ივერიონი / ანტიდისკრიმინაციული კანონი-დასამარება თუ ჰუმანურობის ნოტა?

ანტიდისკრიმინაციული კანონი-დასამარება თუ ჰუმანურობის ნოტა?

   "იდენტობის" ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის განცხადების მიუხედავად, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო, 17 მაისის საჯარო სივრცეში აღნიშვნას არ აპირებს და ამისთვის ორგანიზაციამ ინტერნეტპლატფორმა შექმნა, საზოგადოება მაინც საგონებელშია. არავინ არ იცის რას უნდა ველოდოთ 17 მაისს. ექნება თუ არა ურთიერთშელაპარაკებებს ადგილი? განცხადების მიუხედავად რას გეგმავს "LGBთ" საზოგადოება ამ დღეს? ნამდვილად მოხდება თუ არა ტრანსექსუალების სხვა ქალაქებიდან ჩამოყვანა და იუსტიციის სამინისტროს წინ შეკრება? უჭერს თუ არა მხარს საზოგადოების უმრავლესობა ანტიდისკრიმინაციულ კანონს?  ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი ჯერაც გაუცემელია.

   იმის გასაგებად, თუ რას ფიქრობს ხალხი ანტიდისკრიმინაციულ კანონზე და რას უნდა ველოდეთ 17 მაისს  "ივერიონი" საზოგადოების წარმომადგენლებს გაესაუბრა.  

   -"ჩემთვის მისაღებია ნებისმიერი დისკრიმინაციის მიმართ კანონის გამკაცრება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვფიქრობ რომ სახელმწიფო აკეთებს იმას რაც ნებისმიერმა თანამედროვე დემოკრატიულმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. რაც შეეხება 17 მაისს  ვფიქრობ, რომ არავითარი დაპირისპირება არ მოხდება. ქართველი ხალხი თავისი ბუნებით არ არის მჩაგვრელი და მითუმეტეს ჩვენ არასდროს დაგვიჩაგრია და შეგვივიწროებია სხვა ეთნიკური თუ რელიგიის წარმომადგენლები, ცუდია როცა ამ კანონით მხოლოდ სექსუალური უმცირესობის დამცველი თუ პირიქით დამგმობი ორგანიზაციები ან ადამიანთა უბრალო ჯგუფები ახდენენ მანიპულირებას. ეს არ არის მხოლოდ სექსუალური უმცირესობების მიმართ გატარებული რამე ლმობიერების ან ჰუმანურობის ნოტა. ეს არის უბრალოდ კანონი სადაც კიდევ ერთხელ განმტკიცებულია ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები" – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი"–ს გამგეობის წევრმა  გიზო ბანძელაძე.

   მომდევნო ორმა რესპოდენტმა არ ისურვა ვინაობის გამხელა, ჩვენც ვიცავთ რა კონფედენციალობას, მხოლოდ მათ პასუხებს გთავაზობთ.

  - "ეს ქართველობის დასამარებაა და მეტი არაფერი, ქართველ კაცს (და არა მხოლოდ ქართველს) არ შეშვენის სიტყვა "ცოლი". მე მესმის რომ არსებობენ კაცები (კაცები? არც კი ვიცი მათ რა ვუწოდო) რომლებსაც მოსწონთ თავისივე სქესის წარმომადგენლები, მაგრამ რა საჭიროა ამის ასე აფიშირება? გააკეთე ჩუმად. ამ თემაზე როდესაც იწყება საუბარი, ძალიან ვნერვიულბ, ისედაც პატარა საქართველო სულ დაპატარავდება გამრავლების გარეშე".

   -"არ ვიცი რა ვთქვა, ჩემთვის ეს ყოველივე მიუღებელია. წარმოუდგენელია კაცს "ცოლი" როგორ უნდა ეწოდოს?! სიმართლე გითხრათ არ მაინტერესებს, ვისაც რა უნდა ის აკეთოს, მთავარია თავისთვის იყვნენ და სხვა არ შეაწუხონ. რაც შეეხება 17 მაისს, დიდი იმედი მაქვს რომ "სკამებით" ჩხუბი არ იქნება. მოვუწოდებ ყველას, გააკონტროლეთ საკუთარი თავი, იყავით ის, ვინც ხართ და ვერავინ ვერ შეგეხებათ. რაც შეეხება მთავრობას, მინდა ვთქვა, რომ დღეს საქართველოს პატრონი არავინ არ ჰყავს, ჩვენი წინაპრები საფლავში ტრიალებენ!".

   გიორგი ლილუაშვილი("საქართველოს ეროვნული აკადმიის" ვიცე-პრეზიდენტი)სამწუხაროა როდესაც საქართველოში საკანონმდებლო ორგანო დაკავებულია არაფრის მომცველი კანონშემოქმედებით. საქართველოს კანონმდებლობაში ამ კანონის გარეშეც დარეგულირებულია ადამიანის უფლებები და საქართველოს კონსტიტუციაში ისედაც არის მუხლები, რომლებიც ადამიანის თანასწორუფლებიანობას განსაზღვრავს, თუმცა მათ არავინ იცავს. ახალი კანონების მიღება არ გამოიწვევს უფლებათა დაცვას. ეს მიმართულია პიარზე და საზოგადოების უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება. 

მაგალითად სექსუალური უმცირესობების საკითხს როდესაც წინა პლანზე წევენ, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, ანაბრების დაბრუნებას, სამართლიანობის აღდგენას და სოციალურ საკითხებს სადღაც უკანა პლანზე აჩუმათებენ. მიმაჩნია, რომ ხელისუფლება მიზან მიმართულად ამწვავებს და აქეზებს ქვეყანაში არსებულ უმცირესობებს და მათ გამომწვევ პოზიციას ფინანსურადაც ახალისებს კიდეც. რასაც ბევრ შემთხვევაში ქვეყანაში მაცხოვრებელი უმრავლესობის სამართლიანი მწვავე პროტესტი და რეაქცია მოყვება. 

   ისტორიულად ქართველი ერი თავისი რელიგიური მრწამსით შემწყნარებლობით პოლიტიკას ეწეოდა ყველა რელიგიური აღმსარებლობის, სხვა ეროვნების თუ სექსულური უმცირესობების მიმართ. არავის არ დაუშლია კინტოებისათვის ქვეყანაში ცხოვრება და ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობის მიღება, რათქმაუნდა კინტოებიც იცავდნენ დანარჩენი მოსახლეობის უფლებებს და არ შეურაცყოფდნენ მათ ღირსებასა და ტრადიციებს. კანონის დარღვევისათვის კი ყველა თანაბრად ისჯებოდა და ყველა კანონის უზენაესობას აღიარებდა. 

   დღეს კი საქართველოში, სამწუხაროდ შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე, რასაც უნდა მიექცეს ძირითადი ყურადღება და სწორედ შერჩევითი სამართლის აღმოფხვრა უნდა მოხდეს ქვეყანაში. კანონის დარღვევა, ღირსებისა და თავისუფლებების შელახვა არავის არ უნდა ეპატიოს.

   17 მაისს პატრიარქის ლოცვა კურთხევით გამოცხადებულია ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ. საქართველოში ოჯახისა და მშობლების პატივისცემის განსაკუთრებული ტრადიციაა და ეს დიდ დღესასწაულადაც უნდა იქცეს, მე მივესალმები დედაქალაქში მართლმადიდებელი მრევლის ლოცვით მსვლელობას. რაც შეეხება რაიმე დაპირისპირებას ჩემთვის გაუგებარია რა დაპირისპირებაზეა საუბარი? მემგონი ოჯახის სიმტკიცის და მშობლების პატივისცემის საწინააღმდეგო არავის არ უნდა ქონდეს".

   საზოგადოების ინტერესი 17 მაისთან დაკავშირებით დიდია. გვიკავშირდებიან ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებიდანაც, რომლებსაც სურთ თავიანთი აზრის გამოხატვა ამ კანონთან დაკავშირებით. მათ აზრს შემდეგ  გაგაცნობთ.

თაზო ბენიძე

 

13-05-2014, 11:36
უკან დაბრუნება