხილავენ, მეორე ბლოკში კი სტუმართან ერთად სხვა ფორმატში აგრძელებენ გადაცემას. ამ ორ ნაწილს კი ერთმანეთისგან რეკლამა მიჯნავს.

   "მაესტროსთან" დაკავშირებით კომისიის წევრთა აზრები გაიყო, ამიტომ მათ საკითხის განხილვის გადატანა გადაწყვიტეს. ამ თემაზე ისინი 8 მაისს 16 საათზე გააგრძელებენ მსჯელობას.

წყარო: media.ge

 

 

1-05-2014, 04:07
უკან დაბრუნება