ივერიონი / მამა თეოდორე გიგნაძე: ,,ჩვენი ხელისუფლება იმ მღვდელმთავრებს ჰგავს, სახელმწიფოს "გადასარჩენად", ქრისტე რომ გაწირეს!“

მამა თეოდორე გიგნაძე: ,,ჩვენი ხელისუფლება იმ მღვდელმთავრებს ჰგავს, სახელმწიფოს "გადასარჩენად", ქრისტე რომ გაწირეს!“

 გვესაუბრება ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

-მამაო, ცნობილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, პირდაპირ განაცხადა, დოპლომატია  პოლიტიკოსების საქმეა და არა სასულირო პირების. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეკლესიამ ბოქლომი უნდა დაიდოს პირზე მაშინაც კი, როცა შეიძლება პოლიტიკოსების არასწორმა ქცევამ ქვეყანა უფსკრულისკენ წაიყვანოს? რა იგულისხმება ამ სიტყვებში?
-მინდა ყველას შევახსენო, რომ პოლიტიკა ხალხის გარეშე არ არსებობს! ეს არის სახელმწიფოს მმართველობა, რომელზედაც ყველა პასუხისმგებელი ვართ. იქაცაა ზნეობრივი ნორმები, რომლებიც ჩვენი შვილების, ზოგადად, საზოგადოების ზნეობასთანაა გადაჯაჭვული და ისეთი პოლიტიკის მიმართ, რომელიც ერის ცნობიერებას ცვლის, განსაკუთრებით, თუ ეს ცვლილება გლობალურია, ეკლესია უმოქმედო არ იქნება!
 ნოე ჟორდანიამ პატრიარქ ლეონიდეს უთხრა, მე სახელმწიფოში სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში ეკლესიის) არსებობას არ დავუშვებო და იცით, ამ სიტყვებმა საქართველოს 70-წლიანი განაჩენი გამოუტანა.
 საერთოდ, ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ ეკლესია და საქართველო განუყოფლადაა ერთმანეთთან შერწყმული და მათ ხელოვნურად ვერ გაკვეთენ. თუ ადამიანის სული და ხორცი განიყოფება, ხორცი კვდება!
 ხელისუფლებას არ ესმის ეკლესიის დანიშნულება, არ ესმის, რომ მასთან წინააღმდეგობა ქრისტესთან წინაღმდეგობაა. ეკლესიასთან საუბარი ქრისტესთან საუბარია, ხოლო მისი დაჩაგვრის მცდელობა, ქრისტეს გარიყვაა. ჩვენი ხელისუფლება იმ მღვდელმთავრებს ჰგავს,  სახელმწიფოს ,,გადასარჩენად“ ქრისტე რომ გაწირეს!...
-ამ ბოლო ხანებში სასულიერო პირების გააქტიურებას ხელისუფლება  ხურდას ხომ არ უბრუნებს? ის, რომ ეკლესიის სახელმწიფოს საქმეებში ჩარევა იკრძალება, ერთი მხრივ, მართლმადიდებელ მრევლსაც აბრკოლებს, მეორე მხრივ, ეკლესიის დისკრედიტაციას  იწვევს...  როგორ  ფიქრობთ,  ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ღია დაპირისპრებასთან გვაქვს საქმე?
-ვერ ვიტყვი, რომ უფსკრული გაჩნდა, რადგან მათ ასეთ დამოკიდებულებას ეკლესია მიეჩვია. სახელმწიფოს მცდელობა, თავი გაითავისუფლოს ქრისტესგან, ეროვნულ კატასტროფას გამოიწვევს. მე ოპტიმისტი ადამიანი ვარ და მჯერა, მათი ასეთი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ შეიცვლება.
-ხვალ 17 მაისია. ეს დღე საპატრიარქომ ოჯახური სიმტკიცის დღედ გამოაცხადა. მართლმადიდებელი მრევლის მიერ რუსთაველზე დაგეგმილია მრავალათასიანი აქცია. შეუერთდებით თუ არა მათ?
-მე არ შევუერთდები ამ აქციას! ჩვენ  სულიერად ვიბრძოლებთ - პარაკლისს გადავიხდით და ვწირავთ. დამიჯერეთ,  ბრძოლის ეს ფორმა გაცილებით ძლიერი და ეფექტურია!

                                                                           ესაუბრა ია ჯღარკავა


16-05-2014, 11:38
უკან დაბრუნება