ივერიონი / დავით საგანელიძე:-"რაც შეეხება ჩემს ჩანაწერს, რა თქმა უნდა, ეს არის ორიგინალი"

დავით საგანელიძე:-"რაც შეეხება ჩემს ჩანაწერს, რა თქმა უნდა, ეს არის ორიგინალი"

 

უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე  "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ სატელეფონო საუბრებს ეხმიანება და ფარული ჩაწერების განხორციელებას ,,ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებს.

 

,,ძალიან ვწუხვარ, რომ ყოფილმა მმართველმა ძალამ საქართველო ისევ დააბრუნა მძიმე წარსულში, რომელიც ეს ორი წელიწადია აღარ გვახსოვდა და გაგვახსენეს. რაც შეეხება ჩემს ჩანაწერს, რა თქმა უნდა, ეს არის ორიგინალი.  არ ვიტყვი, რომ ის არის ფალსიფიცირებული. ეს არის ჩანაწერი, როცა მე კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ვწევარ, გადაწყდა ჩემზე ოპერაცია და მეორე დღეს ჩემი მეგობრების დახმარებით, რომლებიც კერძო თვითმფრინავით მიფრინავდნენ,  გადავფრინდი ნიუ-იორკის კლინიკაში და სამი დღის მერე გამიკეთეს ოპერაცია. ამასაც კი იწერს ახლა ის ჯგუფი, რომელსაც არჩევნების წინ რაღაც ქულების დაგროვება უნდა. ამას რომ დღევანდელი ხელისუფლება იწერდეს, მე ამ ხელისუფლების წევრი არ ვიქნებოდი. ეს აპარატურა არის ხელმისაწვდომი იმ გუნდისთვის, რომელსაც უამრავი თანხა, ხალხის და ბიუჯეტის ფული აქვს გაზიდული და შემდგომ ამისთვის ხარჯავდნენ ფულს, რომ ერთმანეთი დაეშანტაჟებინათ", - აცხადებს დავით საგანელიძე ტვ ,,იმედთან" სატელეფონო საუბარში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გუშინ გავრცელებულ რამდენიმე ფარულ ჩანაწერში დავით საგანელიძეც ფიგურირებდა. 

 

11-05-2014, 18:25
უკან დაბრუნება