ივერიონი / ნინო ბურჯანაძე: -"ძალიან დამავალა ბატონმა ბერძენიშვილმა, რომ მიტანს პოლიტიკაში"

ნინო ბურჯანაძე: -"ძალიან დამავალა ბატონმა ბერძენიშვილმა, რომ მიტანს პოლიტიკაში"

   "როგორც ჩანს, ბატონი ლევან ბერძენიშვილი და მისი თანაგუნდელები ხვდებიან, თუ რამდენად მძიმე წონის პოლიტიკოსებთან აქვთ საქმე"-ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, პაატა ჯიბლაძის წარდგენის შემდეგ ლევან ბერძენიშვილის მიერ "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ მას არ მოსწონს ნინო ბურჯანაძე როგორც პოლიტიკოსი.

   -"ძალიან დამავალა ბატონმა ბერძენიშვილმა, რომ მიტანს პოლიტიკაში. სიმართლე გითხრათ ნაკლებად მაინტერესებს ლევან ბერძენიშვილის აზრი, მე გაცილებით უფრო მეტად მაინტერესებს იმ ადამიანების აზრი, რომლებიც ახლა ჩემს გვერდით არიან და იმ ათასობით და ათიათასობით ადამიანის აზრი, ვინც მხარს მიჭერდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს და ამით მათ ხაზი გადაუსვეს ლევან ბერძენიშვილისა და მისნაირების აზრს.

   ეს კომენტარი აჩვენებს სინამდვილეში რამდენად "ტოლერანტული" და "შემწყნარებლური" გახლავთ ბატონი ბერძენიშვილი, რომელიც ლაპარაკობს ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, საუბრობს იმაზე, რომ არავინ არაფრის გამო არ უნდა დაიჩაგროს და ამ დროს მაყვედრის, რომ თურმე მე ბედნიერი უნდა ვიყო იმით, რომ ის არ მჩაგრავს ჩემი ოჯახისა და ჩემი მამის გამო. მოვა დრო და ძალიან კარგად გამოჩნდება ვისი წარსული უფრო ღირსეულია. მისმა კომენტარმა, რომელიც მამა-შვილის ურთიერთობაში ჩაერია, ძალიან ნათლად გვაჩვენა, რა ფასეულობების მატარებელია ის და მისი თანაგუნდელები. რამდენად ფასეულია მათთვის ოჯახური ტრადიციები. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის ტოლერანტობა, ლიბერალიზმი, ვითომდა სხვისი უფლებების დაცვა მისთვის და მისი თანაგუნდელებისათვის სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური ტრიუკი და პოლიტიკური ქულების ჩაწერა.

   მხოლოდ ამის გამო გავაკეთე მე ამ თემასთან დაკავშირებით ასეთი ვრცელი კომენტარი, თორემ გარწმუნებთ რომ, ლევან ბერძენიშვილის კომენტარი ნამდვილად არ იმსახურებდა ვრცელ განმარტებას.

   მე ვიცი ჩემი პოლიტიკური წონის ფასი, და იმას,  რომ ეს ასეა ადასტურებს ის ფაქტი, რომ დღეს ჩემს გვერდით არიან ასეთი ღირსეული ადამიანები. როგორც ჩანს, ბატონი ლევანი და მისი თანაგუნდელები ხვდებიან, თუ რამდენად მძიმე წონის პოლიტიკოსებთან აქვთ საქმე," - აღნიშნა კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

 

7-05-2014, 17:54
უკან დაბრუნება