ივერიონი / გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებას?!

გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებას?!

ანტიდისკრიმინაციული კანონი პარლამენტმა ვნებათაღელვის ფონზე მესამე მოსმენით კი დაამტკიცა, მაგრამ იგი ძალაში რომ შევიდეს, პრეზიდენტის დასტური სჭირდება.

 ზოგი ფიქრობს, რომ შეიძლება მარგველაშვილმა არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღოს და აღნიშნულ კანონს ვეტო დაადოს.

მითუმეტეს, უკვე ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით,  დღევანდელმა ხელისუფლებამ საქართველოში ანტიევროპული განწყობა გააღვივა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველადი ფორმით წარდგენილი კანონპროექტი შეიცვალა და შეიძლება ითქვას, მეტ-ნაკლებად შერბილდა კიდეც, ეკლესიაც და საზოგადოებაც მაინც უკმაყოფილოა - ისინი თვლიან, რომ აღნიშნული კანონი არამარტო იცავს ლგპტ-ს წარმომადგენელთა უფლებებს ( ანუ, სექსუალური უმცირესობის დისკრიმინაცაიას გამორიცხავს), არამედ, ნოყიერ ნიადაგს ქმნის გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდისა და სტიმულირებისათვის.

ამის სიმპტომი გუშინდელი ინცინდენტიც იყო, როცა თბილისიდან ჩასულმა ტრანსგენდერებმა ტელეკომპანია „თრიალეთის“ წინ „თავიანთი უფლებების“ დაცვა  მოინდომეს!

საზოგადოების გარკვეული ნაწილი  17 მაისს შიშით ელოდება - სასულიერო პირებისა და მრავალათასიანი მართლმადიდებელი მრევლის მშვიდობიანი პროტესტი რუსთაველზე შესაძლოა პროვოკაციით დასრულდეს. წინასწარ დაანონსდა, რომ ეკლესია და მრევლი არ დაუშვებს იმ უხამსი ფილმის ჩვენებას, რომლის პრეზენტაციაც სწორედ 17 მაისს „რუსთაველის“ კინო-თეატრში იგეგმება.

ძნელი სათქმელია, გართულდება თუ არ სიტუაცია, მაგრამ არც ამის გამორიცხვა შეიძლება.

„ივერიონისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თავმჯდომარემ, ქალბატონმა თამარ ჩხეიძემ განაცხადა, რომ ამ კანონის მიღებით, ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის თამაში ითამაშა, რადგან, ევროკავშირი ქართული ტრადიციებისა და მენტალობის მოწინააღმდეგე გაერთიანებად წარმოაჩინა და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში არსებული ანტიევროპული განწყობა კიდევ უფრო გააღრმავა.

სხვათა შორის, ქალბატონი თამარი ერთადერთი არ არის, ვინც ასე ფიქრობს!..   

 მე არ შემიძლია ვამტკიცო, ვინ ვის თამაშს თამაშობს, მაგრამ ამდაგვარი ეჭვის საფუძველი ნამდვილად არსებობს: თუ ჩვენ ევროპული ოჯახისკენ მივდივართ, მაშინ რატომ ვჩქარობთ ასეთი კანონის მიღებას ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინ, რომლის მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური მუხტი არსებობს, მითუმეტეს, თუ ამას ევროპა არ გვაიძულებს?!(არადა, ოფიციალუირად ასე ამბობენ) .

რატომ ვქმნით ხელოვნურ აჟოიოტაჟს და რატომ ვზრდით “გახრწნილი ევროპის“ (მაპატიეთ, მაგრამ ეს ტერმინი ამ ბოლო დროს ძალიან მოდაში შემოვიდა) მოწინააღმდეგეთა არმიას?! არადა,  საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ეს მხოლოდ სურათია, საშინელი კინო კი წინ გველოდება !

მედიასშუალებებში გაჟონა ინფორმაციამ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, ასევე ყოფილ თანაგუნდელებს (დღევანდელ საპარლამენტო უმრავლესობას) აღნიშნული კანონის მიღება კატეგორიულად მოსთხოვა. თუ კენჭისყრის შედეგებით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ უმრავლესობამ დავალება პირნათლად შეასრულა - „ქართული ოცნებიდან“ თითქმის არავის „გაუმაზავს“.

აქედან გამომდინარე, თეორიულად დასაშვებია, რომ ამით რუსული საქმე გაკეთდა ევროპის წინააღმდეგ, რადგან, აშკარაა, რომ ანტიევროპული განწყობა დღითიდღე იზრდება.

ეკლესია და  მრევლი ხმამაღლა აცხადებს, რომ ეს კანონი არ უნდა ამოქმედდეს. მართალია, მარჩიელობის სფეროს უფრო განეკუთვნება, მაგრამ მავანი და მავანი ფიქრობს, რომ შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღოს და ვეტოს უფლება გამოიყენოს. ამით თავისი უფლებამოსილების დემონსტრირებაც მოახდინოს და ივანიშვილის ჩრდილიდანაც გამოვიდეს....თუნდაც თეორიულად, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, ამ კანონის მიღებით რუსული კოზირი მართლაც  თუ გათამაშდა.   

რას გაიგებ, პოლიტიკა ისეთი ბინძური საქმეა, რომ....

 

 

ზაურ ნაჭყებია                                                       

 

 

 

4-05-2014, 20:11
უკან დაბრუნება