ივერიონი / ერეკლე საღლიანი: ,,ერთჯერადი დახმარებით ხალხის მოსყიდვა შეიძლება, მაგრამ ერი უნდა იყოს მოუსყიდველი!"

ერეკლე საღლიანი: ,,ერთჯერადი დახმარებით ხალხის მოსყიდვა შეიძლება, მაგრამ ერი უნდა იყოს მოუსყიდველი!"

,,ივერიონს" წინასაარჩევნო გარემოსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოეტი ერეკლე საღლიანი ესაუბრა.
-ბატონო ერეკლე, რამდენადაც ვიცით, თქვენ  პარტია ,,პატრიოტულ ალიანსში" გაწევრიანდით. ეს   ხომ არ ნიშნავს იმას,  რომ პოეტი ერეკლე საღლიანი პოლიტიკაში გადავიდა?
-ის, რომ ერეკლე პოლიტიკაში მიდის, ეს მისთვის სანეტარო სურვილი ნამდვილად არ არის - ესაა იძულება. ხელისუფლება და ხალხი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ , ხალხს ახლოს არ უშვებენ:  ადამიანი  რომ მოვა შენთან წუხილით და გულისტკივილით, პატიოსანი უარი მაინც უთხარი! ჯერ ერთი, ნორმალურ ქვეყანაში მე არავითარი სურვილი არ მექნებოდა პოლიტიკოსობის,მეორე, ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს არ აწუხებთ ქვეყნის ბედი. მე კი მგონია, რომ ქვეყნის გულშემატკივარი მანდ ყველაზე მეტი უნდა იყოს!
-თქვენი აზრით, როგორი პოლიტიკური ფონია საქართველოში და გაიმარჯვებს თუ არა მმართველი კოალიცია?
-მე სხვაგვარად ვიტყოდი: ,,ოცნებაში"  შემავალი პოლიტიკური პარტიების უმრავლესობაბ ვერ გაამართლა იმედი. იქ, რა თქმა უნდა, პატიოსანი ადამიანებიც არიან, მაგრამ ისინი პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან. ჩვენს ქვეყანაში ცუდი პოლიტიკური მდგომარეობაა - დიდი სახელმწიფოები საქართველოზე ატარებენ ექსპერიმენტს, ბრძოლა მიმდინარეობს გავლენის სფეროების მოსაპოვებლად -ზემძლავრი ძალმომრეობს, ჩვენს სახელმწიფოში ამას ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა კანონი არც მსოფლიოში კანონობს. ფაქტობრივად,  კაცობრიობა მონათმფლობელობის სტადიაში გადადის, ოღონდ მონობა ახალ ფორმას იღებს.
-ბატონო ერეკლე, დღეს მეტად აქტუალურია ე.წ. მოსმენების თემა. როგორ ფიქრობთ, თქვენც ხომ არ გისმენენ?
-რა უნდა მომისმინონ ისეთი, რასაც ხმამაღლა არ ვამბობ?!  ადამიანი ტუალეტში რომ შედის, იქაც უსმენენ და უღებენ,  რომ მერე გაასაჯაროონ. მე არ მგონია, ამ საქმეს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონმა რამე უშველოს!
-მოგეხსენებათ, რომ პარლამენტმა დაამტკიცა ანტიდისკრიმინაციული კანონი. ზეგ 17 მაისია, რომელიც პატრიარქმა "ოჯახის სიმტკიცის" დღედ დაასახელა. 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეაცაა. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
-მე თუ მკითხავთ, დღეს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ეროვნული ძალები უფრო არიან, ,,სხვები",  რაც  უნდათ, იმას აკეთებენ. ერთ ფაქტს გეტყვით, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ევროვიზიის კონკურსზე გამარჯვებულ ,,უმცირესს"  ყველაზე მეტი მესიჯი საქართველოდან გაუგზავნეს.  საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ჩვენი სულიერი მწყემსი, რომელმაც 17 მაიასი "ოჯახის სიმტკიცის" დღედ გამოცხადებით, მტკიცე სულიერი კედელი აღმართა ჩვენს დასაცავად.
-საინტერესოა ხუდონჰესის საკითხი. როგორ ფიქრობთ, მშენებლობაზე საბოლოოდ ააღებინეთ ხელი ხელისუფლებას?
-ჯერ-ჯერობით ასეა და მერე ვნახოთ, რა მოხდება.
-ბატონო ერეკლე, რას ემსახურება დღევანდელი ქართული მწერლობა?
-ტელევიზიები ,,გამორჩეულ" პოეტებსა და მწერლებს ემსახურება. ჭეშმარიტი შემოქმედება  კი კულისებშია. ესეც სპეციალურადაა  მოწყობილი, რათა ყველა  დაარწმუნონ , რომ თურმე ესაა ქართული ხელოვნება.
-დავუბრუნდეთ ისევ საარჩევნო თემას, რა ძალებს ეყრდნობა ,,პატრიოტთა ალიანსი" და ჩაანაცვლებს თუ არა ,,ქართულ ოცნებას"?
-ჩანაცვლება ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენი პარტია ეროვნულ ფესვებზე დგას და საპარტიარქოს დებულებებს ეყრდნობა. ჩვენ გვინდა გაკეთილშობილდეს და გაჯანსაღდეს გარემო.
-ადგილობრივი თვითმმართვრელობის არჩევნებში არასაპარლამენტო ოპოზიცია თამაშგარე თუ აღმოჩნდა, რა რეაქცია გექნებათ?
-ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის ავადმყოფური სწრაფვა არ გვაქვს. იმათ, ვისაც ჩვენი იმედი აქვს, შევახსენებ, რომ ერთჯერადი დახმარებით ხალხის დიდი ნაწილის მოსყიდვა შეიძლება, ერი კი უნდა იყოს მოუსყიდველი!

                                                                                            ესაუბრა ია ჯღარკავა

15-05-2014, 13:21
უკან დაბრუნება